მაყვალა გონაშვილი – ცისარტყელების ბინადარი

3979

მაყვალა გონაშვილს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა

ავტორი: ზაალ ბოტკოველი

ამ წერილს ერთი უბრალო დანიშნულება აქვს – მკითხველს აუხსნას, თუ რატომ უყვარს მის ავტორს მაყვალა გონაშვილის პოეზია და თავად ამ პოეზიის შემოქმედი.
მაყვალა გონაშვილის ლექსების პირველ კრებულს „ყაყაჩოების კოცნა“ ჰქვია და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ მისტიურმა, ფეერიულმა კოცნამ ისეთი კოცონი დაანთო, რომ მისი მხურვალება და სინატიფე დღემდე ლაიტმოტივად დაჰყვება პოეტის შემოქმედებას. არსთაგამრიგემ თითქოს სხივით ნაქარგი ქალამნები ჩააცვა ფეხზე, გიშრის თმაზე ჯიღა დაადგა და ისე გაუშვა პოეზიის უღრანებში სახეტიალოდ და თან მიანიშნა, რომ სახიფათო, ფათერაკებითA და ტკივილებით სავსე გზებით ევლო, თუ უნდოდა, მისი შემოქმედება ნაღდი პოეზიის ტვიფარით ყოფილიყო აღბეჭდილი. თუ რამ ჩაიბეჭდა სულში ამ მშვენიერმა პოეტმა, რომლის შემოქმედების გარეშეც უკვე წარმოუდგენელია XX-XXI საუკუნეების გზაგასაყარის ქართული პოეზია, ის ჩაიბეჭდა, რომ მისთვის უპირველესი საფიცარი და საესავი მიწის ის ბელტია, სამშობლო რომ ჰქვია სახელად, ოცნებებით უხედნავ ქარებს ადევნებული ქვეყანა, კაცობრიობის მადლსა და მირონს რომ წარმოადგენს – და კიდევ დედამიწის მარილს, რომლის გარეშე პეწი და ელვარება მოაკლდებოდა ჩვენს ცისფერ, ულამაზეს პლანეტას. ჯანსუღ ჩარკვიანი, ქართული პოეზიის ჭეშმარიტი მაესტრო, წერდა: მაყვალა გონაშვილის ლექსთა მშვენიერება, როგორც წვიმის შემდეგ ცისარტყელა, ისე გამოკრთა ცაზე… მე ვგრძნობდი, იმ ბავშვურსა და პირველყოფილ გულუბრყვილობას, რომელიც „საფანელია ჭეშმარიტი პოეზიისა“.


რა უნდა იყოს ლამაზი ქალის მშვენიერი ლექსების გამოსარჩლებაზე უფრო საამაყო, როცა იგისევდით სავსეა, როგორც ღრუბელი და თვით არ იცის, როდის იწვიმებს“. – ეს ფრაზა კი ქართული მწერლობის კლასიკოსს ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის, რომლის დათა თუთაშხია~ ქართველობისთვის ბიბლიის სადარ წიგნად იქცა. განა რაღა უნდა დაწერო ამაზე უკეთ, განა როგორ უნდა შეაფასო ამ დიდებული ქალბატონის შემოქმედება, რომ რაიმე ახალი და ღირებული წამოგცდეს... მაყვალა გონაშვილი ხომ ათეული წლებია, რაც ფეხშიშველი მიუყვება ეკლიან უცნობ ბილიკებს და თან ათასი ჭორი, ტყუილ-მართალი მიჰყვება საპყარი მათხოვრის გუდასავით. არც კი ახსოვს, როდის და როგორ შეაჭრეს ფრთები, როგორ დაუხშეს ზეცის კარები. სული დაბზარული ხორნაბუჯივით კბილით უჭირავს და მაინც არ ტყდება, არ ნებდება წუთისოფლის მდინარებას, მზის სხივებით ქსოვს ჩალისფერ დროშებს, კემსავს მეტაფორებით გაცვეთილ ფარდაგს, ბავშვივით ეთამაშება სიკვდილს, კაცისა და მიწის უღელში შებმულია და აქეთ გვებოდიშება, აქეთ გვთხოვს პატიებას, ნუ გამიწყრებით, თუ მარტის სულელ ამინდებს ვგევარო. მის სულში ხომ ყოველივე ისე მეორდება, როგორც ასი, ორასი, ათასი, მირიადი წლის წინ მეორდებოდა: ფოთოლცვენა, ქარი და წვიმა, სიყვარული და თავგანწირვა, ერთგულება და ღალატი. ძნელია ყოველივე ამის ატანა, ამის გადახარშვა, მაგრამ პოეტია და უძლებს. რატომ? იმიტომ, რომ ისიც კარგად მოეხსენება, მის ნატერფალზე ცრემლები მზისფერი იებად ამოიწვერება ხოლმე და არნახული სურნელით აბრუებს გარემოს. მაყვალა გონაშვილი ქართველი პოეტია, თხემით ტერფამდე ქართველი პოეტი, ქართულ სიწმინდეებში ჩაკირული პოეტი და რა გასაკვირია, გულის გულში ჰქონდეს ამოტვიფრული ილია ჭავჭავაძის – წმიდა ილია მართლის სამება – მამული, ენა, სარწმუნოება. ამდენმა ფიქრმა და დარდმა ჟამივით ხელი დამრია, შენს წილხვედრ მხარეს მიხედე, გვედრებ, ქალწულო მარიამ! ევედრება ღვთისმშობელს, ევედრება ღვთიური მადლით სხივმოსილ მაცხოვარს და უფლის ხილვას დანატრებული სხივს მიჰყვება ზეციური სანახებისაკენ, წმინდა საუფლოსაკენ, მაგრამ ყველა კარი და დარაბა დახშული ხვდება. გამჭვარტლულ ცაზე როგორ გიპოვო, უზენაესოო, _ აღმოხდება სასოწარკვეთილს. ეს ტრაგიზმით სავსე განცდა რეალობისა ბევრ რამეზე დააფიქრებს პოეტს, თუნდაც იმაზე, რომ მისი საესავი სამშობლო, მისი საესავი ქართველობა ვერ ცხოვრობს ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ღვთისმოშიში ერი, რომლისთვისაც უპირველესი ჭეშმარიტება უფლის ათი მცნება უნდა იყოს. ის რასაც ახლა დავწერ, შეიძლება მთლად არ ესადაგებოდეს ამ წერილის დანიშნულებას, მაგრამ... ეს რა უამური ჟამი დაგვიდგა, ქართველებო, როცა ერთი ხელით ვზღუდავთ (სრულიად სამართლიანად) თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარებას, ხოლო მეორეთი ვაკანონებთ თამბაქოზე მირიადჯერ მეტი ბოროტების მომტანი ნარკოტიკების ლეგალიზაციას. ალბათ,ამიტომაც შემოგვწყრა უფალი და კიდევ სხვა უამრავი ცოდვისა თუ ბოროტების გამო. მაყვალა გონაშვილი კი ეძებს გზას ხსნისას და მიდის იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ არაფერი არ გვეშველება, თუ არ შემოაბიჯებს ამ ქალაქში მზესავით კაცი სხივზე მაღალი, ძე _ ცისა და მიწის... და კიდევ: არ გვეშველება მანამდე, სანამ საკუთარ გულში, საკუთარ სულში არ მოვიძიებთ და არ აღმოვაჩენთ არსთაგამრიგეს ჩვენსას. თავად პოეტს კი მისი წილი ქრისტეს კვართი და სამსჭუალი დიდი ხანია სულში საგულდაგულოდ გადაუნახავს და ისე მიუყვება გოლგოთის გზას, თან თანამოძმეთ მოუწოდებს, ტაძრისაკენ მიმავალი გზა ეძიონ, მით უმეტეს, რომ საქართველოს დედაეკლესიას დღეს ჭეშმარიტად ღვთის კაცი – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდგას სათავეში. ღვთის კაცი, რომლის სიბრძნემ, გონიერებამ, წინდახედულებამ არაერთხელ იხსნა საქართველო უბედურებისაგან. მადლობა უფალს, თქვენ მოგანდოთ ბედი ქართლისა, ლოცვით და ცრემლით აგივსიათ სიბრძნის სალარო, რადგან თქვენ მყევხართ, მზის ნათელი ადგას ჩემს მამულს, სამოციქულო ეკლესიის მამამთავარო! მიმართავს პოეტი საქართველოს მწყემსმთავარს და ეიმედება მისი, ეიმედება, რომ ღვთისშობლის წილხვდომილი ქვეყანა გადარჩება, თუმცა ეჭვი მაინც ღრღნის და მოსვენებას არ აძლევს. აბა, რა მოასვენებს, როცა ხედავს, რომ საკუთარი ფესვები გადავჭერით, ფრთები მოვკვეთეთ ფუძის ანგელოზს, როცამოხვევია ჭიგოს ვნებით ვაზის ნაცვლად უსურვაზი~, როცა ხომლის მთაზე ასულს ზვრების ნაცვლად საზამთროს ბაღჩები ხვდება, იმ საზამთროსი, ყიზილბაშთა ჩალმიან თავებს რომ აგონებს. დიახაც რომ ძნელია და ტკივილამდე აუტანელი იმის დანახვა, როგორ შემოხვევია ვაზს ეკალბარდი:


ჩვენო საგალობელო,
შენ ნათლულო მზისა,
ნინოს თმით დახლართულო,
ხეო სიწმინდისა.
გაჩუქურთმეთ ტაძრებზე,
ვით ღვთისმშობლის ხატი,
გვინათებდა სტრიქონებს
შენი ათინათი.


