ჩვენი ეზოს თამაშები…

2127

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში პროექტი „ჩვენი ეზოს თამაშები“ ჩატარდა,  რომელიც წელს მეორედ იმართება.

კამპანიური ხასიათის პროექტის მიზანი კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდების ფიზიკურ-ემოციური, ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობაა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის განმარტებით, პროექტი, კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი და ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას და  ბავშვების ეზოებში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

,,ამ კამპანიის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით ნამდვილად შევძლებთ დავუბრუნოთ ბავშვები ეზოს და  დადებითით ჩავანაცვლოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც გააჩნია კომპიუტერ თამაშებს და ვირტუალურ სამყაროს. მიხარია, რომ ასეთი დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს პროექტს და ასე მასშტაბურად  ჩაერთნენ ბავშვები პროექტის მიმდინარეობაში“,  – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ღონისძიებების ფარგლებში მოზარდებმა ინსტრუქტორებთან და ანიმატორებთან ერთად ეზოს თამაშები ითამაშეს. პროექტი თბილისის სხვადასხვა უბანში, ვარკეთილში, ჩუღურეთსა და ზღვისუბანში (თემქა) ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს  მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი დოხტურიშვილმა და რიმა ბერაძემ  მიიღეს.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული თამაშების მწარმოებელი კამპანია ,,თამაშობანას” მხარდაჭერით განხორციელდა.