წაიკითხეთ მამუკა თეთრაძის ინტერვიუ ანუ როგორ უნდა აზროვნებდეს საზოგადოება…

2563

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საინტერესო პიროვნებაა, რწმენით სავსე, სიყვარულის წესების მცხოვრები – ქრისტიანული ცხოვრების მქადაგებელი… ერთი შეხედვით თავდაჯერებული, მაგრამ, სინამდვილეში, ცოდნით და რწმენით სავსეა, რომელსაც ხელოვნებაში, პროზა-პოეზიაში გადააქვს მაღალ დონეზე…

ეს მეტად საინტერესო მოაზროვნე პოეტი მამუკა თეთრაძეა და წაიკითხეთ, საინტერესო მოაზროვნეა…

– მამუკა, როგორ ქვეყანაში დაიბადე?

– დავიბადე 1986 წლის 4 სექტემბერს, თბილისში. ჯერ კიდევ პატარას, რაც მახსოვს, ესაა ახლობლების დიდი სიყვარული ერთმანეთის მიმართ. თუმცა, იყო დუხჭირი ცხოვრება – ლუკმა პურისა და ჩასაცმელის შოვნის პრობლემა და ა.შ., ფაქტიურად ჩემი ძმის ტანსაცმლით ვარ გაზრდილი, ხოლო ჩვენი ნაცვამებით კი – სხვა ჩვენი ახლობლები. ამიტომ, ეხლაც შემიძლია სხვათა ნაცვამის ჩაცმა და არ ვუკადრისობ. იყო უშუქობის ხანა და ლამფის შუქზე გვიკითხავდა ხოლმე დედა ზღაპრებს. მე და ჩემ ძმას, როგორც უმრავლესობას, ჩვენი თაობიდან, ბევრი რამ არ გვქონდა და ეს გვაძლევდა ძალას, რომ თავად ჩვენ შეგვექმნა ქაღალდებით სათამაშო მანქანები, საკისარებით (პაჩევნიკებით) საკატაო „სამაგატკა“ და ა.შ.. აქედან მუდამ მომდევს განცდა, რომ შემოქმედი ადამიანი ქმნის მაშინ, როცა მას განცდა აქვს ბევრი რამის ნაკლოვანებისა… შემოქმედი ადამიანი ბედნიერებას ქმნის მაშინ, როცა რომ შესაძლოა მასში და მის გარშემო იყოს მომძლავრებული მთელი რიგი უბედურებანი… შემოქმედი ადამიანი მებრძოლია და ქმნის ბედნიერებას საკუთარ თავში ყოველგვარ სიცარიელეზე – ტრიუმფალური გამარჯვებით… შემოქმედი ადამიანი თითქოს მარტოა, მაგრამ ვინც ქმნის, ის ვერ იქნება მარტო!

– რა არის სამშობლო?

– სამშობლო არის ადგილი, სადაც შენი მშობლები გეგულება, სადაც შენს მშობლებს თავიანთი მშობლები ეგულება, სადაც… და ასე, ადამ და ევამდე. სამშობლოა, ჩემს შვილს ჩემი და ჩემი მეუღლის ზრუნვა რომ მისცემს ფიზიკურ და სულიერ საზრდოს… ასევე იქნება ჩემი შვილი თავის შვილთან… მოკლედ, წარსული, აწმყო და მომავალი, – ესაა სამშობლო, სხეულს და მიწიერ საზრუნავს გაცდენილი სამშობლო, სულიდან სულში გადასული მართალი რწმენა, იმედი და სიყვარული… სამშობლო ესაა თითოეული გარდაცვლილი მამულიშვილის – ქალისა თუ კაცის ძვლების და სულის ღაღადი, თითქოს განსხეულებული რომ არის მდუმარედ მდგომ ბანას, ოთხთას, ხანცთას… ტაძართა კედლებთან. ეს არის მარადიული სიმშვიდე, დათმენა… რომელიც იმარჯვებს დროზე. სამშობლო ბუნებრივი ადგილსამყოფელია, რომელიც ფიზიკურიცაა და სულიერიც, მაგალითად, რადგან არსებობს მიწა მშობლიური, და არსებობს ამ მიწაზე დატოვებული წინაპართა სულიერი საზრდო, ჩვენთვის და ჩვენი შემდგომი თაობებისთვის განკუთვნილი საგზალი, რომელიც მართლმადიდებლური სარწმუნოებითაა გაჟღენთილი. სამშობლოს ქმნიდა ყველა ჩვენი წინაპარი მშობელი და ვქმნით ჩვენც, როგორც შეგვიძლია და შექმნიან შთამომავლები. მთავარია ყველა თაობაში იყოს წინ წამოწეული ჩვენ წინაპართა განვლილი გზა და ეს კვალი აუცილებლად გაგრძელდება!