რამდენი სევდა და ვაებაა ჩაღვრილი ამ სტრიქონებში, რა მართალია პოეტი, როცა ხმამაღლა აცხადებს, გადახსნილი მაქვს ყველა ჭრილობა, სისხლით კი არა, სევდით ვიცლებიო. აბა, სხვანაირად რა იფიქროს და მოიმოქმედოს შემოქმედმა, როცა გონებადანისლული ქართველები მხოლოდ ხინკლის ოხშივარიდან შესცქერიან საკუთარ ქვეყანას და ლამის ლოთის სიყვარულივით ჩაატიონ ჭიქაში ივერთა მხარე. სწორედ ამ დროს ხვდება ქალბატონი მაყვალა, რომ მის გენში მისი დიდი წინაპრების შემკრთალი სული კივის და ბორგავს. დიახ, ცარგვალზე აცახცახებული ვარსკვლავების ხომლის ფონზე თრთიან და შფოთავენ წინაპართა წმინდა სულები და მოსვენებას არ გვაძლევენ, რადგან ამ ქვეყანაში ქარი რომ ქრის, ქარი კი არა, მამულის კვნესაა, წვიმის დროს კი წვიმის წვეთების ნაცვლად უფლის ცრემლი მოგორავს ტატნობზე… ჩვენს მიტოვებულ სოფლებს კი ერთადერთ ერთგულ ჭირისუფლად ქარბორბალა შერჩენია, წალეკვით რომ ემუქრება ყველას და ყველაფერს. სწორედ ამის შემხედვარეს აღმოხდება მუნკის კივილივით პოეტს:
ეს ლექსი არაა, ეს ჩემი ცრემლია,
ამდენ ხანს გულით რომ ვმალე,
როდის გათენდება, როდის გათენდება?
მალე, სანატრელო, მალე…
. . . . . . . . . . . . .
ამირანს მტრის არა, ნათლიის ჯინი სჭირს,
ყორანი დასწევია მერანს,
დღეს ნაწილ-ნაწილ გლეჯავენ საქართველოს,
როგორც მაცხოვარის პერანგს.
ყოველივე ამის შემდეგ, რა მორცხვად, რა საყვარლად წამოსცდება ავტორს:
ვაი, როგორ მომენატრა
მზეზე მოშრუკული შინდი.

SONY DSC


და თქვენ ხვდებით, ძვირფასო მკითხველო, ამ მოშრუკული შინდის მონატრება უბრალო მონატრება არ არის, არც ბავშვობის მონატრებაა და არც იმ უმშვენიერესი მოგონებების მონატრება, ხანდახან ძილსაც რომ გვიკარგავს ხოლმე, ეს იმ საქართველოს მონატრებაა, როდესაც ქვეყანას მის ბედსა თუ უბედობაზე ღრმად ჩაფიქრებული ერისკაცები მართავდნენ, ქვეყნისათვის თავგანწირვა რომ შეეძლოთ, რომელთა წმინდა სისხლიც უხვად იღვრებოდა ყარაყორუმის უდაბნოებსა თუ შირაზის ველზე… იმ საქართველოს მონატრებაა, ვაჟკაცს ვაჟკაცი რომ ერქვა და მანდილოსანს მანდილოსანი. ხედავთ, რა შესძლებია პოეტს, ერთ სტრიქონში ჩაატიოს ვეება დარდი და ვაება, ტკივილი და სასოწარკვეთა მაშინ, როდესაც მზეც კი აღარ მზეობს, უფლის ყვავილი.
ყოველივე ამას გრძნობს და ხედავს პოეტი, გრძნობს, რომ დამდგარა, ჟამი უჟამური უსიტყვო კაცთა, რომ ჩვენი ცხოვრება ჩრდილში დამწიფებულ ხილს დამსგავსებია, უგემურსა და არაფრის მაქნისს. ყოველივე ამის შემხედვარე შემოქმედი ვერ დარჩება გვერდზე და რინგის მსაჯივით ვერ დაუწყებს ათვლას ნოკაუტში ჩავარდნილ სამშობლოს. ამიტომაც ეს ბრწყინვალე ლირიკოსი, სიყვარულისთვის და დიდი ადამიანური ბედნიერებისთვის გაჩენილი სუსტზე სუსტი არსება, რომელიც ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს, ჯაჭვის პერანგს იცვამს, მუზარადს იხურავს თავზე და უშიშრად გამოდის მშობელი ქვეყნის სადარაჯოზე. ქალბატონ მაყვალას ბოლო წლების სამოქალაქო პოეზია გაკვირვებთ ფოლადისებური სიმტკიცით, შეუვალობით, პრინციპულობით და, რაც ყველაზე მთავარია, სიმართლით, დიდი ადამიანური სიმართლით, რომელსაც არათუ ვერ შეედავები, კრინტსაც ვერ დაძრავ.
მაყვალა გონაშვილის სამოქალაქო პოეზია შიმშილით გასავათებული, ფიქრით გამოფიტული თანამოძმეების გამოსარჩლებაა, რომელთაც სამშობლო ერთ დიდ ფსიქიატრიულ კლინიკად გადაქცევიათ და აღარ იციან ზვავში მოყოლილებმა რომელ ერთ სატკივარს, რომელ ერთ პრობლემას უსაშველონ. თანამედროვე დემოკრატია ხომ ნებადართულ სიძულვილად ქცეულა ყოველივე იმისა, რამაც აქამომდე მოგვიყვანა.
გზა აბნევია ფუძის ანგელოზს,
ჩამოქცეულა მაღალი ჭერი
და შმორის სუნით მიბნედილ ქალაქ
ავტომატების აღვიძებს ჯერი…

სული შეგეკვრებათ, გული შეგეკუმშებათ ამ ციკლის ლექსების წაკითხვისას. პოეტის მიზანიც ეს არის, რომ გამოაფხიზლოს ლამის საღათას ძილში ჩავარდნილი ერი და ის საწოვარა გამოაცალოს პირიდან, რომლითაც მის სამუდამო მიძინებას აპირებენ.


ჩემი სიმცირით მამცირებენ, ჩემი სიკეთით,
პოლიტიკას კი საძაგელი სუნი აქვს შმორის,
ვდგავარ დაღლილი სიმართლის და სიცრუის კართან
და ვეძებ საზღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.


გუშინ იყო თუ გუშინწინ, როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი ერთი ჯამიდან სვამდნენ, ერთი გობიდან ჭამდნენ და მაინც არ ინდობდნენ ერთმანეთს ცეცხლისთვის, ქალისთვის, აბრუებდათ პირველკაცობის ჟინი და სურვილი, სიტყვებს, როგორც გვირგვინს, ისე ირგებდნენ თავზე ეს თვითმარქვია ქვემძრომები, როგორ „უხდებოდათ“ ბრძენის მანტიები გაზულუქებულ მანქურთებს, რომლებიც მრუდე სარკეების სამეფოში აცხოვრებდნენ ერს, რომლის ერთადერთ შეცოდებას ის წარმოადგენდა, რომ ქართველებად ვიშვით ამქვეყნად. ამ ჩემს ტკივილს რას გაიგებს ჩვენი მეფე ქართველითა ქართველისა შემმუსვრელი. ამ სტრიქონების დაწერა ჩვენს უახლეს წარსულში დიდ მოქალაქეობრივ გამბედაობას მოითხოვდა და ბარაქალა მაყვალა გონაშვილს, რომ ყველა პარტიაზე მაღლა პატრია დააყენა. არც იმ ლექსის დაწერა გახლდათ მათლად უხიფათო,„თოჯინების სახელმწიფო“ რომ ჰქვია.


ვინ გიწოდათ თოჯინები
შუშისთვალა მაცილებს?
თუ ხისა ხართ, როგორ აფრქვევთ
სიძულვილის ბაცილებს?
. . . . . . . . . . . . . .
თოჯინების სახელმწიფო,
სახელმწიფო თეატრი.


ამ თოჯინების სახელმწიფოში ყველაფერი იყიდებოდა – სულიც, სხეულიც, სიყვარულიც, ერთგულებაც, იყიდებოდა გროშ-კაპიკად, იყიდებოდა ჩვენი სამშობლოც, უფლის კვართად გადაქცეული სამშობლო და არავინ იყო განმკითხავი. და როცა ყველაფერი იყიდება, უკლებლივ ყველაფერი, იქნებ მართლა ბოლო გაჩერებას ვუახლოვდებით, რა გვეშველება? რა გვეშველება, როდესაც მოგონილი გულწრფელობით, ლიქნითა და ფარისევლობით ქადაგებენ ტელებიჭუნები, როდესაც ქვეყანა გაავსო ტელე-ჯარმა, ტელე-გმირმა, ტელე-პოეტმა, ტელე-პარლამენტმა. რაღა დაგვრჩენია ამ დროს?

მაშ, გამორთე ეგ ცრუ ყუთი,
ჩემო ბრძენო ერო.
ეკრანს მიღმა – დარდიანო,
ტელე – ბედნიერო!

აღარავის ახსოვდა (თუ – ახსოვს), მზე რომ დედა არის ჩვენი, მთვარე კიდევ – მამა, ვარსკვლავები – დები და ძმები. აბა, რა გასაკვირია, თუ ამ დროს სიყვარული, თავგანწირვა, რწმენა, არც მეტი და არც ნაკლები, ერთ კუპონად ფასობს.


ჭრილობა გახსნილა და გველის ამბორი
არ მშველის წამლად და მალამოდ,
უნდა სხივით გქსოვო, უნდა ცრემლით გკემსო


ჩემო დაფლეთილო ალამო.
მართლაც შემზარავი პანორამა გადაიშალა ჩვენი უახლოესი წარსულისა, როდესაც ქვეყანა იქცეოდა და მავანნი, ხელისუფლებაში სასწაულებრივად მოხვედრილი შადიმანები, ყურს გვიხედნიდნენ იმით, რომ თურმე საქართველოს ისტორია მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო. ამაზე დიდი ცინიზმი და ნიჰილიზმი წარმოუდგენელია და იმ მრუმე დიდი ღამის შემხედვარეს, მაყვალა გონაშვილს სწამდა, რომ თუ რამ იხსნიდა მის სამშობლოს, მისი ფესვები იხსნიდა, მიწაში მყარად ჩაკირული ფესვები, პაატა სააკაძის მოჭრილი თავი, ქეთევან დედოფლის დაშანთული მკერდი და უსახელო უფლისციხელის ნაისრალი ზურგი…


იქნება, მართლა გაიხსნას ზეცა…
თენდება, სადღაც ყივის მამალი.

მაყვალა გონაშვილი მაცხოვარივით ჯვარცმული ქვეყნის შვილია და ამ ქვეყნის შვილობა ბევრჯერ დააფიქრებს იმაზე, რომ ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არს, დააფიქრებს იმაზეც, რომ ცხოვრება ძლიერ ჩამოგავს ზღაპარს და ჭინკა-ჭორივით დაძრწის სოფლად.

მე გამოვექეც შენს ზღაპრებს, პაპი,
გზად შევეჩეხე ჯადოქრებს, დევებს,
რად არ მახსოვდა, ღმერთთან მორკინალს
ზღაპარშიც სჯიან, ზღაპრადაც სდევენ.

