ქეთევან ყურაშვილი: მის დაწერილ ხატს ის მადლი აღარ ექნება…

5092

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი

პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს მიიჩნევენ, მან ღვთისმშობლის ხატი დაწერა. „ღვთისმშობელი ყრმით“, რომელსაც ეწოდა ოდიკიტრია. ხატწერის ხელოვნება რომელიც ხელოვნებაში დაიბადა, მდიდრდებოდა საუკუნიდან საუკუნემდე.

ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სკოლის ხატწერის პედაგოგი ქეთევან ყურაშვილი.

– ქალბატონო ქეთევან, რას ნიშნავს ხატწერა და რაში მდგომარეობს მისი არსი?
– ხატწერა არის მდუმარე ქადაგება. ეს არის სახარება, რაც ნათლად აისახება ფრესკებში, მასში აუცილებლად უნდა იყოს დაცული წესი, კანონიკა და არა ფორმები და ნატურალიზმი. ხატი ლოცვის დროს შუამავალია უფალთან. ხატწერის კანონიკა ჩამოყალიბდა წარმართობის დროიდან, მაშინ გამოიყენებოდა სიმბოლოები, შემდეგ მეოთხე საუკუნეში ყალიბდება კანონიკა, მეხუთე – მეექვსე საეკელესიო კრებებზე აყვანილი იქნა ლიტურგიის დონეზე. ხატის პატივისცემა შედარებულია ლიტურგიასთან, საბოლოოდ მისი თაყვანისცემა დაკანონდა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე.
– როგორ მიმდინარეობს ხატის შექმნის პროცესი?
– ხატის შექმნის პროცესი პირველ რიგში იწყება სულიერი სიმშვიდით და მიმდინარეობს ლოცვით, მოკრძალებით და უდიდესი პასუხისმგებლობით. ხატმწერმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ის ხატავს წმინდანს, შიშით და კრძალვით შეუდგეს საქმეს.


– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხატმწერის შინაგან მდგომარეობას იმისთვის, რომ ხატმა მორწმუნის სული ზეცისკენ მიაქციოს?
– ხატმწერი თუ შინაგანად არ არის მლოცველი, ეს ხატზე აუცილებლად აისახება, მის დაწერილ ხატს ის მადლი აღარ ექნება რაც მლოცველს სჭირდება. მე პროფესიით ვარ ფერმწერი, დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი, შემდეგ სამხატვრო აკადემია რესტავრაციის ფაკულტეტი, ამიტომ კარგად მესმის რას ნიშნავს როდესაც ხატს წერ და როდესაც ნახატს ხატავ. ფერწერა მოითხოვს სრულ თავისუფლებას, ხატწერა კი მოკრძალებას და სულის სიფაქიზეს.
– ჩვეულებრივ მხატვრობაში უფრო თავისუფალია ადამიანი, შეუძლია ხატოს რაც უნდა, ხატს კი ნებისმიერ დროს ვერ შექმნი, ამისთვის სულიერი მომზადებაა საჭირო, რა განცდა დაგეუფლათ როდესაც ილია მართლის ხატს წერდით?
– რაც შეეხება ილია მართლის ხატს, ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან მე ვასწავლი საპატრიარქოს ილია მართლის სკოლაში და ხატწერაც ჩვენი უწმინდესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დავიწყე, ყოველთვის მინდოდა წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხატის დაწერა, როდესაც გადავწყვიტე ხატზე მუშაობის დაწყება ამ პერიოდში ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილის ინიციატივით მივიღე მონაწილეობა პრემია ივერიაში“ და მათ გადავეცი ხატი საჩუქრად. ეს ხატი დაბეჭდილია წიგნში „ივერიის“ გარეკანზე და ასევე გამოსახულია წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ორდენებზე, სიგელებზე. ჩემი შექმნილი წმინდა ილია მართლის ხატი დატანილია ორდენებზე, რომლებიც გადაეცემათ მხოლოდწმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ გამარჯვებულებს და აღნიშნული პრემია, პროექტ-კუნკურსისთვის და ილიასთან დაკავშირებულ მოღვაწეებს. ასევე ამ პროექტში ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი, სადაც იგივე ხატია დაბეჭდილი. სწორედ წმინდა ილია მართლის ეს ხატი წელიწადში ათასზე მეტი ვრცელდება სრულიად უფასოდ, პრემია „ივერიის“ ხელშეწყობით, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მეამაყება და მადლობელი ვარ უფლის. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი დაწერილი ხატები ბევრ ტაძარს და არაერთი მორწმუნის ოჯახს ამშვენებს.


– ქალბატონო ქეთევან, რამდენად საინტერესოა ბავშვებისათვის ხატწერა და როგორ ესმით?
– ჩემი სკოლის ბავშვებში ხატწერისადმი ინტერესი ძალიან დიდია, მიუხედავად იმისა, რომ ხატწერაში ყოველთვის ვითხოვ სიზუსტეს და პატარა შეცდომასაც არ ვპატიობ მათ, ჩემი მოსწავლეები დიდი სიყვარულით და მონდომებით წერენ ხატებს. ჩვენ არაერთი გამოფენა გაგვიმართავს წმინდა სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. კამყოფილი ვარ მათი სწავლით, მონდომებით და მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.