მერაბ ფირცხალაიშვილი: უცხოპლანეტელი არ ვარ და… მატერიალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ ხელოვანს…

4417

ავტორი:

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ის ერთი ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი ადამიანია, პიროვნება, რომელიც ჩრდილში ცხოვრობს და, უხმოდ ქმნის შედევრებს…

მასზე მეტს არაფერს გეტყვით, მხოლოდ ერთს: „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატია – მერაბ ფირცხალაიშვილი… დანარჩენი ინტერვიუდან და მისი დასასრულის შემდეგ წაიკითხეთ…

– ბატონო მერაბ, რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება?

– ხელოვნება უკვდავებასთან მიახლოვებას ნიშნავს, როგორც სულიერი ასევე მეომრიალური გაგებით… ამ შემთხვევაში „კონსტანტინესეულ“ ღმერთთან მებრძოლი იაკობის გზას არ ვგულისხმობ, პირიქით, მიმაჩნია რომ ღმერთთან მებრძოლი კი არა, ღმერთის მებრძოლი უნდა იყო და ჰუმანურობის მაგალითი. ყველაზე დიდი გამომცდელი კი დროა და თუ დროის ფილტრი გავლილია, კაცობრიობის ცოცხალ მეხსიერებაში უკვალოდ არ დარჩება ნაღვაწი.საიდან დაიწყეთ ხელოვნებაში მოღვაწეობა?

ადრეული ბავშვობიდან განმარტოვება, უსაზღვრო ფიქრი და ოცნება მიყვარს. უსასრულო, ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეული ცის ცქერა მაოცებს. ყურს ვუგდებ ბუნების ხმებსდა ამ ცხოვრებას ერთ დიდ უცნაურ ფილმად აღვითქვამ. ჰო, ასე აღვიქვამ ერთ დიდ განმეორებად და მეტამორფოზირებად სიზმრად და თვით ნამდვილ სიზმრებშიც კი ოცნებასვისრულებ ხოლმე. დავწერე კიდეც ერთ ჩემს ლექსში „მუსიკის წერა, ბუნებისგან უნდა ისწავლო, ფილოსოფია ცხოვრებისგან, ხატვა ზეცისგან“…  ვჯდები, ჩემთვის,ჩუმად და ვცდილობდი გონებაში ამოტივტივებულ, ზოგჯერ უცნაური კითხვებისთვის პასუხები მოძებნას ან უბრალოდ ყურს ვუგდებ სამყაროს სუნთქვას. მერე ვცდილობ ფიქრები და შეგრძნებები ქაღალდზე ან და ნოტებად გადმოვცე. სულ ეს იყო და დღემდე გრძელდება ასე. ფიზიკურად გავიზარდე, წონა მომემატა და…

– ვინ არის მერაბ ფირცხალაიშვილი?

– მერაბ ფირცხალაიშვილი არის – მერ’ფი – საკმაოდ გრძელ სახელს და გვარს უცხოელები ვერც იმახსოვრებენ და გამოთქმაც უჭირთ, შევამოკლე, აქედან და იქედან ფრთები დავუმატე, შუაში კუდი, ასე ვთქვათ ფიუზელაჟი გამომივიდა და გასაფრენად გავამზადე, მაგრამ სად მიმიყვანს ნეტა? ეს ხუმრობით, ისე ვინ არის მერაბ ფირცხალაიშვილი ეს სხვებს უნდა ჰკითხოთ, ჩემი შემოქმედების მკითხველს და ჩემი მუსიკის მსმენელს. ისინი ობიექტურად ხედავენ და აფასებენ. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, ვინ მინდა იყოს – მერ’ფი – ვინ და  თქვენს გულში სიყვარულის, ადამიანურობის, ღვთაებრივი გრძნობების შემომტანი ხელოვანი. თუ ეს შევძელი, ვიტყოდი, რომ ფუჭად არ მიცხოვრია. თანდათან მარტივი კითხვებიც უფრო რთული ასახსნელი გახდა. აი თუნდაც: ვინ ვარ მე?

უცნაური, განსხვავებულიპოეზიაგაქვთ… ვისიგავლენაათქვენზე?

– ვცდილობ გავლენებს გავექცე, რამდენად გამომდის ეს თავად შეაფასოს მკითხველმა. რა თქმა უნდა, უცხოპლანეტელი არ ვარ და შესაბამისად, მინდა თუ არა, პარალელების პოვნა ყოველთვის შეიძლება ჩემს შემოქმედებაშიც. თუმცა,  ვცდილობ, ბანალური მოვლენები სხვა მხრიდანაც დავანახო მკითხველს.

