მზია წულუკიძე – ამერიკა-ევროპა, ბებია წითლებში, რა არის აჭარა, ხმამაღლა ფიქრები და ხალვაშისგან ნასესხები…

3048

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ჟურნალი „ქართული ელიტა“ ალბათ პირველი და ერთადერთი იყო წლების წინ, როდესაც ემიგრანტებზე წერდა. ჯერ კიდევ მაშინ, წლების წინ, ემიგრანტების ცხოვრება, მათი პრობლემები, სიხარული, ემიგრანტობის ისტორია და თუ რატომ წავიდნენ სამშობლოდან, არავის არ აინტერესებდა, არავინ წერდა და არც სატელევიზიო ეთერებს უთმობდნენ ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს, სამწუხაროდ… ძალიან ბევრი ემიგრანტის ცხოვრება-მოღვაწეობა ქაღალდზე, ჟურნალ „ქართულ ელიტაშ“ გადავიტანეთ და ისტორიას შევუნახეთ… შეიძლება ითქვას, რომ მათთან შეხებისა თითქოსდა ეს ხალხი მივიწყებული იყო ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა. ახლა კი უკვე მოდურიც კი გახდა ემიგრანტებზე, მათ ცრემლებზე, წარმატებებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბარი…

მაშ ასე, „ქართული ელიტა“ ტრადიციას აგრძელებს და კიდევ წერს, წერს იმ ადამიანებზე, რომლებმაც ოჯახები – სამშობლო გადაარჩინეს და განვითარებასაც არ ჩამორჩნენ!

შრომობს და ფიქრობს ხმამაღლა, ემიგრაციაში ნაშოვნ სარჩო-საბადებელს საკუთარ ოჯახსაც უნაწილებს და სამშობლოში გაჭირვებულ ადამიანებსაც… წერს, თითქმის არ სძინავს და მისი გული სევდით ივსება, როცა გაჭირვებული ადამიანის შესახებ გაიგებს. გაიზარდა, მისი მოტყუიება არც ადრე შეიძლებოდა და განსაკუთრებით ახლა – ვერანაირად ვერ მოხერხდება. აქვს ახალი გატაცება და მიზნები. ხღნინ უიხრუჟრვჟუჟნი ზღვარი ვერ დაინახა და აგრძელებს განვითარებას, წინსვლას… ეს მზია წულუკიძეა, წაიკითხეთ წინამდებარე ინტერვიუ, საინტერესოა…

– ქალბატონო მზია, როგორ მიხვდით ემიგრაციაში?
– რომ არა ახალგაზრდული ასაკი, ბრძოლის ჟინი უკეთესი მომავლისათვის, ინტერსი უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებისადმი, რისკი და საკუთარი თავის გამოცდის მცდელობა, მე დღეს მიგრანტის სტატუსი არ მექნებოდა. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო 90 იანებში გაკოტრებულმა საზღვაო სანაოსნომ, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობდა. სრულიად მოუმზადებელი, სრულიად დაუგეგმავი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაში… ბრძოლა სირთულეებთან, მაგრამ – არ ვნანობ. ემიგრაცია მე გამოვიყენე არა მხოლოდ ჩემი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არამედ საკუთარი თავის თვითრეალიზაციისათვის და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
– მანამდე რას საქმიანობდით საქათველოში?
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დარგობრივი ეკნომიკის კათედრაზე. შემდეგ კი უკვე გზა ევროპისკენ… ასე რომ საკუთარ ქვეყანაში დიდი სამუშაო სტაჟი არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ვარ   მრავალპროფილიანი. უბრალო მუშიდან დაწყებული უდიპლომო ექიმით დამთავრებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ფსიქოლოგიის შესწავლამ და კიდეც ვსწავლობ.
– ემიგრანტობის პირველი პერიოდი გაიხსენეთ…
–  ევროპული ემიგრაცია რთულად არ მახსენდება, რადგან ოჯახი ერთად ვიყავით და განსაკუთრებული სიძნელე არ  ყოფილა, კარგად მოვერგეთ, მაგრამ  მთავარი სირთულე  ენის უცოდინრობა იყო, რის გამოც ხშირად სასაცილო სიტუაციაში ავღმოვჩენილვარ… სამაგიეროდ რთული იყო ამერიკის ემიგრაცია.
– იმედგაცრუება რა გქონდათ და როგორი იყო თქვენთვის ემიგრანტული წარმატება?
– ამერიკა საერთოდ სხვა სამყაროა… განსაკუთრებით ინფრასტრუქტურა. შორიდან რაღაც ზღაპრულად  დახატული ამერიკა, ჩემთვის  ის არ აღმოჩნდა, რასაც ველოდი. უბრალოდ  ეს არის დიდი შენობები და ტყე. აქ მე საუბარი მაქვს ნიუ ჯერსი, ნიუ ორკის შტატზე. სხვა შტატების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ქალაქის თავზე დასაჯდომად  მოფარფატე თვითმფრინავის ილუმინატორიდან დანახული ოცნების ქვეყნისადმი ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ხმამაღლა წამოვიძახე, – „ესააა ამერიკა’“?! ევროპის ქვეყნებთან რომ არ მქონოდა შეხება და ამერიკა ჩემთვის პირველი ქვეყანა ყოფილიყო, ალბათ სხვანაირი დამოკიდებულება მექნებოდა.


