შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის თოდუას კლინიკის რჩევები

3242

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტთათვის აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგის, თამარ ხუციშვილის რჩევები კორონავირუსთან (Covid19) დაკავშირებით:

იკვებეთ გონივრულად, მიიღეთ სხვადასხვა შეფერილობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები. იზრუნეთ იმუნიტეტზე ვიტამინების (A, B6, B12, C, D), რკინის, სელენის, თუთიით მდიდარი საკვების ყოველდღიური გამოყენებით.

გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები, მაქსიმალურად დაასტაბილურეთ სისხლში შაქრის მაჩვენებლები. ექსპერტთა აზრით, კარგ გლიკემიურ კონტროლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინფექციასთან ბრძოლის პროცესსა და გართულებების პრევენციისთვის.

პანდემიის პერიოდში ინტენსიურად აკონტროლეთ სისხლში გლიკემიის დონე. ნებისმიერი ინფექციური პროცესი ზრდის ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ასევე მოთხოვნილებას სითხეზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, ასევე მარტივი ნახშირწყლები (ხილის წვენი, თაფლი) დაბალი გლუკოზის დაფიქსირებისას გამოსაყენებლად. დარწმუნდით თქვენი გლუკომეტრის გამართულ მუშაობაში.

მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, იძინეთ დღე-ღამის მანძილზე სულ მცირე 7-8 სთ.

იზრუნეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს დღეში მხოლოდ 2-ჯერ გავეცნოთ პანდემიის შესახებ ცნობებს და შეძლებისდაგვარად ვარეგულიროთ სტრესის დონე. სტრესის დროს გამყოფილი ჭარბი კორტიზოლი , ადრენალინი აქვეითებს ორგანიზის იმუნურ სტატუსს.

დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები.

რაც ყველას გვეხება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს – დაიცავით სოციალური იზოლაცია, მოერიდეთ კონტაქტებს, დარჩით სახლში, თუ არ არსებობს გარეთ გასვლის გარდაუვალი აუცილებლობა.
სწორედ იზოლაცია წარმოადგენს ერთადერთ და ეფექტურ იარაღს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ.

გთხოვთ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას!