დავით ტყებუჩავას ნაკლი და ოლიმპიური საგზური…

4542

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

მისთვის კარატე ღრმა ბავშვობიდან დაიწყო და კარგად მახსოვს მისი პირველი ნაბიჯები… საინტერესო, მიზანდასახული, შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მისმა თავდადებამ გაამართლა…

ალბათ ვოლიმპიური ოჯახის წევრობას უმიზნებს და, როგორც თავად ამბობს, კარატეში ღირსეული დასასრულისთვის ემზადება…

დაიბადა 1988 წელს 24 ივნისს, თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. Ш დანის მფლობელია. არის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ტრადიციულ კარატეში (შოტოკანი).

ეს დავით ტყებუჩავაა, რომელიც 2020 ოლიმპიური საგზურისთვის იბრძვის…

საინტერესო ინტერვიუ გელით, საიდიანაც დაინახავთ, რომ ქართულ კარატეში დიდი კონკურენციაა, უთანასწორო და შეიძლება ითქვას, – დაუნდობელი ბრძოლა მიდის ოლიმპიური საგზურისთვის…

– დავით, ამ ეტაპზე რამდენად ხარ საკუთარი თავით კმაყოფილი?

– საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ, ვფიქრობ ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

– დღემდე განვლილი გზა გაიხსენე, მოკლედ…

– გზა, რომელიც გამოვიარე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ირგვლივ ყოველთვის მყავდა საიმედო ადამიანები. ხშირ შემთხვევაში მე უფლება არ მაქვს რაიმეზე ვიწუწუნო, ვინაიდან ყველაფერი მივიღე რასაც ვიმსახურებდი.

– რთულია კარატეს გზით ცხოვრება?

– თუ ადამიანი შეძლებს კარატეს ცხოვრების სტილად, წესად ქცევას, მაშინ მარტივია, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – რთული.

– ოლიმპიური სამზადისი როგორ მიდის?

– ოლიმიური სამზადისი საკმაოდ დაძაბულად მიდის. კონკურენცია მაღალია, ყველას გვინდა ოლიმპიადაზე მოხვედრა…

– დავით, რამდენად გაქვს იმედი, რომ ოლიმპიურ საგზურს მიიღებ?

-უმართლებს მხოლოდ ძლიერებს. ვიბრძვი და სანამ ვიბრძვი, ყველაფრის იმედი მაქვს.

– და რეიტინგებში რა მდგომარეობა გაქვს?

– წონების გაერთიანების შემდეგ 65-ე ვარ რეიტინგში, რაც მაშორებს ოლიმპურ საგზურს… მაგრამ წინ საკვალიფიკაციო შეჯიბრებები გველოდება და ვიმედოვნებ შევძლებ შედეგის მიღწევას.

– საქართველოდან რეალური კანდიდატი ვინაა, ვინც ოლიმპიადაზე იასპარეზებს?

– ძალიან სასიხარულოა რომ ქვეყნიდან რამოდენიმე სპორტსმენი ცდილობს ოლიმპიური საგზურის მოპოვებას. მოგეხსენებათ სარეიტინგო ქულები მხოლოდ მაღალი კლასის შეჯიბრზე ე.წ. პრემიერ ლიგებზე თამაშდება, სადაც მსოფლიოდან მხოლოდ 60 სპორტსმენი არის წონით კატეგორიაში წარმოდგენილი. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ქართველ სპორტსმენებს დიდი შანსი გვაქვს: დავით პატარიძე -67 კგ., ვეკუა ჰენრი – 75 კგ., გოგიტა არქანია +75 კგ. აღსანიშნავია ფედერაციის მხარდაჭერა მიზნის მისაღწევად.

– მრავალათასიანი ფედერაციაა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია და ძალიან ცოტა კანდიდატი არ ჰყავს?

– ვერ დაგეთანხმებით, ჩვენ შეიძლება მრავალრიცხოვანი ფედერაციის წევრები ვართ, მაგრამ ეს უმნიშვნელო რიცხვია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგალითან რუსეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საფრანგეთი,ბრაზილია, აზერბაიჯანი და ა.შ.. ჩვენ კი სამივე ოლიმპიურ წონით კატეგორიაში სალიცენზიოდ რამოდენიმე სპორტსმენი გვყავს. აქვე ავღნიშნავ რომ შესანიშნავი ახალი თაობა მოდის.

– დავით, დღევანდელი მოქმედი კარატისტებიდან ლიდერები ვინ არიან?

-დავიწყებ ჩემი კონკურეტნებიდან და თითოეულ წონაში 2 სპორტსმენს დავასახელებ: დარხან ასალდილვი – ყაზახეთი – 60 კგ., შამდან ერაი – თურქეთი  – 60 კგ., ვინისიუს ფიგუირა – ბრაზილია – 67 კგ., სტივენ და კოსტა – საფრანგეთი – 67 კგ., რაფაელ აგაევი – აზერბაიჯანი – 75 კგ., ლუიჯი ბუსა – იტალია – 75 კგ., უგურ აკტასი – თურქეთი – 84 კგ., რიუტარუ არაგა – იაპონია – 84 კგ., ჯონათან ჰორნე -გერმანია +84 კგ., განჯზადეჰ საჯად – ირანი +84 კგ..

– ორთაბრძოლა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება…

– პირველი საერთაშორისო ტურნირი, 1998 წელს, ინგლისში ვიასპარეზე. 9 წლის ვიყავი და არასაოდეს დამავიწყდება ის შეჯიბრი.

– საბოლოოდ რას ელოდები კარატედან?

– რას უნდა ელოდოს მებრძოლი? ღირსეულ დასასრულს.

– რამდენად პოპულარულია დღეს კარატე?

– კარატე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საზოგდოების დაინტერესება იზრდება, ვინაიდან კარატე არ არის მხოლოდ სპორტი და კარატეში ადამიანი არ იზრდება მარტო სპორტული ღირებუელბებით.

– როგორც კარატეს პედაგოგს, რა გიზიდავს შეგირდებში და რას ასწავლი მათ უპირველესად?

– უპირველესი ადამიანში არის ალბათ ადამიანობა.  მე კლუბ „კარატეს აკადემიის“ წევრი გახლავართ, სადაც ჩემი ძმა გახლავთ ჩემი სენსეი (მასწავლებელი). ჩვენი კლუბის დოჯოს (საწვრთნელ დარბაზს) მთავარი ღირებუელბა არის ზრდილობა, თავმდაბლობა და პატივისცემა.

– საკუთარ სპორტულ ნაკლზე გვითხარი…

– რთულია საკუთარ ნაკლზე საუბარი, ჩემი თავდაჯერებულობა ხშირად ხელს მიშლის მიზნის მიღწევაში.

– და სპორტული დადებითი მხარე რა გაქვს?

– ჩვენ ქართელებს გვახასიათებს თავდადებით ბრძოლა ყველაფერში! ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა მაქვს დადაებითი მხარე.

– ოჯახში თუნდაც ქუჩაში, სამსახურში, როგორია ჩემპიონი დავით ტყებუჩავა?

– უბრალო…

– და მაინც, რა არის კარატე?

– თუ გინდა გაიგო რა არის კარატე, მაშინ უნდა ივარჯიშო კარატე. დღეს უკვე ოლიმპიური სპორტის სახეობაა და ესეც გასათვალისწინებელია და ესეც იძლევა დამატებით საშუალებას უკეთ შეიცნოს ადამიანმა საკუთარი თავი. ყოველ დღე აღმოაჩნო ახალი შესაძლებლობები და გამოიწვიო თავი…

– სამომავლო გეგმები…

– უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს გავაკეთებ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევა მელოდება ცხოვრებისგან.