ფესტივალი ივერია – ბრილიანტი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შედგა

3512

ავტორი: თინათინ ჭედია

ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი `ივერია _ ბრილიანტის~ შვიდი გამარჯვებული (შესაძლოა მეტი) უკრაინაში გაემგზავრება მსგავს სხვადასხვა შინაარსის ფესტივალებზე, რა თქმა უნდა, 2019 წლის განმავლობაში. ყოველივე ამის ფინანსურ და საორგანიზაციო მხარეს უზრუნველჰყოფს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ და „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“, ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი და უმთავრესი ამოცანაც ეს იყო, რომ საქართველოში შეიქმნას პრეცენდენტი მსგავსი ფაქტებისა.

ფესტივალის მასშტაბები ძალიან დიდი იყო – საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი ჩაერთო, ასამდე ხელოვანმა შშმ პირმა და ასევე ასზე მეტმა სხვა შემოქმედმა მიიღო მონაწილეობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა დღეს საქართველოში. მონაწილეობდა ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასიამოვნო ამბავი მოხდა ფესტივალის გალაკონცერტის დროს – უკრაინიდან ერთ-ერთმა პარტნიორმა და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი შვეცმა, სახალხოდ, სცენაზე სთხოვა ხელი თავის რჩეულს, თანამემამულეს, მშვენიერ ირინა ტკაჩუკს… ორმხრივი სიყვარულის, ყვავილების თაიგულის და საქორწინო ბეჭდის ფონზე თანხმობაც მიიღო გულისსწორისგან და მეორე დღეს ანუ 11 ნოემბერს, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ახლადაგებულ ტაძარში, მამა თეიმურაზ შიოლაშვილმა მათ დასწერა ჯვარი… მეჯვარეები ნუგზარ ჭიაბერაშვილი და ელმირა ნებესნაია… და კიდევ, ჯვრისწერის დღეს საუკუნის კიდევ ერთ ნათესაობას ჩაეყარა საფუძველი – მშვენიერი უკრაინელი გოგონა, ამელია ნებესნაია (ნათლობის სახელით ნატალია) მონათლეს ნუგზარ ჭიაბერაშვილმა და ქეთევან ნიჟარაძემ.

2018 წლის 12 ნოემბერს კი ფესტივალის დამფუძნებელი, ორგანიზატორები და გამარჯვებულები მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ილია მეორემ მიიღო საპატრიარქოში, დალოცა, აკურთხა ისინი საქმიანობაში, დაასაჩუქრა და შეხვედრის დასასრულს სთხოვა ყოველ მათგანს – „ილოცეთ საქართველოსთვის“!

ფესტივალის ფარგლებში `წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენითა და საქართველოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პიონერის, აკადემიკოს ზაზა სიხარულიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ უკრაინელი და ქართველი პარტნიორები: ლუდმილა ბუშინსკაია, ელმირა ნებესნაია, დიმიტრი შვეცი, ნათია ხაბეიშვილი, გოჩა გოგილაშვილი, ნაზი ნადირაძე, ქეთევან ქასაშვილი, მაქს მეირ შავითი, გიორგი მაისურაძე. ყველა დაჯილდოებული წლებია იღწვის შშმ პირთა განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია-რესოციალიზაციისთვის და, შესაბამისად, აღნიშნული ორდენიცა და პრემიაც სწორედ ამ საკითხებში შეტანილი უანგარო ღვაწლისთვის გადაეცათ. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ორდენი და პრემია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა 2017 წლის 14 ივნსს (შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს) და ამჯერად უკვე მეორედ გაიცა.

ფესტივალი შედეგები ასე გამოიყურება: ორი გრანპრი უკრაინაში წავიდა, ხოლო ორიც საქართველოში დარჩა. ბევრ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ასევე უბადლოდ ნიჭიერი მონაწილეები, რომელთა გვარ-სახელებს „ქართული ელიტის“ შემდეგი ნომრისთვის შემოვინახავთ…

მოკლედ, 2018 წლის 7-10 ნოემბერს, თბილისში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“, წელს პირველად ჩატარდა საქართველოში და სრულიად კავკასიის რეგიონში. ფესტივალი განხორციელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით.

პროექტი ხორციელდება ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ მეშვეობით, ასევე შპს „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტის“ და „განსაკუთრებული ჟურნალის“ მხარდაჭერით, რომელშიც დასაქმებულნი არიან შშმ პირები და სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალი გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან და ეს პროექტიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხორციელდება.