– პოეტობა რატომ აირჩიე დამატებით გზად და ჯვრად?

– როგორც ზემოთ მივანიშნე, რაიმე ღირებულის დაწერა (მცდელობა), ესაა იძულება საკუთარი არსებისა, რომ მე ვარ შემოქმედი (ღმერთისგან შექმნილი შემოქმედი), რომელიც ქმნის ყოველი რეალობიდან (დადებითიდან თუ ნეგატიურიდან) გამომდინარე განცდებს, რომელი განცდებიც მკითხველთათვის უნდა იყოს კარგი საკვები. ამიტომ, პოეტობა კი არ ავირჩიე, არამედ ჩემი საკუთარი ჯვარიდან ვქმნი გზას, მთელი რიგი განცდების კვალ და კვალ, რაც ჩემს შემოქმედებაშია აღბეჭდილი.

– არ გეშინია პოეტის გზისა?

მე ვცდილობ ცხოვრებას და ჩემს გზას ვქმნი ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში. არ ვარ უშეცდომო… თქვენ, გარშემომყოფნი, ხედავთ ჩემს გზას, მაგრამ ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის ჩემი გზა და ნება-მოქმედება. იმედია არასოდეს შემეშინდება იმის, რაც ჩემში ბუნებრივია და მშობლიური.

– რა არის შენთვის ლექსის წერის მოტივი?

– ლექსიდან ლექსამდე არის დრო (შესაძლოა ერთი თვე, ან ორი თვე ან მეტი… რა დროშიც, ბუნებასთან, სოციუმთან ჩემი ურთიერთობის კვალობაზე თვით ჩემს გულში მწიფდება განცდა, რომელიც იმ მოცემული დროის რაიმე ძირითად მოტივზეა აღმოცენებული. ხშირად, რასაც პირველ სტროფში ვამბობ, სწორედ ისაა გამოხატულება იმ მოტივისა, რის გამოც ვწერ.

– და პოეტობა რას ნიშნავს?

– მე რასაც ჩავწვდი გეტყვით: რომ ცდილობ ცხოვრებას და ნაწერებით გადმოსცემ იმას, რაც შენს სულში აისახა, მწარედ თუ – ტკბილად.

– მამუკა, დღეს რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა?

– აი ხომ ვთქვი პოეტი რასაც ნიშნავს. მაგალითად: წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) ცდილობდა ცხოვრებას და სულში აღბეჭდილ განცდებს ნაწერებითაც გადმოსცემდა, რადგან პოეტობა ესაა საქმით მეტყველება სულისა. და როგორ მეტყველებდა? როგორც ღვთის კაცს, როგორც ჭეშმარიტ ერის კაცს შეეფერება, – აი ისე. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ დღესაც, უმრავლესობა, ვერ ვართ იმ მარადიულ ფასეულობებზე მყარად დაფუძნებული ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაშია ან მის გარეთ ვსაქმიანობთ.

