მწერლობის პრობლემები, სიყვარული, საზოგადოების პრობლემა და რა სურს ნათია ფრანგიშვილს?!

3792

ისურვებდა დაახლოებით 35 წლის განათლებულ და სამშობლოს კეთილდღეობით, სიყვარულით გაჯერებულ ახალგაზრდას… და რის გამო და რატომ, ვინ არის ნათია ფრანგიშვილი და როგორ ფიქრობს თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო, ნიჭიერი პოეტი, ეს ინტერვიუდან შეიტყეთ. თუმცა, მანამდე შეგახსენებთ, რომ ნათია ფრანგიშვილი წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ„ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ ლაურეატია, ნომინაციაში„სიყვარული“…

Author: Salome Chikadze

ნათია ფრანგიშვილი: ბავშვობაში, ძალიან ადვილად ვიმახსოვრებდი ლექსებს, მათი სიდიდე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა ჩემთვის. მიყვარდა სოფელში არდადეგებზე კონცერტების ჩატარება, თანატოლებს შევკრეფდი და ვისაც რითი შეგვეძლო თავის წარმოჩენა, ჩვენს როლებს ვირგებდით… ორგანიზატორობას, მოცეკვავეობას და მელექსეობას არავის ვუთმობდი… რამდენად მხატვრულად გადმოვცემდი არ ვიცი. მახსოვს, ნიკო ლომოურის ,,ყინვა და პატარა მოწაფე~ მიყვარდა ძალიან და იმ ადგილას, სადაც ყინვა მძაფრდებოდა, ხმა მიკანკალებდა, იმდენად ემოციურად მოქმედებდა ჩემზე, ლექსის დასრულებისას კი, როცა პატარა მშვიდობიანად ბრუნდებოდა, მეც ვმშვიდდებოდი და დამშვიდებული ვასრულებდი ლექსს. ძალიან მიყვარდა მუხრან მაჭავარიანის – „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა“! ლექსს, თავად მოჰქონდა ემოცია... ალბათ, ეს იყო ის, მხატვრული წაკითხვა, რასაც იმ ასაკში ბუნებრივად განვიცდიდი და გადმოვცემდი. ეს ემოციები, დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ბავშვისთვის, მისი ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. მყავდა პედაგოგი, საოცრად შეყვარებული ქართულ პოეზიაზე, ქალბატონი ქეთევან წერეთელი, რომელსაც იმ ჯადოსნურ სამყაროში გადავყავდი,საიდანაც დაბრუნება ძალიან მიჭირდა

- ქალბატონო ნათია, რა არის თქვენთვის საქართველო?

- საქართველო, ჩემთვის სულის ტაძარია. პოეზია, ამ ტაძარში დანთებული სანთელი, რომელიც სიყვარულითა და ცრემლით იწვის. დგახარ შენს მიერ დანთებული სანთლის წინ და შენი ემოციები, შენი შინაგანი შეგრძნებები, ფიქრები, აზრები მოგიზგიზე ალში იკითხება.

- და რა არის კარგი პოეტი?

- იყო კარგი პოეტი, ჩემთვის ნიშნავს, იყო კარგი მრევლი შენი ტაძრის, იყო კარგად მლოცველი. დგახარ სანთლის წინ და შენი აზრები, ფიქრები ტრიალებენ: მშობლების, მეგობრების, ახლობლების, საყვარელი ადამიანების გარშემო. გსურს ლოცვით უდიდესი სიყვარული და შვება აგრძნობინო ყველას. ქალი პოეტი საქართველოში, ალბათ უნდა იყო უპირველესად ქართველი ქალის სახე, რომელიც დგას იმ ღირებულებებზე მისი შინაგანი ბუნებით, ერთდროულად სულის სიფაქიზით და სიძლიერით, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

- რა ასაკიდან წერთ?

- ლექსებისა და დღიურების წერა ბავშვობიდან დავიწყე, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იქიდან მოყოლებული ვწერ. ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი. ჩემმა მშობლებმა, როდესაც ჩემი ნაწერები შემთხვევით ნახეს, ძალიან შემრცხვა და მას მერე წერა შევწყვიტე. ალბათ, იმ დროისთვის ჩემგან პროტესტის გამოხატვის ფორმა თუ იყო... წერა თოთხმეტი წლის წინ, ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ განვაგრძე. ძალიან ცუდად ვიყავი, ისე განვიცადე მისი არყოფნა. რამდენჯერაც დავწერე, იმდენჯერ საოცარ შვებას ვგრძნობდი, ნელ-ნელა მოვუმატე წერას და მივხვდი, რატომ ფორიაქობდა სული იქამდე, სანამ წერას დავიწყებდი. თუმცა, წიგნი არ მაქვს გამოცემული და არც მწერალთა კავშირის წევრი ვარ...

