ავთო შენგელია არავინ არის, არც ყოფილა და…

4583

ავტორი: ეკა უმეკაშვილი

კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, მსოფლიო კარატეს ორგანიზაცია კიოკუშინკაი კარატეს წარმომადგენლის, შავი ქამრის მფლობელის, შიხან ავთო შენგელიას სპორტული ცხოვრება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფეხბურთით დაიწყო, კარატეთი კი საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში გაგრძელდა, რაც ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია, რომლის მიზეზებზე საუბარი არ სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ სპორტი დაატოვებინეს… ის თავმდაბალია, ნამდვილი ოსტატი და საკუთარ თავს არანაირ რეგალიას არ ანიჭებს, არც განსაკუთრებულთა რიცხვს მიაკუთვნებს, უბრალოდ შრომობს…

ავთო შენგელია: ფეხბურთელი ვიყავი, ვთამაშობდი, ჩემი ცხოვრება ფეხბურთი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავშიფრავ, მოხდა ისე, რომ დამატოვებინეს. ამის შემდეგ დაიწყო ჩემთვის კარატე.
– ბატონო ავთო, რატომ მაინცდამაინც კარატე?
– 1979 წელს ახალი შემოსული იყო ფილმი „ლედი კარატე“. ვნახე და ძალიან დამაინტერესა კიოკუშინკაის სისტემამ. ამავე წელს დავიწყე ვარჯიშიც.

- რა უპირატესობა აქვს კიოკუშინკაის სხვა სახეობებთან შედარებით?

- უპირატესობა რა გითხრათ. თვითონ სავარჯიშო სისტემაა უფრო მკაცრი, უფრო მკაცრი შეჯიბრების წესები და მოთხოვნები აქვს მოვარჯიშისადმი, დიდი ამტანობა და გამძლეობა გჭირდება, რომ შეჯიბრში გამოხვიდე. საერთოდ, კიოკუშინკაის„ძალა კარატესაც“ ეძახიან. ასე რომ, რაღაც უპირატესობები აქვს, თუმცა ყველა სახეობა ძალიან კარგია, მე უბრალოდ გამიმართლა, კიოკუშინკაიში მოვხვდი, თორემ შეიძლება სხვა სისტემაში მოვხვედრილიყავი და იქაც ძალიან კარგად ვიგრძნობდი თავს.
– მართლა იდევნებოდა კარატე კომუნისტების დროს?
– არ იყო მაშინ ასე თავისუფლად კარატეს ჯგუფები. კარატეს სპორტული მხარე არ იყო მიღებული საბჭოთა კავშირში. იდევნებოდა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყო. კარატეს მაშინ ვარჯიშობდნენ შსს-ში, უშიშროების სამინისტროსა და ასეთ ძალოვან სტრუქტურებში. თუმცა არა კარატეს სახელით. როგორც მე ვიცი, ვარჯიშობდნენ გამოყენებით კარატეს ანუ უბრალოდ ორთაბრძოლების სახელით. ეს იყო და ეს.
– რა იყო დევნის მიზეზი?
– მიზეზი არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემი ვარაუდი რომ გამოვთქვა, შეიძლება არ გამოვიდეს ლამაზი. ვთვლი, რომ ეს აკრძალვა არ იყო სწორი.
– დღეს რა მდგომარეობა გვაქვს კიოკუშინკაი კარატეში?
– დღეს ყველაფერი კარგად მიდის. ახლა კიოკუშინკაი კარატე და საერთოდ კარატეს ის სახეობები, რომლებიც ძალისმიერ ორთაბრძოლებს მიეკუთვნება, გაერთიანდნენ კონტაქტური კარატეს ფედერაციაში და შეჯიბრების წესებს ემორჩილებიან. დღეს ეს მიმართულებები კარგად საქმიანობენ და სახელმწიფოსთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ.
– ძველი თაობის და დღევანდელების ტექნიკურ-ფიზიკური განვითარება რამდენად განსხვავებულია?