– როგორ ფიქრობ, ეკლესიას რატომ უტევენ?

– ეკლესია ესაა მორწმუნეთა ერთობა ქრისტესთან, ქრისტიანულად ცხოვრების წესი ტაძარსა და ტაძრის გარეთ (რადგან „მთელი სამყარო უსასრულო ღმრთის ტაძარია“…). ჩვენ, როცა ეკლესიურად არ ვცხოვრობთ, მორწმუნეთა ერთობას – ეკლესიას ვშორდებით… ხოლო, რაც შეეხება მათ, მთელი „შეგნებით“, ზიზღითა და სიძულვილით რომ ერბრძვიან ეკლესიას, ესაა შური ეშმაკისა, რომელიც მათით (შეცდენილთა) მხრიდან მძაფრად მოქმედებს, რათა ცოდვილი მორწმუნეები (რომლებიც ტაძარში დღენიადაგ დადიან, რათა ცოდვები შეინანონ და ისწავლონ ცხოვრება – ქრისტიანობა) რამენაირად ერთმანეთს და ქრისტეს დააშოროს. ხომ გინახავთ შეცდენილი მორწმუნე, მაგრამ მონანული… ხომ გინახავთ შეცდენილი არაეკლესიური, რომელიც თავის შეცდომას კი არ განიკითხავს, არამედ მთელი სიძულვილით დაგეშილია შემცოდეზე… და რა არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა? ზოგადად ერში? ესაა განკითხვა ამპარტავნებაზე დაშენებული, რომლის მოთავეც არის ცრუ სიტყვა – სატანა.

– 21-ე საუკუნეში ისევ უღმერთობა სჭირს სამყაროს?

– ვინც ღმრთის სიტყვას – ქრისტე მაცხოვარს უსმენს, ვინც ცხოვრობს სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, მან იცის, რომ ეს სამყარო (სწორედ თავისი უღმრთო სულით) ჯვარზე აიყვანს და მოკლავს მას. დიახ, ისევ უღმერთობა სჭირს სამყაროს… უღმერთობაა თვით არასწორად გაცნობიერებული რწმენაც. აბა ჩავუკვირდეთ ჩვენს თავს, რამდენი უღმრთო რამ შეიძლება გვჭირდეს, რასაც ან ყურადღებას არ ვაქცევთ, ან არ გვინდა რომ დავინახოთ…

– რას ნიშნავს გყავდეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოს პატრიარქად?

– მნიშვნელობა განუზომლად დიდია, იმდენად დიდია, რომ ღმერთის წყალობა მისი ცხოვრება-მოღვაწეობიდან კამკამა წყაროს წყალივით ცხადად მოედინება. და ვინც ამ წყალსდალევს, დალევს მოძღვრებას, რომელმა მოძღვრებამაც დღემდე მოიყვანა ქართველი ერი. სწორედ ეს ამწარებს მტერს და ამიტომაა უამრავი შემოტევა დედა-ეკლესიაზე.

– მატერიალიზმისკენ მიდის სამყარო თუ სულიერებისკენ?

– ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი, ძალაა ცისა და მიწის არსებობისა, ანგელოზთა და ადამიანთა არსებობისა, ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა არსებობისა… ღმერთი, როგორც სამყაროს შემოქმედი, ძალაა, თუმცა ამ ძალის მოკლებას ვხვდებით ჩვენში და ჩვენს გარშემო. რატომ? იმიტომ, რომ მთელი კაცობრიობა სცოდავს და უმრავლესობა ხშირად ღმერთთან არ ვართ. ქრისტე მაცხოვარმა ეს ძალა თავისი ჯვარცმითა და აღდგომით, ამაღლებითა და საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის იმედით მოგვცა, და ვინც ამ ძალას იღებს, იღებს სიცოცხლეს – სულისა და სხეულის აღდგომას. სხვანაირად რომ ვთქვათ: სულის შემოსვას მადლით და სხეულის გასულიერებას ახალი ცისა და მიწის წიაღში. სხეული ამ წუთისოფელში კვდება, მაგრამ დასანანი იქნება თუ სამყაროში ადამიანები სხეულივით გახრწნისკენ წავალთ და სულს დავუქვემდებარებთ მხოლოდ მატერიალიზმს და არა, უპირველესად, იმ სულიერ ფასეულობას, რომელიც ჯერ კიდევ აბელ მართალს ჰქონდა გულში და გონებაში, რომელსაც ვერ შეეგუა მისი ძმა – კაენი და აბელი მოკლა. დიახ, კაენის მოდგმა განვითარდა მატერიალური კეთილდღეობისკენ… მაგრამ რა?! რა და, თითქოს მთავარი რაიმეს მიღწევაა, ოღონდ უკუსვლით და ამაოებაში… ამიტომ, რადგან სამყარო დიდია, და ამ სამყაროში ყველა ადამიანია ცალკე განუზომლად დიდი სამყარო, აი ამ სამყაროს სჭირდება ძალა და სიცოცხლე, თუ გვინდა რომ დამშვიდდეს გული და გონება…

– დღეს ვინაა შენთვის საზომი, მეტრი პოეზიაში, და საერთოდ, ლიტერატურაში?

– საერთოდ, ლიტერატურაში, წმ. ილია მართალია და მიხარია, როცა ამა თუ იმ ადამიანში ვამჩნევ საქმეებს, რომლებზედაც ცხოვრებით საუბრობენ. არ დავკონკრეტდები, თუმცაღა დავძენ, რომ დღესაც არიან საქმით მეტყველი ადამიანები.

– და ვინ მიგაჩნია ეროვნულ მოაზროვნედ და ადამიანად, რომელიც პოლიტიკას უნდა მართავდეს?

– ისევ და ისევ არ დავკონკრეტდები, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მე ვინც არ უნდა მიმაჩნდეს, ყველა მართლის ხვედრი ჯვარცმაა. და თუკი ვინმე მიმაჩნია, მეც ადამიანი ვარ და შესაძლოა შევცდე. ჩაგეკითხები: პოლიტიკა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ ერის წარსამართია, მაშინ ვინ უნდა მიგვაჩნდეს ეროვნულ მოაზროვნედ და ადამიანად? საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ეროვნულად მოაზროვნე ხიდია ერისა, თუკი ის სულსაც წირავს ამისათვის. ასეთი ხიდი კი ჩაუტეხელია მაშინ, როცა ერის ცნობიერებაში მუდამ ტივტივებს განცდა, რომ, აი ამ კაცს, მართალს, არ ვუსმინეთ, არ შევეშველეთ… და სიკვდილისთვის, ტკივილისთვის… უბრალოდ გავწირეთ. ამ მდგომარეობამ კი იცის ხოლმე ერის გამოფხიზლება და უკეთესობისკენ შემობრუნება.

– რა არის შენი საყვარელი საქმე?

– თავის დროზე ბიბლიოთეკაში მუშაობა მსიამოვნებდა და ეს იყო ჩემი საყვარელი საქმე. ახლა მებაღეობას ვცდილობ და, მაგალითად, თუ რამეს დავაფესვიანებ, ბავშვივით მიხარია და მსიამოვნებს. საყვარელი საქმე უკვე დიდი ხანია ლექსებისა და ჩანაწერების წერაა. კიდევ ისაა, რომ მარტო ყოფნა მიყვარს, ამ დროს კი ასმაგად მიმძაფრდება სოციალური არსებობისკენ სწრაფვა, მაგრამ ადამიანები ჩემსავით ყურმძიმენი, გულით და გონებით ტლანქები არიან, ამიტომ მიჭირს დიდხანს კომუნიკაცია… მარტო ყოფნისას უფრო ვვითარდები, მაგრამ არასაკმარისად, რადგან გარშემომყოფი ადამიანები მაკლია, ალბათ მათაც ვაკლივარ.

– ქალაქი გირჩევნია თუ სოფელი?

– სოფელი, რადგან ბებიაჩემის მიერ გახურებული თონე და თონის პურის სუნი სოფელში მახსოვს, ღრმა ბავშობიდან…

– სოფელში რა გხიბლავს და რა – არა, ასევე ქალაქში?

– ამ ბოლო დროს უფრო თბილისში ვარ, ამიტომ, თბილისიდან დავიწყებ: მთაწმინდის პანთეონიდანაც გადმომიხედია და თაბორიდანაც, სადაც მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერი დგას… და ამისთვის მადლობა იქ მოღვაწე მამებს! და, ასევე, ქაშვეთის ტაძარშიც მიგრძვნია ის, რაც ლურჯ მონასტერში, ვერის ბაღში რომ დგას დიდებული… თუმცა დღეს ისეთი აღარ ვარ, როგორიც უწინ ვიყავი და ეს არ მომწონს უმრავლესობაშიც – ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ყოველთვიური შემოსავლისთვის შემოვსაზღვრეთ და ცხოვრებას, რაც ფულზე და ამ ქვეყნიურ ყოფაზე მეტია, უღმრთოთა დარად ზურგი ვაქციეთ მარადიულს… რაც შეეხება სოფელს, არ მხიბლავს ყოველწლიური შემოსავალი და მსურს, რომ იყოს ყოველთვიური შემოსავალი. ეს, რაც შეეხება ფიზიკური ყოფის მხარეს. ასევე, არ მხიბლავს, რომ ვარ სოფელში და ტაძარში წასვლა (აღსარება, ზიარება…) არ მახსენდება, ან მახსენდება და… სირცხვილის გრძობასაც გადავაბიჯე. სამაგიეროდ მიყვარს მწვადის ჭამა… ჩემ სოფელში მხიბლავს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ასეთია ჩემი კაკაბეთი… და მხიბლავს ყოველი ის სიახლე, რაც კაცთა შორის მშვიდობაზე და ურთიერთსიყვარულზე ქადაგებს. სოფელში ადამიანი რომ ადამიანს კეთილ სიტყვას გააგონებს, აი ეს უკვე მომხიბვლელი სულიერი სახეა, რომელიც ყოველმა სოფლელმა და საერთოდ, ყოველმა ქალაქელმაც, ყოველმა ერმა უნდა გააღვივოს და განავითაროს იმ დღევანდელი ტექნიკასავით, რომელიც ადამიანთა შორის სათნო ურთიერთობაზე მეტი არაა და ვერც ვერასოდეს იქნება მეტი – წინსვლა. თუკი წინსვლა არ მოხდება ურთიერთ მშვიდობისა და სათნოების საფუძველიდან, რა აზრი აქვს…

– როგორი უნდა იყოს ცოლ-ქმრის ურთიერთობა?

– ჯანსაღი ურთიერთობებია ცხოვრება, ხაზს ვუსვამ, – ცხოვრება! და ეს რამენაირად, პრაქტიკული სახით, უნდა გავაცნობიეროთ. ამიტომ, როგორც მშობლისა და შვილის, ასევე ქმრისა და ცოლის ურთიერთობა აუცილებლად, გაღვიძებისთანავე (დილიდან) უნდა წარიმართოს ტკბილი სიტყვის გაგონებით… კამათი და ურთიერთობის დაძაბვა ყველაზე იდეალურ ოჯახებშიც ხდება, მაგრამ თუ ორ გულს საფუძვლად სიყვარული უდევს, მაშინ, საუბრისას, უმჯობესზე შეთანხმდებიან ცოლი და ქმარი, და კვლავ ტკბილ სიტყვას დასჯერდებიან. ცოლ-ქმრის ურთიერთობას არეგულირებს გულისა და გონების სწრაფვა თავის დამდაბლებისკენ, სიყვარულისკენ, მშვიდობისკენ… მაგალითად, ადამიანი ადამიანთან მართალიც რომ იყოს, სჯობს ეს სიმართლე არ გამოხატოს თავდაბლობის, სიმშვიდის, სიყვარულის გარეშე (რათა ადგილი არ დაუტოვოს ეშმაკს, რომელიც ყოფს და ანგრევს სიყვარულის ურთიერთობებისთვის შექმნილ ადამიანებს. და კიდევ დავძენ: ცოდოა ადამის მარტო ყოფნა, არადა, ეს დალოცვილი სამოთხეშია, ულამაზესი ბუნების წიაღში, მოდი შევუქმნათ მას შემწე!

– ხშირად ამბობენ: ქართული ტრადიციული ოჯახი, რას ნიშნავს ტრადიციული?

– ტრადიციული ოჯახი, ეს არის, წინაპართა ოჯახური ყოფა-ცხოვრებიდან ჯანსაღი სულის შენარჩუნება. ჩვენ, ქართველებმა, ეს სული ქრისტიანობაში ვპოვეთ.

– მოგწონს მარიხუანას ლეგალიზაცია?

– არ მომწონს, რადგან ეგ საქმე არც სულიერი განვითარებისთვისაა კარგი და არც ფიზიკური მონაცემების გაძლიერებისთვის. მე ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში მებაღედ ვმუშაობ და უკვე ორი წელია ვაკვირდები ახალგაზრდებს, რომლებიც მოსაწევისთვის ყიდულობენ მიწას, სასუქს და რაცაა საჭირო – ყველაფერს. უკვე მოზრდილებს, დიდი ხნის გამოცდილება რომ აქვთ ამ საქმეში, ძალიან უჭირთ რაიმეს დამახსოვრება და ბევრჯერ მიხდება ხოლმე ერთი და იმავეს თქმა და ესაა ტვინის შესაძლებლობების რეგრესი.

– დღევანდელი პოლიტიკის შედეგად რა გველის უახლოეს მომავალში?

– დღევანდელი პოლიტიკით დიდი ვერაფერი… რაც შეეხება უახლოეს მომავალს, ეს მომავალი არა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, არამედ მთლიანად ერმა უნდა მოიყვანოს… მაგრამ, როგორი იქნება ეს მომავალი? როგორიცაა ერში უმრავლესობა. ერიდან გამოდიან პოლიტიკოსებად… თითოეულ ადამიანს სჭირდება აღმზრდელი, ოღონდ არა ისეთი, რომელიც ამბობს სიტყვით თუ მოქმედებით: „ჩემი შვილი რომ გაიზრდება, ის თვითონ აირჩევს სქესს“, „სამეფო კარი თამარში“… და სხვა საშინელებები…

– ვინ არის მამუკა თეთრაძე?

– პიროვნება, რომელიც ისევე დაუსრულებელია, როგორც ყველა პიროვნება… დაე, უსასრულოდ, წმ. ანგელოზთა მსგავსად, ღვთის მადიდებლობაში განმტკიცდეს ისე, რომ შეუძლებელიღა იყოს ცხოვრებით გადახრა ბნელ ძალთა მხარეს. ქმნილება, რომელიც ღმერთის ერთ-ერთი შემოქმედებაა, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია ისევე, როგორც ყველა და ყველაფერი… ცოდვილი და შემოქმედი ადამიანი, რომელიც ცდილობს ცხოვრებას… ნიჭის მქონე ისევე, როგორც თქვენ ყველას გაქვთ ნიჭი! მადლობა და დიდება ღმერთს. სხვა რა მეთქმის? არც არაფერი.

– შვილს ელოდებით, ვინ გინდა დაიბადოს – გოგო თუ ბიჭი?

– გოგოც ადამიანია და ბიჭიც, ამიტომ მე მიხარია კიდევ ერთი ადამიანის დაბადება და მადლობელი ვარ ღმერთის… ალბათ ყველა ცოლ-ქმარს აქვს შეგრძნება, რომ როცა მათი ყველანაირი მცდელობა თითქოს იწურება, აი მაშინ იქმნება ღვთის ნებითა და წყალობით შვილი.

– რამდენი შვილის ყოლას აპირებს პოეტი – მამუკა თეთრაძე?

– ამ კითხვაზე პასუხს სიბერეში გავცემ.

– რა არის ბედნიერება?

– ამ წუთისოფელში, ყველა ადამიანში, მონაცვლეობს ბედნიერება და უბედურება. აი, როცა ადამიანში ბედნიერი მდგომარეობა აღარ შეიცვლება უბედურებით, ვფიქრობ ესაა ბედნიერება. ქრისტიანულად ცხოვრებაა ბედნიერება, რადგან თვით სიკვდილის საზღვრებსაც სცდება და ძალუძს დაამარცხოს ცოდვა და ბოროტება. ადამიანმა თავის თავში თუ დაამარცხა მსგავსი უბედურება, მაშ სცოდნია ბედნიერება და მთელი გულისკივილით შესძლებია ლოცვა გარშემო უბედურთათვის.

– სიყვარული და ბოროტება საიდან იწყება და სად მთავრდება?

– ბოროტება მთავრდება, რადგან მაცხოვარმა – იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმითა და აღდგომით ყველა გზა გადაულეწა სატანას. ხოლო სიყვარული იყო, არის და იქნება უკუნითი უკუნისამდე, მარადიულად. ამიტომ, ერთადერთი განათლების გზა არის გულისა და გონების აღვსება სიყვარულით, რომელშიც სიხარულიცაა და ყოველივე სათნოება, რომელიც წყაროს წყალივით მოედინება ქვეყნად განხორციელებული ღვთის სიტყვიდან.

– რა არის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“ და რა მოუტანა ლიტერატურულ სამყაროს ამ პროექტმა? შენ რა მოგცა პრემია ივერიამ?

– ბატონო ნუგზარ, მთელი სისავსით თქვენ უკეთ გრძნობთ და იცით ამ პროექტის მიმდინარეობაზე… მაგალითად, ჩემთვის ეს პროექტი არის მეგობრის ტოლფასი, რომელიც შენს გვერდითაა და ცდილობს შენი შესაძლებლობების რეალიზაციაში დაგეხმაროს… ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ საერთოდ არ გამოიჩენდით ყურადღებას ჩემს მიმართ და არც ჩამრთავდით ამ პროექტში. ამ პროექტმა არაერთი შემოქმედი ადამიანი გამოავლინა, რომელთა ნაწერებიც ლიტერატურულ სამყაროში თავის ადგილს დაიკავებს.

– საბოლოოდ რა შეიძლება მოუტანოს პრემია „ივერიამ“ ლიტერატურას?

– რა და ჩვენს წინაპართა შემოქმედებაზე კიდევ ერთი აგურის დადება, რომელიც იქნება სულიერი საკვები… და ცხოვრებით, რაც უფრო მეტად მიუახლოვდება შემოქმედის გული და გონება ღმერთს, მით მეტად ჯანსაღი საკვები ექნება ჩვენს მომავალ თაობებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ბატონო ნუგზარ! და დალოცოს თქვენი პროექტები, ამ პროექტებში მონაწილე ადამიანები… არ მავიწყდება შშმ პირები, რომლებიც თქვენი პროექტით ძალიან დიდ ენერგიას იღებენ და მათი ცხოვრება ერთი-ორად საინტერესოდ ვითარდება. წახალისება და სტიმული ხომ დიდი ნუგეშია და ეს თქვენს პროექტებში უხვადაა. იხარეთ!