პრემია ივერია 2022 – მეცხრე გალა დაჯილდოება

2840

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ 2022 წლის 3 მარტს მეცხრე გალა დაჯილდოებისთვის ემზადება.

ყურადღება!!!
მასალების მიღება დაწყებულია, სტანდარტები იგივე, თუმცა კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ძველი და ასევე ახალი მონაწილეებისთვის.

ავტორი მონაწილეობს მხოლოდ პროზაში ან პოეზიაში. ავტორს ასევე შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროზაში ან პოეზიაში დამატებით მხოლოდ ერთი მიმართულებით – წიგნის ყდის დიზაინში. ამისთვის საჭიროა ავტორმა გამოაგზავნოს საკუთარი წიგნების ყდების (პირველი ყდა-გვერდი) ფოტო ვერსიები, მაქსიმუმ შვიდი სხვადასხვა.

პოეზიაში ნაწარმოების მოცულობა უნდა იყოს მაქსიმუმ ხუთი გვერდი, 12-იანი შრიფტით, ვორდის ფაილი. პოეზია უნდა იყოს ვორდის ფაილში ცალმხრივად ანუ ერთ სვეტად.

პროზა, – მოთხრობა, ჩანახატი, ნოველა და ა.შ. მაქსიმუმ ოცდაერთი გვერდი, ასევე ვორდის ფაილით, 12-ინი შრიფტით.

„პრემია „ივერიაში“ ჩართულია ყველა ერისა და აღმსარებლობის ადამიანი, მსჯავრდებულები, შშმ პირები, მათ შორის საქართველოში მცხოვრები უმცირესობები და, რა თქმა უნდა, მრავალი ქვეყანა, რადგან პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა უკვე.

მიუხედავად მძიმე პერიოდისა და უამრავი სირთულისა,  მაინც ვაგრძელებთ, ვახერხებთ პროექტის წარმოებას… ხოლო რაც ამ წელს ვერ შევძელით, აუცილებლად შევძლებთ დანაპირების შესრულებას მომავალ წელს და, რა თქმა უნდა, მომავალ წელს ჩვეული რიტმით გავუყვებით ჩვენს საქმეს, თქვენთან ერთად… აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროექტი საერთაშორისო მასშტაბების გამო, უკრაინაში გაემგზავრა, ჩვენი ერთგული და მნიშვნელოვანი პარტნიორის, დიმიტრი შვეცის, ვიტალი დიდენკოსა და მათი გუნდის მიწვევით, რითვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყოველ მათგანს. სწორედ ამ დროს დავაჯილდოეთ უკრაინელი ლაურეატები, ასევე დაჯილდოვდნენ ქართველი მონაწილეები უკრაინის მხრიდან. დელეგაცია სულ ექვსი მონაწილისაგან შედგებოდა. ეს იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კულტურული და კომფორტული, მშვიდი ქალაქი ვინნიცა. იყო სასიამოვნო გარემო, ისტორიულ-საგანმანათლებლო რაკურსის ექსკურსიები და მაღალი კულტურული გემოვნების საზოგადოება. გვქონდა ბედნიერება ვყოფილიყავით უკრაინული პრესა-მასმედიის სტუმრები. რა თქმა უნდა, სამომავლოდ დაისახა ახალი გეგმები.

მასალები უნდა გამოიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, არაუგვიანეს 2022 წლის 28 იანვრის ჩათვლით. გალა დაჯილდოება გაიმართება 2022 წლის 3 მარტს შემდეგ მისამართზე: iveriaprize@yahoo.com -ზე.

გასული წელი კოვიდ პანდემიის შეზღუდვების გამო ყველა სფეროსთვის რთულზე რთული იყო და ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობასაც დაეტყო, პასიური გახდა… თუმცა, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიამ“ მოახერხა და დაჯილდოების წელი არ ჩააგდო, – გალა დაჯილდოებისთვის ემზადება…

„პრემია „ივერიის“ წლევანდელი დაჯილდოება ტრადიციულად 3 მარტს გაიმართება. 2022 წლის 3 მარტს, მომავალ ლაურეატებს და საპატიო სტუმრებს განსაკუთრებული ადგილი და გარემო ელოდებათ, რასაც გარკვეული პერიოდი სიურპრიზად შევინახავთ…

ყველას გასახარად უნდა გითხრათ, რომ წელსაც გვაქვს ავტორთა და მონაწილე ქვეყნების სიმრავლე, რაც ისევ და ისევ პრემია „ივერიის“ პოპულარობაზე მეტყველებს, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით, 2013 წლის 28 ნოემბრიდან. პროექტს ახორციელებს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, რომლის პარტნიორია „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“.

პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ყველა ქვეყანას, პარტნიორებს და გულშემატკივარს და იქვე დასძენს, რომ წლევანდელი ჟიური შედარებით მკაცრი იქნება!

ალბათ გაზეთ „ივერიის“ ისტორიის შესახებ ბევრმა არ იცის, გაზეთისა, რომლის სახელსაც, ნაწილობრივ, ეს პრემია ატარებს… ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გაზეთი „ივერია“ (დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე), გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან, ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში ჟურნალის სახით, ხოლო 1886 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად. თანარედაქტორი სერგეი მესხი (1881, „დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას), ივანე მაჩაბელი (1882-1884), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან); გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტო) ფილიპე გოგიჩაიშვილი.

ივერია“ იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. ივერია“ თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟაფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა , ნიჭიერი კორესპონდენტები და ჟურნალისტები; ალექსანდრე ყიფშიძე, . ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილი, არტემ ახნაზაროვი, . მიქელაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.

1989 წლის 20 თებერვალს გაზეთი „ივერია“ ზურაბ ჭავჭავაძემ აღადგინა და პერიოდულად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით, 1997 წლამდე გამოდიოდა. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე, ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.