პოეტი მიუყვება გზაწვრილს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, მიუყვება წუთივით მოკლე მარადისობის დაღლილი, თვალებში ბინდჩაგუბებული მგზავრი, რომელსაც ის ეიმედება, რომ თუ აღესრულება და ცის სინარნარეს შეერწყმება, შეერწყმება სიმღერით და ესეც მისი ბედი იქნება. ტკივილისგან, დარდისგან, ვაებისგან სულშეძრული გაუთენებელ ღამეებს ფხოჭნის სანთლისფერი მკრთალი თითებით, რადგანაც ხედავს, რომ ჟამი ისევ ერთი საცრით ცრის კეთილს თუ ბოროტს, მტყუანს თუ მართალს, როცა ღიმილი რომ ღიმილია, ისიც კი მავანთა სახეზე შემზარავ ლოკოკინას ლორწოვან ბილიკს აგონებს.
ერთხელ მოვსულვართ ამ ქვეყანაზე,
ღმერთმა გვიბოძა გზა, ერთი ციდა,
წამი არ გვრჩება სიყვარულისთვის,
სიძულვილისთვის? რამდენიც გინდათ.

წუხს იმაზე, რომ ხშირად ფუძის ანგელოზივით ჩამოქნილ სილამაზესა და მშვენიერებას ვერ ამჩნევენ და სხვათა გარეგნულ ფოიერვერკებს ეთაყვანებიან. არადა, ფოიერვერკს ერთი ცუდი თვისება გააჩნია – მყისიერად იფერფლება და ქრება. იცის, რომ ძნელია მოგონილი ბედნიერებით ცხოვრება, როცა ვნება რომ ვნებაა, ზოგჯერ დაფარულზე დაფარული, იმასაც სულ სხვა ქარებს უზიარებენ, როცა ალვის ხეებად ბალბას და ქონდარს ასაღებენ, ციცინათელებს კი – მზედ.
სხვა რა მადარდებს?

– თეთრი მერცხალი
ჩემს აივანზე აღარა ბუდობს
და ჩუმი სევდა ისე ყვავილობს,
ვით გაზაფხულზე ჭორი და სურდო.
მხარზე ყავს შესმული ფუჭი ოცნების და ტკივილების ვეჟანა ძერა, გადახსნილი აქვს ყველა იარა და უფალს შესთხოვს, პატიების მომმადლე ნიჭი, ტკივილები ეკლებად შემასხიო. კიდევ ის უნდა, ვინმემ მუჭა გაზაფხული უსახსოვროს და დაეხმაროს, რომ როგორმე სიტყვით უწამლონ ამაოების ბაზარს.


როცა დარეკავს ჟამი განკითხვის,
ცა სამაისო შვიდჯერ იელვებს,
რითი შევავსებთ, ვიცოდე, მაინც,
ამ გასაოცარ სიცარიელეს.


ერთი რამ დანამდვილებით იცის – ბედს არ უნდა მიენდო, თორემ ნაფოტივით აგათამაშებს წუთისოფლის მორევში და ბოლოს მოუსავლეთში გაგრიყავს და გაგინაპირებს…
ბატონებო, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ მაყვალა გონაშვილის პოეზიაზე, მის მოქალაქეობრივ მრწამსსა და პოზიციაზე. ერთი კია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, ქალბატონია, სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის დაბადებული ქალბატონი, რომლის პოეზიასაც სიყვარულის განცდა სულ სხვა პეწსა და ელვარებას მატებს…
პოეტის ლირიკულ გმირს შეუძლია მოთიბული ბალახივით მხარგაშლით გაწვეს მინდორზე და თავსაიათი დამშვენებული დაელოდოს თეთრ ბედაურზე ამხედრებულ გულის სწორს. ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობენ მეოცნებე ქალები, მასპინძლობს დაღლილ ქარებს და წვიმებს და ევას გეშით დაეძებს მარადიულ ნახევარს, კარგად იცის, რომ კაცი თუ ტკივილებით ფასდება, ქალს ლოდინის ნიჭი გამოარჩევს.


კოშკი ვარ, თეთრი კირით ნაგები
და ზეცას წვდება ჩემი ფიქრები.

ამ ფიქრებში კი სიზმრის კაცისთვის შლის მთვარის ლოგინს, ნისლებად ჩამოღვრას აპირებს საყვარელი არსებისთვის.

და ჩემი ტრფობაც, არ გაგიკვირდეთ,
მეცხვარე ბიჭის
დაგუბებულ მონატრებას გავს,
როცა ბალახსაც აქვს ქალის სილბო,
როცა წყაროსაც აქვს ქალის სიტკბო,
როცა ხეებსაც აქვს ქალის ფორმა…

განა რისი გაღება შეუძლია მსხვერპლად სატრფოსათვის? შეუძლია სიყვარულის ქათიბი მოუქსოვოს, ფიფქივით დააკვდეს ხელისგულზე და კიდევ ის, რომ მოქათქათე ღრუბლის ფთილიდან ერთგულების ძაფი დაართოს. ის კი იგვიანებს, საეჭვოდ იგვიანებს და გულშეძრულ ქალს ისღა დარჩენია, დაიჩურჩულოს:


მე უნდა ვზიდო შენი ცრემლები,
მე მოღალატედ როდი ვშობილვარ,
აჰა, მოვედი შენს დასახსნელად
შენი სიზმრიდან და ბავშვობიდან.

