გიორგი ტყემალაძე: სვეტის მიერ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილდება

2161

„კომპანია M2-თან მემორანდუმი უკვე გაფორმებულია და „სვეტის“ მიერ  2500-მდე დაზარალებული  ოჯახი ბინებს მიიღებს“ – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააკეთა. იგი თბილისის მერიასა და სამშენებლო კომპანია M2-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რომლის საფუძველზეც M2 „სვეტის“ შეჩერებულ პროექტებს გადაიბარებს. მისი თქმით, თბილისის მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად, „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა ინტერესები დაკმაყოფილდება.

„მინდა გითხრათ, რომ მემორანდუმის გასაფორმებლად თბილისის მთავრობა აქტიურად მუშაობდა. შედეგს მივაღწიეთ და  კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს დავაკმაყოფილებთ. შეიძლება ითქვას, რომ 2500-მდე ოჯახის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია და ისინი M2-გან ბინებს მიიღებენ. ჩვენთვის ძნელი მოსაძიებელი იყო კომპანია, რომელიც ამ ვალდებულებებს აიღებდა. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია M2-მა  გაბედული ნაბიჯი გადადგა. იმისთვის, რომ პროცესი დასრულდეს, წინ  ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს, რომელშიც  თბილისის საკრებულო დედაქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად იმუშავებს “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.