Temur Chalabashvili: They are born geniuses, I've got to ... If you do not like Tbilisi, you should not be disturbed ...

7541

ავტორი: თინათინ ჭედია
მიყვარს მშრალ ხიდზე გავლა, საინტერესო, ძველი ნივთების დათვალიერება, ტურისტების აღფრთოვანებული სახეების მზერაც, რაიმე ანტიკვარს, რომ წააწყდებიან და აქ, ამ ქალაქში, იაფად რომ ყიდულობენ…
ძველ ფოტოაპარატებს ვათვალიერებდი, შემოვტრიალდი, ჩემს ზურგს უკან კაცი იდგა, მობილური ტელეფონით, ხმამაღლა და ემოციურად ელაპარაკებოდა ვიღაცას. მისმა მწვანეთვლიანმა ვერცხლის ბეჭედმა მიმიზიდა, მერე დახვეწილმა თითებმა… მოკლედ, დავინტერესდი მისი გარეგნობით, წინ წავედი და კვლავ უკან გამოვხედე, ის ისევ იდგა და ლაპარაკობდა, სრულიად ჭაღარა თმითა და წვერით, ქართული იერით, ჭაბუკური, მუქი თაფლისფერი თვალებით…
ჩაცმულობაც სხვანაირი ჰქონდა, შინდისფერი პერანგი ეცვა, ვერსად რომ ვერ იყიდი, აშკარად, კონკრეტულად ამ ადამიანისთვის იყო შექმნილი ქართული ელემენტებით. ფეხზეც უცხო რამ ეცვა, სხვას რომ არ აცვია, იმგვარი, არქაული ელემენტებით, იმავდროულად თანამედროვეც…
მივხვდი, არ იყო უბრალოდ ელეგანტური, ან უბრალოდ ინტელექტუალი კაცი… გზად აკვიატებული ფიქრი გამყვა, – ნეტა, ვინ არის ეს კაცი!
რამდენიმე დღის შემდეგ, სამსახურში მიმავალმა, კვლავ ნაცნობი ხმა გავიგონე, დავეწიე წინ მიმავალს და ისევ ის მწვანე ბეჭდიანი ხელი დავინახე, გამეღიმა და გზა გავაგრძელე. ახალ სამსახურში მივდიოდი, „ქართული ელიტის“ რედაქციაში.
ოთახში მჯდომს ისევ ის ხმა ჩამესმა, ვიფიქრე უკვე მელანდება ამ ელეგანტური კაცის ხმა მეთქი, მაგრამ ოთახის კარი რომ გავაღე, ზუსტად ეს კაცი, ჩვენი კარის მოპირდაპირედ კარს აღებდა გასაღებით და კვლავ ტელეფონზე ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობდა. გავოცდი, კვლავ გამეღიმა…
მოკლედ, ეს მწვანეთვლიან-ბეჭდიანი კაცი, აღმოჩნდა მწერალთა კავშირის ახლანდელი თავმჯდომარე, ჟურნალისტი და პოეტი, ბატონი თემურ ჩალაბაშილი. გასულ წელს ქალაქ „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდებაც რომ მიანიჭეს. სცენაზე მდგომმა თქვა: თბილისელობა თბილისში გაჩენას არ ნიშნავს! თბილისს თუ არ ამშვენებ, არც უნდა ამახინჯებდე! „ქართული ელიტა“ ულოცავს მას ამ დიდ ტიტულს, მშვენიერსა და ლამაზ, მშვიდობისა საქართელოში ცხოვრებას უსურვებს!

თემურ ჩალაბაშვილი: ისე დიდი ხნის წინ დავიბადე, რომ აღარც მახსოვს, როგორც მითხრეს, ეს იყო 1951 წელი, 12 ნოემბერი, მაგრამ დაბადებით გენიოსები იბადებიან, ჩემნაირი ხალხი და ჩემი მსგავსი პოეტები ჩნდებიან. მე გავჩნდი, დაბადების დღეები კი არა, გაჩენის დღეები მაქვს. ნოემბერი ჩემი თვეა, ძალიან მიყვარს, მაგრამ მამაჩემს 1951 წლის მაგივრად, 1952 წელი ჩაუწერინებია.
– ბატონო თემურ, საინტერესოა, რატომ დაგაპატარავათ?
– იცით, რაზე უფიქრია? რომ მე, უნივერსიტეტში ორჯერ ჩაბარების შესაძლებლობა მქონოდა, მაშინ, სასწავლებლები იხსნიდნენ ხოლმე ბიჭებს ჯარიდან და მამაჩემს არ უნდოდა რუსულ ჯარში მემსახურა, არ მოსწონდა, შემდგომში არც მე მომწონდა… მართალია, თბილისში ჩავისახე, მაგრამ დავიბადე კახეთში, ქიზიყის რაიონში, კერძოდ, სოფელ ძველანაგაში, ვამაყობ ქიზიყელობით, ვცდილობ, ვიყო მართალი კაცი, რასაც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს, სურვილის მიუხედავად. რომ არ დავიტრაბახო, ვარ კიდევაც მართალი ადამიანი.

