წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2825

ავტორი: მაია დიაკონიძე

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მაია დიაკონიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ნოველა“

ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

წკაპ, წკუპ,…წკაპ, წკუპ,… წვიმის წვეთების წკაპაწკუპი ისმის, საიდან ვერ ხვდება, მაგრამ გული კი უწვრილდება, დარდი შეზრდია მის გულს და სევდა კიდევ უფრო მატულობს წვიმის გაძლიერებასთან ერთად. ერთადერთი ცოცხალი არსება მის გვერდზე ძაღლია, კავკასიური ნაგაზი, ერთმა მეცხვარემ აჩუქა, დიღომში ცხვარს ყიდდა, ლეკვები თან წამოეყვანა, ყველა გაეყიდა.  ერთი-ღა დარჩენოდა, შეეხვეწა, რანაირადაც შეეძლო, კისერი გამოუწია, მე მომეციო, აბა, ფული სად ჰქონდა, რომ ეყიდა?! მეცხვარემ ახედ-დახედა, კეთილი კაცი ჩანხარო და მისცა. გახარებულმა გულში ჩაიხუტა, სულ ფეხით იარა თავის სახლამდე, უფრო სწორად თავის ქოხამდე, კიდევ უფრო სწორად თავის ქოხმახამდე, მშობლებისგან დარჩენოდა, მუხიანის აგარაკებზე ცხოვრობდა, ადრე მცხეთას ეკუთვნოდა ეს მიწა, ახლა ამბობენ თბილისიაო, მაგრამ ტალახებს თავი ვერ დააღწია, ფეხსაცმლის ლანჩებზე სქელი ფენა მოსდებოდა, პარმაღზე გაიხადა მისი გულივით დამძიმებული ფეხსაცმელები, იქვე კარებთან მიყარა და ოთახში შევიდა. ეს ოთახია მისი მშველელი, ის იხსნის ხოლმე დაცინვებისგან, გულსატკენი სიტყვებისგან. ადრე დედა იცავდა ხოლმე, მამაც. ახლა დამცველი არავინ ჰყავს, სრულიად არავინ, მაგრამ ახლა ძაღლი ეყოლება… მშვენიერი, თეთრი, ქუნქულა, მოეწონა, გაიღიმა, უფრო სწორად გაიკრიჭა, რადგან სხვანაირი გაღიმება არ იცოდა იროდიონმა, – ხომ ვაჯობე ყველას ჭკუით, – აბა, ვინმე მომეკაროს, აბა, ვინმემ მაწყენინოს, – ფიქრობდა და ხელის გულებს იზელდა. სულ ერთი ოთახი ჰქონდა იროდიონს, აივნით. ოთახი 12 კვადრატული მეტრი იქნებოდა, მას ყოფნიდა. უყვარდა აივანზე ჯდომა, სახლის სახურავიდან ჩამომავალი წვიმის ნაკადები, ძლიერი წვიმის დროს, და პატარა  წვეთები, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყნიერებას, ბავშვობას ახსენებდა, დედ-მამას, ოთახის კედლებს შეხედა, არ მოეწონა, ვარდისფრად იყო შეღებილი, აღარ ახსოვდა, რომ მამამ შეღება, სანამ იროდიონს საავადმყოფოდან გამოწერდნენ. ოცი წელია ამ ფერისაა, ახლა-ღა შეამჩნია, ვარდისფერიც გამუქებულა აქა-იქ, ზოგან გათეთრებულა, ზემოთ ჭერთან ახლოს, ოთახის