წიგნი დიდ ჩვენებურზე

1438

ავტორი: გია ხოფერია

ამას წინათ ბატონმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა მისახსოვრა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე წიგნი, მუსტაფა იაქუთის, იგივე გურამ ხიმშიაშვილის, ცხოვრებასა და მოღვაწეობას რომ ეხება, წიგნი, დიდი სიყვარულითა და სითბოთი რომაა დაწერილი, თითქმის სრულად რომ აცოცხლებს, ხელის გულზე გიდებს, არა მხოლოდ ანკეტური მონაცვლეობით შედგენილ ბიოგრაფიას კაცისას, არამედ ხატავს, ათვალსაჩინოებს, გონებაში გიბეჭდავს მის ნაშრომს, ნასულდგმულებს, ქართული სისხლის აღზევების კვალი მოჭარბებულად რომ დამჩნევია და ამ კვალს დაშრობა – განელება არასოდეს დაეტყობა.

აქვე მართებული იქნება, აღვნიშნოთ, რომ ბატონ ავთანდილ ნიკოლეიშვილს მშვენიერი წერილი აქვს მიძღვნილი გურამ ხიმშიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მას თურქეთში მოღვაწე  იმ ეთნიკურად ქართველ მწერალთა შორის მოიხსენიებს, რომელთა შემოქმედებითი წარმატება თვალსაჩინოა თუნდაც ეროვნული ფესვების განედლების თვალსაზრისით. (ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ქუთაისი, 2015)

ამ წიგნის ავტორ – შემდგენელიც, ბატონი რამაზ სურმანიძე, თავადაც სიყვარულით აღსავსე პიროვნება, დიდებულ ექიმადაც ცნობილი, საქვეყნო საქმეებზე მუდამ გადაგებული და მწერლობითაც სახელგანთქმული, ბევრის მნახველი და მცოდნე,ერთ დროს თურქეთელ  ჩვენებურებთან ურთიერთობის წამომწყებიცა და თავკაციც, დაუცხრომელი მძებნელი და მიმკვლევი წინაპართა ნაკვალებებისა, მართლაც შესანიშნავად მიმხვედრი ყოფილა ადამიანის ზნე – ბუნებისა, ამ ნიჭის წყალობითა და თავად გურამ ხიმშიაშვილთან ახლობლობით, მრავალმხრივი შთაბეჭდილების მომცემი პორტრეტი თუ პორტრეტები რომ შექმნა, რა თქმა უნდა, თავად გურამისა გამოკვეთილად, დასამახსოვრებლად და იმ არაერთი მოღვაწისა, თანდათან რომ წამოიწყეს ხიდის გადება  საქართველოდან თურქეთისკენ, თურქეთიდან საქართველოსკენ და დიდი წვლილი მიუძღვით ამ ხიდის ბურჯების გამაგრებაში. აქეთაც აიკაპიწეს მკლავი ვაჟკაცებმა, იქეთაც. აუცილებელი იყო ეს ხიდი ერთმანეთისათვის შენახული ზიარი სისხლის დინების აღსადგენად. უკვე ათეულობით წელია, ნათლად გამოჩნდა, რომ ამაო არ ყოფილა მათი ყოველი მცდელობა, რომ სანთელ – საკმეველი ულმობელ დრო-ჟამს ვერ გაუნელებია, ვერ ჩაუქვრია ქარ-ჟალტამს, ვერ ამოუძირკვავს სულის ტაძრიდან.

ახლო წარსულიდან ამ ხიდის მშნებელთაგან ყველაზე გამორჩეული აჰმედ ოზგან მელაშვილი გახლდათ, თავგანწირვით რომ შეებრძოლა ორ ნაპირს შორის ჩამოწოლილ ნისლსა და მდუმარებას, შეებრძოლა და გაიმარჯვა კიდეც. იგი პროფესიით არქიტექტორი იყო, რამდენადაც ვიცით, რჩეული თვალთახედვის, უფრო კი ძმობის, ნათესაობის, მეგობრობა-ახლობლობის არქიტექტორ – აღმდგენი აღმოჩნდა, ქვეყანა შეყარა, ნემსის ყურში გაძვრა, არ დაუზოგია თავი, ოღონდაც თავისიანის ხმა გაეგონა, თავისიანამდე მისულიყო. მივიდა კიდეც, თითქმის გაანათა წარსული, ააფუსფუსა თანამედროვეობა, ჟურნალიც გამოსცა, წიგნებიც ბეჭდა, შეხვედრა – ურთიერთობები გაახშირა, შემოიკრიბა თურქეთელი ქართველობა, ქართული ანბანი ასწავლა, ვისაც მიწვდა, ვისაც შთააგონა თუ გაახსენა ფესვების გაუხუნარობა, როგორც მოხერხდა, როგორც შეიძლებოდა, თვალსაჩინო, გამორჩეული კაცის სახელი გაიგდო, სამართლიანადაც, ეჭვმიუტანლად, რაც არ აპატიეს თურქმა ფაშისტებმა, არ შეარჩინეს თავისიანთმოყვარეობა, მხეცურად მოკლეს თავისივე სოფელში, სადაც ქართველთა შესაკრებელი ჰქონდა მოწყობილი, შვილის თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს.

