ნანა ჯიქია: სახელმწიფომ უნდა შეძლოს განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათთვის, შრომის ბაზარმა კი მათი დასაქმება

2413

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

მშვიდია, გაწონასწრებული, საქმიანი, უღალატო და ენთუზიაზმით სავსე, და ამ ყველაფერს მისი კეთილშობილება განსაზღვრავს… ემსახურება საყვარელ საქმეს, მისი განსაკუთრებული ზრუნვის და ყურადღების ცენტრში შშმ პირები არიან – მათი განათლება და დასაქმებაა პრიორიტეტი. ამავე დროს, შშმ პირებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამღლება და სწავლებაა.

მრავალი ჯილდოს და წოდების მატარებელია, რასაც წელს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ღირსების ორდენიც დაემატა, დამსახურებულად. ეს ორდენი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილი მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძვნდა და გაიცემა, ჩვენი ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში.

მაშ ასე, ეს დამსახურებული მოღვაწე, ქალბატონი ნანა ჯიქიაა.

– ვინ არის ნანა ჯიქია?

–  26 წლის ასაკში გავხდი მეცნიერებათა კანდიდატი. 27 წლის ასაკში დოცენტი. ასოცირებული პროფესორი, შემდგომ კი სრული პროფესორი.
შეგრძნება იმისა, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, სასიამოვნოა და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მივაღწიე წარმატებას, არასოდეს დამიკარგავს თვითგანვითარების და თვითშემეცნების სურვილი. ჩემი ცხოვრების დევიზია-დაუღალავი შრომა და სწრაფვა თვითგანვითარებისკენ!

– ქალბატონო ნანა, პროფესიით რა ხართ?
– პირველადი პროფესიით ტექსტოლოგი გახლავართ. მეორე პროფესიად კი იურისპროდენცია ავირჩიე.
– პროფესიის არჩევის დროს ოჯახის გავლენა იყო თუ საკუთარი სურვილით შეარჩიეთ?
– რა თქმა უნდა, საკუთარი სურვილით. მიყვარდა ლიტერატურა და ვფიქრობ, ბავშვობიდან ვიყავი სიმართლისმოყვარე და სამართლიანი.
– რა არის განათლება?

– განათლება გახლავთ-საგანძური, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და გეხმარება ცხოვრების სიძნელეების დაძლევაში. როცა იცი, რომ შენზე დიდ ადამიანებს შენზე მეტი აუტანიათ და გაუტანიათ, ამის გაცნობიერება საშუალებას არ გაძლევს, მოდუნდე,არ აიტანო და სტიმულს გაძლევს, რომ გაიტანო.
– განათლების სისტემაში რას შეცვლიდით ან რას დანერგავდით?
– ბევრ რამეს შევცვლიდი. დავიწყებდი სასკოლო განათლებიდან, რომელიც ბაზა უნდა იყოს პიროვნების შემდგომი განათლება – განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღეს, სასკოლო განათლება ამის საშუალებას არ იძლევა და ოჯახს, რომელსაც შეგნება და რესურსი აქვს იმისთვის, რომ შვილს, საფუძვლიანი განათლება მისცეს, თავად უწევს ზრუნვა კერძო რეპეტიტორებთან მოამზადოს მოზარდი. მაქვს იდეები განხორციელების დონეზე. სამი წლის წინ ვახორციელებდით დისტანციურ სწავლებას რეგიონის იმ ახალგაზრდობისთვის, ვისთვისაც ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ოცნება გახლდათ მხოლოდ. სამი წლის წინ, ვსაუბრობდით, დისტანციური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე, რომლის აუცილებელი საჭიროება ახლახან დადგა და სამწუხაროდ, განათლების სისტემა მოუმზადებელი შეხვდა ამ პროცესს.


