მსოფლიო პოლიტიკის რთულ დღის წესრიგს კიდევ ერთი დიდი, სავარაუდოდ განსაკუთრებულად საშიში დაძაბულობა ემატება – რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული მდგომარეობა…
„რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა.
რუსეთის უკმაყოფილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ. როგორც ჩანს, მოსკოვში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვთ, რა სახის სამხედრო დახმარებას პირდება ანკარა კიევს.
დღეს დილით ლავროვმა მკაცრად გააფრთხილა თურქეთი უკრაინის დახმარების გამო. საღამოს კი პირველი „სადამსჯელო“ ნაბიჯიც გადადგა – მოსკოვი 15 აპრილიდან აჩერებს ყველა სახის ფრენებს (როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს) თურქეთის მიმართულებით.
ცხადია, ის ამით ურტყამს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ თურქეთის ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი მის ტურიზმის სექტორს.
საპასუხოდ, თურქეთსაც შეუძლია საინტერესო „სიურპრიზები“ შესთავაზოს რუსეთს არაერთი მიმართულებით, იქნება ეს უკრაინა, შავი ზღვა, სირია, ლიბია თუ კავკასია.
ბოლო დროს თურქეთში დაწყებული საუბრები მონტროს კონვენციის შესაძლო გადახედვაზეც ამ ბრძოლის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ამ დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი. უფრო კონკრეტულად კი რამდენად შეძლებს ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია (თუნდაც დროებით) უკანა პლანზე გადაწიოს ერდოღანით უკმაყოფილება და მხარი დაიჭიროს მას რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ დაპირისპირებაში.
უახლოეს ხანში უფრო ნათელი სურათი გამოიკვეთება და გამოჩნდება ამჯერად რითი უპასუხებს თურქეთი რუსეთს. არადა, ის ნამდვილად უპასუხებს“, – აცხადება რონდელის ფონდის მკვლევარი და ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი.
სავარაუდოდ საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთის ეს მოვლენა მეტად საყურადღებოა…