ემიგრანტულ წარმატებად ვთვლი იმას, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში არ დაიკარგები. წარმატებაა, როცა უცხო ქვეყანაში დაბადებული შვილი ქართულად იდგამს ენას. ემიგრანტული წარმატებაა, როცა შენი შვილები ტრადიციას  არ ღალატობენ და ქართველ გოგონებზე აკეთებენ არჩევანს და ქართულ ოჯახს ქმნიან უცხოეთში. წარმატებაა, როცა უცხოეთში გაზრდილი ბავშვები საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობენ. ჩემთვის ემიგრაცია დიდი სკოლაა, სადაც ყოველ საფეხურზე ასვლის დროს ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ საკუთარ თავში.
– როგორია ემიგრაციიდან დანახული საქართველო – სამშობლო?
– ამ კითხვას პასუხი შეიძლება ორი კუთხით გაეცეს. პასუხი, რომელის ყველასათვის მიმზიდველი იქნება და პასუხი, რომელის შემდეგაც შეიძლება კრიტიკის საგანი გავხდე. ჩემი თვალით დანახული საქართველო: ორად გახლეჩილი საზოგადოება, ერთმანეთის მიმართ უსიყვარულობა, გაჭირვება, ქილიკი, რომელსაც შევეჩვიეთ ურთიერთობის კულტურის ნაკლებობას… სამწუხაროდ შორიდან ასე ჩანს.
– ემიგრაციაში მონატრებაც სხვანაირიაო, ამბობენ და ყველაზე მეტად რა და ვინ გენატრებათ ხოლმე?
– კი, მონატრება სხვანაირია და იცით რატომ? როცა მასთან ყოველდღიური შეხება არ გაქვს, უფრო მეტად გიზიდავს. რომ გითხრათ ჩემი ეზოს კუთხეში მიგდებული პატარა ლოდიც მენატრება მეთქი, დაიჯერებთ? ბაღში მდგარი ბალის ხე, რომელიც დღეს აღარ არის, ისიც მენატრება გჯერათ? იმ ბალის ხეზე ჩემი ბავშვობაა დამალული… ხოლო, რაც შეეხება შინაურ წრეს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია… ბავშვობა მენატრება, წრფელი ურთიერთობა… სიყვარულის ასახსნელად ერთი კილოგრამი ყარაყუმით ხელში, ჩემს წინ  მორცხვად მდგომი თანაკლასელი მენატრება… იცით, როცა უცხო მხარეში ხარ, წვიმაც გენატრება, იქნებ გაგიკვირდეთ და თქვათ – წვიმა ყველგან ერთნაირიაო… არა ჩემო კარგებო, ჩემი სახლის სახურავზე ანცად მოცეკვავე წვიმისნაირი სხვაგან არსად არ შემხვედრია…
– რა უნუდა ვისწავლოთ საქართველომ ჩვენზე მეტად განვითარებული და ცივილიზაციის მწვერვალებზე მყოფი ქვეყნებისგან?
– რაც უნდა ვისწავლოთ, ეს არის პასუხიმგებლობა ნებისმიერი საქმისადმი, დროის ფასი, ფულის ყადრი, უნდა დავთმოთ ამპარტავნება და საერთოდ, არააა საჭირო ყველა ექიმი და იურისტი იყოს, როცა ამის ნიჭი არ აქვს ვინმეს… უნდა ვისწავლოთ ის, რომ შრომა სირცხვილი არაა, უნდა ვისწავლოთ ის, რომ ბავშვს და მოზარდს არ ჭირდება ძვირადღირებული მანქანები და ტელეფონები. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. ეჰ… დრო იყო, ჩვენგან სწავლობდა სხვა ერები, სამწუხაროდ, დღეს უკვე პირიქითაა ყველაფერი…
– ემიგრანტები ხშირად ქველმოქმედებას ეწევა და თქვენი ქველმოქმედება საიდან დაიწყო?


– ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ამ თემაზე, უამრავი თავგადასავლისა და გრძნობის შესახებ შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად რამდენიმენაირად შევეხები ამ მეტად ფაქიზ თემას… ყველა ემიგრანტი ქველმოქმედია, ოჯახს მოწყვეტილი ემიგრანტი ძალიან მგრძნობიარეა, ქართველებმა ხომ განსაკუთებული და ზოგჯერ გადამეტებული ურთიერთობა ვიცით შვილებთან, ამიტომ ყველა ემიგრანტი ყველა გაჭირვებულში თავის შვილის თვალებს ხედავს და დაუფიქრებლად გასცემს თავის ნაშრომის ნაწილს თუნდაც სრულიად უცხო ადამიანების დასახმარებლად… მოყვასის სიყვარული, სწორედ ეს გახდა ჩემს შემთხვევაშიც ქველმოქმედად გადავქვეულიყავი და შემდეგ ბევრი ჩემი მეგობარი შემომიერთდა, ამისთვის უღრმესი მადლობა მათ. ჩვენთვის  ყველა ქველმოქმედება განსაკუთრებულია, სენსიტიური და ამის გამო ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, თუმცა განსაკუთრებულად დამამახსოვრდა მცხეთელი ბებო და  ჩვენს მიერ მის მიმართ მინიჭებული სიხარული და მისი  ცრემლიანი თვალები… უამრავი კეთილი  საქმე გვაქვს გაკეთებული ამ სამი წლის განმავლობაში მე და ჩემს მეგობრებს. უამრავი ოჯახი გავახარეთ, ავადმყოფებს შევაშველეთ ხელი, ბავშვებდ დღესასწაულები ვაჩუქეთ… ამ საახალწლოდაც მართლაც რომ სასწაული გააკეთეს ჩემი ჯგუფის გოგონებმა – უამრავი ბავშვის სურვილი აასრულეს… დაუსრულებლივ შემიხლია ამ ადამიანების შესახებ საუბარი. ნდობას მუშტების ქნევით და ბრძანების გაცემით ვერ მოიპოვებ, ნდობა შენს მიერ გამჭვირვალედ გაკეთებულ საქმეს მოაქვს და მე ამაყი ვარ, რომ ამ კუთხითაც… თუმცა მეუღლე ხშირად მირჩევს, რომ თავი დავანებო, ნერვიულობს ჩემს გამო… არ უნდა ვინმემ უსამართლოდ გული მატკინოს…
პატარა ამბავს მოგიყვებით: ერთ დღესაც, ტელეფონზე ზარია;
– მზია, ერთ რჩევას მოგცემ, შეეშვი არ გინდა ეს თანხის შეგროვება. ხალხი ჭრელია. ვიცი მე შენი ამბავი, უსამართლოდ რომ მოგექცენ, გული გეტკინება. კარგი რა გია, ნუ იცი მასე. ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ უყურებ…
– მე ჩემი გითხარი, შენი საქმის შენ იცი… – მითხრა  ეკრანს მიღმა მყოფმა მეუღლემ  და ტელეფონი გამითიშა. ხელში ტელეფონ  ჩაბღაუჭებული  ქმრის სიტყვებზე ვფიქრობდი – იქნებ და მართალია, რასაც მეუბნება. რა ვქნა დავნებდე? მოვდუნდე? მე ხომ ამას გულით ვაკეთებ. მე ხომ ჩემს შვილებს ვაკლებ… თუ რამე შემოწირულობას ვაგროვებ, პირველი ხომ მე ვდებ თანხას. რატომ უნდა გაჩნდეს კითხვები, რატომ?!…
– შენი საქმის შენ იცი… ისევ შორიდან ჩამესმა მეუღლის ხმა და ტელეფონი გვერდით გადავდე…
– მორჩა, დაგიჯერებ გია. შენზე კარგი მეგობარი და გულშემატკივარი მე არავინ მყავს ამ უცხო მიწაზე და ქედს ვიხრი შენს წინაშე – ჩავილუღლუღე  ჩემთვის და ტელეფონი გვერდით გადავდე… თუმცა  ტელეფონის გარეშე  დიდხანს ვეღარ გავძელი და ისევ გავხსენი ფეისბუქი და… მესინჯერში წერილია: „მცხეთაში, სალობიეს რომ გაცდებით, სადღაც 500-700 მეტრში უსაყვარლესი ქალბატონი ყვავილებს ჰყიდის. თუ მანდ მოხვდებით ნელა იარეთ, რომ მოასწროთ მისი შემჩნევას. ის 80 წლისაა  და ავადმყოფი შვილი ჰყავს, მისთვის ყიდის ყვავილებს“…

