მერაბ ფირცხალაიშვილი: ველოდები იმ დღეს „ჰოლივუდიდან“ როდის მთხოვენ ფილმისთვის საუნდტრეკებს …მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ვერ შევძელი

2350

ავტორი:
ნუგზარ ჭიაბერაშვილი

წერს, ქმნის ჰარმონიულ და განსხვავებულ პოეზიას…

წერს, მეორე შემთხვევაში ქართულ საფუძვლებზე მუსიკას, რომელიც უკვე ოქროს ფონდში ინახება…

თუმცა თავს არც პოეტს უწოდებს და არ კომპოზიტორს, მაგრამ არის, თავისი შემოქმედებითა და თავმდაბლობით…

ჰო მართლა, ძალიან კარგად კი არა – პროფესიონალურად ერკვევა სატელევიზიო და რადიო ჟურნალისტიკაში, ვიდეო და ხმის მონტაჟი და კიდევ სხვა ათასი აუცილებელი რამ, რაც დღევანდელ ტელე და რადიო, გნებავთ ბეჭდურ მედიას რომ ესაჭიროება!

და კიდევ, მუდმივადაა ჩართული შშმ პირების საკითხებში, რომელთათვისაც ძალიან ბერვს აკეთებს!


ეს ნიჭიერი და მრავალმხრივ განვითარებული, განათლებული ადამიანი, მერაბ ფირცხალაიშვილია, გურული კაცი, რომელიც დღესდღეობით ილიას სამშობლოში – ყვარელში მკვიდრობს…


ბატონო მერაბ, რა არის მუსიკა?
– მუსიკა, ალეგორიულად, ფიზიკოსები დამეთანხმებიანეს მთელი სამყაროა!..  ალბათ ბავშვსაც კი სმენია, რომ ყველაფერი არსებული ატომებისგან არის შემდგარი. ატომის 99,9% კი სიცარიელეა და დარჩენილი 0,1% კი ბოლოს რხევებამდე დაიყვანება. მუსიკაც ხომ რხევებია? ასე რომ, მთელი სამყარო და ჩვენ (ყველა) ვართ მელოდია (მელოდიები) არაფერში.
მუსიკის შექმნისთვის რა არის საჭირო.
– განწყობა, მუზა, ნიჭი და მუსიკალური ინსტრუმენტი…
თქვენს შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული ინსპირაციაა თუ ნებისმიერ ტექსტზე შეგიძლიათ მუსიკის შექმნა, რა თქმა უნდა, ავტორის სურვილითა და მითითებებით?


– ნებისმიერ ტექსტზე შეიძლება თუ სათანადო განწყობა მოიტანა. სხვების ლექსებზეც მაქვს  სიმღერები დაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ ლექსებსაც თავადაც ვწერ.
კინო მუსიკაზე თუ გიმუშავია?
– ჩემთვის ეგ მიმართულება ყველაზე ახლოსაა და ველოდები იმ დღეს „ჰოლივუდიდან“ (და ჯანდაბას, იყოს თუმდაც „ბოლივუდიდან“) როდის მთხოვენ ფილმისთვის საუნდტრეკებს.
მაინც რა არის თქვენი მუსიკალური მიმართულება?
– ალბათ უფრო ქართულ ფოლკლორზე და კლასიკურ ჰარმონიაზე დაფუძნებული ელექრტონული არანჟირებით შექმნილი მელოდიური, ჰარმონიული და რითმული ფსიქოდელია.


საიდან და როგორ დაიწყო თქვენი კომპოზიტორობა?
– კომპოზიტორიც და მწერალიც მხოლოდ სხვამ უნდა გიწოდოს, ამ წოდებას მოპოვება უნდა. რაც შეეხება მუსიკის წერას, ხშირად ჯანმრთელობის გამო, სახლში ყოფნა მიწევდა… დროის გაყვანის ერთად-ერთი საშუალებები პიანინო, გიტარა, წიგნები და რვეულები იყო. ჩემს ბავშვობაში ძნელი მოსაპოვებელი იყო უცხოური მუსიკალური ჯგუფების ჩანაწერების მოსმენა. არც ინტერნეტი არსებობდა და ტელევიზორშიც მხოლოდ ორი (ძირითადად საინფორმაციო-სააგიტაციო) არხი იყო. იძულებული ვიყავი თავად შემექმნა, ჩემთვის მოსაწონი მუსიკალური ნაწარმოებები.
დღევანდელ ქართულ ესტრადაზე და კომპოზიტორების მიერ შექმნილ მუსიკაზე რა აზრის ხართ?
– ზოგი მეტად მომწონს, ზოგი ნაკლებად. აი, ქართული ფოლკლორი კი მსოფლიოში უნიკალურია! ჩვენ ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ თუ რა საგანძურის მფლობელები ვართ ფოლკლორის სახით და, დასანანია, რომ ჩვენამდე დიდიმა ნაწილმა ვერ მოაღწია, ხოლო რამაც მოაღწია, იქაც ზოგი რამ დღემდე დაუზუსტებელია. მაგალითად, ქართული მუსიკალური დამწერლობა, იგივე ნევმური სისტემა. ყური მოვკარი, მგონი ნოდარ მამისაშვილის ერთ-ერთ ლექციაზე, რომ საეკლესიო ზარებს ჩვენი წინაპრები იმგვარად ამზადებდნენ რომ, დიდი ზარების ჟღერადობა სეტყვის ღრუბელს შლიდა და პატარების მავნე მიკრობებს ანადგურებდაო! თუ მართლაც ასე იყო, ძალიან დიდი ცოდნაა დაკარგული… ასე რომ, მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს. და მუსიკის სწორად შემქმნელი და შემსრულებელი (ორფეოსივით) ჯადოსნურ ენერგიას განაგებს.