მოდის ყველა შეყვარებული და უარყოფილი ქალის სახელით, მოდის იმ მივიწყებულ საყდარში, რადგან სხვაგან ვერ იპოვის სწორსა და ბადალს. იძირება ცრემლებში და ახსენდება ის დრო, როცა ქარის შეჟრჟოლებაზე ვნებით კრთოდნენ ფარდები, როცა ვნების პერანგი ლამის ტანზე შემოეფლითა, როცა ყველა კართან მოსისხლე მტერივით ჩასაფრებული ჰყავდა იმ კაცის სიცილი, რომლის გამოც

სულსაც მივცემდი ეშმაკს შენი
შენი გულისთვის, მაგრამ
ამ ჩემს გზაწვრილზე
ეშმაკიც არ ჩანს.

როცა ყველაფერი თითქოს ჩავლილია, როცა თითქოს ყველაფერი დამცხრალია, როცა ყველაფერი უბიწოდ მოჩანს სიმარტოვის და ღმერთის ჩეროდან, როცა დავიწყების ლაფით ამოქოლილია მოგონების ყველა ჩერო, მაინც თავს გამოყოფს წარსული და სიზიფეს ლოდებივით დამძიმებულ სიტყვას ათქმევინებს:

ვიცი, ჩემს ყოფას ჰქვია ცხოვრება,
ვიცი, ამ კედლებს ოჯახი ჰქვია,
იქ კი, საოცარ შენს საუფლოში,
სულ სხვანაირი ქარები ქრიან.
ეს ქარებია, თავს რომ არ ანებებს და გულს უკაწრავს, იცის, რომ
ქება ქარია, ალერსიც ქარი…
ისე ჩაივლის, რომ ნაკვალევს
არც კი დატოვებს,
მაგრამ რა ვუყო
ამ ტკივილის წითელ ყვავილებს?

ამ ტკივილებით გაჯერებული ღამეები იცრიცებიან და რიჟრაჟისას ნატანჯი სული ცდილობს უმძრახ მდინარეს გაატანოს სიზმრად ნანახი თავდავიწყება, თუმცა
დავჭკვიანდი, აღარ ვებრძვი ქარებს,
რა ხანია, სიზმრის აღარ მჯერა!
ვერ გავიგე, მაინც რად მგვრის სევდას
წარსულისკენ გადახრილი მზერა.

ვერ გავიგეო, აცხადებს და ის კი ავიწყდება, რომ სფინქსის გამოცანად ქცეულა ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება ყველასთვის…
ხომ გუშინ იყო, გუშინ იყო ის გაზაფხული
და მაინც როგორ, ოი, როგორ მომნატრებია.

მაყვალა გონაშვილის ლირიკული პოეზია, მზით, ქარიშხლებითა და ნიაღვრებით სავსე პოეზია მეტად საპატიო ადგილს იკავებს XX-XXI საუკუნეების ქართულ სატრფიალო ლირიკაში თავისი ქალური კდემამოსილებით, არტახებში გამომწყვდეული ვნებებითა და წვიმის თქორებით, ადამიანური სიმართლით და გამოხატვის უბრალოებით…

მაყვალა გონაშვილმა კარგად იცის, რომ პოეტი თუ ხარ, სული მაჩიტებით უნდა გქონდეს სავსე, საზრდოდ კი იის სურნელი გყოფნიდეს, იმ ატმის ხეს უნდა ჰგავდე, აყვავებულ ატმის ხეს, რომელსაც მუდამ ამტვრევენ რტოებს, იმ ხეს, რომლის ჩრდილშიც ნეტარებით მოისვენებს დაღლილი მგზავრი და მერმე უკანმოუხედავად გაუყვება გზას, იცის, სად იწყება და სად მთავრდება მისი სავალი, ლექსებითა აქვს დაჭორფლილი სახე, სული კი მზითა და ლექსებით მოუჭედავს, ქართული სიტყვის ხოდაბუნებში უყვარს ხეტიალი.

ვარ სევდით სავსე, როგორც ღრუბელი
და თვით არ ვიცი, როდის ვიწვიმებ,
ვფურცლავ ლექსიკონს, ვკინძავ ძველ სიტყვებს,
გადავიწყებულს, როგორც სიწმინდეს.

ამ სიწმინდეებთან ზიარება, ქართულ სიტყვასთან გაუთავებელი ჭიდილი პოეტის არსებობის გამართლებას წარმოადგენს და როგორ შეიძლება არ დავუჯეროთ, როცა ასე საბრალობლად აცხადებს:
თუმც შვილივით ვზარდე სიტყვა,
დედასავით დამიბერდა.

პოეტია და უნდა ვენდოთ, როცა თავისთავს ბულბულს კი არა, ქვეყნის ბედზე ჯაჭვით მიბმულ ძაღლს ადარებს, უერთგულეს არსებას დედამიწის გულზე, პოეტია და უნდა ვენდოთ, როცა ხმამაღლა აცხადებს, რაც ამ მიწაზე ეკალი ამოსულა, ყველა მათგანი ჩემს გულს ატყვიაო. იმაზე არ წუწუნებს, ჩემი წილი მზის სხივი, ჩემი წილი დიბა-ატლასი სხვას რატომ ერგოო, მაშინაც უნდა ვენდოთ, როდესაც გულიდან აღმოხდება დიდზე დიდი ჭეშმარიტება, ასჯერ მაინც უნდა წაიქცე, რომ მერე ერთხელ მაინც ზეცად ამაღლდეო. ამისთვის იღვწის ეს მშვენიერი პოეტი და ხშირადაც აღწევს მიზანს.

