ოცნებიდან ლელოში გადასული ცნობილი მხატვარი დავით ივანიშვილი პოლიტიკაზე, ეკლესიაზე და ხელოვნებაზე…

1883

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საინტერესო პროფესია-სფეროა მხატვრობა, იმ ჟამის აღმწერელია, როდესაც მხატვარი ცხოვრობს. ასე შემოგვინახა ფიროსმანმა იმდროინდელი თბილისის ყოფა, ასე გადმოგვცა პეტრე გრუზინსკიმ ბატალისტურად იმ ეპოქის კავკასიის ომების ამბები, როცა ის ცხოვრობდა… უნდა ვთქვათ, სხვა მსგავსი არაერთი გენიოსი დიდად დასაფასებელია იმისთვის, რომ ფერწერით გადმოგვცეს გასული საუკუნეების სახეები, ისტორიები…

მათ შორის არის კიდევ ქართველი, დღევანდელობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც არაერთი სურათი შექმნა და უსახსოვრა სამყაროს.

ხელოვანი, რომელთან ინტერვიოუსაც გთავაზობთ, ბოლო პერიოდში პოლიტიკაშიც იყო და საკმაოდ მაღალ პოსტზე, თუმცა ხელოვნებისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია, ეს მსოფლიოში კარგად ცნობილი, თავისი ხელწერით სახელგანთქმული, არაერთგზის სხვადასხვა პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და სხვა აღიარებების მქონე, დავით ივანიშვილია!

– დავით, რა არის ახალი და საინტერესო შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

– ვიტყოდი, საინტერესო ხდება შემოქმედისთვის მაშინ, როცა ის ქმნის ახალს მასზე ფიქრობს და მუშაობს, ამაზე დიდი ინტერესის სფერო შემოქმედისთვის რა უნდა იყოს?!

– რაიმე ისეთი ნახატი ხომ არ შეგიქმნია, რამაც ახალი წარმატებისკენ გაგიხსნა გზა?

– ვფიქრობ კიდევ ახალი მიგნება მაქვს ვიდრე ჩემი ხელწერა, რაც აქამდე მიხატია, ახალი ტექნიკით და ორიგინალური სტილით უკვე ათეულობით ნახატი შევქმენი, რომლებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდა, ხელოვნების მოყვარულთაგან და ნახატის შეძენის მსურველთაგან.

– საქართველოში თუ გეყიდება ნახატები?

– კი, ძალიან კარგად იყიდება, გაშრობასაც ვერ ასწრებს ნახატი და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პანდემიის დროს სამოცდაათამდე ნახატი გაიყიდა.

– უცხოეთში უფრო იყიდება შენი ნამუშევრები და დღემდე ყველაზე ძვირად რა ფასად გაქვს გაყიდული ნახატი?

– უცხოეთში იყიდებოდა პანდემიამდე, ვიდრე საქართველოში, რადგან მე თვითონ მქონდა აქცენტი საზღვარგარეთ გამოფენებზე და შესაბამისად, საქართველოში იმდენად არ ვაქტიურობდი.

– შენი შემოქმედება რა სტილია?

– ვხატავდი ჰიპერისლიზმდი, შემდეგ იმპრესიონიზმმა გამიტაცა, მერე მოდერნმა და ექსპრესიონიზმა. ახლა ახალ სტილზე ვმუშაობ და ვნახოთ, რამდენად დიდხანს დარჩება ჩემთან… ჩემთვის განსაკუთრებული სისმოვნებაა მუდმივად ახლის ძიება.

– საინტერესოა და მხატვრობის სტილის შეცვლას ან ახალი მიმართულების შექმნას ხომ არ აპირებ?

– ეს მიზანია ჩემი, რაც შეიძლება მეტი ძიება და საერთო ჯამში მრავალფეროვნება მქონდეს.

– რის ხატვა არ გიყვარს?

– არ მიყვარს უკვე არსებულის დახატვა, ანუ რაც უწინ დავხატე, მისი გამეორება გამორიცხულია… როცა ახალი ნახატი იბადება, იქმნება ემოციებით, ახალი ენერგიით, ხოლო როცა იმეორებ ის თვითნაბადი და განუმეორებელი ემოცია აღარ არსებობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ნახატი ემოციის გარეშე იქმნება, ის არ მივა საზოგადოებამდე, რაც მინდა მივიტანო.

– რომელი ქვეყნის დღევანდელმა მხატვრობამ მოგხიბლა?

– ვფიქრობ ამერიკაში ნიუიორკ ექსპოზე იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ შეიძლება მისით არაერთგზის მოხიბლოს ადამიანი. მარტო სამ დღეში ორასორმოცდაათიათასი ვიზიტორი ჰყავს გამოფენას, კოლექცციონერები, გალერისტები და უბრალოდ დამთვარიელებელი.

– საქართველოში მხატვრებს ისევ უჭირთ და რა არის ეს გასაჭირი?