- საქართველოს კარგი მომავალი რაში მდგომარეობს?

- ჩემი აზრით, გამოსავალი ისევ განათლებაშია, ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდობას, სასიკეთო ცვლილებების შეტანა შეუძლია ქვეყნის კეთილდრეობისთვის. ვფიქრობ, ცოტა გაბედულება აკლია განათლებულ ახალგაზრდობას. ვისურვებდი დაახლოებით 35 წლის განათლებულ და სამშობლოს კეთილდღეობით, სიყვარულით გაჯერებულ ახალგაზრდას, რომელიც შემოიკრებდა მასსავით მოაზროვნე, უამბიციო, განათლებულ ახალგაზრდებს და არა მეგობრებს, რომლებიც ცივილიზებულ და პროგრესულ წინამძღოლად მოგვევლინებოდნენ.

- ტელევიზიას და სოც-მედიას, ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თაობებზე...

- ბავშვობაში, ძალიან მიყვარდა ქართული მულტფილმები, კინოფილმები, სადაც ადამიანების, ცხოველების უდიდეს სიყვარულს და მეგობრობას გვასწავლიდნენ. ასევე, სიკეთით, მტრობის დამარცხებას, ბოროტ ადამიანებში ბოროტების ჩაკვლასა და სიკეთის მარცვლის გაღვივებას. აქვს ჩვენს ტელევიზიას ის რესურსი, რითიც შეუძლია სრულიად სხვა კუთხით წაიყვანოს ადამიანების მსოფლმხედველობა და გააღვივოს სიყვარული ერთმანეთში, რომელმაც უკვე ისე დაკარგა ძალა, რომ ფერფლად გადაქცევას აღარაფერი უკლია.

-რას გრძნობთ, როდესაც ახალ ლექსს დაასრულებთ და მკითხველს წარუდგენთ?

- როცდესაც, ჩემ ლექსს ვაქვეყნებ და მკითხველის სიყვარულს ვიღებ, ეს, ისეთი შეგრძნებაა, მოშიებულ ადამიანს, რომ დააპურებ და შენ კი ამ დროს, საკუთარი თავით კი არ ხარ კმაყოფილი, არამედ უფალს მადლობ, რომ შეგაძლებინა საკუთარ თავს და სხვას შვება მოუტანე, რაღაც დოზით გაიხარე და ამ სიხარულით შეივსე. როდესაც ამღერებული ტექსტი პირველად მოვისმინე, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური მანტია მოასხა და ცხრა მთას გადაატარა ფრენით. დაფრინავდა ლექსი და იმ მანტიით ყველგან თავს იწონებდა. იპრანჭებოდა, უნდოდა ყველას ყურადღება მიეპყრო. მე, ამღერებულ ტექსტებსგოგონები~ შევარქვი. თითქოს, ყველა გოგონებად გადაიქცნენ, განსაკუთრებული შარმით თავის მოწონება დაიწყეს და მე, მათი დედა, როგორც ყველა დედა, შვილით რომ ბედნიერობს, უფრო მეტად გავბედნიერდი.


– რა არის სიყვარული?