ვინ არის თქვენთვის, ქართველებიდან და უცხოელებიდან უპირველესი შემოქმედი?

ძალიან რთული კითხვაა, დაახლოებით ემოციონალურ დონეზე, რომ წარმოვიდგინოთ, დედას რომ ჰკითხოთ, რომელი შვილია უპირველესიო…

– შევეცდები ასე გიპასუხოთ, რომ უპირველესი შემოქმედი თავად შემომქმედია ამა ქვეყნისა! ხოლო თუ ჩემი გემოვნება გაინტერესებთ, საკმაოდ ეკლიქტიკურ სურათს მიიღებთ. ქართულ მწერლობაში რუსთაველი მაოცებს, „ვაჟა“ გულს მიკლავს და სინანულის ცრემლსა მგვრის, გრიგოლ რობაქიძის უცნაური მეტყველება ყურს უცხოდ ელამუნება, „დუმბაძე“ მათბობს, „კოსტანტინე“მაელფეროვნებს, „დათა თუთაშხია“ ცხოვრებას მიხსნის. ასე რომ გავაგრძელო ძალიან დიდი სია გამოვა, მთელი გალაქტიონი, ჰო გალაკტიონი, არ შემშლია. გალაკტიონის ხსენებაზე გალაკტიონი მინდა ვახსენო და ძნელია ვინმე არ გამომრჩეს.

უცხოური მწერლობიდან პაულო კოელიოს „ალქიმიკოსი“ და მიგელ დე სერვანტესის რომანი „ მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი“ მინდა გამოვყო.

მუსიკაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. მუსიკა ხომ განწყობა და ემოციაა მთლიანად. იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკიდან დაწყებული, ვორფრანგ ამადეი მოცარტის „რექვიემითა“ და ბეთჰოვენის „მთვარის სონატით“ არ მთავრდება ეს სია. უფრო ქართული საგალობლებით იწყება და მერე გადადის კლასიკაში და ბოლოს როკ მუსიკა ასრულებს, მათ შორის მელოდიური ჰარდროკ ბალადები. მსოფლიო მხატვრობაზე რა მოგახსენოთ, ძალიან მცირე ნახატი მაქვს ორიგინალში ნანახი. ხოლო რეპროდუქციაში მხატვრის „სული“ ვერ დგება. შემოქმედება მარტო ეს სამი სფერო არაა და გამოხატვის ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის ქალის მშვენიერებასაც!

თქვენი შემოქმედებიდან რომელს გამოყოფდით და რა მოტივაცია გქონდათ მის დასაწერად?

– ე.ი. პოეზიიდან, პროზიდან თუ მუსიკიდან?! მოტივაცია ყოველთვის ერთია, განცდილი ძლიერი ემოციის გადმოცემის მცდელობა… საინტერესოა მკითხველი რომელს გამოყოფდა? წელს საიუბილეო წელი მაქვს, 50 წლის გავხდი ივნისის 23 ში. და ჩემს მკითხველს საჩუქარი გავუკეთე. ჩემი პირველი ლექსების კრებული „მეტამორფოზი!  ამ წლის ბოლომდე შეუძლიათ უფასოდ ჩამოტვირთონ. www.saba.com.ge-ზეა განთავსებული.  ასევე შემოვიდნენ ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან და პირდაპირ ჩემს ვებ გვერდზე www.merpi.geდა გამიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილებები.

საკუთარი თავის კრიტიკოსად თუ გამოდგებით?

– არა, არ და ვერ გამოვდგები, რამეთუ, თუ კრიტიკული კირკიტი დავუწყე ჩემს შემოქმედებას, რაც შევქმენი, აქამდე ბუხარში უნდა შემეყარა ყველაფერი… იმდენად შორს მგონია ჩემი თავი სრულყოფილებამდე… ბუხარი არა და ცხოვრების ერთ ეპიზოდში ვიღაც ჯიბგირი კი „დამეხმარა“ და ავბედით 90-იან წლებში თბილისი ვაგზალზე ნოუთბუქის ჩანთა მომპარა, ნოუთბუქი არა, მაგრამ, ჩემი მთელი შემოქმედება, განსაკუთრებით მუსიკალური, სტუდიური ჩანაწერების დისკები და ლექსების რვეულები გააყოლა ხელს, 90%-ზე მეტი. იმდროინდელი ჩემი შემოქმედება ასე უკვალოდ დაიკარგა…

და ვინაა თქვენი კრიტიკოსი?

– ჩემი კრიტიკოსი ვინც არის და იქნება, – მადლიერი ვარ მათი. ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ. კრიტიკა ეს სარკეა, რომელიც შენს სუსტ მხარეებს განახებს, ხოლო უსაფუძვლო კრიტიკა ფარული კომპლიმენტიაო გამიგონია.