ფესტივალის მიზნები და ამოცანები: საკითხი:

შშმ პირთა რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის, რადგან მათი უფლებები დაცული იყოს და იცხოვრონ საკუთარი შეხედულებებით, ნიჭისა და ინტერესების მიხედვით. მნიშვნელივანი გამოწვევაა შშმ პირთა განათლება, დასაქმება, უფლებების დაცვა და მათი ჩართულობა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ხელოვნების სფეროში ჩართულობა და მათი შემოქმედების შექმნა-წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

პრობლემა:

პრობლემად რჩება დღესაც საქართველოში შშმ პირთა დამოუკიდებელი და თავისუფალი შემოქმედებითი, დასაქმების, განათლების, უფლებების დაცვის და გნებავთ მათი კულტურა-ხელოვნებაში ჩართულობა. ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობს წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენმა ორგანიზაციამ, ამ ეტაპზე (2018 წლის 7-11 ნოემბერი, თბილისში) შშმ პირთათვის სიმღერის, ცეკვის და ხელოვნების (ხატწერის, მხატვრობის, ფოტოგრაფიის ხელსაქმის და სხვა) ფესტივალის მოწყობა გადაწყვიტა.

პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ის, რომ შშმ პირებისთვის თითქმის არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრირებული საქმიანობა, საწარმოები, განათლების სისტემაში, ხელოვნებაში და ა.შ..

მიზანი და ამოცანა:

შშმ პირთა მოძრაობის და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მუხლი #349-ის დ პუნქტის დაცვა და აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება – შშმ პირთა განათლება, უფლებების დაცვა, სოციალური პრობლემების მოგვარება, დასაქმება, პოლიტიკურ-სოციალუირი და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად;

შშმ პირთა ცეკვის და სიმღერის საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში პოპულარიზაცია და განვითარება;

შშმ პირთა სხვადასხვა ხელოვნების სფეროების საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში პოპულარიზაცია და განვითარება;

შშმ პირთათვის და ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში განათლების (ინკლუზიური განათლების) და უნარების ამაღლება;

შშმ პირთა საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში უფლებების დაცვა;

შშმ პირთა ხელოვნების საქართველოში და საერთაშორისო საზოგადოებაში დასაქმება;

შშმ პირებისთვის სრული ინტეგრირებული გარემოს შექმნა;

შშმ პირთა ფესტივალებისა და კონკურსების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა, სადაც 600-ზე მეტი სტუმარი იყო, აქვე დავძენთ, რომ მეტს ჰქონდა დასწრების სურვილი, სამწუხაროდ, დარბაზის მოცულობა მეტის საშუალებას არ იძლეოდა… აქვე უნდა ითქვას მადლობა თსსუ-ს რექტორის, ბატონ ზურაბ ვადაჭკორიასადმი და, რა თქმა უნდა, დანარჩენი კოლექტივის მიმართაც, რომ მან ხელი გაუწოდეს პირველ ფესტივალს და სრულყოფილად ჩატარების საშუალება მისცა, სრულიად უანგაროდ!

ეს საინტერესო ინტერვიუების ნაკრებია, რომელიც „ივერია – ბრილიანტის“ მონაწილესთან,  „ოქროს სპონსორთან“, ჰიმნის შემქმნელთან და მათ შორის ერთ-ერთ გამარჯვებულთან, ლუკა მარგველაშვილთან და მის მშობელთანაა ჩაწერილი.

მაშ ასე, ფესტივალის ჰიმნის მელოდიის შემქმნელი, ავტორ-შემსრულებელი, მომხიბვლელი გოგონა – თამარ ალადაშვილი:

თამარ ალადაშვილი: ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი დამიკავშირდა, გადმომცა ლადო კახაძის ლექსი და მითხრა, მელოდია უნდა იყოს მხიარული, ადვილად დასამახსოვრებელი და მაქსიმალურად პოზიტიური… და ასე დაიწერა ეს მშვენიერი სიმღერა.

– რომელიც ყველას ძალიან მოგვწონს და ვღიღინებთ კიდეც… ფესტივალის ჟიურის წევრიც იყავი, ხომ არ გაგიჭირდა?

