ვანო ჩხიკვაძე – ქართული ელიტის წლის შემოქმედება

2489

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ვანო ჩხიკვაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის შემოქმედება“

+ + +

ქალი, რომელიც სულ გელოდება,
ფლოსტის წკაპუნით, უხმო ჩურჩულით,
ზოგჯერ ვეფხვია,
ზოგჯერ უმწეო
ბარტყია, მკლავ ქვეშ შემოყუჟული.

მისი ხელები შენკენ მორბიან,
გზას უღობავენ ქარს და ქარაშოტს,
ერთი თეატრის მსახიობია –
ბედნიერებას შენთვის თამაშობს.

იმასაც შესძლებს, რაც ვერ ინატრე
და გააღვივებს ჩამქრალ იმედებს,
შენი ღირსების ციხე-სიმაგრეს
ღალატისათვის ვერ გაიმეტებს.

ხან ფეხაკრეფით უკან მოგდევდა.
ხან მოთმინების ფრთებით იფრინა,
ქალი, რომელიც სულ  გელოდბა,
თეთრ ღამეებში ჩამოითრთვილა.

ცხადშიც, სიზმარშიც უნდა ღელავდეს,
სასოწარკვეთის ფრთების სისავსით,
თუ იგვიანებ, გათენებამდე
ფანჯრებს აწყდება ფარვანასავით.

ზოგჯერ მახვილსაც გააელვარებს
(ერთი ხარ მისთვის და შეუცვლელი) –
ალბათ, ამიტომ, ზოგჯერ მთვლემარე
იღვიძებს ეჭვი – ფიცხი ძუ მგელი.

მაგრამ ფიქრებში მოდებულ ხანძარს
მალე ჩააქრობს ცრემლი დუბელა,
და, უნებლიეთ, უთოთი დამწვარ
ხელივით, ცხელ გულს, სულს შეუბერავს.

ფარფატებს, როგორც სანთელი ქარში,
ძილგატეხილი, ფიქრით დაღლილი,
მაინც ძალაობს, ბრმა ბედისწერამ
რომ არ წაართვას იღბალს აღვირი.

რაღაქაც მთავრდება და ბოლოვდება –
ბედნიერება რამდენ ხანს გასტანს –
მხოლოდ ის ერთი დაგელოდება,
სასთუმალთან თუ საფლავის ქვასთან,

რომ მიაღწიო ნაპირს უვნებლად,
მიგიძღვის თეთრი აფრის ფრიალით,
ზოგჯერ შენია ეს ერთგულება,
ზოგჯერ ტანჯვა და სასჯელი არის.

და გელოდება –

ქალი სარკმელთან,
სიხარულის და დარდის აუზთან,
ადრე თუ გვიან, ისიც ჩაჭკნება,
თუ სიყვარულის წყალს არ დაუსხამ.

უცნობი ქალი

პირველი თოვლის სინაზით და თრთოლვით მოსულო,
თვალცრემლიანი, ნეტავი, რას შესთხოვთ მარიამს.
როცა ნაკურთხი სანთლებიც კი შემოგხარიან,
თქვენ უფალზედა
მე თქვენზე და
თქვენთვის ვლოცულობ.

ვიცი, ეს ცოდვა ჯოჯოხეთის გზას გამიყენებს,
შემოენთება სინანული ამ გულს ალმურად,
როცა ვარდისფერს
შემოდგომის ჭკნობა დაბურავს,
როცა დაბზარავს
მაგ სხეულის ტაძარს სიბერე.

ვიდრე მგალობელ ფიფქებს თეთრი ფრთები გაშლიათ
და გარეთ ფოთლის ქარავანი მისდევს ქარავანს,
ვიდრე სინორჩე და გივიწყებთ,
გეტყვით, აქა ვარ,
რომ მოგიქარგოთ თვალთა უპე ცრემლის აშიამ…

ტაძრის კუთხეში გარინდულო და მარტოსულო,
კელაპტრის ალმათ ქვენს თითებში სული დალია,
როცა ნაკურთხი სანთლებიც კი შემოგხარიან, 
თქვენ უფალზედა
მე თქვენზე და
თქვენთვის ვლოცულობ.

დავით!

(ანა კალანდაძეს)

ვადაზე აღარ ფეთქავს მაჯა. გაწყდა აღვირიც.
ჩაქრა ხაფი ხმა –
„გალობანზე“ მკლავი დაღლილი.
ბინდში შევიდა დიდების მზე, მზე გადახრილი.
ბინდში შევიდა დიდების მზე, მზე გადახრილი…

ვერ ამოფრინდა სხვა შენგვარი ზეცის უბიდან,
სამახარობლო
რაღა დარჩა, საით იჩქარი,
გატყორცნილ ისრებს დააბრუნებს უკან პირქარი,
შენს ცისკრებს დიდი ღამეები ვინც წაუკიდა!

