თამაზ მეჭიაური დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

1866

საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს/მისიებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს

დღეს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე 20 დღით ადრე, მივმართავ ყველა დამკვირვებელს, მათ – ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი:

თიანეთის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პირველივე ტურში, სხვა პარტიის წარმომადგენელმა, სახელისუფლებო კანდიდატთან მოვიპოვე გამარჯვება. იმ დროს, თიანეთის არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. ასეთი დამოკიდებულება აისახა კიდეც ამ გამარჯვების ოფიციალურად გაფორმებაზე.

წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტი, თვითმმართველი თემებიდან ერთადერთია, სადაც მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე უპირისპირდება სახელისუფლებო კანდიდატს. პირველ ტურში გვქონდა დამკვირვებელთა დიდი დეფიციტი. მწირი იყო ტელევიზიებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ყურადღება. ძირითადი ყურადღება მიმართული იყო თვითმმართველი ქალაქების არჩევნებისკენ, ასევე იმ თვითმმართველი თემების მერების არჩევნებისკენ, სადაც ძირითადი კონკურენცია იყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის. ამით, სამწუხაროდ, ისარგებლეს ჩემი ოპონენტის მომხრეებმა, რომლებმაც მიმართეს საარჩევნო პროცესის დარღვევის ბევრ მეთოდს, მათ შორის, ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე პირდაპირ ზემოქმედებას, ამომრჩევლის ნების უგულებელყოფას, დაშინებას, მოსყიდვას, გადასატანი ყუთით მანიპულირებებს, მკვეთრ უზუსტობებს მოსული ამომრჩევლების რაოდენობებში, მიღებული ხმების რაოდენობების გაყალბებებს და სხვა.

ეს ყოველივე, ახლა აუცილებლად მოითხოვს თქვენს განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მეორე ტურის სამართლიანად ჩატარება თიანეთის ოცივე საარჩევნო უბანში, ხოლო შემდგომი – პროცედურების კანონმდებლობის დაცვით წარმართვაში საოლქო კომისიაში.

მოგიწოდებთ, თქვენი ყურადღება ინტენსიურად მომართოთ თიანეთისკენ: გამოგზავნოთ დამკვირვებლები, ტელევიზიებისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ჯგუფები. ეს არის არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ამომრჩევლების, არამედ ყველა წესიერი მოქალაქის თხოვნა.

პატივისცემით,
თამაზ მეჭიაური,
„თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“
პარტიის თავმჯდომარე