– არა. თუმცა მეტად საპასუხისმგებლო და ემოციური იყო! ეს ორი დღე ჩემთვის სასიამოვნო ემოციებით, სიხარულით დატვირთული გახლდათ. მივესალმები ამგვარ ფესტივალებს. ამ ფესტივალის წყალობით, კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა იმისა, რომ ადამიანებმა თავი ბედნიერებად ვიგრძნოთ.

– თამარ, გარდა იმისა, რომ ხარ კომპოზიტორი, შემსრულებელი, კიდევ რას აკეთებ, რა პროფესია გაქვს, რას საქმიანობ?

– პროფესიით ბიზნესის მმართველი ვარ, განათლება სტუ-ში მივიღე, თეატრალური განათლებაც მაქვს, სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული, ქორეოგრაფია. ამ ბოლო დროს ხატვაც დავიწყე…

– ადრე არ ხატავდი?

– ბავშვობაში ვხატავდი ფიგურებს, სამოსის და მოდის შექმნის ინტერესი მქონდა. ახლა ფიგურებს აღარ ვხატავ. მაქვს პეიზაჟები, პორტრეტები.

– რა მასალას იყენებ ხატვისას?

– აკრილს, ზეთის საღებავებს, ეს ჩემი სერიოზული გატაცებაა და ვფიქრობ გამომივა.

– ბავშვებთანაც მუშაობ…

– დიახ, ქართულ სიმღერებს ბავშვებს, რაც ძალიან მომწონს. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ჩემთვის პრიორიტეტია აღვზარდო ადამიანები, რომლებიც კარგი გემოვნებით იქნებიან გამორჩეულნი და სიმღერასაც შეძლებენ. ჩემი შრომითა და მიდგომით აღმოვაჩინო მათში ნიჭი და გახდნენ ისინი მეტად ბედნიერნი.

– „თსუ გორდელაში“ როგორ მოხვდი?

– ჩემი დაიკო, ნინო ალადაშვილი მღეროდა `თსუ გორდელას~ პირველ თაობაში, თანაც ანსამბლ „ხორუმის“ წევრმა თამაზ ჯამაგიძემ გამიწია რეკომენდაცია და მოკლედ, „თსუ გორდელაში“ მოვხვდი. აქვე გავიხსენებ სტუდენტობის იმ ლამაზ პერიოდს, როდესაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ბენდი შევქმენი _ „ურსა“, ფოლკ-ჯაზს ვაკეთებდით.

– თამარ, გაოცებენ შშმ პირები?

– მაოცებენ! ნამდვილად მაოცებენ და აღმაფრთოვანებენ, თავიანთი შემართებით, ბრძოლისუნარიანობით, სილაღით, სიცოცხლის სიყვარულით, ისინი დიდი ადამიანები არიან, განსაკუთრებით კი ბავშვები! მათგან ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ ბედნიერების შეგრძნება, დანახვა, აღიარება… ხანდახან მრცხვენია კიდეც ცუდ ხასიათზე რომ ვარ ან რაიმეზე ვნაღვლობ… ამიტომ ვეცადე, რომ სიმღერის „ხელები ზეცისკენ“, რომელიც ფესტივალი „ივერია ბრილიანტისთვის“ შეიქმნა სპეციალურად და მისი სავიზიტო ბარათი გახდა საბოლოოდ, მელოდიაში პესიმიზმი არ შემპარვოდა, ისინი ხომ ოპტიმისტები არიან! აქამდეც ვფიქრობდი და ამ ფესტივალზე განმიმტკიცდა შეგრძნება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

– აბა, რა არსებობს თამარ!

– ჩემი აზრით, სიზარმაცე, სურვილის არასაკმარისი დოზა ან საერთოდ არ არარსებობა.

გიორგი მაისურაძე, „ჯეობილდ ცემენტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ ოქროს სპონსორი იყო.

გიორგი მაისურაძე: „ივერია – ბრილიანტის“ ოქროს სპონრორი რომ ვიყავი ვიცოდი, მაგრამ ჟიურის წევრიც თუ ვიქნებოდი, ეს უკვე აღარ ვიცოდი, მოულოდნელი იყო ჩემთვის. ამ ფესტივალში ჟიურის წევრობა და მსგავსი ადგილი საზოგადოებაში დიდი პატივია ჩემთვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაც.

– ბატონო გიორგი, თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის, ამგვარი ფესტივალის ჟიურის წევრობა, ცოტა სამძიმო ხომ არ იყო?

– სრულებითაც არა, პირიქით, გახარებული ვიყავი და ვარ. იქ ვინც დადგა სცენაზე, ჩემზე უკეთესები იყვნენ, ვინაიდან მე არ შემიძლია არც ცეკვა, არც სიმღერა… ამ ხრივ აბსოლუტურად შეზღუდული ვარ.

– არ გსურს, რომ ახლა ისწავლო ხელოვნება და რა ისწავლე კარგად ცხოვრებაში, ის გვითხარით…

– სურვილი ერთია, მაგრამ დრო, გარემოება, ასაკი – მეორეა… სამაგიეროდ, კარგად ვისწავლე მათემატიკა, პროფესიით მათემატიკოსი ვარ. მე მჯერა, რომ მათემატიკის და ალბათ სრულიად ყველაფრის სწავლა შეუძლიათ შშმ პირებსაც, ამიტომაც ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობსო. ანუ, ვეთანხმები იმ აზრს, რომ არც შეზღუდული არავინ არაა.

– ბატონო გიორგი, თქვენზე ამბობენ შშმ პირებს ასაქმებსო, მართალია?

– კი, მაგრამ ამ ეტაპზე ბევრი არ მყავს დასაქმებული, სულ ხუთი ადამიანია ჯერ… თუმცა, ამ რიცხვის გაზრდა მინდა ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელთან ერთად…

– და იმასაც ამბობენ, ძალიან არის მონდომებული იმ სამსახურებში დაასაქმოს შშმ პირები, სადაც თავად არც კი მუშაობსო, მართალია?

– რა ვიცი, ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში და იმედია, რომ გამომივა.

– რომელი სკოლა დაამთავრეთ?

– როგორც რუსთაველმა ადამიანმა, რა თქმა უნდა, რუსთავის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე. მყავდა ძალიან კარგი დირექტორი, სიტყვებიც კი არ მყოფნის მის საქებრად.

– დაოჯახებული ხართ?

– დიახ, დაოჯახებული ვარ, მყავს მეუღლე და ორი ვაჟი – აჩი და მათე, ჯერ პატარები არიან და მინდა, რომ ყოველმხრივ მშვიდობიან და მოწესრიგებულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ.

– ბატონო გიორგი, დასასრულს მინდა გკითხოთ, არიან ადამიანები, ვისაც გსურს, რომ მადლობა უთხრა?

– ამ შესაძლებლობისთვის, რასაც ამ ფესტივალში ჩემი ჩართულობა ჰქვია, დამფუძნებლის მადლობელი ვარ!

ლუკა 10 წლისაა, 143-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, სიმღერებს ასწავლის გიული ლონდარიძე. ისინი მეგობრობენ კიდეც, ვინაიდან, ქალბატონი გიული მას სკოლის გაკვეთილებსაც ასწავლის.

გიული ლონდარიძე: ლუკას შევამჩნიე მუსიკის სიყვარული. როცა მათთან სახლში მივდიოდი ლუკა ყოველთვის ტელევიზორთან იჯდა და საპატრიარქოს არხს უყურებდა, ხშირად საგალობლებს უსმენდა. ახლაც ძალიან უყვარს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ყურება. ერთხელ ვთხოვე წაეღიღინა და აღმოვაჩინე, რომ ბავშვს სმენაც ჰქონდა და კარგი ხმაც. ხშირად პიანინოსთან ვისხედით და სიმღერებს ვსწავლობდით. სიმღერა, რომლის შესრულებითაც ფესტივალ „ივერია – ბრილიანტზე“ ჟიურის ხალხს თავი მოაწონა, მე ვასწავლე.

– ქალბატონო გიული, სწრაფად ითვისებს?

– დიახ, თანაც, ერთი სული აქვს ფორტეპიანოს როდის მივუსხდებით.

– პოეზიასთან მეგობრობს?

– კი, ძალიან უყვარს პოეზია. ლექსებსაც იოლად და სწრაფად ითვისებს. რელიგიურ თემებზეც ვესაუბრები ხშირად, რაც ძალიან მოსწონს.

ლუკა მარგველაშვილი: ნუგზარი ბიძიამ რომ ფესტივალი გააკეთა იქ ვიმღერე ასე ფართო მასშტაბით და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი. 10 ნოემბერს იყო ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ გალაკონცერტი, სადაც გრამპრი ავიღე. მომდევნო წლის გაზაფხულზე უკრაინაში წავალ, იქ ჩემი საქართველო უნდა ვასახელო.