კუთხეებში ობობებს დაუბუდებია, ქსელები გაშავებულა, მაგრამ იროდიონი მათაც ვერ ამჩნევს, თორემ აუცილებლად გაწმენდდა. არ უყვარს ჭუჭყი იროდიონს, მაგრამ ყველაფერს ვერ გასწვდება, ვერ გააკეთებს. ახლა ძაღლი იქნება მისი დამხმარე, ეტყვის მოიტანეო და მოიტანს, თორემ აქამდე მხოლოდ მას ავალებდნენ: – იროდიონ, ტვირთი წამომაღებინე ბაზრიდან! – იროდიონ, ნაგავი გადაყარე!  იროდიონიც მორჩილად მიჰყვებოდა რომელიმე მეზობელს ბაზარში, მიჰქონდა ნაგვის ტომრები ხრამში გადასაყრელად,  იქნებ მერე ერთი-ორი ლუკმა მაინც აჭამონ, ზოგიერთი ამჟავებულ საჭმელს დაუსხამს ხოლმე, თან ამადლის, ამის ფასი რა გააკეთეო. მეორე დღეს იროდიონი ეზოდან ვეღარ გამოდის, იქაურობას მიეჯაჭვება ხოლმე. სახლში ტუალეტი არა აქვს, ეზოში უდგას, შავი ფიცრების გროვა, კარები აღარ იკეტება სიძველისგან. ხანდახან კარგი კლიენტებიც გამოუჩნდებიან ხოლმე, მიწას დააბარინებენ, ბალახს გაათიბინებენ, ვისაც საქონელი ჰყავს, საქონელი კი ბევრსა ჰყავს, საქმეც არ ელევა იროდიონს. დაღლილ-დაქანცულს არაყს დაალევინებენ, ცეცხლთან გაათბობენ, ერთი-ორ ნაჭერ მწვადსაც გაადაუგდებენ, 5-10 ლარს ჩაუდებენ ჯიბეში, კაცები რატომღაც უფრო კეთილები არიან, – ფიქრობს იროდიონი, როცა არყით შებუჟბუჟებული ბუქნაობს და ცეკვავს ცეცხლის პირას, თანაც იკრიჭება, იმიტომ რომ სხვანაირი სიცილი არ იცის, -პარეზი გაქვსო,- ეუბნებოდა დედა, – მინინგიტის მერე დაგრჩაო, – მაგრამ იროდიონმა არ იცის რა არის პარეზი ან მინინგიტი, უხარია და ცეკვავს, ტრიალებს, ბზრიალებს, – ასა, ასა, – იძახიან კაცები და ტაშს უკრავენ. სიხარულისგან თვალები უბრწყინავს, ცეცხლი მის სახეს ანათებს და კეთილშობილ იერს აძლევს, ვინ იცის, ვისი შთამომავალია უბედური იროდიონი, ბედნიერად მოცეკვავე და სახეაწითლებული. ამას წინათ ცეცხლში ლამის ჩავარდა, – კარგი, კარგიო,- დაუძახეს, ძლივს გააჩერეს შეზარხოშებული. დევივით კია, მაგრამ ჭკუა ბავშვის აქვს, მეზობელ ნიასთან როცა შედის, ის გვერდზე მოისვამს ხოლმე, ფანქრებს მისცემს ხელში და ხატავენ. ნია უკეთესად ხატავს, ვიდრე იროდიონი, იმიტომ რომ ის ლამაზია, პეპელასავით ლამაზი, აი, გარეთ ლამაზ-ლამაზი პეპლები რომ დაფრინავენ, ისეთია, – ფიქრობს იროდიონი, კარგად ვერ ხატავს, მაგრამ ნია ასწავლის ხატვას, ის სკოლაში ათოსანია. ხანდახან იროდიონი თვალს გააპარებს ხოლმე მაგიდაზე ჩამომდგარი ბროლის ვაზისკენ, შიგნით ფოჩიანი კამფეტები დევს, ნია მიუხვდება