სალომე კევლიშვილი: ჩემი მთავარი მიზანია ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია

2090

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ახალი თაობა და ახალი ცოდნა, განვითარება, შესაძლებლობები და სურვილები… დღევანდელმა თაობამ ბევრი იცის, – იცის რა უნდა, როგორ მიიღოს და საიდან დაიწყოს… და ეს ცოდნა დღვანდელმა ცივილიზაციამ და გარემოებამ მისცა, რა თქმა უნდა, ქართულ, ძველ, ტრადიციულ განათლებასთან ერთად… მისცა და ისინიც მაქსიმალურად იყენებენ მას, ვითარდებიან და დამოუკიდებლობისკენ ილტვიან – სამყაროში საკუთარ ადგილს იმკვიდრებენ!

ერთი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ 11-ე კლასის მოსწავლეა, „ეტალონის“ გამარჯვებულია და ასაკთან მიმართებაში საოცრად ჯანსარად აზროვნებს, ჩამოყალიბებული ხედვა აქვს გარკვეული საკითხებისადმი… კარგად მსჯელობს და ისე დამაჯერებლად და არგუმენტირებულად, რომ მზად არის საკუთარი, დამოუკიდებელი მომავლის შესაქმლენად, რომლის წყალობითაც ის წარმატებული და ბედნიერი იქნება მსოფლიოს სხვა ახალგარდებთან ერთად…

მოკლედ, ეს მშვენიერი და ჭკვიანი გოგონა სალომე კევლიშვილია, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეა. წაიკითხეთ ეს მოკლე და შთამბეჭდავი ინტერვიუ…

– სალომე, გაეცანი მკითხველს.

– გამარჯობა! მე ვარ სალომე კევლიშვილი. საგარეჯოს რაიონ სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

– რატომ აირჩიე მაინც და მაინც შენი ნიჭის რეალიზებისთვის „ეტალონი“?

– დავიწყებ იქიდან, რომ ყველაფერს ვაკეთებ ჩემ ნიჭის რეალიზებისთვის და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა პროექტში მივიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, „ეტალონი“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია საქართველოში ახალგაზრდების განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ ავირჩიე ის.

– ვიცი მესამედ სცადე ბედი ამ მეტად ნიჭიერი ბავშვების კონკურსში. წინა კონკურსები გაიხსენე?

– დიახ, ამ პროექტში წელს მესამედ ვცადე ბედი, რაც შეეხება წინა კონკურსებს, ყოველთვის ვახერხებდი პირველი ეტაპიდან  მეორე ეტაპზე გადასვლას, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ერთ წელს ათეულშიც კი ვერ შევდიოდი, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია გაჩერებაზე, პირიქით, გულით მიხაროდა „ეტალონში“ წასვლა! და აი, წელს ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ და რწმენამ იმისა, რომ მე გავიმარჯვებ – შედეგი გამოიღო და პირველი ადგილი დავიკავე.

– თავი დაჩაგრულად ხომ არ გიგრძვნია, ე.წ. ჩაწყობებიც ხომ არ არის?

– არა, თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძვნია და არც ის, რომ ჩაწყობებია… ეს ასეც რომ იყოს, მე ამას სხვის დასანახად არ ვაკეთებ, მთავრია მე დამრჩეს „ეტალონიდან“ და სხვა მსგსვასი საინტერესო პროექტებიდან რამე ცოდნა და გამოცდილება.

– რა მნიშვნელობას ანიჭებ ამ გამარჯვებას?

– ძალიან რთულია ამ გამარჯვების მნიშვნელობის ახსნა ჩემთვის… ის ემოციები, რაც მე განვიცადე, პირველი იყო ჩემ ცხოვრებაში და მემახსოვრება, როგორც მთავარი მიზნების და მიღწევების  მხოლოდ დასაწყისად.

– რომელიმე საგანში ხომ არ მოიკოჭლებ, რამაც ამ პროექტში იჩინა თავი?

– ვფიქრობ, ყველა საგანში ერთი და იმავე საფეხურზე ვარ და სწორედ ამის გამო მივიღე ეს შედეგი, რაც უნდა მიმეღო…

– სალომე, რა პროფესიას გინდა დაეუფლო და რატომ?

– სამწუხაროდ, ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ ვარ ჩემ სამომავლო პროფესიაში, თუმცა, ბავშობიდან მინდოდა ჟურნალისტიკა, რადგან ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, – მიყვარს ბევრი საუბარი საინტერესო თემებზე და საუბრის გარდა მათი მოძიება და ჩაღრმავება.

– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს?

– ვფიქრობ, ახლო მომავალში, უპირველესად, კარგად მოვემზადო „ეტალონის“ ფინალისთვის. შემდეგ დავიწყო მზადება აბიტურიენტობისთვის. მეტი გეგმა ჯერ არ დამისახავს.

– რა გიტაცებს სწავლის გარდა კიდევ?

– ძალიან მიყვარს დეტექტიური ჟანრი და ვცდილობ ხშირად ვუყურო მსგავს ფილმებს ან ამ ჟანრის წიგნები ვიკითხო.

– შენი ჰობი?

– ჩემი ჰობია მუსიკის მოსმენა ყველგან და ყოველთვის, როცა კი ამის საშუალება არის.

– რაზე ოცნებობ?

– არ მაქვს ოცნებები, – მაქვს მიზნები. ჩემი მთავარი მიზანია ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.

– როგორია შენი სკოლა, შენი სოფელი?

– ალბათ, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც, ჩემი სკოლა და სოფელი უთბილესი ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სკოლაა სწორედ ის ადგილი, რამაც აქამდე მომიყვანა და გამხადა ის ვინც ვარ დღეს.

– მოგწონს დღევანდელი ცხოვრება და ჩვენი ახალგაზრდების ყოფა?

– მომწონს ახლანდელი თაობის ცხოვრებისადმი ინტერესი. ის, რომ წინა თაობებთან შედარებით უფრო გახსნილები არიან და თამამად შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი აზრი და აქეთ უფროსებს შეუძლიათ მისცენ რჩევა, რაც გასულ საუკუნეში მიზანშეწონილიც კი არ იყო. მიუხედავად მოტივირებული ახაგაზრდებისა, გული მწყდება, რომ ახალგაზრდების ყოფა უკეთესია დიდ ქალაქებში, აქვთ განვითარების მეტი ალტერნატივა სწავლისთვის, გართობისთვის და რაც მთავარია, აქვთ რესურსებიც. რეგიონებში და პერიფერიებში კი, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ახალგაზრდებს მსგავს ფუფუნებაზე.

– და ბოლოს, შენი საყვარელი ადამიანები ვინ არიან?

– ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან და მეუბნებიან, რომ ეს გამარჯვება არის მინიმუმი და ჩემგან ელიან მაქსიმუმს!

პ.ს. ეს არის თაობა, რომელიც აუცილებლად ააშენებს ახალ, დამოუკიდებელ, მშვიდობიან, წარმატებული და მდიდარი, რწმენით სავსე – ბედნიერი ადამიანების საქართველოს!