ნინო თვალთვაძე: ყველაზე მეტად მიჭირს მაშინ, როდესაც…

4125

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ნინო თვალთვაძე: 2002 წელს დაამთავრა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საშუალო სკოლა; 2007 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდენობის სპეციალობით. 2017 წლიდან არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, იყო რამდენიმე პროექტის კოორდინატორი, ხოლო 2009-2011 წ.წ. ეჭირა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოზიცია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კერძო სექტორში. ხოლო 2012-2014 წ.წ. გახლდათ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის იურისტი და შემდგომ ადმინისტრაციული მენეჯერი. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამართლის დარგში, 2007–2012 წ.წ. გახლდათ შპს „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის“ ლექტორი, ხოლო 2009-2016 წ.წ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, მონაწილეობდა ტრენინგებსა და სემინარებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2013 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გაიარა სტაჟირება ჩიკაგოს ადამიანის უფლებების კომისიაში, ამავე დროს მას გადაეცა სამართლებრივი პროცესისა და მმართველობის „პროფესიული სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატი“; 2014 წლიდან დაიკავა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა, 2016 წლიდან კი ასრულებდა ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორის ფუნქციას, გახლდათ ევროკავშირის მიერ რამდენიმე დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი. 2015 წლიდან თანამშრომლობს ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესთან მოწვეული ექსპერტის რანგში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და უმთავრესი – ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მოკლედ, საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიის მქონე ქალბატონი დღეს საქართველოს ძველთაძველი ქალაქის, ქუთაისი ვიცემერის თანამდებობაზე მუშაობს და ის „განსაკუთრებული ჟურნალის“ სტუმარია…

– ქალბატონო ნინო, რთულია იყო ძველთაძველი ქალაქის, ქუთაისის ხელმძღვანელი?
– ნამდვილად ძნელია, თუმცა ყოველთვის ვიმეორებ ფრაზას, რომელიც ბავშვობიდან მესმოდა ჩემი ოჯახის წევრებიდან: იოლი არაფერია ამ ქვეყნად! ასე, რომ ამას მივიჩნევ ერთგვარ ნორმად.
– როგორი ქალაქია ქუთაისი?
– ქუთაისი არის ძალიან გამორჩეული ქალაქი, არამხოლოდ სუბიექტურად, არამედ ობიექტურადაც თუ ვიმსჯელებთ. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი ადგილი ქვეყნის განვითარების ისტორიაში, ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო ერთგვარი „მომმარაგებელი“ თბილისისთვის ინტელექტუალური ძალით. ყველანი ძალიან ვამაყობთ მემორიალური დაფით, რომელიც პირველი კლასიკური გიმნაზიის შესასვლელში ჰკიდია, ისევე როგორც ქალთა გიმნაზიის მიერ აღზრდილი ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ქალბატონით. გვარების ეს შთამბეჭდავი ჩამონათვალი კმარა მხოლოდ იმისთვის, რომ ვიამაყოთ ჩვენი ქალაქით. თუმცა, ამის გარდა ძალიან ბევრი მიუცია ქუთაისს საქართველოსთვის. ბაგრატის ტაძარი, რომელიც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა, ასევე ქუთაისის ერთგვარი სახეა. ამავდროულად ქუთაისი ყოველთვის იყო პროგრესის და განვითარების სიმბოლო, მას აქვს თავისი ხასიათი, ეს არის ადგილი, სადაც ყველა მასპინძელი ვართ სტუმარი გვიხარია


– და მაინც, რას ნიშნავს ქუთაისელობა?
– ეს დიდი პატივია და უფრო დიდი პასუხისმგებლობა! ქუთაისელობა ნიშნავს იყო ღირსეული და ამაყი ქართველი.
– ქუთაისი მერიას რა პრიორიტეტები აქვს დღეს?
– ქუთაისის მერიას ორი მთავარი პრიორიტეტი აქვს იდენტიფიცირებული: ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ქალაქის პოტენციალის მაქსიმალური ათვისება;
– სოციალური საკითხების მოგვარებას როგორ აპირებთ?
– სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: ვცდილობთ შევამციროთ ერთჯერადი დახმარებების რაოდენობა და დავნერგოთ უფრო მდგრადი სოციალრი სერვისები, რომელიც გათვლილი იქნება არა დროებით პრობლემების შემსუბუქებისაკენ, არამედ მოწყვლადი ოჯახების მდგომარეობის გრძელვადიან პერსპექტივაში გაუმჯობესებისაკენ. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ჩვენი საპილოტე პროგრამა, რომელიც ეხება მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის განვიტარების ხელშეწყობას. მიზანი წარმოადგენს საშუალება მისცეს იმ ოჯახებს, სადაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, მივცეთ საშუალება წამოიწყონ ეკონომიკური საქმიანობა ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი.


– და შშმ პირებისთვის რა კეთდება?
– თითქმის ყველა სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლედ იდენტიფიცირებული გვყავს შშმ პირები, რომელთაც გარკვეული საჭიროებები გააჩნიათ. ვცდილობთ დავნერგოთ მათთვის ახალი და მნიშვნელოვანი სერვისები. 2018 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის დაფინანსების მიზნით, მოვახერხეთ კიდევაც, რომ ბენეფიციართა უმრავლესობა დღეს სარგებლობს მუნიციპალური პროგრამით, რამაც ძალიან ბევრი ოჯახს შეუმსუბუქა მდგომარეობა. ასევე, ვნერგავთ შშმ პირთა დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, ვეხმარებით დღის ცენტრებს. მნიშვნელოვანია შშმ პირთა საბჭოს საქმიანობაც ქალაქის მასშტაბით. 2018 წელს რქვსზე მეტი დიდი და მნიშვნელოვანი მასშტაბის შეხვედრა განხორციელდა, რამაც გაზარდა შშმ პირთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მოხდა მათი საჭიროებების უკეთ ასახვა საბიუჯეტო პროგრამებში.
– ზოგადად ქალაქის ადაპტირებაზე რას ფიქრობთ?
– ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სწორედ რადენიმე დღის წინ, ჩვენი ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დავიწყეთ ქალაქის ისტორიული ცენტრის აუდიტი, რომლიდ მიზანია დაადგინოს საჯარო სივრცეების, როგორიც არის ქუჩები, სკვერები, გადასასვლებები და გაჩერებები, ადაპტირების ხარისხი და შესაძლებლობები. მოხდება აღნიშნული ინფორმაციის ინტერაქტიულ რუქაზე განთავსება, ხოლო მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოახდინოს აღნიშნული სივრცეების ადაპტირება უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით. ჩვენი ქალაქი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის: შშმ პირებისათვის, მოხუცებისათვის, საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის თუ სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირებისათვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის.
– საინტერესოა, უსინათლოთათვის რა პროექტები გაქვთ?
– წელს პირველად ვიწყებთ პროგრამას, რომელიც უსინათლოთათვის გამცილებლის სერვისის დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული საკითხი წარმოდგენილ იქნა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომაზე, მოხდა ინციატივის გაცნობა და შემდგომ მისი გათვალისწინება 2019 წლის ბიუჯეტში.


– რა ტრადიციაა და საიდან იღებს სათავეს „გვირილობა“?
– გვირილობა ყველა ქუთაისელისათვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია. ის სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ქუთაისის გიმნაზიელი გოგონები ყიდდენ გვირილებს იმისათვის, რომ შეგროვებული თანხით დახმარება აღმოეჩინათ ტუბერკულიოზით დაავადებული პირებისათვის… ეს ძალიან კეთილშობილური და დიდსულოვანი ქმედება იყო მათი მხრიდან და აღმაფრთოვანებელია მსგავსი ქველმოქმედება გიმნაზიელების მხრიდან! ჩვენს დამოკიდებულებას ამ ტრადიციისადმი კარგად გამოხატავს ის ფაქტიც, რომ გვირილობას ანუ 2 მაისს ვზეიმობთ ქალაქის დღესაც.
– ქალბატონო ნინო, რა გიტაცებთ?
– ყოველთვის მიტაცებდა ხატვა, იმდენადაც, რომ ერთ დროს, მხატვრობაზეც სერიოზულად ვფიქრობდი. ალბათ, ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელის გადმოცემის საყვარელი ფორმა. სწორედ მხატვრობა იყო ჩემთვის სათქმელის ფორმა და საშუალება… ხშირად ვამობ, რომ სიტყვა – საუბარი ჩემი ძლიერი მხარე არ არის ემოციის გამოსახატავად, ამისთვის ფუნჯს და საღებავს ვარჩევ…
– საინტერესო გვარის შვილი ხართ…
– ნამდვილად, თვალთვაძეები საკმაოდ ცოტანი ვართ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენამდე მოღწეული ტრადიციის თანახმად, გვარში ერთი მამაკაცი მაინც უნდა გამხდარიყო სამღვდელო პირი. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ გვარი დიდი რაოდენობით არ გამრავლდა. თუმცა, საამაყოა, რომ მადლიანი გვარია და ქვეყანას და ეკლესიას მრავალი შვილი აჩუქა.
– მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…
– მე დიდი ოჯახი მყავს და ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამაყე, სიმდიდრე და სიძლიერეა. 3 შვილის დედა ვარ და როგორც ხშირად ვამბობ, სამ ძალიან განსხვავებულ ადამიანს ვზრდი. ჩემი მეუღლე, ვლადიმერ ჯღამაძე იმერეთის საგანგებო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელია. მასაც ძალიან საპასუხისმგებლო და სტრესული სამუშაო აქვს, მაგრამ ყველანი ძალიან ვამაყობთ მისი საქმიანობით. ოჯახის თითოეული წევრი ჩემი და ჩემი მეუღლის დიდი გულშემატკივარი და ხელშემწყობია. წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი საქმიანობა მათი მხარდაჭერის გარეშე.
– ქალბატონო ნინო, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი ტრადიცია რა არის?
– გარდა იმისა, რომ ყველა დღესასწაულს აღვნიშნავთ და აუცილებლად ერთად ვატარებთ, რამდენიმე ჩემთვის საყვარელი ტრადიციაც გვაქვს, მაგრამ ახალ წელს, როცა ერთად ვიკრიბებით ვაჯამებთ გასულ წელს, თითოეული ჩვენთაგანი ჩამოვთვლით რა იყო გამორჩეული და ასევე ვგეგმავთ მომავალ წელს. ასევე ვთვლი, რომ ჩვენი ოჯახებისათვის ღვინის დაწურვა, როგორც ტრადიცია, ძალზედ მნიშვნელოვანია და ვერც წარმომიდგენია ჩემი ოჯახი შემოდგომით, რთველის გარეშე. ტრადიციული შეჯიბრების გარეშეც წელი არ ჩაივლის, თუ ვისი ღვინო ჯობია.
– რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
– ოჯახი, სამშობლო, ღირსება!
– არ გიჭირთ, ქალს პოლიტიკაში?
– ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი საქართველოში. ცალსახა ფაქტია, რომ ქალებს უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, თუნდაც ერთი და იგივე პოზიციის დასაკავებლად. სუბიექტურად, ჩემს საქმიანობას არ ვაფასებ იმ რაკურსით, რომ ქალი ვარ და ამიტომ რაღაც უნდა გავაკეთო ან რაღაც არ უნდა გავაკეთო, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მივიღო ან არ უნდა მივიღო… ის, რომ ქალები უფრო მეტად ვართ სოციალურად ორიენტირებული, ესეც ფაქტია. რაც შეეხება მიჭირს თუ არა, კიდევ ვიტყვი, არასოდეს მქონია მოლოდინი, რომ ამ პოზიციაზე ყოფნა იოლი იქნებოდა. ყველაზე მეტად მიჭირს მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანის დახმარებას ისე ვერ ვახერხებ, როგორც მსურს… სამწუხაროდ, ყველას, ვინც მოდის, ვერ ვეხმარები… თუმცა, ვცდილობ, ვცდილობ მაქსიმალურად.


– და ბოლოს, რისი თქმა გსურთ ქუთაისისთვის, ქვეყნისთვის…
– ყველაფერი კარგად იქნება! ბევრად უფრო რთული პერიოდებიც გადაუტანია ჩვენს ქვეყანას! ქალაქს კი, რომელიც 3500-ზე მეტი წლისაა, კიდევ ბევრი საინტერესო წელი აქვს წინ, ქუთაისი ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს საქართველოს განვითარების ისტორიაში და ამაში ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ!