კარატე – გოჯუ რიუ კორონა ვირუსს ამარცხებს

1887

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

კარატე – სწორად ცხოვრების უნიკალური შანსი ყველა მხრივ. კარატე არის ჯანსაღი სული, ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი ფსიქოლოგია – ადამიანური ჰარმონია!

განსაკუთრებული კარატე მაინც უძველესი სტილებია და მათგან ერთ-ერთი ოკინავური საბრძოლო, მძიმე კონტაქტური კარატე – გოჯუ რიუ გახლავთ, რომლის სრულყოფილი სისტემის მსგავსი მის შემდეგ აღარ შექმნილა.

სწორედ კარატეს ამ ძლიერი სტილის – ოკინავური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან როგავას ვესაუბრეთ კორონა ვირუსის წინააღმდეგ კარატეს და ფიზიკური დატვირთვებისა და საერთოდ, სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე.

– ლევან, როგორ უმკლავდები კორონა ვირუსის პერიოდს?
– გლობალურად რთული პერიოდია. შეიცვალა გარემოებები და ზოგადად ადამიანებიც… როგორც ყველა, ჩვენც ვცდილობთ მხნედ ვიყოთ და გარშემო მყოფ ადამიანებს უფრო შევუმსუბუქოთ ყოფა, რამდენადაც ეს ჩვენ შეგვიძლია.
– როგორც ვხედავ კარატეს ვარჯიშებს ონლაინ ატარებთ. რთული არაა?
– დიახ, ონლაინ ვატარებ რამოდენიმე ტიპის ვარჯიშებს. გვაქვს ღია და დახურული ფეისბუქ ჯგუფი, სადაც კვირაში სამჯერ ვდებ ახალ ვიდეო-ვარჯიშებს. ბუნებრივია, რელურ ცხოვრებაში, რეალურ ვარჯიშს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც ვახერხებ საკმარის კომუნიკაციას მოსწავლეებთან, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან ასეთ ფორმატშიც კი. დაახლოებით სამი წლის წინ ჩემმა მოსწავლე-მეგობარმა, რომელიც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მითხრა, რომ ნიუ-იორკში ვერ ვიპოვე კარგი დოჯო და სენსეიო და მე დიდ მონიტორს ჩემოგიკიდებ თბილისის დოჯოში და იქნებ ონლაინ ჩაგვიტარო ვარჯიშები მე და ჩემს აქაურ მეგობრებსო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ეს სერიოზულად ვერ აღვიქვი, რადგან ასეთი რამ წარმოუდგენლად მომეჩვენა… თუმცა, დღეს ეს უკვე ეს აღარავის აღარ გვიკვირს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი გარემო ფაქტორის მიუხედავად, აუცილებელია, შენი შინაგანი მდგომარეობის შენარჩუნება და იმ გზის გაგრძელება, რომელსაც ადგახარ. ზოგადად, „ბუშიდოს“ – მეომრის გზაც ამას გულისხმობს, რომ გადალახო სირთულეები და ღირსეულად მიხვიდე მიზნამდე.
– ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ რთულ – კორონა ვირუსის პერიოდში?


– დღევანდელ დღეს ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. მედიკოსები ცალსახად გვირჩევენ ფიზიკურ აქტივობებს, დაინფიცირების დროსაც  და მანამდეც. მე ვთვლი, რომ ფიზიკურ აქტივობას აუცილებლად უნდა დავამატოთ სუნთქვითი ვარჯიშებიც, რათა ორგანიზმს ჟანგბადი მიეწოდოს სრულფასოვნად. გოჯუ რიუს აქვს უნიკალური სუნთქვითი ვარჯიშების სისტემა, ლეგენდარული სენსეი ჩოჯუნ მიაგის მიერ შექმნილი. ზოგადად, ჩვენი სტილის მთავარი პრინციპი – „მაგარი და რბილის“ (ანუ გო ჯუ-ს პრინციპს) თეორიას საფუძვლად უდევს ჩასუნთქვა, როგორც მაგარი და ამოსუნთქვა როგორც რბილი აღქმა.
– ლევან, მაღალი კლასის პროფესიონალი ხარ და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია ფიზიკური დატვირთვა კოვიდის წინააღმდეგ?
– ერთმნიშვნელოვნად არის ცნობილი, რომ ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია თანმდევი დაავადებები ადვილად უმკლავდება ამ დაავადებას, სტატისტიკაც ამას გვეუბნება. ჩემი დაკვირვებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარშემო (კარატეს ოჯახს ვგულისხმობ) ვისაც ვირუსი შეეყარა ყველამ იოლ ფორმაში გადაიტანა. შეიძლება სუბიექტური მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
– გოჯუ რიუ ბევრი რამით და განსაკუთრებით სუნთქვითი ვარჯიშებითაა გამორჩეული. ამაზე რას იტყვით?


– როგორც ზემოთ გითხარით, სუნთქვით ვარჯიშებს გოჯუ-რიუს პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შექმნილია სპეციალური სისტემა სასუნთქი გზების და ფილტვების გასავარჯიშებლად. როგორც კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ასევეა ფილტვებსაც ესაჭიროება სისტემური ვარჯიში, ანუ ფილტვების შეკუმშვის და გაშლის დიაპაზონი უნდა იყოს დიდი და მოქნილი, რათა მაღალი აქტივობის ანუ სტრესის, უჰაერობა-უჟანგბადობის ან სხვა შეზღუდვების დროს სისხლს სრულფასოვნად მიეწოდოს ჟანგბადი.
– თუ გქონიათ შეხება კოვიდის პრობლემიან ადამიანებთან თქვენი სისტემით?
– ჩვენს გარშემო უკვე ძალიან მრავლად არიან ისეთი ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებიც. ზოგიერთმა უსიმპტომოდ გადაიტანა ისე, რომ ვერც კი გაიგეს დაინფიცირება. თუმცა, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს.
– მაქსიმალურად ცოტა დრო რომ დახარჯოს ადამიანმა და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, რა ფიზიკური აქტივობები უნდა აკეთოს?
– აქ ალბათ პირობითია თქვენი კითხვის შინაარსი, რადგან გააჩნია ადამიანის ასაკს და მის სხვადასხვა მდგომარეობას. არ არის აუცილებელი მაღალი აქტივობის შესრულება. სასურველია, რომ ბევრი ვიაროთ, ზომიერად სწრაფი ნაბიჯებით, სუნთქვაზე გამახვილებული აზრით. რამოდენიმე სტანდარტული სავარჯიშოები, – ასევე ზომიერად, რათა სისხლის მიმოქცევა უფრო აქტიური იყოს. მერწმუნეთ, ეს შეცვლის ადამიანების განწყობას და უფრო პოზიტიური ენერგიის ვიბრირებას დაიწყებენ.


– ლევან, საუკეთესო რჩევა რა შეგიძლიათ მისცეთ ჩვენს მკითხველს?
– პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. პანიკამ არ უნდა მოგვიცვას, რადგან შფოთვა და ნერვიულობა კარგს არაფერს მოგვიტანს, ვერაფერში დაგვეხმარება, პირიქით – საზიანო ეფექტს მოახდენს და დაგვასუსტებს. ერთი წლის წინ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდით, ამიტომ მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ეს ყველაფერი გადაივლის და ჩვენ უფრო ძლიერი დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს.