პირველად გაიმართება ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“

1664

28-29 მაისს, თბილისელებს და სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ორდღიანი ფესტივალით „სარკმელი ლიეტუვაში“. ღონისძიების განმავლობაში, რომელიც გაიმართება თბილისის მზიურის პარკში, წარმოდგენილი იქნება ლიეტუვური კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ტრადიციები.

„სარკმელი ლიეტუვაში“ არის გამორჩეული კულტურული ფესტივალი, რომელიც პირველად ჩატარდება საქართველოში, თბილისში და წარმოდგენილი იქნება ლიეტუვური ხელოვნების სინთეზი. ქართველებს და ლიეტუველებს აქვთ აუხსნელად მტკიცე და თბილი მეგობრობა. ამიტომ, ფესტივალი იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ გაერთიანდეს ყველა ლიეტუველი და ლიეტუვის მეგობარი საქართველოში რათა შექმნან ზეიმი და კარგი განწყობა პანდემიის ამ რთულ პერიოდში“ – ამბობს რინგაილე ლესჩინსკიენე, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ საშუალებას მისცემს თბილისელ მაყურებელს და საქართველოში მცხოვრებ ლიეტუველ საზოგადოებას მოისმინონ ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის კომბინაცია „Sutartinės“ – ლიეტუვური მრავალხმოვანი სიმღერები – და იმპროვიზაცია. უნიკალური „ელექტრონული მრავალხმოვანების“ ინიციატორი – მუსიკოსი, ლიეტუვური ჯგუფის „სკამპის“ წევრი ვიქტორას დიავარა ადგილობრივ მუსიკოსებთან და მსმენელებთან ერთად შეასრულებს კომპოზიციებს.

პროექტის რეჟისორი არტურას იევდოკიმოვასი, რომელიც 30 წლის წინ თბილისში სწავლობდა კინო-რეჟისურას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, მოხარულია, რომ აქ დაბრუნების შესაძლებლობა აქვს და აპირებს ხელი შეუწყოს ქართველებისთვის ლიეტუვური კინემატოგრაფიის ფართოდ წარდგენას.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალების ბიგ ბენდის თანამედროვე ჯაზური ნამუშევრები. ბენდმა თავისი საქმიანობა დაიწყო 1991 წელს. ჯგუფი კაპიტან რიჩარდას ჩიუპკოვასის ხელმძღვანელობით მუსიკით გააფორმებს საზოგადოებრივ ღონისძიებებს – მუსიკის უნივერსალური ენის გავრცელებით, კულტურული ფასეულობების განვითარებით  და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლიეტუვის შეიარაღებული ძალების პრესტიჟის ამაღლებით.

ქალაქის მაცხოვრებლები მოწვეულნი არიან საერთაშორისოდ აღიარებული ლიეტუვური ფილმების ღია ცის ქვეშ სანახავად და კინორეჟისორებთან შეხვედრაზე. პროგრამაში შედის რეჟისორ გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტური ფილმი „როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“, ლიეტუველი-ქართველი რეჟისორის მარია ქავთარაძის სადებიუტო ფილმი „Summer Survivors“ და მარიუს მარკევიჩიუსის ფილმი სპორტის მნიშვნელობის შესახებ ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში – „სხვა ოცნების გუნდი“.

ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ასევე ელოდება ფესტივალის ახალგაზრდა ვიზიტორებს. დისკუსიები გაიმართება ლიეტუველ მხატვრებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან.

ფესტივალი მიზნად ისახავს კულტურის, კინოს და მუსიკის უნიკალური იდენტობის გადმოცემას ევროპულ კონტექსტში. ახალი კავშირების შექმნით, პროექტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხელოვანებს შეხვდნენ და გამოცდილება გაცვალონ. „ეს ღონისძიება არის ლიეტუვის საჩუქარი ქალაქ თბილისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, – ამბობს ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა.

ორდღიანი ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბას“ და „რუტა“, ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ღონისძიების პარტნიორია თბილისის მერია.

პ.ს. მასალა (ტექსტი) აღებულია ლიეტუვის საელჩოს ვებ-გვერდიდან: http://ge.mfa.lt/ge/ge/

ფოტომასალა აღებულია ლიეტუვის საელჩოს ფეისბუქიდან: https://www.facebook.com/Lithuania.In.Georgia