წააქციეს კაცი, წააქციეს მოღვაწე, კეთილშობილებით სავსე პიროვნება. ეს ამბავი 1980 წელს მოხდა, ჯერ კიდევ ზურგშექცევით რომ ვიდექით (თუ გვაყენებდნენ) თურქეთთან (სხვა ქვეყნებთანაც), ჯერ კიდევ რომ უფანცქალებდათ გულში ლენინი კომუნიზმის მშენებლებს, მაშინ.

აჰმედ მელაშვილის მკვლელობამ და მკაცრი რეჟიმის ფეხმოკიდებამ მისი წამოწყებული საქმეები შეაჩერა, თუმცა მამულიშვილური მოძრაობა რამდენადმე მაინც შეიმჩნეოდა. პირველი, ვინც გულზე ხელებდაკრეფილი არ მჯდარა, სწორედ  გურამ ხიმშიაშვილი იყო, დიდი საგვარეულო ჩამომავლობის კაცი,გაბოლშევიკებული საქართველოდან თურქეთში გადახვეწილი წინაპრების დაუდეგარი შთამომავალი, აჰმედ მელაშვილის მოწაფე.

რამაზ სურმანიძის მიერ თავმოყრილ ნარკვევებში იმდენად უხვი ინფორმაცია დევს გურამ ხიმშიაშვილის მოღვაწეობის მრავალგვარობასა და მრავალფეროვნებაზე, არცთუ უსაფუძვლოდ იფიქრებ, მონდომებასა და სიყვარულს რაოდენ თვისებაშეყრილად ჰქონიათ ადამიანის შესაძლებლობების განუსაზღვრელად წარმოსახვა. იგი მტკიცედ აგრძელებს მასწავლებლის გზას სრულიად ახალგაზრდა, შემოიკრიბა არაერთი მამულიშვილობით სახელგანთქმული,მათ შორის აჰმედის ვაჟიც, იბერია ოზქან – მელაშვილი და როგორც კი შეამჩნია  შავად მოფენილი ღრუბლების გადაყრა, 1993 წლიდან,  მუხლი არ ჩაუხრია, ქართველთა დაახლოებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება და მისი აქტიურობა ჟურნალ „ჩვენებურის“ აღდგენით გამოიხატა. არც მანამდე ყოფილა უქმად. უკვე 1982 წლიდან თავისი მასწავლებლის ხსოვნის საღამოებსაც აწყობს , მის დამსახურების შესაცნობად თავადაც საუბრობს და სხვებსაც მოიხმობს. 1987 წელს საქართველოშიც მოახერხა ჩამოსვლა, აღისრულა დიდი ხნის ნატვრა.

რახან ჟურნალი „ჩვენებური“ ვახსენე, მისი ისტორიული დანიშნულების შესახებ თავადვე გურამ ხიმშიაშვილის სიტყვები სჯობია მოვიხმოთ, 1997 წელს რომ წარმოუთქვამს ტაბახმელაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ორატორული ქართულით:“სტამბოლში გამომავალი ჟურნალის „ჩვენებურის“ დამაარსებლების სახელით ყველას მოგესალმებით. ჟურნალი ემსახურება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ისტორიის გავრცელებასა და გაცნობას, თურქეთში მცხოვრები ქართველებისა და ზოგადად, თანამედროვე საქართველოს აწმყოთი დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის. ჩვენი მიზანია, ქართველი ერის მიერ შექმნილი მდიდარი ლიტერატურისა და კულტურის თურქეთში პოპულარიზაცია“.

გურამ ხიმშიაშვილის ნათქვამ – დანაპირები საქმედ რომ გადაიქცა, საყოველთაოდაა ცნობილი, 2006 წლამდე „ჩვენებურის“ 59 ნომერი გამოიცა ( ჟურნალი დაარსა აჰმედ მელაშვილმა 1977 წელს, მის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი ნომრის გამოცემა მოხერხდა), არაერთი სტატია დაიბეჭდა ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, არაერთი მწერლის თხზულებას გაეცნო მკითხველი ქართულად, თურქულადაც. მართალია, 2006 წელს ამ ჟურნალის გამოცემა შეწყდა ფინანსური სიდუხჭირის გამო,თუმცა მომდევნო წელს მაინც მოხერხდა  ახალი ორენოვანი ჟურნალის „ფიროსმანის“ გამოცემა.

