თათა ლამბრიანიძე: ნუ იქნებიან ვიღაცის პოლიტიკის და აზრების გამტარები…

3272

ავტორი

Salome Chikadze

თათა ლამბრიანიძე: მე მაინც ვერ ვუწოდებ ჩემ თავს ჟურნალისტს ბოლომდე, რდგან ეს ძალიან ღრმა სფეროა და ვერ ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას, რომ ვთქვა – მე ჟურნალისტი ვარ! არ მიყვარს ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, მე ჩემ საქმეს ვაკეთებ და მორჩა. ჟურნალისტობა ჩემი პროფესიაა, მიყვარს.ის, რომ ჩამოყალიბდე ნამდვილ, პროფესიონალ ჟურნალისტად, ძალიან რთულია და მეც მაქვს ამის სურვილი, ამის გამო ბევრს ვშრომობ.

– თათა, პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში…

– 17-18 წლის ვიყავი, პირველი კურსის სტუდენტი და პირველი ნაბიჯები იყო, ჟურნალი „ქართული ელიტა“, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. მივედი რედაქციაში, ოთხი საათი ველოდე. გავიცანი ნუგზარი და მეუბნება „აყვანილი ხარ სტაჟიორად და შეგიძლია უკვე დაიწყო თემებზე მუშაობა“ – ეს ჩემთვის იყო სასწაული მოვლენა, იმდენად ვიყავი მონდომებული და დაინტერესებული ამ სფეროთი, რომ… მითუმეტეს, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი, ხარ ბევრი რაღაც არ იცი და გაინტერესებს, მარტო ლექტორებისგან მიღებული ინფორმაცია გაქვს და პრაქტიკა – არა. ანუ პრაქტიკისთვის ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი და მადლობა ამისთვის ნუგზარს. პრაქტიკის ერთი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემი ოდნავი წვლილი შემეტანა ჟურნალში.

– პირველ სატელევიზიო ნაბიჯებს როგორ გაიხსენებ?

– ტელეკომპანია „კავკასიაში“ ვმუშაობდი მაშინ, 2006-2007 წლები იყო. პირველად დამაყენეს კამერის წინ და უნდა წამეყვანა გადაცემა „ბარიერი“… თემა სტუდენტების თვალით დანახული არჩევნები იყო. მაშინ საპარლამენტო არჩევნები იყო და სტუმრად ძალიან საინტერესო რესპონდენტები მყავადა – გიორგი თარგამაძე და იულიანა ხაინდრავა. ურთულესია, როდესაც სტუდენტი ხარ და გიორგი თარგამაძე და იულიანა ხანიდრავა გყავს გადაცემაში, დარბაზის ძირითადი სტუმრები მოწვეული სტუდენტებისგან შედგებოდა. წამყვანები – მე და მეორე ნინია ღაღანიძე, ისიც სტუდენტი. ლაივი არ იყო, რა თქმა უნდა, ჩანაწერი უნდა დამონტაჟებლიყო და ის გასულიყო ეთერში. საშინლად ვნერვიულობდი ორი დღის მერე, ჩემი ჩანაწერი რომ გავიდა და ეკრანს შევხედე, ვთქვი – ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როცა ტელე-რადიო ჟურნალისტიკა ავირჩიე… მრცხვენოდა ჩემი თავის, ხმის… გადაცემას რომ ვუყურებდი, ვიმალებოდი, ეკრანს თვალს ვარიდებდი. მაღიზიანებდა საკუთარი მიმიკები, ლაპარაკი, ქცევები, ერთი სიტყვით, ყველაფერი. ჩემი ძალიან ახლო ადამიანი, მეგობარი ირმა ინაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ჩემი ჟურნალისტად განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მითხრა ასეთი რაღაც, – რომ ახლა დაიჭირე ბლოკნოტი და შეხედე შენ თავს, რაც არ მოგწონს ხმა იქნება, ლაპარაკი, მოძრაობა, სიცილი, კითხვის დასმის ფორმა თუ… ყველაფერი ამოიწერე და ეცადე, რომ მეორე გადაცემაში იგივე შეცდომა აღარ გაიმეოროვო. მართლაც, იძულებით ვიჯექი და ვუყურებდი და ვიწერდი… გავავსე ბლოკნოტი…

– მერე როგორ გააგრძელეთ?

– სანამ მეორე გადაცემა მექნებოდა ვუყურებდი, რაც არ მომწონდა და ვასწორებდი, რომ იგივე შეცდომა არ დამეშვა. ფაქტობრივად ორი-სამი თვე გრძელდებოდა ეს პროექტი და ყოველ ჩემს გადაცემას ასე ვუყურებდი გულის ფანცქალით, ვიჯექი ფურცელით და კალმით და ვიწერდი რა არ მომწონდა. ნელ-ნელა ვხედავდი, რომ ვეჩვეოდი ეკრანს და ტელესივრცეს, კამერებს. მეტყველებაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობდი. სულ ვცდილობდი ისეთი კითხვები არ დამესვა რესპონდენტებისთვის, რომ ეთიკის ნორმები დამერღვია, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტიკაში.

– პირველი ჰონორარი გახსოვს?