ბევრი აღარ მიფიქრია, მეუღლისთვის ვირტუალურად მიცემული პირობაც დამავიწყდა, რომ ქველმოქმედებას შევეშვებოდი და ისევ გავაერთიანე ჩემი მეგობრები ბებოს გასახარად… რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მეგობარი ფულიანი კონვერტით ბებოს წინ იდგა. ბებო ყოჩივარდებს მაგრად ჩაბღაუჭებოდა და ქვითინებდა… ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და თავისუფალი ხელით ცრემლის მოწმენდას ცდილობდა, იმ ცრემლების, რომელშიც მთელი ცხოვრების აზრი იყო ჩადებული… ვინ იცის იმ წუთში რას ფიქრობდა, მაგრამ მე გული დამეწვა… ამ ამბის ამსახველ კადრებს ვუყურებდი და მეც ვტიროდი მასთან ერთად… მე ვერ გავჩერდები… ვთქვი გულში და თავი ჩავღუნე… არც გავრჩელებურვარ ჩემ საუკეთესო მეგობრებტან და ქველმოქმედებთან ერთად…
– დღიურებსაც წერთ, ერთგვარი ჩანახატების ფორმით…
– დღიურების წერა ამერიკაში  დავიწყე და ამის მიზეზი სტრესი გახდა. ურთულესია ამერიკის ემიგრანტობა. იქნებ კითხავა დაგებადოთ ემიგრაცია ემიგრაციაა და რაა განსხვავებაა ამერიკა იქნება, ევროპა თუ აზია… ევროპიდან ფეხით გაიქცევი რომ დაგჭირდეს. აქ სად გარბიხარ, ირგვლივ წყალია, ოკეანეები… აქ მხოლოდ  უფლის იმედად ხარ. ფაქტიურად ამ დღიურებში მე ყველა ემიგრანტის ტკივილზე ვსაუბრობ, მათ განცდებზე, ყველა ემიგრანტის ფიქრი შემიძლია გავაშიშვლო.
– ქალბატონო მზია, როგორია ქალი, რეალურად, ნატურით?
– ქალი?! ყველა ქალი რომანტიკოსია, ღრუბლებში მოფარფატე, რომელსაც დიდი სიყვარული შეუძლია. ბედნიერად გაქცევს, მაგრამ ამავდროულად ეს ნაზი არსება შეიძლება ურჩხულადაც გადაიქცეს, მიწაზე დაგანარცხოს, მის მუხლებთან დაგაჩოქოს. ქალი – სასწაული არსება შექმნა უფალმა. მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად ვსწავლობ საკუთარ თავს და  ყოველთვის ახალ თვისებას აღმოვაჩენ ჩემში.
– და მამაკაცი როგორია?
– ეს ძალიან ინდივიდუალური კითხვაა. შესაძლოა ვიღაცისთვის რომანტიკული მამაკაცი იყოს იდეალური და ვიღაცისთვის უფრო უხეში, ძლიერი მოსწონდეს. ნამდვილი მამაკაცი არის ის, ვისთანაც ქალი თავს ბედნიერად გრძნობს. ვინც ქალს სხვადასხვა საქციელით აგრძნობინებს თავს ბედნიერად, თავისებური თვისებიდან გამომდინარე…
– რა არის სამშობლო, პატრიოტიზმი?


– რაც იცი რომ შენია. შენი მამა-პაპებისა და იმათი წინაპრების ნაფერებ ნანოლიავები, გაშლილი ველ-მინდვრებია. ის, რაც იდუმალი და ამოუცნობია, რაც მხოლოდ განცდაში გვეძლევა, გულის თვალით აღიქმება და შეიგრძნობა. ტკივილნარევი გრძნობა, როცა შენს ენაზე მეტყველს შეხვდები და მასთან განშორება გეძნელება. სამშობლო ფესვებია, რომელიც გვასაზრდოებს და გვაერთიანებს. სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა იცხოვრო, ბოლოს საკუთარ ადგილას უბრუნდები. მე არ შემხვედრია ქართველი, რომ არ ეთქვას, – მე არ დავბრუნდები საქართველოში… ის უხილავი ძაფია, რომელიც მუდამ გვეწევა უკან დასაბრუნებლად.
– კონკურსი „ბებია წითლებში“, რატომ დაიწყეთ, რა მიზანი აქვს მას?
– როგორც იცით პანდემიამ  მსოფლიო გააჩერა… გაჩერებასთან ერთად სტრესში ჩავარდა ბევრი. ჩვენი სამეგობროს ქველმოქმედთა ჯგუფის ადმინისტრაცია ვმსჯელობდით თუ რა მოგვეფიქრებინა ამ მძიმე პერიოდის განსაუხტავად, რათა ხალხის ყურადღება ცოტა ხნით სხვა რამეზე გადაგვეტანა. კონკურსის სახელის უცებ შეირჩა, „ბებია წითლებში“ ანუ მთავარი გმირები ბებიები…

