თამუნა ლურსმანაშვილი: მინდა ვიყო შეყვარებული, რომელთან ერთადაც შევქმნი ოჯახს და ვიქნები ბედნიერი…

1892

რომ არა საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“არაფერი ვიქნებოდი… ვიქნებოდი ისევ ის კარჩაკეტილი იმედწართმეული გოგონა, რომელსაც არაფერი ექნებოდა საერთო საზოგადოებასთან. ასე, იმედისა და საზოგადოებაში ყოფნის სურვილის, საკუთარი ღვაწლის შეტანის მიზნით დაიწყო სიმღერა, როდესაც ჩათვალა, რომ ყველაფერი დასრულდა… მაშინდელი საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ამ მხრივ დაბალი განვითარების გამო, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ საზოგადოებაში ჩართვას, როგორც სრულფასოვანი წევრი ვეღარ შეძლებდა… ასე მიაჩნდა მაშინ საკუთარი ფიზიკური შეზღუდვის გამო, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაშინ შემექმნა, როდესაც 10-ე კლასში იყო. მოკლედ, ხიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო ტრავმა და… მძიმე მდგომარეობა იმედს ართმევდა, ფანჯრიდან იყურებოდა და მხოლოდ ისეთი ადამიანის ნახვა უნდოდა, რომელიც ეტყოდა, – თამუნა ადექი, შენ სიარულს შეძლებ, შენ შეგიძლია იყო შენთვის სასურველ სფეროში სრულყოფილად იღვაწო…


– თამუნა, გაიხსენე პირველი პერიოდი „გურიაში“…
– და ამ განცდების ფონზე, ერთ დღესაც, სახლში ბატონები – რომან და ჯუმბერ ლომაძეები ესტუმრნენ. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს მიწსი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიაში“ მიყვანა და პირველივე დღეს უთხრეს, – ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, როგორ – არ ესმოდა… ეს იყო ის პერიოდი, როდესაც შშმ პირი არ არსებობდა არ არსებობდა მათთვის მზრუნველი ორგანიზაციები, საჭირო მხარდაჭერის სერვისები. დღის ცენტრში ყოველდღე არაერთი მომღიმარი პედაგოგი უმზერდა და თანდათანობით აღიქვამდა სურვილების ასრულების რეალობას… გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ქალბატონი ნინო მახარაძე, რომელიც თავიდან ხშირად მთავაზობდა – თამუნა, მოდი პიანინოზე რაიმე ბგერა გავიმღეროთ… სწორედ ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები სცენისკენ. აღმომაჩნდა სიმღერის ნიჭი და მალე ჩვენი ორგანიზაციის სცენაზე აღმოვჩნდი. ეს იყო იმედის სხივი, ჩემს ცხოვრებაში, შემდეგ უკვე ორგანიზაციის გუნდთან ერთად გადავინაცვლეთ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზეც. შევძელით არაერთ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილეობა სრულიად საქართველოს მასშტაბით, და სწორედ ასე, ჩემი ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო ჩემი საესტრადო მოღვაწეობაც.


