ზაზა გაბუნიას ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის ქვეყნებში ელჩად დანიშვნა ყველა იმ ქართველი დიპლომატის დაცინვა და დემოტივირებაა, რომლებიც… – ზურა ბატიაშვილი

1150

პოლიტიკაში საშინაო საქმეები რთულია, მაგრამ მეტად სირთულეებთანაა დაკავშირებული საგარეო, დიპლომატიური საქმიანობა, განსაკუთრებით ელჩად ყოფნა ისეთ ქვეყანებში, რომელიც არც თუ ისე მარტივია თავისი დამოკიდებულებით შენ ქვეყანასთან…

მოკლედ, პარლამენტის ყოფილი წევრის და შემდეგ თბილისი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ზაზა გაბუნიას ელჩად დანიშვნას, ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი უარყოფითად აფასებს და საკუთარ ფეისბუქზე წერს:

„რადგან არაერთი წელი ვიმუშავე ამ სისტემაში, ამ საკითხს ვერ გავატარებდი. ტიპს ერთი დღე არ უმუშავია დიპლომატიის სფეროში, ესენი კი ადგნენ და პირდაპირ ელჩად დანიშნეს. სამაგიეროდ, საზოგადოებას თავი იმით დაამახსოვრა, რომ “ჰარი პოტერის” ფილმის ჩვენებას აპროტესტებდა ანუ ტიპს ზოგად განათლებასთან და საღ აზრთანაც პრობლემები აქვს. არადა ისეთ რეგიონში დანიშნეს, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. “დამოუკიდებლობის” აღიარების პრობლემა არსებობს. რუსეთმა შეძლო და მაგალითად, ნიკარაგუისგან მიაღწია აღიარებას და ამ მიზნით მაგ რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც აქტიურად მუშაობს.

ამიტომ თუ ქვეყანაზე ოდნავ გული შეგტკივა, აქ ძალიან გამოცდილი დიპლომატი უნდა დანიშნო, რომ ამ საფრთხეებს გაუმკლავდეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს დანიშვნა ყველა იმ ქართველი დიპლომატის დაცინვა და დემოტივირებაა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ ამ ქვეყნისთვის. ძალიან დიდი უსამართლობაა, როცა ყველაფერს დებ ამ პროფესიაში და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ვიღაც, რომელსაც არასოდეს ჰქონია შეხება ამ სფეროსთან, შენი უფროსი ხდება და ბრძანებებს იძლევა.

სამწუხაროდ, მსგავსი სიტუაციაა ძალიან ბევრ სფეროში, სადაც დაწინაურება არ ხდება დამსახურებისდა მიხედვით. უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზეც ვერ შევძელით ქმედითი და სამართლიანი ინსტიტუტების შექმნა. ამიტომ, ქვეყნის მართვის ეს მახინჯი სისტემა დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია“.

ზაზა გაბუნია:

„მინდა თითოეულს გულითადი მადლობა გითხრათ მოლოცვებისა და თქვენი სურვილებისათვის. იყო შენი სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არის განუზომელი პატივი და განსაკუთრებული მდგომარეობა. იშვიათია ამაზე უფრო დიდი მისია და როლი შენი ქვეყნისა და ხალხის სახელით მსახურებისთვის. რეგიონი, სადაც უახლოეს დღეებში ჩემი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდგები, ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ახლობელი იყო. პირველ რიგში მისი კულტურის, მისი ლიტერატურის გამო და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ინტერესების წარმოჩენისა და დაცვისათვის, სწორედ ლათინურ ამერიკაში მსახურების შესაძლებლობა მომეცა.

აქვე, მივესალმები ქართველ დიპლომატებს მსოფლიოს ყველა წერტილში – უზარმაზარია თქვენი ღვაწლი და შრომა. მახარებს ის ამბავი, რომ უკვე მეც ამ გუნდის წევრი ვარ. დიპლომატიური მისია კი, რომლის ხელმძღვანელობის პატივი მერგო, საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს მექსიკის შეერთებულ შტატებში პანამის რესპუბლიკაში კოსტა-რიკის რესპუბლიკაში დომინიკის რესპუბლიკაში ჰონდურასის რესპუბლიკაში გვატემალის რესპუბლიკაში სალვადორის რესპუბლიკაში და ბელიზში.

გვისურვეთ წარმატებები, ჩემთან ერთად კი ჩვენს დიპლომატიურ გუნდსაც – ისინი დიდი რუდუნებითა და მონდომებით ასრულებენ საქმეს, ჩვენი სახელმწიფოს საქმეს ლათინურ ამერიკაში“, – წერს სამადლობელო სიტყვას ზაზა გაბუნია საკუთარ ფეისბუქზე.