– მცირედი განსხვავებები არის, მაგრამ მოთხოვნები ერთი და იგივეა.
– საქართველოს ოლიმპისდაზე თუ გვაქვს მოხვედრის შანსები?
– იაპონიაში 2020 წელს გამართულ ოლიმპიადაზე ვიქნებით წარმოდგენილი. ამ მიმართულებას კარატეს ეროვნული ფედერაცია ხელმძღვანელობს და ჩვენ, კონტაქტური კარატეს მიმართულება, არ ვართ ღრმად ჩახედული ამ საკითხებში, თუმცა მუშაობენ და გეგმავენ ოლიმპურ თამაშებზე გასვლას. მთავარია მოიპოვონ ლიცენზია და მუშაობენ ამაზე. იმედია მოიპოვებენ.
– რამდენად აქტიურად არიან გოგონები ამ სპორტში ჩართულნი და თუ გეგმავენ ოლიმპიადაში მონაწილეობას?
– კიოკუშინკაი კარატე საკმაოდ პოპულარულია გოგონებში. ძალიან მოსწონთ. შეჯიბრებებში გამოსვლა კიოკუშინკაი კარატეს წესებით ცოტა რთულია, მაგრამ გამოდიან. მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპოინატშიც და საერთაშორისო ტურნირებზე. ოლიმპიურ თამაშებზე გოგონათა საკითხი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ბევრი ვარჯიშობს, მაგრამ როგორ მოიპოვებენ ოლიმპიურ ლიცენზიას, ამას ვერ გეტყვით.
– კიოკიშინკაი სრული და მძიმე კონტაქტური კარატეა. როგორ იშუშებენ ტრავმებს და როგორ ახერხებენ ასეთი გამძლეობის მიღწევას?
– იმდენად ემზადებიან დარტყმების ამტანობაზე, იმდენად ბევრი მუშაობა მიდის, ისე იბრძმედებიან, როგორც რკინას აფოლადებს ცეცხლი, ისე აფოლადებენ თავის სხეულს კიოკუშინკაი კარატეს სპორტსმენები. ეს ვარჯიშები ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც აძლიერებს ადამიანს.
– ფსიქოლოგები თუ მუშაობენ სპორტსმენებთან?
– გვყავს ფსიქოლოგებიც, რომლებიც მუშაობენ სპორტსმენებთან, მაგრამ თავად კარატეს სისტემა თავის თავში მოიცავს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ფსიქოლოგიურად აყალიბებს პიროვნებას.
– რეალურად რა არის კარატე?
– რეალურად, კარატე არის საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მთლიანობაში მოიცავს ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბებას, კარგ ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდას და, რა თქმა უნდა, ადამიანს, ასწავლის დაიცვას საკუთარი თავი ძალადობისაგან და სხვაზე არ იძალადოს.
– რისი მოტანა შეუძლია კარატეს სახელმწიფოსთვის?
– ვინც კარატეს ვარჯიშობს, ძალიან მოწესრიგებულნი არიან, ამტანები, პასუხისმგებლობის მქონეები. ამასთან ერთად მათ შეუძლიათ სამხედრო სამსახურში ადვილად იმსახურონ, სამშობლო დაიცვან და უმთავრესი – კარგი მოქალაქე იყოს.


– როგორი თაობა მოდის კიოკუშინკაიში?
– კარგი თაობა გვყავს. კიოკუშინკაის კარგი მომავალი აქვს.
– ბოლო მიღწევებზე მოგვიყევით?
– აპრილში გვქონდა ევროპის ჩემპიონატი ვილნიუსში. 1 ოქროს მედალი მიხეილ წიკლაურმა მოიპოვა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ასევე მოვიპოვეთ 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი. საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ წელს ევროპის ჩემპიონატზე.
– ვინ არის ავთო შენგელია?
– რთულია პასუხის გაცმა. ავთო შენგელია არავინ არის, არც ყოფილა და არც იქნება. ალბათ, რაც არის ერთი ისაა, რომ რადგან ამ ქვეყანაზე ვცოცხლობ, რაღაც უნდა გავაკეთო, რაც არგებს მომავალ თაობას, ადამიანებს. ჩემს თავზე იმდენად აღარ ვფიქრობ, იმდენი საქმეა გარშემო. ასე რომ, ავთო შენგელია არის ის ადამიანი, რომელიც სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობას… რაც შეეხება ჩემს სპორტულ კარიერას, საკმაოდ ასაკოვანი, 31-32 წლის ვიყავი, როცა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მივიღე მონაწილეობა. ვარ საქართველოს ჩემპიონი, ოღონდ მაშინ სხვა წესებით იყო ორთაბრძოლები. საკავშირო ასპარეზზეც მიასპარეზია და მეორე ადგილი მაქვს დაკავებული.
– სამომავლო გეგმები
– გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვარჯიშობდეს კარატეში, როგორც გამაჯანსაღებელი მიზნით, ასევე სპორტული მიმართულებით. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

პ.ს. ამ ინტერვიუს შემდეგ ბატონი ავთოს შეგირდებმა და ფედერაციამ არაერთი მედალი მოიპოვეს კიდევ საქართველოს და საერთაშორისო ასპარეზზე.