იხილავ-მეთქი, უდაბნოში ობოლ კელიას,
სადაც ჩაუთქვი,
სინანული ამოიგმინებს.
მითხარი, ვიდრე წყალნი უფრო აიმღვრევიან,
ვიდრე დაგვიტანს ცრუ ამბორის მკვლელი სიმძიმე.

ვადაზე აღარ ფეთქავს მაჯა. გაწყდა აღვირიც.
ჩაქრა ხაფი ხმა – „გალობანზე“ მკლავი დაღლილი –
„სხვა შეუდგესო!..“ –
ღვთისმშობელის მოგდევს ძახილი:
– ვისი იმედით დასდე, მეფევ, ნეტავ, მახვილი!

+ + +

წავიდა პოეტი თადეოზი,
მეუფე თადეოზი წაბრძანდა.
ნათლისღება ღამეს დაასრულა
წირვა უკანასკნელ ზამთართან.

მკერდში შეფრთხიალდა, მოღუღუნე
მტრედი მახარობლად გაფრინდა.
იქაც თავის აღმართს შეუდგება,
რასაც მსახურებდა აკვნიდან.

იმ დიდ საუფლოში გადასახლდა,
ვისაც ეძიებდა, იპოვნის.
ნატკენ სულს მალამოდ დააფინა
წმინდა, უცოდველი სტრიქონი.

თავი იცხონა და აღესრულა,
მორჩილად გაუყვა გზამართალს.
წავიდა პოეტი თადეოზი,
მეუფე თადეოზი წაბრძანდა.

+ + +

მწუხრის ლოცვა – ფანტელები ირევიან,
ზარის მოთქმა ამახედებს ცისკენ.
სული ჩემი გადამფრენი ფრინველია,
ცრემლი წვეთავს –
მაცხოვარო, მიხსენ.

მალე ირგვლივ თეთრი ფარდა დაეშვება,
ვინც მეძახის, საბოლოოდ იქმო…
მთვარის ლანგარს მოგართმევენ ფარეშები,
ზეციური დედოფალი გიხმობს.

ვიდრე ხელებაპყრობილი მონაზონი,
ჩემს სახელზე წმინდა სანთელს ანთებს,
კრძალვით შეგთხოვ, ერთხელ კიდევ მომიგონე,
მიმაცილე უკანასკნელ გზამდე.

კალენდარზე ფურცელ-ფურცელ მოცელილან
დღეები და ჩამორეკავს ჟამი.
დაიხსომე, მხოლოდ შენთვის მლოცველია
წამწამებზე მობრჭყვიალე ნამი.

მწუხრის ლოცვა – ვიცი, სადღაც მიმელიან,
თოვლიანი ზამთრის მისამღერით,
სული ჩემი გადამფრენი ფრინველია,
ცერზე ვზივარ,
ამიქნიე ხელი.

+ + +

შვილები თბილისში,
პირისპირ – მე და შენ.
წურავს შემოდგომა
სიბერის ზედაშეს.

დაგროვდა ქილები,
ბოთლები , ვალები,
შინიდან მაცილებ
გაბუტული თვალებით.

უცოდველ სტრიქონებს
ვუძახი – მომკალით!
კვლავ წვეთავს ღამეში
მოშლილი ონკანი.

კართან მათხოვრები,
ფანჯრებთან ნისლები.
ჩვენ ვართ სასმისები –
თანდათან ვიცლებით.

იღბალზე გამწყრალი,
ბებრები, ავები,
მოფრინდნენ, ჩამოსხდნენ,
ნაცნობი ყვავები.

ის დრო გვენატრება –
წლების წინ, შვილები,
შუაში რომ გვიწვნენ
უმწეო, ჩვილები.

სიზმრებმა აგიკლეს
და ელდა გაღვიძებს.
უპესთან ცრემლების
მდუღარე ჩაგირბენს.

ყურმილი. ზუმერი
ჯავრს მიაჩაქჩაქებს:
„სინათლე გამორთეთ,
ან გაზი არ დაგრჩეთ!“

დილამდე იწვიმა,
იზავთა, იქროლა –
ქუჩაში წუწუნით
ურიკა მიგორავს.

გაფრინდნენ ყვავები,
ჩამოდნენ ნისლები.
პარპალებს სანთელი –
გათენდა ღვთისნებით.

მტრედები

გაზაფხული მძლავრობს, მოდის,
ყავლი გაუვიდა ბუხარს,
ორი მტრედი მარცვალს კენკავს,
მავიწყებენ ჩემს საწუხარს –
ისე ტკბილად ღუღუნებენ,
ალბათ, ერთმანეთი უყვართ.