პრემია „ივერიის“ წიგნი, რომელიც გააერთიანებს მშვიდობის მსურველთ!

2152

უკრაინა დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი ქვეყანაა და ის ევროპული ცივილიზეული ქვეყნების ნაწილია! წიგნი, რომელიც მალე იხილავს მზისქვეშეთს, ეძღვნება მშვიდობას, მშვიდობას უკრაინაში, საქართველოში და სრულიად სამყაროში!

საქართველოსთვის უკრაინა მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომაც პირველივე დღიდან ჩაერთა უკრაინა პრემია „ივერიაში“…

როგორც იცით პრემია „ივერია“ საიუბილეო, მეათე წლისთვის ემზადება. სწორედ ამ ფორმატში პრემიის დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით წიგნის (პროზა-პოეზიის კრებული) გამოცემა გადაწყვიტა, – „კრებულში შევლენ უკრაინელი პოეტები, მხატვრები და სხვა, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ამ წლების განმავლობაში. თავისთავად, წიგნში დაიბეჭდებიან ის პოეტები, რომლებიც უკრაინაში იყვნენ მიწვეულნი პრემია „ივერიის“ ფარგლებში, ესენი არიან ნინო უძილაური, სოლომონ (სულიკო) ჯამალაშვილი და ჯუბა ღებელი. უკრაინელებიდან მსოფლიოში ცნობილი მხატვარი, ვოლოდიმირ კოზიუკი იქნება, რომლის ნახატითაც გაფორმდება წიგნის ყდა (ამ ნახატზე კიდევ ორმა ცნობილმა მხატვარმა იმუშავა – ივონა მალევიჩმა და ალექსანდრა ფერენდოვიჩმა, ერთობლივი შემოქმედებაა). უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი კაზიუკი პირველი უკრაინელია, რომელიც პრემია „ივერიის“ ლაურეატი და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ორდენოსანი გახდა. გამოცემაში დაიბეჭდება ვოლოდიმირ კოზუკის სიტყვაც. ასევე ძალიან ცნობილი უკრაინელი პოეტები: პეტრე სკორუკი, გალინა ბერეზიუკი, იური პროკოპენკო, ოქსანა პოიდა, ვიაჩესლავ უმნოვი, ნატალია გაისტრუკი,

პეტრე პაშკოვსკი, ლუდმილა დვორნიცკა, ტეტიანა პირუსი, და რა თქმა უნდა, დიმიტრი შვეცი, რომელმაც საქართველოსთვის და უკრაინისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა კულტურაში, უკრაინელი ლიტერატორები ჩართა პრემია „ივერიაში“ თავისი ქვეყნა სრული მასშტაბებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიმიტრი შვეცმა საქართველოს და უკრაინის შშმ პირთა ფესტივალებში ჩართულობისთვისაც ბევრი გააკეთა. ცნობისთვის, დიმიტრი შვეცმა მიიწვია თავის გუნდათან ერთად პრემია „ივერიის“ მონაწილეები უკრაინაში, ქალაქ ვინნიცაში, სადაც კიდევ ერთი ქართულ-უკრაინული გალა დაჯილდოება და პოეზიის საღამო გამართა. დიმიტრი შვეციც ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც დაჯილდოებულია წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ორდენითა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენითა და აკადემიკოს ზაზა სიხარულიძის სახელობის პრემიით. აღნიშნულ წიგნში დაიბეჭდება დიმიტრი შვეცის სიტყვა პრემიის და მისი მნიშვნელობის შესახებ.

მეტად მნიშვნელოვანია ქართველი მხატვრის, ივანე კეზუას ჩართულობა, რომელიც ასევე პრემია „ივერიის“ ფარგლებში იყო მიწვეული, უკრაინაში, ვინნიცაში და მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა პროექტის ფარგლებში. კეზუას ნახატი, რომელიც უკრაინის ომის თემის მიხედით შეიქმნა, წიგნის ბოლო ყდას დაამშვენებს. კეზუას აღნიშნული ნახატი ასევე გაიგზავნა დიმიტრი კაზიუკის საერთაშორისო პროექტისთვის და მოხვდა მსოფლიოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით, ამჯერად კატალოგში. კაზიუკის აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს უკრაინის მხარდამჭერ აქცია-პროექტს, რომელშიც ჩართულია 55 ქვეყანა.

ისევე, როგორც სხვა ცივილიზებული ქვეყნებისთვის, საქართველოსთვისაც უპირველესია მშვიდობა! მშვიდობის პირობებში კი დღევანდელი ცივილიზაციით სარგებლობა და განვითარება. ამ წიგნის მოტივიც სწორედ ეს გახლავთ, რომ იყოს მშვიდობა დედამიწაზე და კულტურით, ხელოვნებით, სპორტით და სხვა ყველა სფეროთი თავს ვიწონებდეთ, ახალს ვქმნიდეთ, ძველს და ისტორიას კი არ ვივიწყებდეთ, პატივს მივაგებდეთ და ასე, მშვიდობიანად ვცხოვრობდეთ. ვულოცავთ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს, უფლის მფარველობას, ერთიანობას, მშვიდობას, მშვიდობას და კიდევ მშვიდობას ვუსურვებთ, რადგან მშვიდობის დროს მეტად ბედნიერია ნებისმიერი ერი…“, – ამბობს წიგნის იდეის ავტორი და გამომცემელი რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

წიგნი მეტად საინტერესო იქნება ყველა ერისთვის და თაობისთვის, მისი ლიტერატურული ღირებულებებითა და სამშვიდობო გაერთინებისათვის! წიგნში დაიბეჭდება ქართული და უკრაინული პოეზია.

წიგნის პრეზერნტაცია დაგეგმილი იყო 2022 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვინაიდან ეს პერიოდი ნაკლებად აქტიურია საქართველოში საზოგადო სამოღვაწეო და ასევე პოლიტიკურ სფეროში, პრეზენტაცია გადაიდო გარკვეული ხნით… თუმცა, წარდგინების გადატანის უმთავრესი მიზეზი მაინც ის გახლავთ, რომ შესაძლოა უკრაინელი მონაწილის ჩამოსვლა მოხერხდეს… ამისთვის, გადაწყდა, რომ პრეზენტაცია გაიმართება ამა წლის 14 ოქტომბერს.

მსოფლიოსთვის მშვიდობა უპირველესია, გისურვებთ მშვიდობას!

დიდება და მშვიდობა უკრაინას და საქართველოს!

შეგახსენებთ, რომ „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“ ხორციელდება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია. მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, სადაც ჩართულია ცნობილი და დამწყები პოეტები, მწერლები, ხატმწერები, ფოტოხელოვანები, მხატვრები, მეცნიერები და სხვადასხვა სახელოვნებო დარგების წარმომადგენლები, მსჯავრდებულები, შშმ პირები, საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები და უცხოელი მწერლები. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია შშმ პირთა და საზოგადოებაში ადაპტაცია და რესოციალიზაცია, პროექტი-პრემია იცავს საქართველოს ევროპასთან ასოცირების 349-ე მუხლის დ პუნქტს.