რა თქმა უნდა, ამ ჟურნალების გამოცემაცა და ზრუნვა მათი გავრცელებისათვის მხოლოდ გურამ ხიმშიაშვილის კისერზე არ გადადიოდა, მაგრამ მისი წილი შრომა დიდად გამორჩეულია დაწყებული სტატიების მოძიებიდან, წაკითხვა-დახარისხებასაც თავად რომ კისრულობდა, რომ არაფერი ვთქვათ ყველა დანარჩენ ქმედებებზე, ესოდენ საპასუხიმგებლო საქმის ბოლომდე მიყვანას რომ სჭირდება.

აქვე თუ თვალს მივადევნებთ გურამ ხიმშიაშვილის  სხვა საგამომცემლო მოღვაწეობასაც, კიდევ უფრო ტევადი და ბევრისმთქმელი აღმოჩნდება მისი როლი ქართული მწერლობისა და ისტორიის  თურქეთში გათვალსაჩინოების მხრივ. როგორც ვგებულობთ ნარკვევების კრებულიდან, ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძე) თანადგომით გურამ ხიმშიაშვილმა შეძლო  ეხელმძღვანელა  არცთუ თითზე ჩამოსათვლელი თარგმანების გამოცემისათვის. ესენია:“ზარმაცი კაცი“(1985),“მზის ასული“ (1986), „ლაზების ისტორია“ (1992),“საქართველოს ისტორია“ (1997), „აღმოსავლეთ შავიზღვიპირეთის ხალხების ისტორია და კულტურა“ (1998), მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ (1988), ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ (1989), ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“, „კუკარაჩა“(1990).

თუ ამას დავამატებთ სხვადასხვა დროს გამართულ  კონფერენციებს, შეხვედრებს, ქართულ – თურქულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობას, საკორესპონდენციო და კვლევითი ხასიათის მოღვაწეობას, უფრო გაფართოვდება და მეტად წარმოჩინდება გურამ ხიმშიაშვილის დამსახურება, რასაც ამასთანავე შინაარსით ამდიდრებს ურთიერთობა ქართველ და თურქ პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებებთან.საქართველოდან  ესენი გახლავთ: ფრიდონ ხალვაში, ალექსანდრე ჩხაიძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები,ოთარ იოსელიანი, სერგო ფარაჯანოვი, თენგიზ აბულაძე, ლია ჩლაიძე, ზურაბ კიკალეიშვილი, ჯანსუღ კახიძე, ნოდარ შენგელია, ოთარ გიგინეიშვილი, რამაზ სურმანიძე, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ცისანა ფუტკარაძე… თურქი მწერლები და მოაზროვნეები:ფაქირ ბაიქურთი, დემირთაშ ჯეიჰუნი, სამი და მეჰჯურე ქარაორენები, ჰაიათი ასილია ზიჯი, რეფიქ ერდურანი, თუნჯერ ჯუჯენოოღლუ, თაჰსინ სარანი, ჰალდუნ თანერი და ნეჯათი ჯუმალი.

გურამ ხიმშიაშვილის კალამს არაერთი ნარკვევი და გამოკვლევა ეკუთვნის, ამასთანავე სტატიები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია ჟურნალ „ჩვენებურის“ ფურცლებზე. რამაზ სურმანიძის წიგნის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ ამ სტატიების უმეტესობას, ერთობ გამორჩეულნი რომ გახლავთ არა მხოლოდ ავტორის თვალთახედვით, არამედ ხატოვანი წერის მანერებითა და თხრობის უზადოებით. ეს სტატიები ზღვა ინფორმაციის შემცველია, ნასაზრდოებია წარსულითა და თანამედროვეობით, ისტორიის, კულტურის, მწერლობის  სინოყივრითა და მიმზიდველობით, რაც მთავარია, ყოველი ფრაზა გვაგრძნობინებს ავტორის სიყვარულით გამთბარ გულს, საერთოდ, სიყვარულს ადამიანისადმი, გესმის  მშობლიურობით დამტკბარი კაცის გულის ცემა, სიკეთისათვის შემართება და სათნო დამოკიდებულება ყოველი ღირებულისადმი.