– „ივერია-ბრილიანტმა“ რა მოგცა?
– „ივერია-ბრილიანტს“ შევადარებ დახმარების იმ ხელსაყრელ შესაძლებლობას  შემოქმედებითი კუთხით, რაც იწვევს საუკეთესო რეალიზების საშუალებას. ეს გახლავთ ის მხარდაჭერა, რომლითაც ყველა მსურველს შეუძლია საზოგადოებაში თავი დამოუკიდებელ პიროვნებად დაიმკვიდროს, სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი, რადგანაც დამოუკიდებელი ცხოვრება ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავად აირჩიონ მიზანი და განახორციელონ კიდევაც. მე ვირჩევ „ივერია-ბრილიანტს“, რათა ვიყო სულიერად თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ მე შემიძლია განვვითარდე, ვიყო რეალიზებული საერთაშორისო ასპარეზზე და ამასთანავე გამაჩნდეს ის საუკეთესო საშუალება, რასაც ჩემი ქვეყნის, ჩემი ქალაქის, ჩემი ორგანიზაციის წარმოჩენა და დაფასება ქვია.
– როგორ გაიხსენებ უკრაინულ ვოიაჟს?
– ეს იყო 2018 წელს, ქუთაისში, როდესაც ,,ივერია-ბრილიანტის“ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ჩვენი ორგანიზაციის გუნდმა კი პირველი ადგილის დაკავება შეძლო, ხოლო მე მეორე ადგილზე გავედი. როდესაც უკრაინის ჟიურის წევრმა და „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა და მთავარმა ორგანიზატორმა გამოგვიცხადეს, რომ მალე უკრაინაში გავემგზავრებოდით, სერიოზულ მზადებას შევუდექით. გვერდში გვედგა ჩვენი ორგანიზაციის  პედაგოგები, მათ შორის ფოლკლორის პედაგოგი სალომე კვირკველია, განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით, „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებლის ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილის მხრიდან.
– მახსოვს ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგი ძალიან დიდხანს მუშაობდა ჩვენთან, რომ ადვილი ყოფილიყო უცხო ქვეყნის სცენაზე დადგომა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს უკრაინული ვოიაჟი, ულამაზესი ქალაქი ვინნიცა და იქაური საერთაშორისო ფესტივალი „წმინდა ნიკოლოზის სასწაყლი“ იყო წარმოუდგენლად დიდი გამოცდილების მომცემი. ამ ფესტივალმა და უკრაინამ პირადად მე დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები, რომ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები შშმპ-ზე, მეტად მოტივირებულნი და აუცილებელია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ უზრუნველყოს შშმ პირების ჩართულობა და მხარდაჭერა სრული მასშტაბით საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომ ერთად ავაშენოთ მეტად ლამაზი და თანაბარუფლებიანი ქვეყანა.


– თამუნა, რა მოგეწონა უკრაინაში?
– პირველი გაოცება ჩემში ვინნიცის უზარმაზარმა თატრმა გამოიწვია და იმ მონაწილეებმა, რომლებსაც ჩემზე გაცილებით მეტი ფიზიკური შეზღუდვა გააჩნდათ, თუმცა მათში ძალიან დიდი იყო იმედი და ხალხის სიყვარულის მოლოდინი. მომეწონა ადაპტირებული გარემო, კიევის ღირსშესანიშნაობები და რაც მთავარია შშმ პირები იყვნენ დასაქმებული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში და სრულიად ქალაქი იყო მათ საჭიროებებზე მორგებული, აღნიშნული კი ქმნიდა ძალიან დიდ კომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით.
– პირველად იყავი უცხოეთში?
– უცხოეთში პირველად ბულგარეთში ვიმყოფებოდი ანსამბლ „ედელვაისთან“ ერთად, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი სიმღერა „სულიკო“ შევასრულე. საკმაოდ კარგი წარმატებით დავასრულეთ ბულგარეთში ვიზიტი, ლაურეატის წოდებით დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ანსამბლ „ედელვაისის“ ბიჭებს, გვერდში დგომისთვის და იმ გამოცდილებისთვის, რაც მათთან ერთად შევიძინე.
– რა შეგრძნებაა, როდესაც უცხოეთში ქართულად მღერი და ტაშს გიკრავს სრულიად უცხო ხალხი?
– საოცარი შეგრძნებაა, როდესაც საზოგადოება შენში შემდგარ პიროვნებას ხედავს და თავს შშმ პირად არ აღიქვამ. ნამდვილად არ არის ადვილი შენი გრძნობები გადმოსცე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან სიმღერით მათთვის უცხო ენაზე და ამით, მათ შენი ქვეყნის სიყვარული დაანახო, შენი გულიდან წამოსული სითბო აგრძნობინო და მათგან იგივე სითბო და სიყვარული მიიღო.
– უკრაინაში გამარჯვება მოუტანე საქართველოს, რას ნიშნავს ეს შენთვის?


