უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე…

3743

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქორწინების საიდუმლოების სიდიადე, რომლის მიმართ დამოკიდებულება დღესდღეობით შესუსტებულია.
ქორწინება და შვილიერება ღვთით დადგენილი მისტერიაა. ესაა ახალი ცხოვრება. ქორწინების შემდეგ ადამიანი სრულებით იცვლება, უფრო მეტად ვითარდება მისი პიროვნება, ახლებურად შეიცნობს ცხოვრებას. თითქოსდა ხელახლა დაიბადა მშვენიერ სამყაროში. ქორწინება დაურღვეველია. მაცხოვარი ამბობს: „რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ“ (მარკ. 10, 9). არც დაქორწინებულ მამაკაცს და არც, მითუმეტეს, ქალს, მეუღლეობისას ერთმანეთზე აბსოლუტური უფლება არა აქვთ. ძალდატანება, თუნდაც სიყვარულით გამოწვეული, კლავს თვით სიყვარულს. იბადება კითხვა: საჭიროა თუ არა დამორჩილება იმ ძალდატანებისადმი, რომელშიც ყველაზე უძვირფასესის დაკარგვის საშიშროება იფარება? უბედურ ქორწინებათა უმეტესობა სწორედ იმის შედეგია, რომ ყოველი მხარე თავის საკუთრებად მიიჩნევს მას, ვინც უყვარს. უდიდესი სიბრძნეა ქორწინებისა – მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. მხოლოდ ქორწინებაშია შესაძლო ადამიანის სრული შეცნობა. დაქორწინებამდე ადამიანი ღრმად ვერ შეიცნობს ცხოვრებას, მას შორიდან უყურებს და მხოლოდ დაქორწინებისას შედის ცხოვრების სიღრმეში მეორე პირის მეშვეობით, რაც მას უფრო მდიდარსა და ბრძენს ხდის.

ეს ორი სისრულე უფრო ღრმავდება ბავშვების დაბადებით. ბავშვში ადამიანი ხედავს თავის სახეს, ჩვევებს, მიდრეკილებებს. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სრულყოფილი მეუღლენი შობენ სრულყოფილ ყრმას, რომელიც შემდეგ განაგრძობს განვითარებას სრულყოფის კანონით. თუ მეუღლეებს შორის განხეთქილება და წინააღმდეგობაა, მაშინ ბავშვიც, ნაყოფი ამ განხეთქილებისა, მას კიდევ უფრო აღრმავებს. ასეთია გენეტიკის კანონი. ამასთან ერთად ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვში, გარდა მშობელთა მსგავსებისა, არის რაღაც ინდივიდუალური, განუმეორებელი. მას აქვს საკუთარი გზა სულიერი და ფიზიკური განვითარებისა. ბავშვების აღზრდისას უმთავრესია მშობლების მაგალითი, მათი შინაგანი ცხოვრება, სიმართლე და ჭეშმარიტება.


უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის 1981 წლის სააღდგომო ეპისტოლედან