– თქვენმ შშმ პირების დისტანციური სწავლების ნოვატორი ხართ საქართველოში. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
– ჩვენი აკადემიისთვის პრიორიტეტია შშმ პირთა განათლება-განვითარების საკითხი. 2015 წლიდან ფეხით შემოვიარეთ რეგიონები, რათა ზუსტი აღრიცხვა გაგვეკეთებინა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდების. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრნი არიან და დიდი სურვილი აქვთ, მიიღონ განათლება. ჩვენ მათ უფასო სწავლება შევთავაზეთ, მაგრამ მოგეხსენებათ, მათთვის გადაადგილება დღემდე პრობლემას წარმოადგენს. მითუმეტეს, რეგიონებში. იდეაც აქიდან გაჩნდა – მათთვის შეგვეთავაზებინა დისტანციური სწავლება.
– შშმ პირების განათლებაში ვინ გეხმარებათ ფინანსურად?
– მხოლოდ საკუთარი რესურსებით ვახორციელებთ დისტანციურ სწავლებას. გვაქვს მორალური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს, საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი წარმატებული ადამიანების აქტიურ ჩართულობას ამ პროექტში.
აკადემია განათლების ხელმისაწვდომობის და ჩართულობის მიზნით, იწვევს ევროპისა და ამერიკის წამყვანი სასწავლებლების აღიარებულ ლექტორ-მასწავლებლებს თემატიკის ფართო არჩევანით. ეს პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, მიიღოს თანამედროვე და მრავალფეროვანი ცოდნა. მსგავსი დისტანციური კურსები ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნის პროცესში.
– კორონას პანდემიის დროს როგორ გაართვით თავი საქმიანობას?


– საქმიანობა არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია. დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა, საბედნიეროდ, საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე.
– როდის გაჩნდა დავით აღმაშენებლის აკადემიის დაფუძნების იდეა?
იდეა 2015 წელს გაჩნდა. გვქონდა ინოვაციური ხედვა, რომლის განხორციელების საშუალებას უნივერსიტეტი არ იძლეოდა. გადავწყვიტე, ჩამომეყალიბებინა ახალი სასწავლებელი, რომელიც ახალ სიტყვას იტყოდა საგანმანათლებლო სივრცეში და პირველ რიგში, ხელს შეუწყობდა მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობას საგანმათლებლო პროცესში და მივაღწიეთ კიდეც. დუშეთის, სვანეთის, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდებს შევთავაზეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები უფასოდ. რითაც ვამაყობთ.
დღეს, ბევრი მათგანი შემდგარი და დასაქმებულია.


– რას აძლევს საზოგადოებას დავით აღმაშენებლის აკადემია?
– დავით აღმაშენებლის აკადემია უკვე რამოდენიმე წელია ახორციელებს შშმ პირთა განათლება-განვითარების პროგრამას. ინოვაციური პოლიტიკა მიმართულია შშმ პირთა ჩართვაზე ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ამ სისტემის ადაპტაციის გონივრული მისადაგების გზით. დისტანციური სწავლების პროექტი, რომელიც აკადემიამ დანერგა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ითვალისწინებს, არაფორმალური განათლების გზით განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას ყველა კატეგორიისთვის. შშმ პირთა საჭიროებაზე მორგებული სწავლება ხელს უწყობს  მათი თვითღირებულების ამაღლებას და საზოგადოებაში რესოციალიზაციას.
– დავით აღმაშენებლის აკადემიის დირექტორობა უდიდესი პასუხისმგებლობაა… არ გეშინიათ?
– არა, რადგან მაქსიმალურ ენერგიას ვდებ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ და მიუხედავად, ხელოვნური ბარიერებისა და დაბრკოლებებისა, არ ვჩერდებით და წინ მივდივართ.

– ქალბატონო ნანა, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს შშმ პირები განათლებასთან, უფლებების დაცვასთან და დასაქმებსათან დაკავშირებით?
– მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კვლავ მტკივნეულ თემად რჩება მათი დასაქმებისა და განათლების საკითხი.

– და მაიინც, კიდევ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შშმ პირებმა თავი სრულუფლებიანად, სრულყოფილად, პატივცემულად, ღირსეულად იგრძნონ თავი?
– სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი მათ რესოციალიზაციას. აკადემიას აქვს ერთ-ერთი პროექტი „შშმ პირები შშმ პირებისთვის“ ჩვენ, საშუალება მივეცით უკვე შემდგარ და დასაქმებულ შშმ პირებს, ესაუბრონ რეგიონის ახალგაზრდობას თავიანთი მიღწევების გზებზე. უჩვენონ მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლონ შედეგისთვის. ეს, საუკეთესო სტიმულია შშმ პირისთვის. როცა ხედავს, მის მდგომარეობაში მყოფ შემდგარ და წარმატებულ ახალგაზრდას. იგივე შშმ პირი უკითხავს მათ ლექციებს მათსავე უფლებებზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათთვის. შრომის ბაზარმა კი მათი დასაქმება. სწორედ ეს სჭირდებათ მათ და არა დაპირებები.

– უამრავი ჯილდო გაქვთ მიღებული… რა არის თქვენთვის უმტავრესი და უპირატესი ჯილდო, რომელიც დღემდე მიგიღიათ?
– ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის, სიცოცხლე და სიცოცხლეში შენი ამქვეყნად მოვლენის არსის გამართლებაა! უფლის საჩუქრად მიმაჩნია. საკუთარი შვილები და საყვარელი საქმე.

– რა არის ქართველო ადამიანისთვის ოჯახი?
– ოჯახი ნავსაყუდელია. ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვინაიდან, სახელმწიფო დგას ოჯახზე, განსაკუთრებულად გვმართებს, გავაძლიეროთ ოჯახური ინსტიტუტი. აღვზარდოთ ტრადიციების პატივისმცემელი, განათლებული და მომავალზე ორიენტირებული თაობა.

– დღევანდელი ქართულ პოლიტიკას როგორ უყურებთ და რა მოგწონთ და რა – არა?
– საკმაოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ბუნებრივია, ვერ ასცდები პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც მოქალაქე. ვცდილობ, ჩემსავე სფეროში კეთილი რჩევა მივცე პოლიტიკოსებს. სწორედ ამ მიზნით დაიწერა ჩემი ახალი წიგნი „პოლიტიკური იმიჯი“
– თქვენი ჰობი რა არის?
– კითხვა და ადამიანებზე ზრუნვა.

– რა გიყვართ ყველაზე მეტად?
– ახალი საქმის კეთების პროცესი.

– პრემია „ივერიის“ ჟიურის წევრი იყავით გასულ წელს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ დღევანდელი ლიტერატურის შესახებ?
– ლიტერატურა ჩემთვის სულის ნაწილია. ამიტომ, ცოტა კრიტიკულად ვუდგები. დიდი პატივი იყო ჩემთვის პრემია „ივერიის“ ჟიურის წევრად ყოფნა. ბევრ საინტერესო მწერალსა და პოეტს გავეცანი. განსაკუთრებით, ჩვენი ემიგრანტების შემოქმედებას…

– რა რას ნიშნავს პრემია „ივერია“?
– საინტერესო პროექტია და მივესალმები, რადგან ხელს უწყობს ახალი სახეების წარმოჩენას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩემთვის იმით, რომ შშმ პირების ინტეგრაციას უწყობს ხელს და მადლობა თქვენ, ამ კარგი და კეთილი საქმისთვის.

– რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
– საკმაოდ ბევრი მაგრამ ამჟამად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც გულისხმობს დისტანციური სწავლების სერვისის შეთავაზებას არასრულწლოვანი პატიმრებისთვის და ჯარისკაცებისთვის.
– და ბოლოს, რას ეტყვით მკითხველს?
– ცხოვრება მშვენიერია. აკეთეთ, საყვარელი საქმე. გიყვარდეთ და არ შეჩერდეთ!