– დიახ, ასეა ნამდვილად, სამწუხაროდ… ბევრ ნიჭიერ მხატვარს დღეს უჭირს და ახლო წარსულშიც უჭირდათ… ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, თვითონ ქვეყანაც იყოს უნდა ძლიერი, რომ მხატვარს არ უჭირდეს. უმრავლესობას სურვილი აქვს ნახატის შეძენის, მაგრამ ნახატი არის ფუფუნების ისეთი საგანი, რომელიც კეთილმოწყობილ გარემოში ყველაზე ბოლო ეტაპია, რომ შენი გარემო გაალამაზო.

– ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი, სად იცხოვრებდი?

– ალბათ სხვაგან ცხოვრება გამიჭირდება, არც ერთხელ, არც ერთ ქვეყანაში არ გამჩენია ცხოვრების  სურვილი, რადგან საქართველოს მონატრება მალევე მეუფლება.

– პოლიტიკიდან ისევ მხატვრობაში…

– მხატვრობა არასოდეს მიმიტოვებია, როდესაც პოლიტიკური თანამდებობა მეკავა, მაშინაც კი ვახერხებდი შემოქმედებით საქმიანობას და გამოფენების მოწყობასაც უცხოეთში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთხელ არანაირი სახელმწიფო რესურსი არ გამომიყენებია. რა თქმა უნდა, სრულ დროს ვერ უთმობ შემოქმედებას, მაგრამ ღამეების თევის ხარჯზე მე შემოქმედება არ მიმიტოვებია.

– რატომ შეხვედი პოლიტიკაში და განსაკუთრებით მეორედ რატომ შეხვედი პოლიტიკურ ველზე?

– ვფიქრობ ეს იყო შინაგანი პროტესტი, პირველად 2012 წელშიც იგივე მამოძრავებდა და ახლაც მსგავსი შეგრძნებით ვარ… ეს იყო და არის ერთგვარი ჩემი მოქალაქეობრივი პროტესტი.

– განსაკუთრებით უმდიდრესი პოლიტიკური ლიდერის ბანაკში შენმა ნახვამ მე კი არა ლამის მთელი საქართველო გააოცა…

– მე ასე ვიტყოდი: როცა მდიდრდება ადამიანი, ესე იგი, მან ეს მოახერხა თავისი ნიჭიერებით და სხვადასხვა უნარებით თუ, რა თქმა უნდა შთამომავლობით არ გადაეცა მას გარკვეული სიმდიდრე. შესაბამისად, ასეთი ადამიანების აზროვნების არეალი საკმაოდ დიდია, მას შეუძლია პოლიტიკაც აკეთოს და სხვა უფრო მეტიც. მე ვფიქრობ, როცა ქვეყანას შენი სიტყვა და, მითუმეტეს, საქმე სჭირდება, ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი და რაც მთავარია, ხალხს უნდა სჯეროდეს, რომ სიმართლეს ამბობს. ასე რომ, დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩრდილში არ არის და თავის სიტყვას ამბობს, რისი საშულებაც მას გააჩნია თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

– მართლა გჯეროდა, რომ „ლელო“ სიკეთეს მოუტანდა საქართველოს?

– აქ სიკეთის მოტანაზე არ არის საქმე, ეს იყო ჩემი მხრიდან პროტესტი. ჩემი აზრით, ახალ პოლიტიკურ ძალას აქვს იმის ამბიცია, რომ პოლიტიკური წარსული არ დააყვედრო… ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემი პროტესტი დამეფიქსირებინა.

– როგორც ვიცი „ლელოდან“ წამოხვედი. რა მოხდა?

– „ლელოდან“ არ წამოვსულვარ, უფრო პოლიტიკიდან წამოვედი და აქვე მინდა ვაღიარო ერთი სამწუხარო რეალობა, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, – საქართველოში  პოლიტიკა ყველაზე დაკნინებულია, ვიდრე სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში, რადგან ჩვენთან კარგის კეთებაში არ არის პოლიტიკური მარათონი… სამწუხაროდ, უკვე რამდენი წელია, რაც ასეთ პოლიტიკურ წრეში გვიწევს ცხოვრება და ამას თაობები მძიმედ განიცდის.

– რამდენად ჯანსაღი იყო ეს პარტია შიგნით და რა არ მოგწონდა?

– რამოდენიმე თვის შექმნილ პარტიას საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს, პარტიის დამფუძნებლებს საკმაოდ დიდი უნარი აქვს სწორი მენეჯმენტის ამიტომ ამ კუთხით კიდევაც ააქვს შანსი, რომ მომავალი ჰქონდეს. კარგი და ცუდი კი ყველგან არის ერთი და ორი ადამიანით ვერ მიანიჭებ სტატუსს ამხელა ორგანიზაციას.