წიგნის ორ მესამედზე მეტი უჭირავს ამ სტატიებს. უპირველესად კი ვეცნობით ნარკვევს – „აჭარაში „გვარები“ და ხიმშიაშვილები“. საგულისხმო ისტორიულ-სოციალურ დეტალებთან ერთად მკითხველს  ტკივილიც ეწილადება ამ ნარკვევიდან, დრამატულად რომაა გაშლილი ხიმშიაშვილის გვარის ნაკვალევზე თვალგაყოლებასთან ის დაულხენელი ცხოვრება საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებას რომ მოჰყვა განსაკუთრებით  რჩეულ გვაროვანთათვის, საერთოდ ხაზი გადაესვა მათ წარსულს. ასეთივე განწყობითა და სევდანარევი ინტონაციებითაა გამორჩეული „იბრაიმ იავუზ გორაძის მოგონება“.

ამ წერილებში ჩვენ არაერთხელ შევხდებით აჰმედ ოზგან – მელაშვილს, მისი დიდი ღვაწლი და ადამიანური ბუნება კიდევ ერთხელ აღგვაფრთოვანებს და პატივისცემით განგვაწყობს მის მიმართ. შევხვდებით ქართველ და თურქ მეცნიერებს, მხატვრებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, რეჟისორებს, როგორც ჩანს, მშვენიერი ინტერვიუები  გამოსდიოდა გურამ ხიმშიაშვილს, ჟურნალისტური ნიჭიც მიუცია მისთვის ღმერთს, ბევრი რამ დამაფიქრებელია ამ ინტერვიუებში, გასაზომ-ასაწონი, აქეთაც რომ გვჭირდება – საქართველოში და, იქეთაც საჭიროა – თურქეთში, გვამხნევებს ის, რომ განსაკუთრებით ხელოვანთა ურთიერთობები გახშირდა, ეს ურთიერთობები ნათელ კვალს რომ ტოვებენ, განსაკუთრებით ესაა საგულისხმო, რაოდენ მადლიერები არიან  თურქი რეჟისორები, რომ მათთან ითანამშროლეს რობერტ სტურუამ, ალექსანდრე ქავთარაძემ, თემურ ჩხეიძემ, თურქეთს ესტუმრა ოთარ ჭილაძე, თამაზ ჭილაძე, იცნობენ სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ჯავახიშვილის, სიმონ ქვარიანის და სხვათა ნაწარმოებთან ერთად ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას, გურამ ფანჯიკიძის რომანებს, რომ საქართველოშიც დიდი ხანია თარგმნიან თურქულ მწერლობას, ეცნობიან თურქულ ხელოვნებას, პატივს ვცემთ მათ მიღწევებს. ძალიან ბევრია გასახსენებელი და მისათითებელი ამ წიგნიდან, ამ ნარკვევებიდან, იოლად ვერ დაეხსნები მათ, რომ დააბოლავებ წიგნს და გაშორდები, შემდეგ იწყება ფიქრთარკვევა და ჭიდილი. მთლად მშრალადაც ვერც ამჯერად გამოვალ ამ წიგნიდან, დემირთაშ ჯეიჰუნის სიტყვებს  გავიხსენებ: “ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება ფიროსმანის ნახატებმა მოახდინა. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნა… შევყურებდი ამ საოცარ ნამუშევრებს  და ვფიქრობდი: რა უბრალოდ, მაგრამ ამავდროულად ცხოვლად აუსახავს შემოქმედს ჭეშმარიტი ქართული სული. თითქოს სწორედ ამ უბრალოებაშია ფერწერის საიდუმლო. ფიროსმანის ტილოებში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ულამაზესი ქართული ბუნება და ადამიანური ღირსებანი. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ შეიცნო ქართველთა განთქმული სტუმართმოყვარეობა, ვაჟკაცური ბუნება, ყოფა-ცხოვრების თავისებურებანი და ქართველთა მისწრაფებანი, საკმარისია ნახო ფიროსმანის ნახატები“. ეს ამონარიდია წერილიდან: „არ დამვიწყებია, რომ გამახსენდეს“, მართლაც დიდებული გემოვნება და მახსოვრობა ჰქონია ბატონ დემირთაშ ჯეიჰანს.

ღმერთმა ხელი მოუმართოს ბატონ მუსტაფა იაქუთს – გურამ ხიმშიაშვილს. გვეამაყება, რომ იგი ილია ჭავჭავაძის გზის მიმდევარია, თანამეინახეებთან ერთად, რომ ამ გზის მესაწინდრე იყო აჰმედ ოზგან – მელაშვილი, მამულიშვილობით შემოსილი კაცი, და არაერთი სხვაც, თუნდაც პავლე და სიმონ ზაზაძეები, რომელთა ნაკვალევიც არასოდეს გაქრება.

კარგია, რომ  რამაზ სურმანიძის ეს დიდებული წიგნი ორენოვანია – თურქებიც კითხულობენ და ჩვენც, უფრო კი ისაა მშვენიერი და სახსოვარი, რომ გაღმა და გამოღმა შუა მდინარე მღელვარედ მიედინება.

10. 11. 2021