– რა სიმღერა იმღერე ლუკა?

– „ჰერიო ბიჭებო“ ვიმღერე, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელია.

– დედიკოზე და მამიკოზე მეტყვი რამეებს?

– დედიკო ძალიან მიყვარს. მამაჩემი ბიზნესმენია, ბევრს მუშაობს. ორივე მშობელი მიყვარს, მაგრამ დედა განსაკუთრებით.

– ლუკა, რომ გაიზრდები, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?

– მღვდელი – მოძღვარი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ბევრი ლოცვები ვიცი ზეპირად, ზოგსაც ვკითხულობ და ისე ვლოცულობ. ადამიანები მიყვარს, მინდა მათ დავეხმარო ცხოვრებაში, როგორც მოძღვარი, ამიტომაც მინდა სასულიერო განათლება მქონდეს.

მაკა ქოქოსაძე ლუკა მარგველაშვილის დედაა, რომლისთვისაც ცხოვრება ათასჯერ მშვენიერია და უფლის მადლიერია…

– ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს ლუკა თქვენთვის?

– ლუკა ჩემთვის ღვთის საჩუქარია. ლუკამ დამანახა ცხოვრება სულ სხვა თვალით, მასწავლა, როგორ შეიძლება ელემენტარული რაღაცეებით იყო ბედნიერი… ლუკას დაბადების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება ღვთიური სასწაულები…

– როგორ დაიწყო ლუკამ სიმღერის შესწავლა?

– როცა ლუკა ძალიან პატარა იყო ხშირად ტიროდა (დღენაკლული დაიბადა და მუცელს იტკიებდა ხოლმე) და მაშინ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მელოდიური ჰანგების მოსმენისას ჩუმდებოდა. ცოტა რომ წამოიზარდა, უკვე კარგად არჩევდა ვინ მღეროდა კარგად და ვინ არა. მაგალითად, მე როცა წაუღიღინებდი იავანანს, იმწუთში მეტყოდა „შენ არ „იღერო“ დედა რააა…“ სიმართლე გითხრათ, ლუკას სერიოზულად სიმღერის შესწავლა ჯერაც არ დაუწყია, ამ ეტაპზე უფრო მოყვარულად ითვლება, თქვენი ფესტივალი – „ივერია – ბრილიანტი“ იქნება ბიძგია იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყებთ სიმღერის პროფესიონალურად სწავლას.

– სამომავლოდ, სეროზული სასიმღერო გეგმები თუ გაქვთ?

– ვერ გეტყვით რამდენად გამოგვივა პროფესიონალურ დონეზე სიმღერა, მაგრამ მოყვარულები რომ ყოველთვის ვიქნებით მაგისი მჯერა. ლუკა სრულ სიამოვნებას განიცდის, როცა მღერის. ყველა ფრაზას, რასაც ამოთქვამს, სრულად გრძნობს და განიცდის.

– არსებობს შშმ პირი და რამდენად სწორია ეს მიდგომა და მსგავსი სახელწოდება ამ ადამიანებისთვის?

– ძალიან კარგი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ სახელწოდებაში კი არა, დამოკიდებულებასა და მიდგომაშია პრობლემა, არაადაპტირებულ ინფრასტრუქტურაში არის პრობლემა და ა.შ.. ხშირად მითქვამს უარი ლუკასთვის ამა თუ იმ ადგილზე წაყვანაზე, რადგან ვიცი, რომ ვერ მოვახერხებთ ეტლით ან მისი დამხმარე სასიარულოთი ადგილამდე მისვლას, ვერ გავაჩერებთ მანქანას შშმ პირებისთვის განკუთვნილ ავტოსადგოზე ან საერთოდ არ იარსებებს იმ ტერიტორიაზე შშმ პირებისათვის განკუთვნილი ავტოსადგომი, პანდუსი და ა.შ….

– შშმ პირის სტატუსი ანუ მსგავსი სახელწოდება სტიგმას ხომ არ აჩენს?

– სამწუხაროდ, ამ სტიგმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, ამისგან დაზღვეული არავინ არაა. ყოველთვის ვცდილობ ლუკა მოხვდეს რეალურ სამყაროში და არ შეუქმნათ სასათბურე პირობები (მართალია, როგორც ქართველ დედას ეს ყოველთვის არ გამომდის), მან იგრძნოს თავი სრულყოფილ მოქალაქედ და თავად შეძლოს თავისი თავის დამკვიდრება საზოგადოებაში და პიროვნებად ჩამოყალიბების სწორი გზა დაინახოს.