– დავით, მსოფლიოში ცნობილი, აღიარებული, არაერთგზის სხვადასხვა პრემიები ლაურეატი ხარ. რატომ ხარ პოლიტიკაში?

– არაერთხელ ავღნიშნე ეს არის ჩემგან პროტესტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რადგან ხალხი გიყურებს მითუმეტეს, როცა ხალხისთვის რაღაც გაქვს გაკეთებული და შენი აუდიტორია გყავს, შენი მოქმედებით შესაძლებელია ბევრს აუხილო თვალი, ყოველ შემთხვევაში დააფიქრო მაინც, რომ – რატო გადადო ფუნჯი ამ ადამიანმა განა რა უჭირს ქვეყანას?! ის კი ყველამ იცის რომ მე სამსახურის საძებნელად არ შევსულვარ არც ერთ პარტიაში…

– მაინც გკითხავ განმეორებით. დავით, გავლენის სფეროების გაფართოება გინდოდა და ამიტომ შეხვედი პოლიტიკაში?

– მე მაინც გავიღიმებ და გიპასუხებთ, რომ როცა მართლა თანამდებობა მეკავა ჩემი საკურატორო იყო სოციალური სამსახური, მე მომეცა იმის საშუალება რომ ძალიან ბევრ ადამიანს მხარში დავდგომოდი, ესენი იყვნენ ჩემი ბენეფიციარები, ჩემი გავლენებიც მანდ მთავრდებოდა, შეგეძლო ერთ დღეს მარტოხელა მოხუცი ბებიის სახლში გენახე მის გასამხნევებლად ან დასახმარებლად, არასამუშაო საათებში და არასამუშაო დღესაც კი, ეს იმას ნიშნავს რომ მათი მხარში დგომა მე სიამოვნებას მანიჭებდა და ამას სამსახური არ მავალებდა.

– რა მოგცა პოლიტიკურმა ცხოვრებამ?

– პოლიტიკურმა ცხოვრებამ მომცა ის, რომ დამენახა სინამდვილეში როგორ უნდა იხარჯებოდნენ პოლიტიკოსები ხალხისთვის.

– ალბათ, რაღაც წაგართვა კიდევაც პოლიტიკურმა თანამდებობამ…

– კი, გეთანხმები, სამწუხაროდ ასეა… პოლიტიკურმა თანამდებობამ წამართვა ყველაზე ძვირფასი – დრო შემოქმედებისთვის და შეიძლება ითქვას, ცოტა ჯანმრთელობაც გაიყოლა თან, რადგან უამრავი გაჭირვებულის ჭირსა და ვარამს პირადად ვხვდებოდი… ამას უგულოდ, გულგრილად ვერ ვუყურებდი და…

– იმედია პოლიტიკაში აღარ დაბრუნდები…

– ნეტა არ ჩავთვალო, რომ ბრძოლის ველზე ვარ საჭირო, თუნდაც როგორც  რიგითი…

– ნახატი, რომელსაც არასოდეს გაჰყიდი…

– ალბათ არ ვიქნები მართალი თუ ვიტყვი, რომ არასოდეს გავყიდი. რაღაც მომენტში შეიძლება არ გავყიდო, ასეთი მომენტი მქონდა კიდეც საფრანგეთში, არ გავყიდე „ძველი თბილისის“ პანორამა, რადგან  ჩავთვალე, რომ ის საქართველოში უნდა ყოფილიყო.

– მხატვრების უმეტესობა ძალიან ფილოსოფიური ხალხია. შენი ფილოსოფია რას ეფუძნება?

– მთელი ფილოსოფია იმაშია, რომ შეჰქმნა და დატოვო მატერიაზე შენი ემოცია ისე, რომ უამრავმა მნახველმა მიიღოს ის ერთი, მთლიანი წილი.

– დავით, როგორც ხელოვანი და მეტად მგრძნობიარე ადამიანი, განსაკუთრებულად უნდა აღიქვამდე იმას, რომ დედაეკლესიას უტევენ… რას ნიშნავს ეს?

– ეს ყოველთვის იყო და იქნება, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა რაც ხდება, ეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სისუსტეა… ვფიქრობ, რომ ჰარმონიაა დარღვეული სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის.

– ვინ არის დავით ივანიშვილი?

– ცხოვრებით და რწმენით მხატვარი, რადგან ვერაფერმა ვერ დამაშორა შემოქმედებას, მის გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება. სხვა დანარჩენი დროებითია და წარმავალი.   მარადისობის ერთ-ერთი გასაღები კი შემოქმედებაშია, თუ ამას გრძნობ, ესე იგი, ჭეშმარიტებასთან ახლოს ხარ…

– და ბოლოს, სამომავლო გეგმები გაგვიმხილე.

– პანდემიის დასრულებისთანავე განვაახლებ ტურნეს უცხოეთში და რამოდენიმე გამოფენას მოვაწყობ, მანამდე კი მინდა რომ ორი ხელით ვხატო, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.