– კი, როგორ არ მახსოვს. პირველი ჰონორარი იყო 670 ლარი და ეს იმხელა თანხა იყო მაშინ, ჩემთვის, სტუდენტისთვის, ერთ პროექტში, რაღაც სასწაული ძალიან დიდი შემოსავალი მეგონა. უკვე შემდგარი და დიდი მეგონა თავი.

– როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი?

– ზოგადად, ჟურნალისტიკა, დღეს ასოცირდება თავხედობასთან, ინტრიგნობასთან, ეთიკის და სხვადასხვა ნორმების დარღვევასთან. საზოგადოებაშიც, სამწუხაროდ, ასეთი აზრი დომინირებს, რომ ჟურნალისტი ასეთია ცუდია… შეიძლება ექიმი ან იურისტი იყოს ზუსტად ასეთი ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა და ამით ხომ არ შეიძლება სფეროსთვის ჩრდილის მიყენება?! ჟურნალისტი პირველ რიგში საკუთარ აზრს არ უნდა აფიქსირებდეს საზოგადოების წინაშე, მან სწორად, კომპეტენტური შეკითხვა უნდა დასვას და, შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდოს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია. მიუკერძოებლად უნდა დაასრულოს წამყვანმა სიუჟეტი თუ საიფორმაციო გამოშვება და და მაყურებელს დაუტოვო აზროვნების საშუალება, მისცეს არჩევანის საშუალება. სამწუხაროდ, ალბათ ჩვენს ქვეყანაში არ არის, ტელესივრცე ან რადიო, სადაც ჟურნალისტი სრულიად ობიექტურია. ძირითადად სუბიექტური და მიკერძოებულია საინფორმაციო და სხვა საშუალებები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის და მისი ლიდერის აზრის მატარებელი, ეს სამწუხაროა, ასე არ უნდა იყოს. ჟურნალისტიკა ხომ მეოთხე ხელისუფლებაა და სამართლიანი უნდა იყოს.

– „ობიექტივში“ როგორ მოხვდით?

– ძალიან ადრე, როდესაც „ობიექტივი“ ჯერ კიდევ ლეონიძის ქუჩაზე იყო და მხოლოდ ერთი კამერა ჰქონდათ, იყო ერთი ოთახი, სადაც ბანერი იყო გაკრული და მიდიოდნენ ჟურნალისტები, ადამიანები იკრიბებოდნენ ბჭობდნენ რა გაეკეთებინათ, ეს იყო 2007-2008 წლები. 2013 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყე „ობიექტივში“ მუშაობა, თუმცა მანამდეც ვმუშაობდი. მოკლედ, ერთკამერიანი „ობიექტივიდან“ მოყოლებული ამ ტელევიზიაში ვარ დღესაც. ეს ტელევიზია დამეხმარა, რომ ჩემი თავი მეპოვნა. სხვადასხვა ტელევიზიებში მიმუშავია, ვყოფილვარ ნიუსების ჟურნალისტიც, მაგრამ პროფესიულად ვერ ვვითარდებოდი, მეგონა, რომ სულ ერთ ეტაპზე ვრჩებოდი. ნიუსების ჟურნალისტები დამეთანხმებიან, რომ ძალიან  რთულია მათი გრაფიკი – დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე და  შეიძლება ღამის 12 საათზეც ვერ მოახერხო სახლში წასვლა. 9 წლის შვილი მყავს და ჩემმა შვილმა ფეხი ისე აიდგა, ისე დაიწყო ლაპარაკი, რომ მე მისი არაფერი მახსოვს, სამწუხაროდ… თუ პროფესიონალად ჩამოყალიბება უნდა ჟურნალისტს, ალბათ, ყველა ეტაპი უნდა გაიაროს. ტელევიზია „ობიექტივმა“ ზუსტად ეს მომცა, რაც მე მჭირდებოდა ანუ ვიპოვე ის ადგილი, სადაც  თავს კომფორტულად ვგრძნობ – შემიძლია თემები მე ვმართო და რესპონდენტიც თავად შევარჩიო. ისეთი ადამიანები გამოვიყყვანო ტელევიზიით და ისეთ ადამიანებზე მოვუთხრო მაყურებელს, რომლებიც მართლა ძალიან ბევრ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებენ და არ არიან გაპიარებილი. ამიტომ გადავწყვიტე ეს ადამიანები წინა პლანზე წამომეწია და მათი საქმიანობა გამეცნო საზოგადოებისთვის.

– როგორია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა?

– „ობიექტივში“, სამწუხაროდ, კვირაში ერთხელ მაქვს გადაცემა. მეორე სამსახურიც მაქვს, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ვმუშაობ, ძირითადად იქ ვარ. მუნიციპალური სამსახურია სადაც ტრავმირებულ, დაავადებულ და დაკარგულ ცხოველებს ვიღებთ, რომლებსაც ჩვენი ვეტექიმები უვლიან. უპატრონო ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციას ახორციელებენ. ვარ რეგისტრატორი, ძალიან მიყვარს ცხოველები და რაღაცნაირად ესეც ჩემი გარემოა. ორ საქმეს ვაკეთებ, ორივე ძალიან მსიამოვნებს. ტელევიზიაში, როცა გადაცემა მიმყავს მიხარია, რომ ჩემი პროფესიით ვშრომობ, შემდეგ მივდივარ და მერიის სამსახურში ვიცი, რომ ძალიან ბევრი საყვარელი ცუგა და ფისო მელოდება. დილა იწყება თავშესაფრით – რა შემოიყვანეს და ვიწყებთ მათზე ზრუნვას. მოკლედ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ.

