რისი დანახვა უნდა მომღერალ შაბან მამედოვს, როცა თვალს აუხელენ…

2629

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

მღერის შესანიშნავად, უკრავს, ცხოვრობს მრავალფეროვნად და ლამაზად, ისევე ლამაზად, როგორც ეს სამყარო წარმოუდგენია…

ახალგაზრდაა და უკვე დიდი გამოცდილებისა და შესაძლებლობების მქონე, რომლის განვითარებასაც აპირებს, ამისთვის კი საჭირო ინტელექტი და შრომისმოყვარეობაც გააჩნია…

ეს წარმატებული მომღერალი შაბან მამედოვია, უსინათლო მომღერალი, რომელმაც წელს უკვე მესამედ აიღო გრანპრის შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „ივერია – ბრილიანტი“, თუმცა სხვა მრავალი გრანპრისა და სხვადასხვა ჯილდოების მფლობელია ჩემი რესპონდენტი. შაბანი ძალიან მოკლე დროში იქცა ვარსკვლავად და აპირებს დიდხანს, ძალიან დიდხანს იკაშკაშოს… შაბანმა „ივერია – ბრილიანტის“ მესამე გრანპრი რუსთავში აიღო, რომელსაც ამ მშვენიერმა ქალაქმა 2019 წლის 3-7 ოქტომბერს უმასპინძლა.

– შაბან, მამედოვმა როგორ დაიწყო სიმღერა?

6 წლის ვიყავი, როდესაც დავიწყე სათამაშო კლავიშიან ინსტრუმენტზე აზერბაიჯანული სიმღერის ნაწყვეტ-ნაწყვეტ აწყობა, მაგრამ არ გამომდიოდა. ჩემმა ოჯახმა შეამჩნია მუსიკისადმი მიდრეკილება და შემიყვანეს მარნეულის კულტურის სახლში მუსიკის შესასწავლად მასწავლებელთან.

– პირველი სიმღერა გაიხსენე, რომელიც პუბლიკას წარუდგინე…

– ეს იყო ყვავილების ქვეყანა.

– პირველი აღიარება როდის გქონდა?

– ეს იყო 2013 წელს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე.

– საქართელოში შშმ პრების ხელოვნება ნაკლებად განვითარებულია და რატომ?

– ვფიქრობ, რომ ეს მეტნაკლებად საზოგადოების სტერეოტიპებისა და შშმ პირებზე არასწორი დამოკიდებულების ბრალია.

– შაბან, გაიხსენე ფესტივალი, რომელმაც მართლა აღგაფრთოვანა…

– ეს იყო 2013 წელს, სადაც 6 ქვეყნიდან იყვნენ მონაწილეები ტარდებოდა ბათუმში სახელწოდებით „ოქროს ნიჟარა“. საქართველოდან ჟიურის წევრი იყო ანრი ჯოხაძე, რომელმაც პირველი უმაღლესი ქულა დამიწერა.

– ქველმოქმედებასაც ეწევი შენი სიმღერით…

– 2019 წელს ჩავატარე სოლო კონცერტი, რომელსაც ჰქონდა საქველმოქმედო ფორმატი და დავეხმარეთ ახალგაზრდას, მას სჭირდებოდა თირკმლის ინპლანტაცია. თუმცა, გარდა ამისა, სხვა და სხვა საქველმოქმედო კონცერტებზეც მიმიღია მონაწილეობა.

– „ივერია – ბრილიანტმა“ რა მოგიტანა?

– „ივერია – ბრილიანტის“ მეშვეობით, შევიძინე ახალი მეგობრები, რაც მთავარია მივიღე გამოცდილება, რადგან თითოეული კონკურსი, კონცერტი, ფესტივალი არის ჩემთვის ახალი გამოცდილება.

– ქართულად საუკეთესოდ საუბრობ, ინგლისურად, რუსულად, მშობლიურ აზერბაიჯანულად, როგორ შეძელი ამდენი ენის ათვისება?

– ვფიქრობ თუ ადამიანი მოინდომებს გულით რამის გაკეთებას, ის აუცილებლად შეძლებს. ინგლისურს ადრე არ ვსწავლობდი, მაგრამ შემდეგ კომპიუტერულ სფეროში და უცხოელებთან კომუნიკაციისათვის დამჭირდა და ჩემ თავს მოტივაცია და სტიმული მივეცი, რომ უნდა მესწავლა. რუსული მესმის, მაგრამ კარგად ვერ ვსაუბრობ. რაც შეეხება აზერბაიჯანულსა და ქართულს, ორივე ჩემი მშობლიური ენაა.

– შენ რეპერტუარს ვინ ადგენს?

– 90 პროცენტს ჩემით ვადგენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვეკითხები ოჯახის წევრებსაც, რადგან მათი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– შაბან, ესტრადაში გინდა საბოლოოდ კარიერა გააგრძელო?

– დიახ. ამჟამად თბილისის მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში ვაგრძელებ ვოკალის გაკვეთილებს, სადაც მხოლოდ კლასიკური ნაწარმოებები სრულდება, მაგრამ ჩემი კარიერა დასაბამიდან ესტრადა იყო, ასეც გაგრძელდება.

– საქართელოში რამდენად გაქვს განვითარების და დიდ სცენაზე მუდმივად ყოფნის შანსი?

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩემი სისხლი და ხორცია, ვფიქრობ როგორც უსინათლოს, დიდ მომღერლად ჩამოყალიბების შანსი ძალიან მცირეა, რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს, ეს რეალობაა. ან შოუბიზნესში უნდა ჩავიძირო, რაც საბოლოოდ დამღუპავს, ან ფულით უნდა მიაღწიო წარმატებებს, რასაც არასოდეს არ ვიზამ.

– უცხოეთში ხომ არ აპირებ წასვლას კარიერისთვის?

– სკოლის დამთავრების შემდეგ, ვაპირებ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, მაგრამ იქამდე ჯერ მთელი წელი მაქვს წინ.

– შაბან, ვიცი, რომ თვალს აახელ და პირველის რისი დანახვა გსურს?

– ოჯახის წევრების.

– ახლა როგორ ხედავ სამყაროს და რა არის შენთვის ეს ქვეყანა…

– ამის აღწერა რთულია, მოკლედ რომ ვთქვა, ისეთს ვხედავ და ვგრძნობ, როგორსაც ვარ მიჩვეული. ზოგჯერ მრავალფეროვანს, ზოგჯერ უბრალოდ ერთფეროვანს…

– სამომავლო გეგმები…

– მუსიკალური და კომპიუტერული კარიერის განვითარება.