მაყვალა გონაშვილის ლექსი უბატონო ქვეყნის – ქიზიყის მადლითა და მირონითაა გაპოხიერებული, იქაური ხორშაკიანი მზის მხურვალება ამჩნევია მის პოეზიას, შირაქის ველის უსასრულობა ასაზრდოებს მის ნააზრევს და ისიც სიყვარულით პასუხობს მშობლიური კუთხის სანახებს, რომლის ერთ მადლიან ბელტსაც თავად წარმოადგენს. მიწის შვილია და მიწის თემა ისე ძალუმად, ისე უშუალოდ და ძალდაუტანებლად შემოდის მის პოეზიაში, რომ ზოგჯერ ვერც კი გაიაზრებ მის სიდიადეს.


ჯერ ამიხილეს თვალები, მერე
მიწის ხორკლიან მკერდზე გამიშვეს,
და მიწა, როგორც დაღლილი კაცი,
ჩემგან ითხოვდა შველას და ალერსს.


დიახაც რომ შველა და ალერსი სჭირდება მიწას – ჩვენს მარჩენალს, რომელზეც მიჯაჭვულნი ვართ ჩვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით და ვერაფრით ჩავუგდებთ ხელში საჯიჯგნად გადამთიელთ. ჩვენი ქვეყნის ოკრო-ბოკრო გზები სულს გვივსებენ ნათელით, თუ მშობლიურ მიწამდე მივყავართ, აღთქმულ მიწამდე. ნახეთ, რა ნატიფი, რა უმშვენიერესი სტრიქონები უძღვნა პოეტმა მიწას, რომელიც თქვენი ნებართვით მთლიანად მომყავს:

ვით მშვენიერი პატარძლის კაბა,
მზემ მოისროლა ჭრელი მერდინი
და იწვა მიწა, სურვილით სავსე,
მკვრივი კერტებით მიმოთენთილი,
ბალახის თმებში იბნევდა იებს,
გადახსნილიყო ცის ლურჯი კარი,
სხვაგვარი ცეცხლით იწვოდა მიწა, –
მარადიული ვნება და ქალი.


ახლა ვერც ვიხსენებ, ასეთი ვნებითა და გატაცებით ვინმეს ოდა მიეძღვნას ჩვენი მარჩენალი მიწისათვის.
მაყვალა გონაშვილს სხვათა სიკეთისა და სათნოების დანახვა შეუძლია, მათი ნიჭიერების დანახვა. ეს კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ვისაც შური და ბოღმა არ აწუხებს სხვათა სიკეთეთა გამო. მართლაც, რა ბედნიერებაა, როცა შეგიძლია ასეთი ბრწყინვალე სტრიქონების დაწერა:


გარდაცვალება კაცთა ხვედრია,
უკვდავთან სიკვდილს არა აქვს ხელი.
შენ შეურთდი ზეციურ წიაღს
და ისევ უფლის სახელით მღერი.

ეს ციტატა იმ ლექსიდანაა, საქართველოს მაფშალიას – ჰამლეტ გონაშვილს რომ ეძღვნება.
ბედნიერებაა, როცა ხედავ, როგორ იღებს მკერდიდან გულს პოეტი და ცაზე მზედ ჰკიდებს.

ლომის ძეო, ლომის ძმაო,
ლომო, ლომად ბერდები,
მხრებში როდი იხრებიან
შევერცხლილი ქედები.

როგორ უხდება ეს სტრიქონები ახლა უკვე მარადიულ ნათელში მყოფ ჯანსუღ ჩარკვიანს – ჩვენს ჯანუკის.
მართლაც მშვენიერი ლექსი უძღვნა მეგობარ პოეტს ლალი თოთაძეს, რომელიც მზის ცრემლივით დაიარებოდა მშობლიურ მიწაზე, სიზმრის პერანგებს ქსოვდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ჯერ დაუკრეფავი მისი მტევნები როგორ ნატრობდნენ აგვისტოს ხვატსა და მზის ტორებს.

და შეიკვეცავ სევდისფერ დალალს,
რადგანაც ქარებს ამაოდ სდიე,
შემოვა შენში მაღალი ღმერთი
და სასთუმალთან დაგიწყობს იებს.
არანაკლები სიმძაფრის ლექსით აღბეჭდა თავისი სიყვარული ზერა რომანაძისადმი – სიყრმის მეგობრისადმი.
მანამდე უნდა იყო მორჩილი,
ლექსით და ლოცვით ღამის მთეველი,
მანამდე უნდა გაექცე პატივს,
როგორც დაღლილი ნაზარეველი.