– უკრაინაში გამარჯვებით მე დავაფასე იმ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩემში დიდი შრომა ჩადეს. პირველ რიგში მე ვიქეცი ძლიერ პიროვნებად, ადამიანად, რომელმაც შეძლო საკუთარი ქვეყნისთვის მცირეოდენი წარმატება და თუნდაც მცირე აღიარება მოეტანა.
– რთულია დღეს საქართველოში შშმ პირების ცხოვრება?
– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, თუმცა არსებობს ისეთი ორგანიზაციები, როგორც საქველმოქმედო ასოციაცია „გურიაა“, ასევე არსებობენ ისეთი ადამიანები, როგორც ბატონი რომან ლომაძე, ნუგზარ ჭიაბერაშვილი და სხვები არიან, რომლებიც ცდილობენ შშმ პირებს საკუთარი თავი აპოვნინონ, უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონდა, განავითარონ  საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების მიხედვით, მათ საზოგადოებაში ჩართულობას შეუწყონ ხელი.
– საქართველოში რა უნდა შეიცვალოს, რომ შშმ პირების ცხოვრება გაუმჯობესდეს?
– პირველ რიგში აუცილებელია, რომ საჭირო სერვისები არსებობდეს შშმ პისთვის, განათლება იყოს ხელმისაწვდომი, ამისთვის კი ადაპტირებული უნდა იყოს გარემო, რომ ჩვენც იგივე სივრცეში შევძლოთ ყოფნა და იგივე სულისკვეთებით შეგვეძლოს ვრეალიზდეთ, როგორც ეს სხვა ნებისმიერ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია.
– ფესტივალ „ივერია – ბრილიანტს“ დავუბრინდეთ. ამ შემთხვევაში ონლაინ ვერსიას, რომელიც მსოფლიოში, ამ ფორმატის და ამ შინაარსის, პირველად გაიმართა. არ გაგიჭირდა ასე მოკლე დროში სრულიად ახალი სიმღერების სწავლა?


– ფესტივალ „ივერია-ბრილიანტისთვის“ მზადება პანდემიის გამო ძალიან რთული იყო, ვინაიდან გვიწევდა ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსგან იყო მოწოდებული და ფაქტობრივად ძალიან მცირე დროში მოგვიხდა სიმღერების მომზადება, თანაც ვიცოდით, რომ ფესტივალი ონლინ უნდა ყოფილიყო და ეს ყველაფერი ძალიან მაშინებდა.
– წელს პოლონეთში ან რუმინეთში მოგიწევს წასვლა, დუეტების საერთაშორისო კონკურსზე. მზად ხარ?
– პანდემიის გამო მონაწილეებს ძალიან გვაშინებდა ის ფაქტი, რომ შევძლებდით თუ არა გვეპოვნა ადამიანები, ვისთან ერთადაც ჩავწერდით დუეტს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურს, ფოლკლორის სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ავთო სურგულაძეს, გურიის მერიის განყოფილების უფროსს ბატონ გიორგი ინწკირველს, ჩემს ორგანიზაციას, ანსამბლ „რეხეულს“, ანსამბლ „შემოქმედს“, ამ ბიჭებმა წარმოუდგენლად დიდი შრომა და თავდადება გამოიჩინეს, ისინი მაწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, შეძლეს ჩემი დარწმუნება, რომ მე შემეძლო საქართველოს ჰიმნი შემესრულებინა, ისინი პანდემიის მიუხედავად რეპეტიციებზე ჩემს გვერდით იდგნენ და უკან ერთი წუთითაც არ დაუხევიათ. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც შეზღუდვების მიუხედავად კარები არ დამიხურეს. არც სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზის კარი იყო ჩვენთვის, ჩაკეტილი მიუხედავად იმისა, რომ საშიში და რისკის შემცველი იყო რეპეტიციები, ვიდეო გადაღებები, ყველა გვერდში დამიდგა და საკუთარ ჯანმრთელობას რისკავდნენ, რომ ჩვენ კარგი შედეგი დაგვედო, ამ პროცესებს აქტიურად აშუქებდა ადგილობრი მედიის წარმომადგენლები და მთელი გულით მათგანაც ვგრძნობდი დიდ მხარდაჭერას, სიხარულს. ასე რომ, ამ ყველაფრის შემდეგ უფლება არ მაქვს მზად არ იყო და საქართველო არ ვასახელო…