ბებიობა – ეს ხომ ის პერიოდია, როცა ყველა სხვადასხვა ასაკში გამოვცდით, ამიტომ ეს სტატუსი ბევრ რამეს გვავავლდებულებს და ამავდროულად გარკვეულ შეზღუდვებსაც გიწესებს. ამიტომ ასაკი არ განგვისაზღვრავს კონკურსში მონაწილეთათვის და ყველა ბებიას მიეცა  მონაწილეობის უფლება. და უცბათ ისეთი მასშტაბური გახდა კონკურსი, რომ თავიდან  მეც ვერ წარმოვიდგენდი თუ ამდენ ბებოს გაუჩნდებოდა მასში ჩართვის სურვილი. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ხალხის რჩეული გახდნენ ჩვენი თანამემამულეები – იტალიიდან, საბერძნეთიდან და საქართველოდან.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, როგორც ამერიკიდან ასევე საქართველოდან. ამ კონკურსის დასკვნითი საღამო ჩატარდება 6 თებერვალს, სადაც ჩვენ დავასახელებთ სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებულ ბებიებს. რადგან გამოხმაურება და ინტერესი დიდი იყო „ბებია წითლების“ მიმართ ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ, ჯგუფის ადმინისტრაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს კონკურსი მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს.
– როგორია ამერიკა, თუმცა მანამდე ევროპაში ცხოვრობდით და როგორია ეს ცივილიზებული სამყარო?
– ამერიკა-ევროპა – მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება ამ ორი ქვეყნის კულტურას გავცნობოდი და ერთმანეთთან პარალელი გამევლო. საფრანგეთი – დახვეწილი, ელეგანტური, მომღიმარი სახეები. ყავა და ცხელი კრუასანი. თავმოვლილი ქალბატონები და კალორიების თვლა. განსაზღვრული სამუშაო საათები და ადამიანთა უფლებების დაცვა… ამერიკა – უფრო თავისუფალი, აქ არავის აინტერესებს შანელი გაცვია თუ პიჟამო, ძვირადღირებული სუნამო გაპკურია თუ იაფფასიანი… არც სამუშაოს დროში ხარ შეზღუდული. ამერიკამ ფიქრს მიმაჩვია, ხანდახან ხმამაღლაც კი… ევროპაში თვითრეალიზება რთულია, ხოლო ამერიკაში ბევრად მარტივია. ამერიკაში ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო, სხვანაირად ვერ გაუძლებ, დაგჯაბნის გარემოება.
– ვინ არის მზია წულუკიძე?


– მზია წულუკიძე… ქალი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე და უყვარს ადამიანები. ქალი, რომელიც არ უშინდება პრობლემებს. ქალი, ვისთვისაც სხვისი ტკივილი თავისად მიაჩნია და სხვისი ბედნიერება ენით აუწერელ სიხარულს ანიჭებს! ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალი ვარ, რომელსაც სხვასავით სტკივა და უხარია…
– რა არის თქვენთვის აჭარა?
– აჭარა ჩემი სულის ნაწილია,სიამაყეა თავისი ისტორიით. მრავალჭირნახული, მრავალჯერ მუხლზე დაცემული, მაგრამ ისევ ამაყად წელში გამართული.
– და ბოლოს…
– მე – უცხო მხარეს შეხიზნული პატარა გოგო გაიზარდა. მეგობრობის ნამდვილი ფასი გაიგო, ჭირისა და ლხინის ერთმანეთისგან გარჩევა ისწავლა, სამშობლოს სიყვარული გაუორმაგდა და ყველაფერთან ერთად, ხმამაღლა ფიქრს მიეჩვია. და ბოლოს… ბატონ ფრიდონ ხალვაშს დავესესხები:

„აჭარის შვილი, ერთი ქართველი! –

მიჯობს ყოველგვარ თანამდებობას“…

ბედნიერი მომავალი, ჩემო საქართველო!