მოსალოდნელი სკანდალი ქართულ კარატეში – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სენსაციურ მასალას აქვეყნებს!

1090

საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში ისევ არეულობა და დაბნეულობაა… მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტის ადგილი ვაკანტურია, თანამდებობის დაკავებისთვიოს მღელვარება არ ქრება და, სავარაუდოდ, შიდა დაპირისპირებაში გადაიზრდება… ფედერაცია ორ ნაწილად გაიყო, რაც სპორტის ამ სახეობისთვის უკუსვლის ტოლფასია და სხვა არაფერი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარეებს ურთიერთობის მოწესრიგებისკენ, საერთო ენის გამონახვისკენ და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და თავის მხრივ მზადაა მიიღოს ფედერაციის ლეგიტიმური პრეზიდენტი, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ, უარესიც, უწყება ფედერაციას ადანაშაულებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც კარატეს ფედერაციის მიერ რიგგარეშე ყრილობის დაანონსებას ეხება. შესაბამისად, სამინისტრო კარატეს ფედერაციის მომავალ არჩევნებს არ სცნობს სამართლებრივად…

დანარჩენი ქვემოთ მოცემულ არც თუ ისე ვრცელ წერილში იხილეთ…

სპორტის სამინისტროს განცხადება კარატეს ეროვნულ ფედერაციასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენის საფუძველზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც დაკავშირებულია ფედერაციაში მის საქმიანობასთან. კახა ბასილიას მიმართ სასჯელების სახით გამოყენებულ იქნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით. მას, ასევე, ორი წლის ვადით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.

ზემოაღნიშნული დარღვევებისა და განაჩენის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კარატეს ეროვნულ ფედერაციას 2022 წლის წლიური დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება აღარ გაუფორმა.

თუმცა, სპორტის სამინისტრომ გამონახა დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმი და კვლავ გააგრძელა საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ლიდერის, გოგიტა არქანიას სპორტული საქმიანობისათვის საჭირო ყველა ღონისძიების დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანია გახლავთ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კარატისტი, რომელმაც, მიმდინარე წლის მაისში, სამინისტროს აქტიური მხარდაჭერის პირობებში, თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზემოაღნიშნული განაჩენის შედეგად, კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ფედერაციაში გამოიკვეთა ორი სხვადასხვა გუნდი, რომელმაც გამოთქვა სურვილი, სათავეში ჩასდგომოდა ფედერაციას.

სპორტის სამინისტროსათვის, ფედერაციის ახალი წესდების მიღება და მასთან შესაბამისობაში ჩატარებული სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, ასევე, ორ ზემოხსენებულ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა და მათი შემდგომი ჰარმონიული თანაცხოვრება ფედერაციის ფარგლებში გახლავთ ფედერაციისათვის დაფინანსების აღდგენის წინაპირობა. სპორტის სამინისტროს ორივე გუნდთან ჰქონდა ერთობლივი შეხვედრები და ორივე მათგანისათვის მოცემული წინაპირობების შესახებ ზედმიწევნით არის ცნობილი.

ორ გუნდს შორის სამინისტროს მედიატორობით გამართულ ხანგრძლივ მოლაპარაკებებში იყო პროგრესიც, მაგრამ მათი პოზიციების ბოლომდე დაახლოება ვერ მოხდა.

ბოლოს, 2022 წლის 14 ივლისს, სპორტის სამინისტრომ, რომელსაც მანამდე თავისი პოზიცია არც საჯაროდ და არც მოცემულ შეხვედრებზე არ გამოუხატავს და არც ერთი გუნდისათვის პრეფერენცია არ მიუნიჭებია, ერთ-ერთ მხარეს შესთავაზა გამოსავალი. მოცემულმა მხარემ შეთავაზება განიხილა და ის უარყო. შესაბამისად, პროცესი შევიდა ჩიხში.

ის მხარე, რომელმაც სპორტის სამინისტროს შეთავაზება რეალურ გამოსავალთან დაკავშირებით უარყო, ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ხვალ, 2022 წლის 23 ივლისს, მოწვეულია ყრილობა და ტარდება არჩევნები. სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემულ მხარეს არ აქვს სპორტის სამინისტროს თანხმობა არჩევნების ჩატარებაზე, ვინაიდან არც ერთი ზემოჩამოთვლილი წინაპირობა შესრულებული არ არის. ახალი წესდებაც კი, რომელსაც 2 კვირის წინ ეყარა კენჭი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, ნებისმიერი არჩევნები მხოლოდ ძველი წესდების მიხედვით შეიძლება ჩატარდეს, რაც მიუღებელია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვალია, არჩევნებში მონაწილე დელეგატებს ამ განცხადებით გააცნოს რეალური ვითარება.

რასაკვირველია, ყველა ფედერაცია თავისუფალია თავის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. თუმცა, სპორტის სამინისტრო ვალდებულია, იხელმძღვანელოს სპორტის ინტერესებით, მიიღოს ზომები მის მიერ გაცემული თანხების კანონიერად გამოყენების კონტროლისათვის და არ დაუშვას ისეთი ფედერაციის დაფინანსება, რომელიც ვერ ახერხებს თანამშრომლობას სპორტის სახეობაში ჩართულ ყველა პროფესიონალთან, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს წარმატებული სპორტსმენების ერთი ჯგუფის გარიყვას და ამით უარს ამბობს ეროვნული ფედერაციის შიგნით მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებაზე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ რჩება ორივე მხარის განკარგულებაში შესაძლო გამოსავლის ძიების მიზნით – ნათქვამია კონკრეტულად და საკმაოდ მკაცრი ტონით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

პ.ს. ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი ორივე ბანაკიდანაა, რომლებსაც საკუთარი დპორტული ბიოგრაფია აქვთ, ხოლო ვის აირჩევენ ეს ჯერ ბუნდოვანია… მოსალოდნელია მეტი გართულება, რასაც, ალბათ, სამინისტროს ზემოთაღნიშნული გამოიწვევს…