მანამდე, სანამ შურის ჯვარზე არ გაგაკრავენ, სანამ ტალახის გუნდას არ გესვრიან მოშურნენი და მუცლით მეზღაპრენი…
ჩემი მოკრძალებული აზრით, მაყვალა გონაშვილი ერთნაირი ძალმოსილებით იმორჩილებს როგორც სამოქალაქო, ისე სატრფიალო ლირიკის სადავეებს, გვახედებს ადამიანის სულის ჩაბნელებულ ხევხუვებში, დაგვაფიქრებს ადამიანური ყოფის უმტკივნეულეს პრობლემებზე და კიდევ სხვა უამრავ რამეზე, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია, ცხოვრება სულ ცოტა სამი ათასი წლის ისტორიის მქონე ერისა, რომელმაც საკუთარი სისხლით დაწერა საკუთარივე მატიანე და დღევანდლამდე მოიტანა. ვფიქრობ, დღევანდელ გამოწვევებსაც გაუძლებს, გაუძლებს ცრუმესიათა პარპაშს ღვთისმშობლის წილხვდომილ მიწაზე, რათა საუკუნეების მიღმაც ამაყად იფრიალონ ქართულმა ბაირაღებმა ფარნავაზისა და დავით აღმაშენებლის სულის საოხად. ყოველივე ამაზე მოგვითხრობს მაყვალა გონაშვილი თავისი ლექსით, თავისი პოეზიით, ბეწვის ხიდზე უხდება სიარული ამ დროს, რომ სათქმელის სიმძაფრე და გამოხატვის საშუალებები სინერგიის სადარ ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან. მე რომ მკითხოთ, ამ ბეწვის ხიდს პოეტი მინიმალური დანაკარგებით გადის, უფრო მეტიც, ისე გადის ერთი ბეწვიც არ უვარდება თმიდან. რას ვგულისხმობ და იმას, რომ ქალბატონი მაყვალა პოეტია და სრულად აქვს გასიგრძეგანებული, რომ სათქმელი, რაოდენ მძაფრი და მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, თუ პოეტურ საფანელში არ გაეხვა, თუ პოეტურ ქურაში გულის სისხლით არ გამოიწრთო, შედეგი სავალალო და გულისმომკვლელი იქნება. პოეტი თუ ხარ, იმის გააზრებაც უნდა შეგეძლოს, რომ „ბოლოს სიკვდილიც მოკვდება სიცოცხლის გარდაცვალებით“, რომ
და როგორც ზანგ ქალს საყურე ერთი
ფერად ყვითელი და სასწაული,
რტოზე ეკიდა ფოთოლი მჭკნარი,
ვით სიმარტოვის დღესასწაული.

სულისშემძვრელი შედარებაა, ბატონებო. მჭკნარი ფოთოლი სიმარტოვის დღესასწაულს აგონებს პოეტს, იმ სიმარტოვეს, რომელიც ყველა ჭეშმარიტი შემოქმედის მარადიული თანამდევია და რომლის გარეშე ვერ შეიქმნებოდა ის შედევრები, რომლებიც ჩვენს არსებობას შვებას ჰგვრის და სიცოცხლის წყურვილს უხანგრძლივებს…
პოეტია და იმის დანახვაც შეუძლია, როგორ ჟონავს გუმბათებიდან მზის მადლი.

აი, კიდევ ერთი მინი-შედევრი:
ვით მშვენიერი პატარძლის კაბა,
მზემ მოისროლა ჭრელი მერდინი,
და იწვა მიწა სურვილით სავსე,
მკვრივი კერტებით მიმოთენთილი.

ამ ჟრუანტელისმომგვრელი სტრიქონების მერე უკვე აღარ გვიკვირს, როცა პოეტის ბაგე გადათიბული მინდვრის სურნელს აფრქვევს, როდესაც სარკეს ისე ჩაცქერის, როგორც გვალვისგან დამშრალ მდინარეს, როცა იმის დანახვა შეუძლია ცეცხლისფერ ვარდებს რა უსწრაფესად მოიყრის ტანზე შემგლისფერებული ზეცა, ყაყაჩოსავით როგორ ტყდება შუქი.


ცა კაბასავით დამივიწროვდა,
ვდგევარ მუხლამდე ღრუბლის გუბეში,
წვიმის კიბეთი ჩამოდის ციდან
სიგრილე – მიწის ჩუმი ნუგეში.

აი, ასეთი პოეტია მაყვალა გონაშვილი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ნატერფალზე ჩემი ცრემლები ამოდიოდნენ მზისფერ იებადო და დაგვაჯეროს ამაში.
რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, ის გახლავთ, რომ პოეტი საოცარი სინარნარითა და სიჩაუქით იმორჩილებს ქართულ სიტყვას და მას არანაირ პოეტურ აქსესუარებზე არ ცვლის, არ აკნინებს. დიახაც, რომ თავანკარა ქართულის, უმშვენიერესი პოეზიის პატრონია მაყვალა გონაშვილი და როცა იგი დაეჭვებით გვეკითხება:


როგორ გგონიათ, ვიპოვნი ჩემს თავს?
მეწევა ბედი? როგორ გგონიათ?!
პატიოსნად უნდა ვუპასუხო:
ქალბატონო მაყვალა!

ბედის შეწევნისა რა მოგახსენო, როდის იყო ბედი ნამდვილ, ჩაკირულ შემოქმედებს ეწეოდა, აი, რაც შეეხება საკუთარი თავის პოვნას, დაუფიქრებლად გეტყვი – შენი თავი, დიდი ხანია, რაც ნაპოვნი გაქვს, შენი ადგილი, შენი ნიშა ქართულ მწერლობაში, დიდი ხანია, ნაპოვნი გაქვს, უფრო მეტიც, თანამედროვე ქართული პოეზია წარმოუდგენელია შენი მზისფერი, მზისდარი შემოქმედების გარეშე.

ღმერთმა დაგლოცოს!