ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი
შორენა მოსიძე: ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ჩემი ოჯახის წევრების, ან სამშობლოს გარეთ მომიწევდა ცხოვრება… მაგრამ ზოგჯერ რეალობასთან გვიწევს თვალის გასწორება და სწორი არჩევნის გაკეთება… სწორი იყო თუ არა ეს ეხლაც არ ვიცი, რადგან ბევრი ტკივილი მივაყენე თავს სამშობლოდან წასვლით, თუმცა ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის ყველა ტკივილი ღირდა! – ამბობს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ემიგრანტი შორენა მოსიძე.
მისთვის ცხოვრება საქართველოში დაიწყო და ამერიკაში გრძელდება, თუმცა, ისევ საქართველოზე ფიქრით…
შორენა მოსიძე: ჩემთვის ქველმოქმედება უცხო არასდროს ყოფილა, პატარაობიდან მახსოვს, დედა ჩვენს ტანსაცმელებს როგორ უწყობდა ბავშვთა სახლის ბავშვებს და როცა მათთან ეს ნივთები მიჰქონდა, ვხედავდი მათ ბედნიერ სახეებს… და დედაჩემის მიმართ მათ მოწიწებას, სიყვარულს და სითბოს. ახლაც ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელია ამის გახსენება…
– შორენა, თქვენი საქველმოქმედო ჯგუფის შექმნა როგორ მოხდა ამერიკაში?
– საქველმოქმედო ჯგუფის შექმნის იდეა, საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მომივიდა. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მეკეთებინა ეს საქმე, მეტად მასშტაბურად. მოკლედ, რადგან მხოლოდ ჩემი სახსრებით ბევრს ვერაფერს ვახერხებდი და ეს მოსვენებას არ მაძლევდა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შემეგროვებინა ნივთები ამერიკაში მყოფ სამეგობროში და პროდუქტთან ერთად მიგვეწოდებინა საქართველოს სხვადასხვა ოჯახებისთვის, რომლებსაც ჩვენივე წყაროებით, დამოუკიდებლად და ყოველგვარი შერჩევის გარეშე მოვიძიებდით. პირველივე გზავნილი საკმაოდ დიდი გამოვიდა, 20 ოჯახს მივაწოდეთ სხვადასხვა საჭირო ნივთი. მახსოვს, როდესაც პირველი ფოტოები ვნახე გული ყელში მომებჯინა და სიხარულის ცრემლები მომდიოდა… მაშინ მივხვდი რომ ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც არ დამღლიდა მთელი ცხოვრება. ასე ჩაეყარა საფუძველი Helping Hands-ის დაარსებას აშშ-ში. ის უკვე 5 წლისაა და ძირითადად ემიგრანტებისგან შედგება, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულით და მონატრებითა აქვთ სავსე გულები. ქართველი ემიგრანტები დიდი შრომის ფასად გამოიმუშავებენ გასამრჯელოს, რის ნაწილსაც ყოველთვიურად უნაწილებენ გაჭირვებულ ოჯახებს. ასევე გვყავს წარმომადგენლები საქართველოშიც, რომლებიც უსასწყიდლოდ გვეხმარებიან და აწვდიან დახმარებებს ოჯახებს, სხვადასხვა რეგიონებში.
– რა არის სიკეთე?
– ზოგადად არ მიყვარს სიკეთეებზე საჯაროდ ლაპარაკი რადგან ნათქვამია „მადლი ქენი, ქვაზე დადეო“… ის უკვალოდ არ დაიკარგება. არც ისეთი საგმირო ამაში არაფერია, ჩვენ როგორც მართლმადიდებელი ერი ჩვენი მოყვასის სიყავრული გვამოძრავებს, სულ ეს არის და ეს!
– მაინც როგორ ახერხებთ დასახმარებელი ადამიანების მოძიებას?
– დიდ როლს თამაშობს სოციალური ქსელი, რისი მეშვეობითაც შევძელით სრულიად უცხო ადამიანებამდე მისვლა და სიკეთის ჯაჭვის გაგრძელება, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. ამ საქმით არა მხოლოდ ბენეფიციარები ხარობენ, ორმაგ სიხარულს და სტიმულს ვიძენთ ჩვენც.
– სხვა ვინ გიდგათ მხარში?
– არ შემიძლია არ ავღნიშნო სასულიერო პირების თანადგომაც, ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან გვერდში დაუდგნენ ჩვენს თანამემამულეებს. მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ვიცი მათ ეს არ მოეწონებათ. ამიტომაც, კიდევ მეტი მადლიერება და პატივისცემა მაქვს მათ მიმართ და საერთოდ, საქრისტიანოს წინაშე.
– ალბათ სამომავლო გეგმებიც გაქვთ.
– დიახ. სამომავლო გეგმები მოიცავს უფრო მეტი ადამიანის შემოამხანაგებას, მეტი პროექტების განხორციელებას. მეტი ადამიანის ცხოვრება გვინდა შევცვალოთ უკეთესისკენ. არ დავიღლები მადლობის თქმით იმ ადამიანებისადმი, ვინც გვერდში მიდგანან მე და ჩემ მეგობრებს, ისინი ჩემთვის საიმედო, საამაყო ადამიანები არიან.
– და ბოლოს…
– Helping Hands-ის სლოგანით დავასრულებ ჩემ სათქმელს: ერთად ყველაფერს შევძლებთ! Helping Hands for Georgia!
პ.ს. ამ ხნის განმავლობაში ანუ 5 წლის მანძილზე, 650 ოჯახზე მეტს დაეხმარნენ მეგობრები…