რუსთავში ველოსიპედით გადაადგილების განვითარების სტრატეგია…

2307

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქალაქში ველოინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.

რუსთავის მერმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს და ველოინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ქალაქში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა რუსთავის მერიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტებმა, რუსთავში „ველოსიპედით გადაადგილების განვითარების სტრატეგიის“ სამუშაო დოკუმენტის პრეზენტაცია წარადგინეს.

სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რუსთავის მერიის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების აქტიური ჩართულობით მომზადდა.
დოკუმენტი შემუშავებულია თოდრიას ქუჩის მაგალითზე.
შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თოდრიას ქუჩის ტექნიკური დიზაინის ვარიანტებზე, იმსჯელეს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

რუსთავის მერიაში, „ველოსიპედით გადაადგილების განვითარების სტრატეგიის“ განხილვის მიზნით მიმდინარე სამუშაო შეხვედრა ორ დღეს გაგრძელდება.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, უსასყიდლოდ ამზადებენ რუსთავში ველოინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციას.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის და მერების შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)130 ათასი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელებას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, კვლევა, საქართველოს ოთხ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც ჩატარდა. შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული პროექტიც მომზადდება, რომელიც რუსთავში ველოინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.