მოზარე საქართველოისა

3744

ავტორი: ზაალ ბოტკოველი

მიწაზე აღარ მედგომება

იცვლება ბედის ამინდები.

მალე ღრუბელი მომაკითხავს,

გამიტაცებს და გავფრინდები.

იცოდა, რა თქმა უნდა იცოდა, რომ უნდა გაფრენილიყო და მთელი ცხოვრება საამისოდ ემზადებოდა, იცოდა, რომ ამ ცოდვილ მიწაზე მცირე ხნით იყო მოვლენილი ქართველთა მამაცი, ამაყი, მშვენიერი ჯიშის გამოსაფხიზლებლად და მალე, სულ მალე უნდა დაბრუნებოდა ზეციურ ციაგს, მისი მარადიული არსებობის სამყოფელს.

იცოდა, ძალიან ბევრი რამ იცოდა, ბევრ რამესაც სხეულით გრძნობდა და მოლოდინი ავი წინათგრძნობისა არ ასვენებდა, სულს უფორიაქებდა, აიძულებდა მნათესავით სულ სამრეკლოზე მდგარიყო და გამუდმებით ერეკა ზარები ჩვენი ცოდვილი, მირიადი მიწიერი პრობლემით დამძიმებული სულების გამოსახსნელად…

შოთა ნიშნიანიძე!

პოეტი და ერისკაცი!!

წინასწარმეტყველი XX საუკუნის საქართველოსი!!!

სუფთა და უბრალო, მართალი ერთან და ბერთან, ერის საკურთხეველთან მუდმივად მლოცველი და მღაღადებელი, ლოცვის, დაფნისა და ლეგენდების ანდამატით გათანგული პილიგრიმი ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყნისა.

ვის შეიძლება შევადაროთ შოთა ნიშნიანიძე? იქნებ მიქელანჯელოს „მოსეს“, რომელსაც საოცარი ძალის სტრიქონები უძღვნა. ბევრი რამ ჰქონდა მასთან საერთო და იმიტომ. ისიც ხომ ბიბლიის შემქმნელი ერის ბადალი და დარი ხალხის შვილი იყო, ბიბლიური საუკუნეების უდაბნოში მოხეტიალე, გადაღლილი, გადაქანცული ხალხის შვილი, ხელში კვერთხივით რომ ეჭირა ქართული სიტყვა და სადაც კი ამ კვერთხს მოიქნევდა, იქ ღვთაებრივი ნექტრის სურნელი დატრიალდებოდა ხოლმე…

იქნებ ხარი იყო, უბრალო ხარი წიქარა, იმ ხარების შთამომავალი, რომელთა ქედზეც გადაიარა საქართველოს წარსულმა, სისხლის კალოების საუკუნეებმა, რომელთა რქებსაც მუდამ აჩნდა უწმინდესი სანთლის ნაღვენთი…

ანდა სულაც მწყემსი იყო, მხარზე სახრეგადებული მწყემსი, ქართული ცნობიერების სათავეებიდან რომ მოერეკებოდა ჩვენსკენ უმშვენიერეს და უნატიფეს რითმებს, მეტაფორებს, შედარებებს, გამაოგნებელ სახეებს, სალბუნად და მალამოდ რომ გვედება და ყოფას გვიადვილებს.

ალბათ პირველიც იყო, მეორეც და მესამეც, ერთი კია, რა სახითაც არ უნდა მოგვვლინებოდა, ყოველთვის ეტყობოდა არსთაგამრიგესთან წილნაყარობა, ყოველთვის ასდიოდა მისი მადლისა და მირონის სურნელი.

პირველი ლექსი მეცხრეკლასელმა ბიჭმა დაწერა და მას შემდეგ მართლაც წიქარასავით ეწეოდა იმ სიმძიმეს და, ამავე დროს, საოცრად შვების მომგვრელ უღელს, მშობელი ქვეყნის თავდადებული და უანგარო სამსახური რომ ჰქვია.

შოთა ნიშნიანიძის მაღალმხატვრულმა, თანამედროვეობის უმძაფრესი განცდებით დამუხტულმა შემოქმედებამ ორგანულად განაგრძო და განავითარა მრავალსაუკუნოვანი ქართული პოეზიის მაგისტრალური ხაზი და ქართული სიტყვა ახალ სიმაღლეებს აზიარა.

შოთა ნიშნიანიძის პოეზია მკითხველის მუდმივ თანამგზავრად იქცა. ღრმა, ორიგინალური სათქმელის უზადო მხატვრული ფორმით გადმოცემის განსაცვიფრებელმა უნარმა, ვირტუოზულმა სალექსო ტექნიკამ, ფეიერვერკულმა მეტაფორულმა აზროვნებამ იმთავითვე დაუმკვიდრა დიდი პოეტის სახელი… მთელი სამყარო მისთვის უსასრულო ღვთის ტაძარი გახლდათ, ქრისტეს რჯული კი – ზარი კეთილი, რომელიც მარადიულად უნდა რეკავდეს, გრგვინავდეს, გუგუნებდეს და გვაფხიზლებდეს, მარადიულად უნდა შეგვახსენებდეს, რომ არ გვაქვს მოდუნების, ჩამუხლვის უფლება, რადგანაც სხვანაირად დრო, სასტიკი და ჩასაფრებული ავაზაკივით დაუნდობელი დრო, დაუფიქრებლად გაგვსრესს და გაგვანადგურებს. არ ჩაგეძინოთ, არ ჩაგთვლიმოთო – მუდმივად ჩაგვძახოდა, გვემუდარებოდა და ჩვენც საოცარი მისტერიის მომსწრენი გავხდით – თავად იქცა იმ ზარის ალიკვალად, თავად იქცა იმ ზარად და მთელი ცხოვრება მშობელი ქვეყნის გამოფხიზლებას მოანდომა.

მეისტორიეც იყო, ფილოსოფოსიც, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, პოეტი, ნაღდი, ჩაკირული პოეტი და ალბათ ამიტომაც ნებისმიერ ჟამთააღმწერელსა თუ ფილოსოფოსზე უკეთ გვაგრძნობინებდა დროის მაჯისცემას, თავისი ფიქრიანი, ტკივილიანი სტრიქონებით ადამიანის სულის უღრანებშიც გვახედებდა და იმ ორიენტირებსაც გვისახავდა, საითკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, თუკი გადარჩენა გვინდა, თუკი გვინდა კვლავ ამაყად და სულის შემძვრელად გაისმოდეს „მრავალჟამიერი“ და „წინწყარო“, „ლილეო“ და „ოდოია“…

სანახევრო – ამ სიტყვას ვერ იტანდა, ეჯავრებოდა. იცოდა, სანახევრო არც სიმართლე არსებობს, არც ჭეშმარიტება და არც სიყვარული. იცოდა, რომ ქვეყანას ნახევრად გიჟი დაღუპავდა და არა თხემით ტერფამდე გიჟი. მეტი წინასწარმეტყველება რაღა გინდათ, ბატონებო!

საქართველო მისთვის უთვისტომო, ობოლი ქვეყანა გახლდათ, რემას ჩამორჩენილი ერთ დროს უმშვენიერესი ბედაური, საუკუნეების მანძილზე ათასი იარა თუ სატკივარი, ათასი დარდი და საფიქრალი რომ გასჩენია. ამიტომაც სტკიოდა ბეთანიასთან ჩამოვარდნილი ანგელოსის მოტეხილი ფრთა. ფაფარივით აწეწილი საუკუნის შფოთი აღელვებდა, შიშობდა, თითქოს სხეულით გრძნობდა სამშობლოს ცაზე შემოჯარულ ტყვიისფერ ღრუბლებს და როცა ზოგიერთი ჩიტირეკია ყინჩად აცხადებს, რა მოხდა ამისთანა, სულ რაღაც ორი რაიონი დავკარგეთო, იმ მიწის თითოეული გოჯი მის გულთან ხილული თუ უხილავი არტერიით იყო მიბმული და შოთა ნიშნიანიძესაც და ყველა სხვა ჭეშმარიტ პატრიოტსაც სისხლით კვებავდა და ამარაგებდა (ორი რაიონი რა ბედენააო და ეს ქვეყანა ხომ სულ ორი რაიონია, სულის ერთი შებერვა). ალბათ ამიტომაც ეგლისებოდა მშობელ მიწას, როგორც გადამსხვრეულ ციხის ხერხემალს, როგორ ეფოფინებოდა, ელოლიავებოდა იმ აზრს რომ ქართველები საქართველოსთვის კი არ უნდა მოკვდნენ, არამედ საქართველოსთვის უნდა იცოცხლონ, ამისათვის კი ციხე-კოშკების გამაგრებაა საჭირო, უპირველესად კი ჩვენს ხსოვნასა და მახსოვრობაში, ჩვენს სულსა და გულში. დროთა განმავლობაში თავად შოთაც დაემსგავსა ციხეს, დიახ, მოსიარულე ციხე იყო, ურიცხვი მომხდურით გარშემორტყმული, მაგრამ მეციხოვნენიც როგორი ჰყავდა იმ სულკურთხეულს – დავითი და თამარი, ცოტნე და თევდორე, პაატა და სამასი არაგველი, სააკაძე და არაბი აბო, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები. ციხიონთა ამ კრებულს მარადისობა ჰქვია. მარადისობის იავარქმნა და მოსპობა კი ვერარა ძალას ძალუძს. ამიტომაც იყო ამაყი და ქედუხრელი, მისი სიდიადის განცდას ისიც აძლიერებდა, რომ სათაყვანებელი სამშობლოს წარსული აბჯრად ჰქონდა ასხმული…