– რა როლს ასრულებს შენს ცხოვრებაში საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“?
– ჩემი ორგანიზაცია ახორციელებს მრავალპროფილურ პროექტებს და მისი მთავარი წვლილი გახლავთ შშმ პირებს მისცეს ცხოვრების სტიმული, ასწავლოს მათ საკუთარი უფლებები, ხელი შეუწყოს მათ განათლებას, დაეხმაროს ფსიქოლოგიურად და მორალურად. ასე რომ, ჩემი ორგანიზაცია ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ძალიან ბევრს აკეთებს…
– შენ დაკავებული ხარ ასევე სხვა საქმიანობით. რას საქმიანობ?
– ამჟამად მე ვარ დასაქმებული ევროკავშირის მიერ უკვე მეორედ დაფინანსებულ პროექტში სახელწოდებით „უფასო სოციალური მომსახურების ტაქსი“, სადაც გახლავართ ოპერატორი და ვუწევთ მომსახურებას სხავადასხვა საჭიროების მქონე პირებს. ასევე მერიასთან არსებული სათათბირო საბჭოს წევრი ვარ, სადაც სამ თვეში ერთხელ განვიხილავთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს და მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ ნაყოფიერია ჩვენი სათათბიროს მუშაობა.
– რას ურჩევ შშმ პირებს?
– პირველ რიგში ყველა შშმ პირს ვურჩევ, რომ გამოვიდნენ სახლიდან, არ იყვნენ ჩაკეტილები, არ ჰქონდეთ საკუთარი თავის მიმართ კომპლექსი, რომ არ შეუძლიათ, ან რთულია ცხოვრება, – პირიქით, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და თავისთვის, იმისთვის, რომ მათ ბედნიერი და ნათელი მომავალი ჰქონდეთ.
– ვისთან გინდა დუეტის ჩაწერა?
– ეს ოცნება აუხდენელი დამრჩა… ძალიან მინდოდა დუეტი ბატონ თემურ წიკლაურთან ერთად ჩამეწერა და ამის ბედნიერება მქონოდა, მაგრამ… სამწუხაროა, რომ ესეთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას, ქართულ სცენას, თუმცაღა კიდევ მყავს ორი განსაკუთრებული ფავორიტი ბატონი ბუბა კიკაბიძე და ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით ქართული კულტურის ისტორიაში უკვე დაიკავეს განსაკუთრებული მაღალი ადგილი და ნამდვილად დიდი პატივი იქნება ჩემთვის თუ ამის საშუალება მექნება.


– შეყვარებული თუ ხარ ვინმეზე?
– მე შეყვარებული ცხოვრებაზე ვარ… და ამდენი წლის შემდეგ იმ გამოცდილების შედეგად, რაც დამიგროვდა ოპტიმისტი გავხდი და ნამდვილად მაქვს სურვილი ვიყო შეყვარებული, მყავდეს მეორე ნახევარი, რომელთან ერთადაც შევქმნი ოჯახს და ვიქნები ბედნიერი.
– დღეს ისევ არის სტიგმა შშმ პირებზე?
– სტიგმა ნამდვილად არის, თუმცა ისეთივე დიდი აღარ, როგორც ადრე დაახლოებით 15 წლის წინ… ვფიქრობ, ეს იმ პროექტების შედეგია, რომელსაც საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ მსგავსი ორგანიზაციები ახორციელებენ.
– ვინაა და როგორი ადამიანია დღს თამუნა ლურსმანაშვილი?
– დღეს თამუნა ლურსმანაშვილი თავისუფალი ადამიანია. იგივე დაახლოებით 20 წლის უკან რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ არაფერი ვიყავი, არავინ არ ვიყავი… დღის ცენტრმა თავიდან დამბადა და ძალიან ბევრი შანსი მომცა, რომ გავმხდარიყავი ის – ვინც ახლა ვარ!
– და ბოლოს, თამუნა, რას იტყვი?


– მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნუგზარ ჭიაბერაშვილს, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით ეძებს მართლაცდა ამ ბრილიანტ ადამიანებს, ხელს უწყობს მათი ნიჭიერების წარმოჩენას და ცდილობს სწორედ ამ კუთხით დაანახოს ისინი საზოგადოებას. ეს არის მნიშვნელოვანი და არა შშმ პირების დიაგნოზი, ამიტომ ძალიან მინდა გავაგრძელო თანამშრომლობა „ივერია – ბრილიანთან“. მიხარია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას განვვითარდე, ჩავწერო კიდევ ბევრი დუეტი, მონაწილეობა მივიღო ბევრ კარგ ღონისძიებაში საერთაშორისო მასშტაბით და ვასახელო ჩემი ქვეყანა და ჩეთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი – დედა, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა, უხაროდა თითოეული ჩემი წარმატება, მარწმუნებდა, რომ ბევრს შევძლებდი და მივაღწევდი… მადლობა მას ამ გვერდშიდგომისთვის იმ სიყვარულისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რომელიც ჩემში ჩადო და თქვენამდე მოტანა შევძელი.