ირაკლი ტაბაღუა ექსპერტებს შეხვდა…

2325

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კომპანია ,,DBA Group“-ის ექსპერტსა და ,,ჯი-ემ მენეჯმენტის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა-ჩაშვების პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხები განიხილეს.

,,DBA Group”- ის ექსპერტმა მარკო პოლიტიმ რუსთავის მერს, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – გარემოს დაცვითი მონიტორინგის თანამედროვე სისტემების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე იმსჯელეს თუ რომელი გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემები უნდა იქნას გამოყენებული რუსთავში, იმისათვის, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე, უშუალოდ საწარმოებთან გაიზომოს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა-ჩაშვება.

,,მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო კომპანია ,,DBA Group”- ის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია და გაგვაცნეს ის საშუალებები, რომლებიც 21-ე საუკუნეში შეძლებს სხვადასხვა სენსორული ტიპის მოწყობილობებით მოხდეს აღრიცხვა თუ რა მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა ხდება ამა თუ იმ საწარმოს მიერ, რაც თავისთავად გაუიოლებს შესაბამის სამინისტროს მუშაობას. იქნება 24 საათიანი მონიტორინგი. მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს და გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარეს, რეკომენდაციის სახით უნდა მივაწოდოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას ამ მოწყობილობების შეძენა,“- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

,,ჯი-ემ მენეჯმენტის“ მმართველი პარტნიორის, ბესო აბაშიძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა გარემოს დაბინძურება, კონკრეტულ ლოკაციებზე იქნას გამოვლენილი, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების გაზომვა უშუალოდ გაფრქვევის წყაროსთან დააფიქსიროს და პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მან დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს.