Levan Katsiashvili: At that point I feel the cape ...

3292

ავტორი: ეკა უმეკაშვილი

მსახიობობის სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. პიონერთა სასახლეში მხატვრულ კითხვაზე დადიოდა. სახლში ლექსები მიუტანია, კითხულობდა, რეპეტიციას გადიოდა და მიხვდა, რომ ეს საქმე ძალიან საინტერესოა და გადაწყვიტა თეატრალურ წრეზე შესვლა, თუმცა, მცირე ასაკის გამო არ მიიღეს. მხოლოდ რეპეტიციებზე დასწრების უფლება მისცეს. ასე დაიწყო ლევან კაციაშვილის სიყვარული მსახიობობისადმი…

ლევან კაციაშვილი: მახსოვს, როგორ ვემზადებოდი ამ როლისთვის. ჩემი აღმზრდელი პედაგოგი იყო ნანა ბეჟუაშვილი, რომელმაც მიმიღო და ფეხი შემადგმევინა ამ სამყაროში. ვნერვიულობდი. ზოგადად, ისედაც ვღელავ ხოლმე როლის შესრულების ჟამს. შემდგომში ჩემმა პედაგოგმა ელდინო საღარაძემ მითხრა: _ ლევან, შენ იმდენს ნერვიულობ, შვილო, რაც გაკეთებული გაქვს, ისიც კი გიფუჭდება. აი, ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შემდეგ ღელვა თანდათან გაქრა, რაც ალბათ უფრო მეტად დავრწმუნდი საკუთარ ძალებში. წინ და წინ გადადგმული ნაბიჯების მერე, იკლო ნერვიულობამ, თუმცა ეს ყოველთვის თან სდევს ჩვენს საქმეს. ღელვის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან კარგი მომენტია, სცენაზე მდგარსაც ეს ღელვა რაღაც დოზით, რომ გრჩება და გეხმარება კიდეც.

– ლევან, რომელი როლის შესრულება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?

– ჩემთვის ყველაზე საინტერესო ისეთი როლის გაკეთებაა, რომელსაც ჩემი ხასიათი არ შეესაბამება. ერთ-ერთი პირველი როლი, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვითამაშე, სწორედ ასეთი იყო. მიშა ბუკიამ დადგა სპექტაკლი „გულთამხილავის მსჯავრი“, ნარკომანს ვთამაშობდი. ეს თავისებურად საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან ეს გმირი საერთოდ არ იყო ჩემთან ახლოს და ამდენად, კიდევ უფრო მეტი შემძინა მუშაობის პროცესმა. ზოგადად ყველა როლი რთულია. თავისი სპეციფიკა აქვს ყველა გმირს, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, ყველას თავისი გასაღები აქვს, რომელიც უნდა მოძებნო და მოირგო. შვილებივით არიან როლები. ბევრი რამ გვეხმარება როლზე მუშაობისას, ლიტერატურის გადათვალიერება, ინტუიცია. ძალიან ბევრს გვკარნახობს თავად ცხოვრებაც, იღებს კომპლექსურ მონაწილეობას შენი გმირის სახის დასრულებაში, იოლი შესასრულებელი არცერთი როლი არაა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე როლი ძალიან იოლად გამომდის ან გამომივიდა.

– საოცნებო როლი…

– საოცნებო როლები არ მაკლია, მაგრამ მინდოდა მეთამაშა დოსტოევსკის „იდიოტი“. ჩემთვის ეს გმირი არის ყველაზე საინტერესო ადამიანი. ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლის თამაშიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ ფსიქოტიპითა და დამოკიდებულებებით მგავს.

– რომელია თქვენს ხასიათთან ახლოს?

– რეჟისორები კომედიური ჟანრის არტისტად აღმიქვამენ, რაც გულის სიღრმეში მწყინს. რა თქმა უნდა, კომედია საინტერესოა და რთულია. მე ვინ ვარ, ამის შესახებ ვისაუბრო, მაგრამ არის მომენტი, როცა სხვა ჟანრში გინდება თავის დანახვა. ნიკა საბაშვილმა დადგა „1945“, სადაც ვთამაშობდი ჰიტლერის მამას. გრიმით, ულვაშებით. პრინციპში რეალურად ის ფოტოებზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, გაცილებით მსუქნად ვიდრე მე, მაგრამ რეჟისორმა შემომთავაზა ამ ტიპის კონკრეტული ხედვით მიგნება და დადგმა. ყველამ ვიცით, როგორი პიროვნებაც იყო, ბავშვს რატომაც სცემდა, რატომაც შეიქმნა ჰიტლერი ისეთი, როგორადაც ჩამოყალიბდა.
ხანდახან ვთამაშობ ისეთ გმირებს, მათზე პიესაში არაფერი რომ არ წერია და ესეც საინტერესოა, ისეთი რამეებისთვის მიმიგნია, მიფიქრია, რომ კარგია ეს როლი, რომ მერგო თქო. შეიძლება ერთხელ გაიელვოს შენმა პერსონაჟმა სცენაზე და ის ერთი იყოს მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ხოლმე პატარ-პატარა ეპიზოდებში თამაში და ალბათ, აქედან გამომდინარე, ჩამოვყალიბდი ეპიზოდური როლების შემსრულებლად.

– რომელმა როლმა მოგიტანათ ყველაზე დიდი წარმატება?

– „შუა ქალაქში“, ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა ამ სერიალმა, სადაც ვთამაშობდი კომიკურ პერსონაჟს, „მახარაძე მახარაძე დემოკრატების“ პარტიაში პირველ ნომრად შესული კანდიდატის როლს, სერგოს, რომელიც მანამდე ავეჯის ხელოსანი იყო და სრულიად შემთხვევით მოხვდა საარჩევნო კამპანიაში. ეს პერსონაჟი შეიყვარა მაყურებელმა. თავიდან სულ რაღაც ერთი სერიით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და სეზონნახევარი გაგრძელდა. ამ სერიალით ბევრმა გამიცნო. ქუჩაში მხვდებოდნენ და მესალმებოდნენ. დღემდე მომყვება ცნობადობა სერგოსი. მოდიან ბავშვები და სელფებს იღებენ ჩემთან. სასიამოვნოა, როცა ხარ ცოტა მეტად ცნობილი.

– როგორც მაყურებელს, თეატრი უფრო მოგწონთ თუ ფილმი?

– მე, როგორც მაყურებელი, ეტყობა ძალიან გავფუჭდი. მიყვარს თეატრი, მაგრამ როდესაც ვზივარ და ვუყურებ სპექტაკლს, ავტომატურად, ჩემგან დამოუკიდებლად, მე გადავდივარ იმის ყურებაზე კი არა, მთლიანობაში რა ხდება, უფრო მეტი ყურადღება გამირბის მსახიობის მუშაობაზე და სხვა, ის რაც შეიძლება საინტერესო იყოს შენთვის, რუსულ სიტყვას მოვიშველიებ, რომ „იკაიფო“ იმით, რაც სცენაზე ხდება, ხშირ შემთხვევაში გვერდით მრჩება და რაღაცნაირად გული მწყდება ხოლმე. თეატრი უფროა ჩემთვის საინტერესო, თუმცა რაღაც ფილმებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. იქ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კადრი შედგეს. თეატრში ყოველდღიურად გიწევს უშუალო კონტაქტი მაყურებელთან. თეატრში შრომის პროცესი ყოველდღიურია და სწორედ ეს მომწონს. მოვა ზაფხული, წავალთ დავისვენებთ, ჩამოვდივართ. რა თქმა უნდა, გვახსოვს ყველაფერი, მაგრამ მაინც მაქვს ჩემს უჯრაში ჩადებული როლები, სადაც მიწერია ტექსტები და იმ დროს, როცა „ვიჭედებით“ სცენაზე, სპექტაკლის წინ ამოვაძრობ და გადავხედავ, როგორც საკონტროლოს წინ გადაიმეორებენ ხოლმე ბავშვები მასალას.

– იმპროვიზაცია ხშირად გაგიკეთებიათ?

– ჩვენი პროფესია იმპროვიზაციას არ ითვალისწინებს, იმპროვიზაცია სხვა რამეა. ჩვენს შემთხვევაში იმპროვიზაცია გვიწევს მაშინ, როცა რაღაცა ხდება ისეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო სცენაზე, რაც დადგენილი არ არის. ვთქვათ, რამე ჩამოვარდა და დაეცა ჩვენს წინ. სრულიად შესაძლებელია ბევრი რამ ხდებოდეს სპექტაკლის დროს. ამ დროს გიწევს იმ ფაქტის რამენაირად გამართლება. არ ვიცი, ეს როგორ გამოგივა იმ მომენტში. არის ხოლმე მომენტი, როდესაც პარტნიორს ტექსტი შეეშლება, რაღაცას არ გეუბნება ისე, როგორც წერია. ჩვენთან ბევრი სპექტაკლია ყოველდღიურად. ერთი როლიდან მეორე როლზე გადადიხარ. ხშირად გრიმის მოხსნას ვერ ასწრებ…

– რას შეცვლიდით თანამედროვე თეატრში?

