საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

2346

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომის ოქმი
20 მარტი, 2020 წელი

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსს სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, გვწამს რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

კათოლიკოს-პატრიარქმა, საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).

– მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების შესახებაც მოახსენა წმინდა სინოდს.

– მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

– მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).

– მეოთხე – გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).

ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.
მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლტებმა: დავითმა (მახარაძე), ისაიამ (ჭანტურია), თეოდორემ (ჭუაძე), გერასიმემ (შარაშენიძე), საბამ (გიგიბერია), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), ილარიონმა (ქიტიაშვილი), მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი), მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე), ეპისკოპოსებმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) და გრიგოლმა (კაცია).

წმინდა სინოდმა განაჩინა:

– დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს.
– პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.
– განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომლებიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი – წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას.
– დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.
– ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღმრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.
– ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი; ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან; წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.
ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

– ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.
3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება (სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები).
5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი – ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.
წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი. შექმნილ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთ მხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდან“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.
7. საქართველოს ეკლესია მზად არის გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. ასევე საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

– არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების განმავლობაში: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა ეპიდემია. ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ – ერი და ბერი, ერთად გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალ.26-1).

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო!

მასალის წყარო: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური