გოგიტა არქანიას მთავარი კონკურენტი იაპონიის ლიგაზე…

3227

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ის უალტერნატივოა დღეს ქარტულ კარატეში – 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის მხოლოდ გოგიტა არქანია იბრძვის საქართველოდან. ეს ძალიან ცოტაა საქართველოსთვის, თუმცა… თუმცა ის ამ ეტაპზე ერთია, მაგრამ გვჯერა, რომ გოგიტა იქნება ის სპორტსმენი, რომელიც საქართველოს ასახელებს იაპონიაში, თვით კარატეს სამშობლოში…

გოგიტა არქანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა 2020 წლის ოლიმპიადაზე მოსახვედრად, – ტოკიოში პრემიერლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ჩემს რესპონდენტს წარდგენა არ სჭირდება, ის ქართული კარატეს მოკაშკაშე ვარსკვლავია – გოგიტა არქანია. ამ მცირე ინტერვიუს გამოვიყენებ და მივულოცავ ქართველ კარატმენს კიდევ ერთ გამარჯვებას! წარმატებას და ოლიმპოს კვარცხლბეკს ვუსურვებ!

– გოგიტა, ტოკიოს ლიგის ჩემპიონატს როგორ შეაფასებთ?

– ლიგაზე ყველა უძლიერესი გამოდის და იბრძვის ლიცენზიისთვის, შესადამისად, უმაღლესი კლასია და მედლის მოპოვებაც რთულია.

– საქართველოდან რამდენი სპორტსმენი იბრძოდა მედლისთვის?

– ამ ეტაპზე საქართველოდან ორი ვცდილობდით მედლის მოპოვებას, დათო ტყებუჩავა და მე. იაპონიაში, კარატეს ლიგაზე მონაწილეობა საამაყოა…

– რამდენად მნიშვნელოვანია ეს მედალი ოლიმპიადაზე გასასვლელად?

– ნებისმიერი სპორტმენისთვის ეს და ყველა მედალი მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ლიგის მედაცს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, განსაკუთრებით იაპონიაში მოპოვებულს.

– გოგიტა, კმაყოფილი ხარ ბრინჯაოს მედლით?

– ბრინჯაოთი არა… ფინალი მინდოდა. მეტის მიღწევაა საჭირო!

– ბრინჯაო ხელს ხომ არ შეგიშლის რეიტინგებში?

– არა, ხელს არ შემიშლის ეს ბრინჯაო, პირიქით – ქულას მმატებს, მაგრამ მაღალი სინჯის მედალი…

– გოგიტა, ვინ იყო შენი ძირითადი კონკურენტი?

– ძირითადი კონკურენტი გერმანელი ჯონათან ჰორნე. მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სპორტსმენია და აფასებს მას კარატეს სამყარო.

– ალბათ ისევ იაპონელები დომინირებენ…

– რა თქმა უნდა, იაპონელები დომინირებენ. კარატე ხომ მათი ეროვნული სიამაყე და მშობლიური, გენეტიკური სპორტია…

– ტრავმები ხომ არ გქონდა შეჯიბრის წინ და ახლა ხომ არ გაქვს რაიმე სერიოზული დაზიანება, რომელიმაც შესაძლოა ხელი შეგიშალოს?

– მიკრო ტრავმები მაქვსლ მაგრამ სერიოზული არაფერია. ვფიქრობ ხელს ვე შემიშლია მომდევნო ასპარეზობებში.

– ერთადრეთი კანდიდატი ხარ საქართველოდან, ვინც კარატეს ოლიმპიური საგზურისთვის იბრძვის. ეს საკმაოდ ცუდი შედეგია საერთო ჯამში…

– დიახ, დღეს ერთადერთი კანდიდატი ვარ, ვინც ოლიმპიური საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ იმედია ბიჭები მოინდომებენ და გავლენ ოლიმპიურ გზაზე.

– უახლოესი გეგმები…

– გეგმები – ისევ მოვემზადო შეჯიბრისთვის და ვიბრძოლო ოლიმპიადისთვის!