გურულების ენამოსწრებულობაზე რას იტყვით?

– რა ვთქვა?! ენამოსწრებულობის მეტი მაინც აღარაფერი დარჩა გურიაში და…

„აგვისტოს ომის“ დროს, რუსების თვითმფრინავმა გადმოიარა და არ დაბომბა გურია. აი დაგვიბობია უკვეო…

კახური იუმორს როგორ შეეგუეთ, ყვარელში და როგორია კახელების სიძეობა?

– კახელებს ძალიან მაგარი იუმორი აქვთ, არა ნაკლები გურულებისაზე. ძალიან ვხალისობ პაატა გულიაშვილის სკეჩებზე. გურჯაანზე ქონდა ამასწინათ, კინაღამ გავიგუდე სიცილით. კახელების სიძეობის რა მოგახსენოთ. არ ვარ კახელების სიძე, მეუღლე გუდამაყრელი მყავს, ჩოხიდანაა, გვარადაც ჩოხელია. ყვარელს რაც შეეხება, ადგილობრივები ამბობენ, – გოდოლყურააო, ანუ აქ შემოდიან და აქედან ვერ გადიანო, ორი კვირით ჩამოვედი დასასვენებლად და მეათე წელი მისრულდება უკვე რაც აქ ვცხოვრობ. იმასაც ამბობენ, ყვარელში აკაცია და მოსული კაცი ხარობსო და…

რას ნიშნავს თქვენთვის პოეტი?

– თუ შეიძლება ამ კითხვაზე ლექსით გიპასუხებთ

მორკინალს!

თუ პოეტი ხარ, უნდა იყო მართლა მგოსანი,

თორემ იცოდე სულ უბრალოდ გაიწირები.

და სული გინდა ზეციური სარკინოსანი,

რომ კვლავ აღზევდე, როცა ფსკერზე ჩაიძირები.

ღვთიური სული, მორკინალი, გინდა ვით ჯინი,

კარზე მომდგარმა სიკვდილმა რომ, ვეღარ წაგლეკოს.

ხალხმა დიდებით რომ დაგადგას დაფნის გვირგვინი,

და შეავედრონ შენი თავი წმინდა სამრეკლოს.

მერე გჭირდება ხსოვნა ხალხში, მარადიული,

მოდის სასტიკი გამომცდელი, დროის დინება.

შენი იმედი და ნაღვაწი ყოველდღიური,

მის რუხ ტალღებში ვით წარსული, ჩაედინება.

დრო იკარგება პოეზიის ლაბირინთებში,

დრო მოხიბლული ღვთაებრივი ხმის სილამაზით.

-მერ’ფი-

და როგორი უნდა იყოს თავისი ცხოვრებით პოეტი, მწერალი

– მთელი ცხოვრება შტამპებს, კლიშეებს ვებრძვი და როგორ დავაწესო საზღვრები სხვებისთვის, მით უფრო მწერლის არტახებში ჩასმა „ნამეტნავია“…

დღეს რა უჭირს საქართველოს სამწერლო სფეროში?

– სამწერლო სფეროსი რა მოგახსენოთ, მაგრამ მწერლებთან მიმართებაში და ზოგადად ხელოვან ადამიანებთან მიმართებაში საქართველოსაც და სხვა ქვეყნებსაც უჭირდათ და უჭირთ, – მხარდაჭერა.  გავიხსენოთ ვაჟა ფშაველას, გალაქტიონ ტაბიძის, ტერენტი გრანელის და თუნდაც ნიკალა ფიროსმანის სოციალური მდგომარეობა… ჩვენ მატერიალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ ხელოვანს, ეს გვიჭირს სწორედ.

რამდენად ძლიერია და წარსულის საკადრისი დღვანდელი ქართული ლიტერატურა?

– ალბერტ აინშტაინი ხელოვანი არ ყოფილა, მაგრამ მისი გენიალური აღმოჩენა ზოგადად ხელოვნებასაც და ლიტერატურასაც შეგვიძლია ალეგორიულად მოვარგოთ. მან თქვა: – ამ სამყაროში ყველაფერი ფარდობითია!…

რას ნიშნავს თქვენთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ივერიადა ილია მართლის სახელობის ორდენი?

