ნატალია კოკაია: ვერ ვიტყოდი, რომ კარგი მდგომარეობაა ქართულ მწერლობაში…

3377

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ნატალია კოკაია დაიბადა აფხაზეთის ერთ-ერთ ზღაპრულ სოფელში, ახალი კინდღი, 1962 წლის 18 იანვარს. ძალიან ცივი ზამთარი ყოფილა იმ წელს. მამამ სახელად ნატრული დაარქვა – ნანატრი შვილი, ქალიშვილი, ხუთი ძმის ერთი და. ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონდა, მამა ადრე გარდაეცვალა. დედამ პატიოსნად ატარა ქვრივი ქალის მანდილი და გამოზარდა ექვსი შვილი. ზღვა იყო მისი სახლი, სადაც ქვიშისგან კოშკებს აგებდა, ზოგი ოცნების კოშკი იყო, ზოგიც საქართველოს სადიდებელი… ქვიშაზე წერდა ლექსებს, რომლებსაც ზღვის ტალღებს ატანდა. საკმარისია სოხუმზე ფიქრი დაიწყოს და მაშინვე გრძნობს თუ როგორ იწყებს შრიალს აფხაზეთის ულამაზესი სანაპირო. დღესაც ჰმგონია, რომ ისევ ბავშვია და ზღვისკენ მირბის ფეხშიშველი. ამჟამად ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. უყვარს ლექსები, ზღვა და მაგნოლია…

– ქალბატონო ნატალია, ფსევდონიმი ზღვისპირელი რატომ და საიდან?
– ჩემი ფსევდონიმი ვერანაირად ვერ იქნებოდა ლიახვისპირელი, მთისძირელი, არაგვისპირელი. ვინაიდან მე მართლა ზღვისპირელი ვარ. ჩემი სახლი ზღვიდან ას მეტრში იყო. ზღვა იყო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ახლაც ჩამესმის ყურში ჩემი ზღვის საოცარი ხმები. ჩავირბენ ხოლმე ჩემი სახლის გვერდით ზღვისკენ მიმავალ პატარა ბილიკს და მთელ ხმაზე ვყვირივარ გამარჯობა, ზღვაო, მე მოვედი… ზოგჯერ მგონია რომ ზღვა გაქრა, სულს ვღაფავ და მეშინია გული არ გამიჩერდეს. აი რატომ ვარ ზრვისპირელი.


– რას ნიშნავს იყო ქალი პოეტი?
– პოეტობა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. თავში არ უნდა აგივარდეს. ამბიციურობა დამღუპველია. თუ ხარ ქალი პოეტი ამავდროულად უნდა იყო კარგი დედა კარგი მეუღლე. უნდა ემსახურო სიმართლეს და შენი შემოქმედება მარტო კარგი მოსასმენი კი არა სარგებლობის მომტანი უნდა იყოს.
– არ გიჭირთ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე?
– მე ერთი დღეც არ მიცხოვრია აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ყველაზე საშინელი სიტყვა ჩემთვის არის „დავკარგეთ“ არაფერი დაგვიკარგავს გულშიც კი არ მინდა გავივლო… ეს დროებითია და ჩვენ დავბრუნდებით. დევნილიც არასოდეს ვყოფილვარ. ვირტუალურად მე და ჩემი ლექსები და ვსეირნობთ ჩემს სანაპიროზე, ვეფერები პალმებს, მივირთმევ ქვიშაზე მოდუღებულ ყავას ასე მგონია:
„ბეჭებზე მადევს ჩემი სოხუმი
და ჩემს ეზოში მე შავი ზღვა მაქვს“…
– რაში ხედავთ გამოსავალს, რომ საქართველო გაერთიანდეს?
– ქვეყნის ხსნას საქართველოზე შეყვარებული ხალხის გაერთიანება, შეხვედრები და საუბარი სჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიას მხოლოდ დიალოგი და არა დაპირისპირება.
– პოეტები რატომ არიან დაქსაქსულები და ეს რას ნიშნავს?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდია, რომ არსებობს პოეტური დაჯგუფებები. მაგრამ ერთი მხრივ კარგია მოდის ჯანსაღი კრიტიკა ერთი ჯგუფი აკრიტიკებს მეორეს ერთი სიტყვით ყველა იქ მღერის სადაც ემღერება რას ვიზამთ…
– თქვენ რომელ ლექსს თვლით საჭიროდ, რომ ყველას ქონდეს წაკითხული?
– ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი რომელიმე ლექსი ყველას ქონდეს წაკითხული. ერთი კი ვიცი მე უნდა ვწერო. წაიკითხავენ თუ არა მკითხველისთვის მიმინდვია. ამჟამად ვმუშაობ ჩემს მეორე წიგნზე, რომელსაც დაერქმევა „მე დავბრუნდები“, სადაც შეტანილი იქნება ახალი ლექსები აფხაზეთზე აი ამ წიგნს დიდი სიამოვნებით ჩამოვარიგებდი სკოლის ბიბლიოთეკებში რათა მომავალმა თაობამ წაიკითხოსდა არ მივცეთ აფხაზეთის დავიწყების უფლება.


– რა მდგომარეობაა ქართულ მწერლობაში?
– ვერ ვიტყოდი, რომ კარგი მდგომარეობაა ქართულ მწერლობაში. დღეს საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა მწერალთა დასახმარებლად, თუმცა ნიჭიერი ადამიანი მაინც არ იკარგება, მისთვის სივრცე მაინც გახსნილია, გამოიცემა უამრავი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი.
– უნდა იყოს თუ არა ცენზურა ლიტერატურის გამოცემაში?
– ცენზურის მომხრე არ ვარ. დღეს უამრავი წიგნი იბეჭდება და არსებობს უამრავი გამომცემლობა. ვფიქრობ, რაღაც ჩარჩოები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს უწყება, სადაც წიგნი დაბეჭვდამდე გაივლის გარკვეულ შემოწმებას, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ლიტერატურულ კრიტერიუმებს. ცუდი ცუდად დარჩება და კარგი არ უნდა დაიკარგოს.
– ქალბატონო ნატალია, დღეს პოეტებს თითქმის არავინ უსმენს, თუ პოეტები არ საუბრობენ იმ პრობლემებზე რაც ქვეყანას გააჩნია?
– ვერ ვიტყოდი, რომ პოეტები სათქმელს გაურბიან და არ აწუხებთ ის პრობლემები, რაც ქვეყანას გააჩნია. რა პოეტი ხარ შენი ქვეყნის ტკივილი თუ არ გაწუხებს?! პოეტი იოლი გზით ვერ ივლის. პოეზია ხომ საკუთარ თავს გართმევს, სიმშვიდეს გაკარგინებს და ყოველთვის შენი კალმით ამბობ შენს სათქმელს.
– და მაინც რა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა?
– პრობლემებს რა ჩამოთვლის იმდენია. საზოგადოება სტრესულ მდგომარეობაშია. ქვეყნის მთლიანობის პრობლემა, უმუშევრობა, ეკოლოგია….
– რა არის სიყვარული?
– სიყვარული კომფორტია, ორმხრივი ჰარმონია. თუ გიყვარს არ ბერდები.
– სიძულვილი რაღაა?
– სისუსტეა!
– როგორია ნამდვილი პოეტი?


– ნამდვილ პოეტს ინდივიდუალური ხელწერა უნდა ჰქონდეს. ერთხელ რომ წაიკითხავ მის ლექსს, მეორედ სახელი და გვარის გარეშე უნდა ხვდებოდე ვისი ლექსია.
– ვინ წარმოდიდგენიათ დღეს დიდ მწერლად პოეტად და ვისგან იღებთ მაგალითს და რატომ?
– მყავს მრავალი საყვარელი პოეტი, მაგრამ გალაკტიონი და ისევ გალაკტიონი… სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. მიბაძვით ვერავის ვერ მივბაძავდი. მიმბაძველობით, ვფიქრობ, ინდივიდი იკარგება…
– ქალბატონო ნატალია, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ლიტერატურული პრემია-კონკურსები და რას აძლევს ის ამ სფეროს?
– კონკურსები აუცილებელია შემომქმედისთვის და მკითხველისთვისაც. მნიშვნელოვანია ვინ არის ჟიურის წევრები, რა გემოვნება და შეფასების კრიტერიუმები გააჩნიათ. კონკურსის დროს იქმნება ლიტერატურული პროცესი და ხდება ახალი სახეების აღმოჩენა.
– ზოგადად რამდენად კარგი განათლების სისტემა გვაქვს?
– საქართველოს განათლების სისტემას სერიოზული რეფორმა ჭირდება.
– საქართველოში მეფე უნდა მართავდეს ქვეყანას თუ?
– ცუდი არ იქნებოდა მეფე დაგვბრუნებოდა, მაგრამ მონარქიაში ცხოვრებას გადაჩვეულებს გაგვიჭირდება…


– და ბოლოს, თქვენი მთავარი სათქმელი?
– მაცხოვრეთ გამთლიანებულ საქართველოში. მთელი ჩემი შემოქმედება ამ დიდი ტკივილის მატარებელია.
„ღამეებს ათევს ჩემი წალკოტი,
თვალის გუგიდან რომ ამაცალეს“
…და ბოლოს, გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება.

პ.ს. საინტერესო ქალბატონია ნატალია კოკაია-ზღვისპირელი… მან წელს წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ„ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ მიიღო და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნამდვილი პოეტია…