– სახლში თუ გყავს შინაური ცხოველი?

– კი, ჩიხუახუა მყავს, მატეო, ორი წლის ხდება უკვე, ჩემი შვილის ინიციატივით მოვიყვანეთ. კატაც მყავს სახელად – მიუ.

– გამორჩეული ქართველი ჟურნალისტი თუ გყავთ?

– ჩემთვის გამორჩეული ჟურნალისტი ნაზი შამანაური იყო, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწეობდა და ამ საშინელი რეჟიმის გამო მან, სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა ცხოვრება. არიან ჟურნალისტები, რომლებმაც მართლა რთული გზა გაიარეს და ყველაფერზე მიდიან, რომ სიმართლე დაამტკიცონ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ასეთი გამორჩეული ჟურნალისტი ჩემთვის ნინო მიქიაშვილია.

– ექსკლუზივის მოსაპოვებლად რაიმე ხრიკისთვის თუ მიგიმართავთ?

– კი ყოფილა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ამის მოყოლას თუ დავიწყებ, უნდა დავასახელო ადამიანები და ასე შემდეგ ამჟამად ამის საჭიროებას ვერ ვხედავ… მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი, ეს ექსკლუზივებიც ჩვეულებრივი არქივის მასალაა საბოლოოდ და მეტი არაფერი. თუმცა, რაღაც ხრიკებით, რომ ვინმესთვის ზიანი მიმეყენებინოს ან შეურაცხყოფა, მსგავსი არ ყოფილა.

– საინტერესო და გამორჩეული რესპონდენტი თუ გყავთ?

– ამ ეტაპზე არ მახსენდება, ვერავის გამოვყოფ. ყველა ინდივიდუალურია და თავისებურად საინტერესო. ამოჩემებული ან გამორჩეული არ მყავს.

– რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

– ძალიან ბევრი დევიზი მაქვს ცხოვრებაში: როდესაც ხარ რთულ და გამოუვალ სიტუაციაში არასოდეს არ დაყარო ფარ-ხმალი და არასოდეს არ დანებდე სირთულეს. თქვი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამოგივა აუცილებლად.

– მედია სივრცის პრობლემებზე გვესაუბრეთ…

– არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ძალიან ხაირად ირღვევა ეთიკის ნორმები, როდესაც ჟურნალისტები ჩუმად წერენ რესპონდენტებს, კამერა ვითომ გათიშუალია და სხვა მსგავსი… ამ დროს რესპონდენტი – ადამიანი გენდობა და შენ რომ მის საუბარს იწერ, ეს უკვე დარღვევაა. ეს უკვე, რეალურად, ფარული არაკანონიერი ჩანაწერია. ზოგადად ვხედავ რომ არ ინდობენ რესპონდენტებს, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ან და… ან და რიგითი მოქალაქე… იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ნებისმიერი ადამიანის უკან არის ოჯახი – მეუღლე, შვილები, ახლობლები… და ამ ყველაფერს ისინი განიცდიან და ნერვიულობენ. ასევე მიკერძოებულობა არის ძალიან ცუდი ტენდენცია, ხალხს საკუთარ აზრს არ უტოვებენ. სიუჟეტის უმეტესობა ნეგატიურად მთავრდება. მგონი მართლა მკვლელების, კრიმინალების და კორუმპირებული მოხელეებით მოცულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ტელევიზორს რომ გამორთავ კარს კეტავ – არავინ შემოგივარდეს…

– რას მიიჩნევთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მიღწევად?

– ჩემი შვილი! ის ცხრა წლის არის. ვერაფერს ვერ შექმნი ადამიანი განსაკუთრებულს, არაფერს აზრი არ აქვს ქვეყნად… ერთადერთი ადამიანები ვქმნით – მეორე ადამიანს, ცოცხალ არსებას, რომელიც მიღწევაცაა და ყველაზე დიდი წარმატებაც. ჩემთვის ღირებულია – ჩემი ოჯახი, ჩემი მშობელი და შვილი!

– რას ურჩევდით მომავალ ჟურნალისტებს?

– ვურჩევდი, რომ კარგად გადახედონ და გაიაზრონ რა არის პროფესია ჟურნალისტი. ნუ აჰყვებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც მიკროფონი უჭირავთ დარბიან პოპულარობისა და ფულისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის დაიცვან ჟურნალისტიკის ეტიკეტი, ეთიკის ნორმები, პატივი სცენ რესპონდენტს და მოიპოვონ მათი და სრულიად საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა. ნუ იქნებიან ვიღაცის პოლიტიკის და აზრების გამტარები.

პ.ს. მასალა აღებულია „განსაკუთრებული ჟურნალიდან“…