წმინდა ქართული ხასიათის მუსიკას თუ ქმნით?
– ვცდილობ ხოლმე. ჩემსა და ფოლკლორულ კომპოზიციებზე თანამედროვე ელექტრონული არანჟირება ქორეოგრაფიულ „ანსამბლ“ მეტეხს გავუკეთეთ მე და ხოსემ (მალხაზ მაღალაშვილმა), მერე გელოდი ფოცხიშვილის მტკიცებით (ქორეოგრაფიულ „მეტეხის“ ხელმძღვანელი) უცხოეთში კონცერტებზე ყველგან დიდ მოწონებას იმსახურებდა!
თქვენი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები რომლებია?
– არ ვარ ცნობადი კომპოზიტორი. თუმცა მაინც გეტყვით, რომ ალბათ გალაქტიონ ტაბიძის „მერი“ თუ იცის მსმენელმა. და კიდევ, 9 აპრილზე სიმღერა, რომელიც ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდში… ორკესტრთან ერთად მღერის ნიკა დოლენჯაშვილი.
საერთო ჯამში რამდენი მუსიკალური ნაწარმოები გაქვთ შექმნილი?
– არ ვითვლი. როცა დრო და საშუალება მაქვს ვწერ. სამწუხაროდ ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილი, ავად სახსენებელ 1992 წელს უკვალოდ გაქრა. რკინიგზის ვაგზალზე  ვიღაც ჯიბგირმა მოიპარა ჩემი ნოუთბუქის ჩანთა და ჩემი ყველა ჩანაწერი თან გააყოლა. მერე ალბათ გადაყარა სადმე. ვინ არ ჩავრიე, რომ დაებრუნებინა ჩემთვის, მაგრამ ვერაფრით გავიგეთ ვინ იყო…
მუსიკალური განათლება სად მიიღეთ?


– ჯერ მშობლიური სკოლის სამუსიკო სტუდიაში. დაწყებით კლასში ფორტეპიანოს გენიალური პედაგოგი მყავდა, ქალბატონი მანანა გვაზავა. შემდგომ კონსერვატორიის ექსპერიმენტალურ სკოლაში, კომპოზიტორ რუბენ კაჟილოდის კლასში. ძალიან დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის ლექციებს თბილისის კონსერვატორიაში. და ბოლოს, ადელაიდას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მუსიკალური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. მაგრამ ყველაზე დიდი ცოდნა მაინც გამოცდილებიდან მოდის, მთელი ცხოვრება ხმის ჩამწერ სტუდიებში ვმუშაობდი. გარდა ამ ბოლო წლებისა, რაც ყვარელში მომიწია ცხოვრება. მაქვს უნიკალური აპარატურა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესება ვერ შევძელი, რომ თუნდაც ერთი დაცული ოთახი გამოეყოთ სტუდია რომ გამეკეთებინა.
ბატონო მერაბ, თქვენთვის ვინაა მუსიკაში საზომი, მეტრი?
– ბანალურად კი ჟღერს მაგრამ, რა ვქნა, ნამდვილად ასეა და იოჰან სებასტიან ბახი. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლფრანგ ამადეი მოცარტი და ა.შ.. მსოფლიო დონის და ყველა ეპოქის გრანდიოზული კლასიკოსები. ქართული ფოლკლორი და საეკლესიო მუსიკა და როკ ბალადები ლეგენდარული როკ ჯგუფების შესრულებით.


თავად რა მუსიკას უსმენთ უმეტესად?
– განწყობის მიხედვით. ინდური რაგებიდან დაწყებული „ენიგმათი“ დამთავრებული. ზოგჯერ უფრო როკ ბალადები მომწონს და ზოგადად როკ მუსიკა. ხანაც კლასიკა და ზოგჯერ ფოლკლორი.
და რა მუსიკის მოსმენა არ გიყვართ?
– ფანოღს ვერ ვუსმენ, მომიტევოს ფანოღის თაყვანისმცემლებმა და ვერ ვუსმენ მდარე მუსიკას. სამწუხაროდ მძღოლების მოსასმენ რეპერტუარშია ძალიან ხშირად.
როგორ ყალიბდება მუსიკალური გემოვნება?
– მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას მუსიკალური განათლება უნდა ჰქონდეს საფუძვლად. იმიტომაც არის ამდენი მუსიკალური სასწავლებლები, რომ მსმენელი აღზარდონ, თორემ ყველა მუსიკოსი ვერ გახდება.
და ბოლოს, როგორც კომპოზიტორს, რის თქმა გსურთ?
– რისი თქმაც მსურს მაგას მუსიკალურად თუ ვიტყვი ოდესმე… თორემ მუსიკის გადმოცემა სიტყვებით რომ შეიძლებოდეს, მუსიკაც პოეზია იქნებოდა. ეს ხუმრობით და ისე, როგორც ნებისმიერ ხელოვანს, მეც მაქვს სურვილი შევქმნა ისეთი ნაწარმოებები, რომ ხალხისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი და რაც მთავარია სასარგებლოც იყოს.