– ძალიან ადრე დავწერე ლექსი, რომელიც ასე იწყება:
,,მე, სიყვარული მიყვარს მგონია,
გრძნობა, რომელიც ჩემი ტოლია.
უფალს აკვანთან დაუტოვია
და მე აკვნიდან გამომყოლია“.
სწორედ ეს ლექსია პასუხი. უფლის სიყვარულით დაწყებული ყველა ადამიანი მიყვარს. ისინიც კი, ვინც ოდნავ მაინც მტკენს გულს… ჩემთვის ადამიანი და ადამიანური ურთიერთობები, იმდენად მნიშვნელოვანია, ყვლანაირ წყენას და მტრობას მავიწყებს… ხან, როცა ვინმე გულს მტკენს, იმ წამს მინდა გადავეხვიო და ვუთხრა, რომ სულ ტყუილად იდებს გულში ბოროტებას, რადგან მე, იმ წუთიდან ის უფრო მიყვარდება და არა პირიქით… იფიქრებთ, ალბათ ,,ვერ არისო“ სწორედ, ეს ,,ვერ არის ადამიანი“ მხოლოდ სიყვარულით ცხოვრობს. სიყვარულით, რომელიც უნდა, რომ ყველას თანაბრად გაუნაწილოს.
– რას უნდა ემსახურებოდეს პოეტი და მისი შემოქმედება?
– როდესაც ადამიანი წერ, წერ იმიტომ, რომ სული ითხოვს, შენ უბრალოდ ასრულებ ამ თხოვნას. ის, იმდენად ფაქიზია და ამავდროულად ძლიერი, რომ გინდა არ გინდა აღწევს სხვა ადამიანის სულამდე და ტოვებს გარკვეულ კვალს, ასეა ქვეყნისთვისაც. როცა, რამეს დაწერ და ხვდები, რომ ის, შენს ქვეყანას სასიკეთოდ და საჭიროდ წაადგება, არ შეიძლება გარკვეული კვალი არ დატოვოს… სწორედ, იმ კვალზე გავლილი თაობები ააშენებენ ჩვენს ქვეყანას. დაე, სწორ გზას გაჰყოლოდნენ ახალგაზრდები და მათაც სწორი ნაკვალევი დაეტოვოთ მომავალი თაობებისთვის.


– დღეს რა არის ქართული მწერლობის პრობლემა და რაშია გამოსავალი?


– ქართული მწერლობის უმთავრესი პრობლემა, ჩემი აზრით უგემოვნო, მხატვრულ ღირებულებას მოკლებული ნაწარმოების სიმრავლეა. ჯანსაღი კრიტიკა აკლია დღევანდელ მწერლობას. ვისაც მწერლობის ანი და ბანი ესმის, ან არ ესმის, ყველა მწერალთა საზოგადოების სამსახურშია, რაც ჩემი აზრით უდიდესი პრობლემაა ქართული მწერლობისთვის. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ძალიან ცოტა კარგი და ძალიან ბევრი ცუდი წიგნი იბეჭდება ჩვენი თაობის მწერლების და პოეტების მიერ. ჩემი აზრით გამოსავალია, კომპეტენტური ადამიანების მიერ განსახორციელებელი რეორგანიზაცია, რომლებიც უნდა დაკავდნენ გამოსაცემი წიგნების ავკარგიანობის შეფასებით. პოეტს, პოეტის სახელი, მისი შემოქმედებიდან გამომდინარე უწოდონ. მიაქციონ უდიდესი ყურადღება დღევანდელ ჩვენ დამღუპველ სენს, პლაგიატობას.


– ძირითადი პროფესია რა გაქვთ?


– წერის გარდა ჩემი საქმიანობა, სწორედ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდით შემოიფარგლება. ვმუშაობ საბავშვო მუსიკალურ-თეატრალურ სტუდია „ჭინჭრაქაში“ უკვე მეთორმეტე წელია. ვარ ქორეოგრაფი, ვხატავ, ვწერ ტექსტებს სიმღერებისთვის. სტუდიის ხელმძღვანელი და რეჟისორი არის ბესო ლომსაძე. იმდენად მიყვარს პატარები, რომ პარალელურად ვემსახურები მომავალ თაობას – 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღში. ვარ დაუზარელი, თუ რამ შემიძლია და უფალმა მომმადლა, აუცილებლად ბოლომდე დავიხარჯები.


– რა არის თქვენთვის ბედნიერება?


– პირადიც და მთავარი ბედნიერებაც ჩემთვის, ჩემი შვილებია. ყოველი ახალი დღე მათი ღიმილით იწყება. მათ თვალებში ამოკითხული სიყვარული, ყველა ამქვეყნიურ სიყვარულზე მეტად ძვირფასი და შეუდარებელია. ჩემი პირადი ცხოვრება ოჯახით, სამსახურით და შვილებთან ყოფნით შემოიფარგლება. ლექსები, ჩემში მოზღვავებული სიყვარულის შედეგია და არა კონკრეტული პიროვნებისადმი მიძღვნა. რა თქმა უნდა, უსიყვარულოდ არაფერი იქმნება და ჩემს შემთხვევაშიც უდიდესმა სიყვარულმა, დროთა განმავლობაში მუზა მომივლინა. მკითხველს ვუსურვებდი ისეთ ლიტერატურულ ნაშრომთა სიმრავლეს, სადაც არ იქნება მხოლოდ სიტყვების ,,რახა-რუხი“…