საზაფხულო პრობლემა – კუჭ-ნაწლავის სიტემის დაავადებები

2495

ზაფხულობით განსაკუთრებით აქტუალური ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, რაც, ძირითადად, დიარეით (ფაღარათით) ვლინდება. 
სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელის, ლია კალანდაძის რეკომენდაციით, ნაწლავთა ინფექციის, ანუ ინფექციური დიარეის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე ეფექტური მეთოდი პროფილაქტიკაა.
,,საკვებად არ უნდა გამოვიყენოთ უხარისხო ან არასწორად შენახული, ასევე თერმულად არასრულყოფილად დამუშავებული პროდუქტები. ხილი და ბოსტნეული გულდასმით უნდა გაირეცხოს, სასმელად კი მიიღოთ სუფთა წყალი, ასევე, გაზგაშვებული მინერალური სასმელები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არის მიზანშეწონილი მზეზე გამთბარ-გაცხელებული, ანუ ღია ცის ქვეშ, დახლებზე განთავსებული ხილის მიღებაც. სასურველია, კარგად გარეცხილ-გასუფთავებული ხილი მიიღოთ მაცივარგამოვლილი სახით. ამ პირობების ზედმიწევნით დაცვა ნაწლავურ ინფექციებს თავიდან აგვაცილებს. ასევე, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა – როდესაც პაციენტს დიარეა აღენიშნება, ექიმთან ვიზიტამდე, გაუწყლოვანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე (წყალი ან გაზგაშვებული მინერალური სასმელები)“.