– ეს ორდენი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელობა და დიდი სიურპრიზი იყო, რამაც ძალიან დამაფიქრა ჩემს რაობაზე. ეს ორდენი ჩემთვის ნიშნავს ავანსს, და ვალდებულებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს თითოეული სიტყვასა და ბგერას. მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადაწყვიტა, რომ ეს ორდენი მე უნდა მრგებოდა. უპირველესად მადლიერი ვარ, ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილის, რომ დაარსა პრემია „ივერია“ და მისი უწმინდესობის ილია II -ის, ვისი ლოცვა-კურთხევითაც დაარსდა ეს პრემია.

კონკურსები, პრემიები და სხვა მსგავსი პროექტები რამდენადაა საჭირო და რა დადებითს და რა უარყოფითს იძლევა მსგავსი ღონისძიებები?

– ხელოვნების სფეროში კონკურსი მეტად რთული თემაა, რამეთუ გემოვნებაზე არ დაობენო და… არადა, გემოვნებაზე დაობენ კიდეც და ომობენ კიდეც…

დადებითია ის, რომ ხელოვანს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ცნობადი გახდეს და დაფასდეს ან შეფასდეს მისი შემოქმედება…

რა არის ქართული სიტყვა?

– „ასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ და ჩვენთან არს ღმერთი!

რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– გეგმები ბევრია, ფინანსები – მწირი… მოგეხსენებათ ოთხი შვილის მამა ვარ და ამ ეტაპზე ჩემი ოჯახის მთავარი პრიორიტეტი მათი ღირსეულად აღზრდაა!..

მცირე ავტობიოგრაფიული შტრიხები:

მე, მერაბ (-მერ’ფი-) ფირცხალაიშვილი დავიბადე 1969 წლის 23 ივნისს ქალაქ ბათუმში. მამაჩემი შორეული ზღვაოსნობის მეორე რანგის კაპიტნი, მთავარი ელექტრო ინჟინერი გახლდათ. დედაჩემი ოპერატორი. ასე რომ, ადრეული ბავშვობიდან ვეზიარე ზღვაოსნობას. ის კი არა და, ერთხელ, თურმე, ჩემს გამო გემი პორტში დააბრუნეს, საიდანაც სასწრაფოდ გადამიყვანეს ბავშთა ჰოსპიტალში, მწვავე ვირუსული ინფექციით.

20 საუკუნის 70-იან წლებში საცხოვრებლად გადავედით ქალაქ ლანჩხუთში, მამაჩემის მამის სახლში, ოჯახში, ვინაიდან მამაჩემს ხშირად ხანგძლივ საზღვაო მივლინებებში უწევდა ყოფნა და ჩვენი მარტო დარჩენა…

ბაბუაჩემი ცნობილი პიროვნება იყო სამედიცინო წრეებში. როგორც გადმოცემით ვიცი, მეორე მსოფლიო ომის დროს მედიკო-სანიტარული ბატალიონს ხელმძღვანელობდა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს, როგორც ომის ისე მშვიდობიან პერიოდში, მათ შორის ცნობილი გენერალი კონსტანტინე ლესელიძეც ყოფილა.

ბავშვობიდან ექიმად მზრდიდნენ, მაგრამ ჩემი მისწრაფება უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ და ხელოვნებისკენ იყო მიმართული. ვსწავლობდი ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის საშუალო სკოლაში, VII კლასიდან სწავლა განვაგრძე  თბილისში, „კომაროვის სკოლაში“ და საშუალო განათლება დავასრულე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში, საკომპოზიციო განხრით.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას: მაქვს პროდიუსერის კვალიფიკაცია ხელოვნების მენეჯერთა უმაღლესი სასწავლებლიდან და საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ბიზნესის ეკონომისტის, თბილისის ვ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სწავლა სიბერემდეო და დღემდე სხვადასხვა სერთიფიკატი და კურსი გავიარე, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის. დისტანციურად ვსწავლობდი ქ. ადელაიდას (ავსტრალია) უნივერსიტეტის კონსერვატორიუმში , მუსიკალური ტექნოლოგიების განხრით…

ერთ დროს საქართველოს პარლამენტშიც კივმუშაობდი  წამყვან სპეციალისტად.

ოჯახური მდგომარეობის გამო ბოლო 10 წელია ვცხოვრობ ულამაზეს და დიდი ილიას ყვარელში. მიუხედავად არაერთი საკონკურსო-საატესტატო გამცდების მაღალი ქულებით ჩაბარებისა, რატომრაც, დღემდე უმუშევარი ვარ…

უმუშევრობა პირობითი მცნებაა და სამსახური მხოლოდ საარსებო წყაროსთვის სჭირდება ადამიანს, თორემ ხელოვანი მუდამ შრომასა და ჯაფაშია. მეორე საკითხია , როგორ შეუფასებენ ან დაუფასებენ მას ღვაწლს…                                                                                    -მერ’ფი-