ბრწყინვალე ლექსები უძღვნა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს, რომელთა შორის „აფხაზური კანტატა“ გამოირჩევა. როგორ მოეფერა, როგორ მიესათუთა აფხაზეთს, მკერდმოჭრილ ამორძალს. ეს ლექსი ხომ გვერდში უდგას აკაკის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ლეო ქიაჩელის უკვდავ ქმნილებებს, აფხაზეთისადმი აღვლენილს…

სილამაზისგან შეშლილი იყო და თავის უმშვენიერეს და უსათნოეს მუზას – ქალბატონ თამარ ჩიჯავაძეს ღრუბლებს ჩუქნიდა, ფერადოვანსა და სიზმარივით საოცარ ღრუბლებს. აკი მისი პირველი წიგნიც „მე და შენ“, ისევე როგორც მთელი შემოქმედება შოთა ნიშნიანიძისა, ქალბატონ თამარის სიყვარულითაა გაცისკროვნებული და შთაგონებული. არადა, როგორ გაუმართლა! საპასუხო სიყვარულიც არაფრით არ იყო მისაზე ნაკლები. ქალბატონი თამარიც ხომ სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა პოეტს, ფაქტიურად დიდ ბავშვს და არსებობას უადვილებდა ამ ცოდვილ დედამიწაზე. თავად თამარ ჩიჯავაძის წიგნი „შენ და მე“ ერთი უმშვენიერესი საგალობელია სიყვარულისა, რომელზეც თაობების აღზრდა შეიძლება…

და მაინც, როდის იყო შოთა ნიშნიანიძე ბედნიერი? როდის და როცა ერთ მისთვის აგრერიგად სასურველ კეთილ ჯადოქარს ხვდებოდა, მარტოობა რომ ერქვა სახელად. როგორ გაილაღებდა ხოლმე მაშინ მისი სული გალუმპული ხილვების თქეშით, როგორ ამსხვრევდა პირობითობის ბორკილებს და თავის ყველაზე სანუკვარ ზმანებებში გლადიატორივით ებრძოდა უსამართლობას, ავკაცობას, უზნეობას, ებრძოდა და იმარჯვებდა კიდევაც. სწორედ მარტოობის ჟამს სტოვებდა მისი სული სხეულს და შორეულ გალაქტიკებს მიაშურებდა – იქ ციური ბილიკები ეპყრა კვერთხად, ფეხზე ქაოსი ამოეცვა, წელზე კი ქამრად ელვა ჰქონდა შემორტყმული, მიწის სული, ცის ფიქრი ღრუბლად მოებურა და თუ ერთი წამით მაინც წარმოიდგენთ ამ სანახაობას, მიხვდებით, რომ შოთა ნიშნიანიძე სწორედ იმ გალაქტიკების მკვიდრი, იმ გალაქტიკების ბინადარი გახლდათ.

დადგა დრო და შოთა ნიშნიანიძეც მოჭიხვინე რიონივით შეებრძოლა სიბერეს, ბოლომდე იბრძოლა და ბოლოს, როგორც მზე უძღვის ჩალისფერი ქართლის მხედრობას, ისე გაუძღვა თავის სულს მარადისობისაკენ.

ოთხმოცდაათი წლის უნდა გამხდარიყო წლეულს, მარტის თვეში. საქართველო ფეხზე უდგება თავის დიდ პოეტს და უდასტურებს თავის სიყვარულსა და პატივისცემას.