გორმედის ქსელი – იავნანა მალე ახალ პროფილებს აამოქმედებს

2559

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ სულ მალე ახალ პროფილებს აამოქმედებს ანუ პირველად რეგიონში, – ბავშვთა ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია და უროლოგია – სწორედ ეს ახალი მიმართულებები ამოქმედდება. 
რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება ,,იავნანასა“ და ,,გერმანულ ჰოსპიტალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც აღნიშნული კლინიკები აგვისტოდან აქტიურ თანამშრომლობას დაიწყებენ და ,,იავნანას“ ბაზაზე რეგულარულად ჩატარდება ბავშთა ქირურგიული (როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით – ე.წ. უსისხლო), ტრამვატოლოგიურ-ორთოპედიული და უროლოგიური ოპერაციები.
,,შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ მოქმედებს ბავშვთა ქირურგიული მიმართულება, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ,,გორმედი-იავნანა“ მუდმივად ცდილობს განვითარებას, ახალი პროფილების დანერგვას და რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი და გაუმჯობესებული სამედიცინო სერვისების მიწოდებას. ვფიქრობ, ჩვენი ახალი ინიციატივა უაღრესად მნიშვნელოვანია. 17 ივლისს ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ ,,იავნანასა“ და მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკა ,,გერმანულ ჰოსპიტალს“ შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. რაც შეეხება პარტნიორ კლინიკას – ,,გერმანულ ჰოსპიტალს“, ეს სამედიცინო დაწესებულება უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ჰოსპიტლის სამეცნიერო საბჭო შედგება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის პროფესორთა ჯგუფისგან. ,,გერმანული ჰოსპიტალის“ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს კი, პროფესორი პეტერ ჰენინგსენი (Prof. Peter Henningsen) ახორციელებს“, – განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულ სპეციალისტებს, ,,იავნანაში“ ოპერაციებს ჩაატარებენ:
• ლევან ფერაძე – ,,გერმანული ჰოსპიტალის“ ბავშთა ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი;
• ზურაბ ბერუაშვილი – ,,გერმანული ჰოსპიტალის“ ბავშთა ორთოპედია-ტრამვატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
• პაატა გიორგაძე – ,,გერმანული ჰოსპიტალის“ პროფესორი, ბავშთა უროლოგი.

პირველი ვიზიტი, პაციენტების უფასო გასინჯვა-კონსულტაცია შესაძლებელია მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე – 17 ივლისს.

უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია დაგვიკავშირდეთ წინასწარ და ჩაეწეროთ. ტელ.: 570 900 420