– მე ცოტა უფრო ძველი თეატრის მოყვარული ვარ. არც ისეთი დიდი მსახიობი ვარ, რომ ამ ყველფერზე ვილაპარაკო, თუმცა ჩემი აზრი გამაჩნია. მე ერთპიროვნულად, ალბათ, ჩემდა სამწუხაროდ, რაღაცნაირად არ მიყვარს ახალი თეატრი. არა იმიტომ, რომ მეშინია ახალ თეატრთან შეხების, ან ახალი თეატრი რამე ისეთს შემომთავაზებს, რაც ჩემთვის რთული იქნება, მაგის შიში არ მაქვს. ცხოვრებაში არ ვმდგარვარ გორგოლაჭებზე, თუმცა თამარ თუხარელის სპექტაკლში „თოვლის დედოფალი“, სადაც მეზღაპრე ვიყავი, სცენაზე გორგოლაჭებით შევდიოდი და ვიწყებდი თხრობას. შემდეგ იხსნებოდა ფარდა, სათითაოდ მივდიოდი, უფრო სწორად „მივგორდებოდი“, ყველა გმირთან და ჯადოსნური ჯოხით ვაცოცხლებდი. ეს ჩემთვის რთული იყო. ფიზიკური მომზადება აუცილებლად მჭირდებოდა. გამიხარდა, რომ ძალიან მალე მოვაბი ამ ყველაფერს თავი და უკვე სპექტაკლის წინ აღარ შევშინდი, რადგან ფიზიკურად მზად ვიყავი. თანამედროვე თეატრში რაც არ მომწონს არის ის, რომ რაღაცეები ჩემთვის გაუგებარია. ვთვლი, რომ მარტო ემოციებით გადმოცემა საკმარისი არ არის. ცოტა სხვა რამეებია უფრო მნიშვნელოვანი. არის სპექტაკლები თანამედროვე თეატრში, სადაც ემოციაზეა, ეფექტებზეა ძალიან ბევრი რამ გათვლილი. ჩემთვის ეფექტი არის მსახიობი სცენაზე, როდესაც დგას სცენაზე და ვუყურებ, ამ დროს კეფიდან დამბურძგლავს და თმა ყალყზე მიდგება ხოლმე. იმ მომენტში ვგრძნობ იმ „კაიფს“, რაც მსახიობისგან და სპექტაკლიდან მომდის. ეს არის ჩემი შეფასების ერთ-ერთი საზომი. სამწუხაროდ, დიდი ხანია ეს არ მიგრძვნია. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ გამიქრა ეს გრძნობა. რატომღაც აღარ მემართება, არ ვიცი რატომ. აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვითავისებ ახალი თეატრის შემოთავაზებას. დღეს სპექტაკლები ძალიან გათანამედროვებულია. ვეთანხმები რეჟისორებს, რომ ის, რაც კლასიკა იყო, თუნდაც ნახევარი საუკუნის წინ, დღესაც ისე რომ დადგა, უბრალოდ სასაცილო იქნება. თუმცა არც ასეთი გათანამედროვებული სპექტაკლები მიყვარს, სადაც ნაწარმოები მთლიანად ამოტრიალებულია. ეს უკვვე აღარაა ის დასახელება, რასაც მერე მაინც არქმევენ, აღარაა ის, რაც უნდა იყოს. ამიტომ, ხშირადაა მომენტი, როდესაც წიგნი გაცილებით მეტს გვაძლევს, ვიდრე მივდივართ და სპექტაკლკს ვნახულობთ. ეს, რა თქმა უნდა, რეჟისორის უფლებაა, გარკვეული ინტერპრეტაცია შეიტანოს თავის ნამუშევარში, მაგრამ მე არ ვარ იმის მომხრე, რომ დაინგრეს ნაწარმოები, მითუმეტეს, როცა გაუგებარი ხდება ჩემთვის. არ ვიცი, შეიძლება მე ჩამოვრჩი დროს, მაგრამ სხვებისთვისაც გაუგებარი რომ ხდება, ვმშვიდდები და ვფიქრობ, მარტო მე არ ჩამოვრჩენილვარ ცხოვრებას. მივესალმები ყველაფერს, რაც ახალია, მაგრამ უნდა ითქვას გასაგებად. ბევრი ახლად დადგმული სპექტაკლი გვერდს უვლის იმას, რაც ნაწარმოებშია მოცემული, იმიტომ, რომ სხვანაირი ინტერპრეტაცია მოუნდა რეჟისორს. თუმცა, მთავარი თუ არ დაირღვა, იყოს ახალი სპექტაკლი. „ნაცარქექია“ ბატონმა დიმა ღვთისიაშვილმა სრულიად ახლებურად დადგა, ამ სპექტაკლშიც არ ვთამაშობ დიდ როლს. ერთი ეპიზოდი მაქვს, კომიკური. ყაჩაღი მოდის მეორე ყაჩაღთან ერთად, მაგრამ ძალიან კომიკური პერსონაჟები არიან, არა ბოროტები და საშინლები. ნადავლს ვერ იყოფენ და ამ დროს მოადგებათ ნაცარქექია, რომელიც ხეზე იყო ამძვრალი ამათი შიშით და საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.

– როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

– მომავალ გეგმებს რაც შეეხება, მზად ვარ ყველა სიახლისთვის, ახალი შემოთავაზებებისთვის. ვცხოვრობ თეატრის ცხოვრებით, როლიდან როლამდე, გმირიდან გმირამდე…