– სკოლაც იქვე დაამთავრეთ?

– სკოლაც კახეთში დავამთავრე და მერე, მომიწია დედაქალაქში ჩამოსვლა.

– თქვენს მშობლებს თბილისში ჰქონდათ თავიანთი ბინა?

– ჩემი მშობლები, თავადაც სტუდენტები იყვნენ, ცხოვრობდნენ ბელინსკის ქუჩაზე, ერთ მოხუცებულთან, მას უთხოვია მიპატრონეთო და ბინას დაგიტოვებთო, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ეს ბინა დაკარგეს.

– ვერ მოუარეს მოხუცს?

– სწავლის დასრულების შემდგომ მამას სამსახური სიღნაღში ჰქონდა, იქაც ანაგიდან დადიოდა სამუშაოდ, მაგრამ, მე რომ ჩამოვედი დედაქალაქში, მშობლებმა პატარა ბინა მიყიდეს კლარაცეტკინზე, ეხლანდელი წინამძღვრიშვილის ქუჩა რომაა იქ. ჰო, და მას მერე მოვდივარ, 50 წელია თბილისში ვცხოვრობ. გუშინ ჩემს ვაჟს _ ბეჟანს ვეუბნებოდი, სხვათაშორის, მამაჩემის სახელი ჰქვია, რომ 2019 წელს ჩემი თბილისში ცხოვრების 50 წლისთავი უნდა გადავიხადო თქო.

– ბატონო თემურ, რომელ წელს გახდით სტუდენტი?

– 1969 წელს დავამთავრე სკოლა, ხოდა, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე და დავიწყე სწავლა. მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არ იყო, განყოფილება ერქვა, იყო ფილოლოგია და ჟურნალისტიკა, მაგრამ საჭირო იყო გქონოდა ორი წლის მუშაობის სტაჟი, სადმე უნდა გემუშავა გამომცემლობაში კურიერად ან სტამბაში, რომ შეგეტანა საბუთები ამ განხრით. პირველ წელს ფილოლოგიურზე ვაბარებდი, ვერ მივიღე სასურველი ნიშანი უცხო ენაში და დავრჩი გარეთ. ორი წელი ვემზადებოდი, თან ვმუშაობდი უნივერსიტეტის სტამბაში. აკაკი შანიძის ნაწერები მიტარებია, მის და კიდევ, სიმონ ყაუხჩიშვილის, გიორგი ახვლედიანის, ვარლამ თოფურიას, არლონდ ჩიქობავას, დიმიტრი მგელაძის, დიდი მეცნიერების განარებზე გამივლია… მუშა ვიყავი, ოღონდ, უზომოდ ბედნიერი.

– ლექსების წერა როდის დაიწყეთ?

– მეშვიდე კლასიდან დავიწყე ლექსების თხზვა.

– არც ისე პატარა ყოფილხართ, საკმაოდ შეგნებული ასაკია. ბატონო თემურ, წინაპრებიდან გყოლიათ ვინმე ისეთი ვინც პოეზიას ქმნიდა?

– არა, არ მახსოვს, ვინმე პოეტი ყოფილიყოს, არც გადმოცემით, შორეულ წარსულში თუ გვყავდა ვინმე, თუნდაც ნათესაობაში ლექსების შემქმნელი, მაგრამ პოეზიის მოყვარულები ნამდვილად იყვნენ.

– როგორ გახდით ყმაწვილობაშივე ცნობილი პოეტი?

– ჩემი სტუდენტობის დროს გამოდიოდა ჟურნალი „პირველი სხივი“, სადაც ჩვენი, ახალგაზრდების ლექსები იბეჭდებოდა. ჩემი ლექსები იბეჭდებოდა აგრთვე გაზეთ „უნივერსიტეტში“. პირველი ლექსები გიორგი ნატროშვილმა დამიბეჭდა ჟურნალ „დროშაში“. ვიბეჭდებოდი „მნათობში“, „ცისკარში“, და ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული, ისეთი ბედნიერი დავდიოდი რუსთაველის პროსპექტზე, ასე მეგონა ქვეყანამ იცოდა, რომ მე, ლექსი გამომიქვეყნეს! თუ მეტყოდნენ, რომ ეს რა კარგი ლექსი დაგიწერიაო, სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა გულში.

– ჰონორარები იყო ბატონო თემურ?

– ჰონორარები როგორ არ იყო, ჩვენ უფულო ბიჭები ვიყავით, სიხარულით გავრბოდით ფულის ასაღებად და მერე ვქეიფობდით ხოლმე, ჯიბის ფულიც გვრჩებოდა. ეს იყო საუკეთესო, სიხარულით სავსე წლები.