– ქალბატონო მაკა, როგორ მოხვდა ლუკა ფესტივალზე?

– სრულიად შემთხვევით. ლუკას უსაყვარლესმა ადამიანმა, ნანა არაბულმა დამირეკა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ტელეკომპანია – „ერთსულოვნების“ დილის გადაცემას უყურებდა და იქ ნახა, რომ ფესტივალი ტარდებოდა შშმ პირებისთვის. მოკლედ, მთხოვა ლუკას მიეღო მონაწილეობა. დავრეკე ტელევიზიაში და მომცეს ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილის ტელეფონის ნომერი, რომელმაც მითხრა, რომ ორ დღეში იწყებოდა შესარჩევი ტური. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი იყო კონკურსანტებთან ურთიერთობა და საზოგადოებაში ინტეგრირება, მაშინვე შევავსეთ განაცხადი. როცა პირველ ტურზე მივედით გაოცებული დავრჩი კონკურსანტების პოტენციალით, ამ ადამიანების ნიჭიერებამ მოლოდინს გადააჭარბა. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ამიტომ სათითაოდ არ ჩამოვთვლი. ერთმანეთზე ნიჭიერები და დიდი პოტენციალის მქონენი აღმოჩნდნენ ყველა. თუ ხშირად მოეწყობა ესეთი ღონისძიებები საზოგადობა დარწმუნდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები კი არა, მართლაც რომ განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა.

– ფესტივალით რამდენად კმაყოფილი ხართ?

– მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სპონსორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. „ივერია – ბრილიანტი“ მრავალი დადებითი ემოციით დატვირთული, რომელიც არასდროს არ დაგვავიწყდება, განსაკუთრებით, რომ ლუკასთვისაც პირველი ნაბიჯი იყო და თავად კონკურს-ფესტივალიც პირველად ჩატარდა საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი ფესტივალების ჩატარება აუცილებელია, რადგან შშმ პირებმა, მათმა მშობლებმა და დანარჩენი საზოგადოების ფართო მასებმა გაიცნონ ერთმანეთი, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, სიხარული და თუნდაც ტკივილი…

– ამ ფესტივალის შემდეგ, ლუკას ცხოვრებაში თუ შეიცვალა რამე?

– ამ ფესტივალში გამარჯვებამ აგვისრულა სანუკვარი ოცნება, შევხვდით ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და მივიღეთ მისი ლოცვა-კურთხევა. შევიძინეთ ახალი და კეთილშობილი მეგობრები, საინტერესო და მეტად ძვირფასი გამოცდილება. ლუკა უფრო ლაღი, უფრო თავდაჯერებული გახადა. როგორც თავად ლუკა ამბობს – „ძალაინ პოპულარული გავხდიო“.

– უკრაინაში მიდის ლუკა, რომელ სიმღერას წაიღებთ?

– ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული, რომელ სიმღერას წავიღებთ უკრაინაში, მაგრამ ლუკა ფიქრობს მოამზადოს სამი სიმღერა: ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე.

– რას ეტყვით ე.წ. შშმ პირებს და მათ ოჯახებს, საზოგადოებას?

– მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ჯერ მხოლოდ 10 წლისაა, ხშირად ვეუბნები: შეიძლება შენ მეტი ძალისხმევა გჭირდება მიზნის მისაღწევად, მაგრამ შენ განსაკუთრებულად გმფარველობს უფალი, ამიტომ ნურაფრის შეგეშინდება, ნუ დაიზარებ შრომას და ყველაფერი გამოგივა თქო. იგივე მინდა უთხრა ყველა შშმ პირს, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს… შშმ პირების ოჯახებს კიდევ მეტი დაბეჯითებით მინდა ვუთხრა, რომ არ მოდუნდნენ, არ დანებდნენ, არ მისცენ თავის საყვარელ ადამიანს უფლება, – თავი გარიყულად ან დაჩაგრულად იგრძნოს… თითოეული ჩვენგანი ქმნის საზოგადოებას, თითოეული ჩვენთაგანი აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ საზოგადოებამ მიგვიღოს თავის განუყოფელ ნაწილად. საზოგადოებას კი ვეტყვი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!! ჩვენ გავქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები და უნარები.