– გამიგია, რომ რესპუბლიკის მასშტაბით ყველგან იბეჭდებოდით, არა მხოლოდ ლექსები ქვეყნდებოდა თურმე თქვენი, ასე იყო?

– დიახ, საკმაოდ სასურველი ავტორი გახლდით.

– ბატონო თემურ, ვიყავი ერთხელ ქიზიყისკენ რთველში და მე ვერ მოვწყვიტე იმგვარად ვაზის მტევნები, როგორც ამას თავად კახელები აკეთებდნენ, ლამაზად, ლაზათიანად. რატომ ვერ შევძელი მიბაძვაც კი?!

– შალვა ნატროშვილია, ერთი კარგი მხატვარი კაცი და იმან მითხრა, რომ მე თურმე, ყურძენს სულ სხვანაირად ვჭამ, – აი, სულ სხვანაირად, მარცვლავ და ისე მიირთმევო. მახსენდება პაპაჩემი, როცა რთველში ვინმე უხეშად მოსწყვეტდა მტევანს, სამწუხაროდ, ყველა დანას არ ხმარობს ამ დროს, და მარცვლები მიწაზე განიბნეოდა, ის სათლით ხელში კვალს მიჰყვებოდა და ძირს დაყრილ მარცვლებს აგროვებდა. ამას სიძუნწის გამო კი არ აკეთებდა, უბრალოდ, ენანებოდა დასაკარგად ეს ღვთიური ყურძნის მარცვლები. ესაა სიყვარლი!

– თქვენი წინაპრები, ბებია-პაპები როგორ ცხოვრობდნენ, რაგვარად გახსენდებათ?

– როგორც მოგეხსენებათ, კახეთი მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის რეგიონია. დედის მხრიდან პაპას ცხვრები ჰყავდა იმდენი, რომ გაკულაკებაც კი აკადრეს, როცა კოლექტივიზაცია დაამკვიდრეს კომუნისტებმა. ამიტომ მე, მთელი მესხეთ-ჯავახეთის მშვენიერება შეგრძნობილი მაქვს, დარალები ფეხით გავიარე. ჩვენი ცხვარი თურმე იქ რჩებოდა შემოდგომის ბოლომდე და მერე ჩამოყავდათ კახეთში, გამოაზამთრებინებდნენ და ისევ მესხეთ-ჯავახეთში წაიყვანდნენ და პაპაჩემი ისეთი დონის მწყემსი იყო, რომ მცნობიც კი გახლდათ.

– მცნობი რას ნიშნავს ბატონო თემურ, არც გამიგია!

– ოოო, ეს საინტერესო შინაარსის მქონე სიტყვაა. აი, გეტყვით, მაგალითად, ათას სულიან ფარაში თუ დაიკარგებოდა ბატკანი, პაპაჩემი ცნობდა თითოეულ მათგანს და მიჰგვრიდა ხოლმე საკუთარ დედას. პირველ მსოფლიო ომში პაპაჩემი არ აომეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი დონის, მცნობი მწყემსი იყო. ორმოცი წელი მწყემსა პაპამ ცხვარი. „ტრუპკა“ გიორგის ეძახდნენ.

– ამ ზედმეტ სახელს რად ეძახდნენ, რას აკეთებდა ამისთანას?

– რასა და, მაღალი ყალიონით ეწეოდა თუთუნს, მაგრამ მე რომ გავჩნდი, დედაჩემის მამამ, გიორგი ღვედაშვილმა, ყალიონის მოწევას თავი დაანება, ჩემს თემურს ფილტვები არ დავუზიანოო და გადააგდო „ტრუპკა.“

– ყოველთვის ამგვარად გამორჩეულად გაცვიათ ხოლმე?

– დიახ! მე ვგრძნობ, როდის რა უნდა ჩავიცვა.

– ყოველთვის მიმზიდველი და ელეგანტური ბრძანდებით, შეუძლებელია ადამიანმა თვალი არ მოგაპყროთ. ძალინ ფერადოვნად და იმავდროულად სადად გამოიყურებით, ასაკიც გათვალისწინებული გაქვთ და ყველაფერი გიხდებათ, თუ უხდებით, ეგ უკვე აღარ ვიცი…

– მე ვიცი ჩემი დიზაინი, შემიძლია ძველმანებიც გამოვიყენო, როცა საჭიროა. აი, ეს – კაშნეზე, ბებიაჩემის ნაქონი მოსახვევია, მაგრამ მე, რაც არ უნდა ჩავიცვა, ყველაფერს უხდება. მყავს ჩემი მკერავი, რომელიც თანამედროვე სამოსს ქართული ელემენტებით მიკერავს.