ხოლმე, რა უნდა და ვაზას აწვდის, რამდენიც გინდა ჭამეო. დარცხვენით იკრიჭება იროდიონი და ერთ-ორ კამფეტს პირში იტენის, რამდენიმეს ნია ჯიბეში უდებს, აქედან რომ წახვალ, მერე ჭამეო. ახსენდება, გარეთ ძაღლი ელოდება, ძაღლს ნიასთან სახლში არ უშვებენ, მაგრამ თეფშით საჭმელს კი დაუდგამენ ხოლმე. ამიტომ უყვარს აქ მოსვლა. სახლში სითბო და სისუფთავეა, უხარია იროდიონს, როცა ზოგჯერ ბავშვის ყარაულად ტოვებენ, ის სახლს შიგნიდან იცავს, ძაღლი – გარედან. ნიას დედა, ქალბატონი მაიკო, აფრთხილებს, ოთახში არაფერს მოჰკიდოს ხელი, არადა რა ლამაზი ნივთებია?! ერთი სურათი მოსწონს, ოქროსფერ ჩარჩოშია, მონადირე მთის ბილიკით დაბლა ეშვება, ერთ მხარზე ნანადირევი გადაუკიდებია, მეორეზე – თოფი. ძალიან უნდა თოფი ჰქონდეს, ნამდვილი თოფი, ისეთი სურათზე რომ არის დახატული, მაგრამ ასეთს ვინ მისცემს, ხელში ვინ დააჭერინებს?! ერთ კედელზე თოჯინები ჰკიდია, ფაიფურის, ლამაზი სახეები აქვთ, ერთი ბიჭი თოჯინაცაა, დიდი, დევს ჰგავს, ზუსტად იროდიონივით იკრიჭება, პატარა რქებიც აქვს, ხუჭუჭა თმებში ჩამალული. იქვე მეორეც ჰკიდია,  პატარა, გამხდარი, ისიც ქოჩორა, თავზე კახური ქუდით, კოპლებიანი პერანგით, პერანგი თეთრია, გაწკრიალებული, იმიტომ რომ ქალბატონი მაიკო ხშირად აბანავებს თოჯინებს, ტანსაცმელს ურეცხავს, იროდიონსაც ურეცხავს ხოლმე, ექიმია, ბაცილების ეშინია. მეზობლის ქალები ეუბნებიან , – მაგ სულელს ბავშვს როგორ ანდობო,- ესმის და სწყინს იროდიონს, მაგრამ ხმას არ იღებს, იმიტომ რომ ლაპარაკი არ იცის, რამდენიმე ბგერას წაიღმუვლებს ხოლმე, მაშინვე აჩუმებენ, მისი მოსმენა არავის უნდა. მარტო თავის ქოხში, ყვირის, მღერის თავის ენაზე, რომელიც არავის ესმის ძაღლის გარდა. ქალბატონი მაიკო არავის  არაფერს პასუხობს, მხოლოდ იცინის, თეთრი კბილები მოუჩანს. ნიას მამა – უშანგი მხატვარია, ნადირობაც უყვარს, ამოიღებს ხოლმე ძველ მამაპაპურ თოფს ანტიკვარული ზანდუკიდან და წმენდს, იროდიონი თან ხატავს, თან თოფს უყურებს, ძალიან მოსწონს თოფი იროდიონს. ნიას ძმაც ჰყავს, სტუდენტი, უჭირს მუხიანის აგარაკებიდან ინსტიტუტში სიარული, ფეხით ჩადის დუმბაძის ბოლომდე, მერე ტრანსპორტში ჯდება. სამარშრუტო ტაქსები დადის დასახლებაში, ოღონდ ცუდ ამინდებში – არა, ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე სიარულში მანქანები ფუჭდება. ნიას ძმაც მეგობრობს იროდიონთან, ხანდახან ლიმონათს მოუტანს ხოლმე ქალაქიდან.

როცა იროდიონს საქმე არა აქვს, ეს ძირითადად ზამთრობით ხდება ხოლმე, მაგრამ წელიწადის სხვა დროსაც გამოერევა ასეთი დღეები, დაწვება  თავის ძველსძველ ზამბარებიან საწოლზე, ხან ალუმინის რიკულებს შესცქერის, ხანაც ჭერს. სახლის სახურავზე ოფოფები ცხოვრობენ, რაც თავი ახსოვს, სულ იქ არიან, ხმაურობენ, ჭყიპინებენ, სანამ შვილებს წამოზრდიან, მაგრამ იროდიონს არ აწუხებს მათი ხმაური, მათგან სითბოს გრძნობს, მისი არც ფრინველებს ეშინიათ, ლამისაა თავზე დაასხდნენ ხოლმე, ეზოში პურს როცა ჭამს, იროდიონი მათ გადაულოცავს, ბარტყებს აჭამეთო, თვითონ მშიერი რჩება, მერე კი ღმუის თავის ოთახში შიმშილისგან აწრიალებული. თუ ნამეტანი მოუვა და ნიას დედამ გაიგონა მისი ყვირილი, უფრო სწორად, ღმუილი, პურს მიუტანს  და აივანზე დაუწყობს, თავის გამომცხვარს, მერე კარებზე დაუკაკუნებს, შესძახებს, პური მოგიტანეო და გაუჩინარდება. უხარია ყურადღება იროდიონს.

ნია წამოიზარდა, დაქალიშვილდა, ახლა ერთად აღარ ხატავენ. იროდიონს ახლა სხვა დავალება მისცეს, სკოლამდე უნდა მიაცილოს გოგონა და მერე სკოლიდან წამოიყვანოს. უხარია იროდიონს ნიასთან ყოფნა, თვითონ ხმას არ იღებს, არ უნდა გოგონა შეაშინოს. ის და ძაღლი ჩუმად მიუყვებიან სკოლისკენ მიმავალ გზას, მხოლოდ ნია ტიტინებს, უყვება იროდიონს იმ მთისას და ამ ბარისას, სკოლის ამბებს, ზოგჯერ მასწავლებლებზე ბრაზობს, ზოგჯერ მშობლებზე. ყველაფერი იცის იროდიონმა, რა აწუხებს ნიას, რა უყვარს, რა არ უყვარს. იცის რომ ნიას გვირილები უყვარს. ერთხელ გვირილებით ხელში დახვდა ნიას სკოლის ეზოში. უნდოდა გოგონა გაეხარებინა. სხვანაირად გაიგეს. ბიჭები ჯოხებით გამოეკიდნენ საცემრად. ძაღლმა არ მიუშვა. ჭორები ააგორეს, ნიას მშობლებმა გოგონასთან ახლოს მისვლაც კი აუკრძალეს. დაილია გოლიათი დარდისაგან. თვითონ რომ ვერაფერი დაუშავეს, ძაღლი მოუწამლეს. ავად გახდა ნაგაზი. ერთხელ შინ დაბრუნებულს მკვდარი დაუხვდა, ეზოში დაგდებულს ზედ ყვავები დასხდომოდნენ და გულ-ღვიძლს უკორტნიდნენ, ყვავები შესძულდა, იფიქრა, ამათ მოკლეს ჩემი ერთგულიო. მეორე დილას თოფის ხმამ გააღვიძა დასახლება. იმ ღამით იროდიონს თოფი მოეპარა ნიას სახლიდან და ტყვიებს გამეტებით უშენდა ყვავებს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ნიას მამამ და ძმამ ძლივს გამოგლიჯეს ნაგოლიათევს თოფი ხელიდან. დასახლება აფორიაქებულიყო, ემანდ ჩვენც არ დაგვხოცოსო. სინდისმა შეაწუხათ. თოფი რომ აღარ ჰქონდა, ქვები დაუშინა ყვავებს, ამათმა მომიღესო ბოლო, ამათმა გამთვალესო. – ფიქრობდა.მას მერე სახლიდან იშვიათად თუ გამოიხედავდა. შეკრთა სოფელი, ინანეს თავისი საქციელი, ხანდახან კარებს რომელიმე მეზობელი მიადგებოდა თეფშით და პურით ხელში, აივანზე დატოვებდა საჭმელს, ოთახში შესვლას ვერავინ ბედავდა, ისე დაუძახებდნენ, ისიც ღმუილით პასუხობდა. ერთ დღეს ოფოფები ახმაურდნენ, იქაურობა გადააჭრელეს, ბევრნი იყვნენ, საიდან მოვიდნენო, მეზობლებს უკვირდათ, რა ხდებაო იროდიონის სახლში, ჩუმ-ჩუმად მიიპარნენ, ფრინველების ეშინოდათ, არ დაგვკორტნონო. ჭირისუფლებივით ჩამომსხდარიყვნენ იროდიონის მამის დარგულ ხეებზე. შეიხედეს ოთახში, ფანჯრებიდან შემავალ მზის შუქს იქაურობა გაენათებინა. იროდიონის სპეტაკ სახეს ნათელი მოჰფენოდა. ხელში ნიას ნაჩუქარი ფანქრები ჩაებღუჯა, ძირს დავარდნილ ფურცელზე გოგონა ეხატა, გვირილებით ხელში, გვერდზე – გოლიათი და ძაღლი. შეაგროვეს ფული და დაასაფლავეს იროდიონი. მას მერე ქოხში შესვლას ვერავინ ბედავდა ნიას გარდა. ნია ჩამოჯდებოდა ხოლმე აივანზე, როგორც იროდიონი, თვალს არ აშორებდა სახურავიდან წამოსულ წვიმის ნაკადებს, როცა ძლიერ წვიმდა და წვიმის პატარა წვეთებს, როცა ჟუჟუნა წვიმა გადაუვლიდა ქვეყანას. გოგონამ იცოდა, რომ წვიმის წვეთები ისეთივე სუფთა იყო, როგორც იროდიონის გული. ოფოფები კი არსად წასულან, მართალია, პურს აღარავინ აჭმევდა. ალბათ უკვე რომელი თაობა დებდა კვერცხებს იროდიონის ქოხის სახურავზე, მათთვის მყუდრო და თბილ ბინაში…მხოლოდ ხანდახან გადაუვლიან ხოლმე ოფოფები ქვეყანას ძახილით, –  ადამიანების გეშინოდეთ, ადამიანებო!

პაპა

ნელა-ნელა გამოძვრა ლოგინიდან, წამოჯდა, ხელის ცეცებით მოძებნა ფეხსაცმელები, ჩაიცვა, წამოდგა, საწოლის კიდეს დაეყრდნო, კუთხეში მიდებული ჯოხი აიღო და კარებისკენ კაკუნით გაეშურა, ცალ ხელს ყავარჯენს აბჯენდა, მეორეთი კედლებს მიუყვებოდა. კარებამდე მიაღწია და ცოლს დაუძახა: – მართა, ჰაი, მართა, ავდექი, ქალო! – ხმა არავინ გასცა, მიაყურადა, არსაიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა,  – ალბათ სამშობიაროში წავიდნენ, ბიჭი უნდა მოიყვანონ, – წაიბუტბუტა, აივანზე ვარაუდით თავისი სამფეხა სკამი მოძებნა, ჩვეულ ადგილზე იდგა, კედელს მიაყუდა  და დაჯდა. გაახსენდა, სულხანმა, მისმა შვილიშვილმა, ბევრჯერ შესთავაზა, სავარძელს დაგიდგამ, მოხერხებულად დაჯდებიო, არ დათანხმდა, გლეხი კაცი ვარ, თავადი კი არა, სავარძელზე წამოვსკუპდეო. ახლა გაახსენდა ეს ამბავი, ჩაეცინა, სწორედ სავარძელი მეკუთვნის, შვილთაშვილს მოვესწარიო და მოლოდინში გაიტრუნა. დიდხანს უყურებდა სივრცეს უსინათლო თვალებით, ასაკიც დიდი ჰქონდა, მაგრამ თავის თავისადმი უყურადღებობამ დააბრმავა, არაფრის დიდებით ექიმთან არ წავიდა, როგორც მუცლის ტკივილი, ესეც გამივლისო, ნელ-ნელა აკლდებოდა თვალის შუქი, შვილიშვილმა რომ დაითანხმა და ექიმთან წაიყვანა ქალაქში, გვიანღა იყო, იდარდა, ჩემს გაზრდილ ვაზებს როგორღა შევხედოო, მაგრამ თავზევით ძალა აღარ იყო, ბედს დამორჩილდა. დღეებს სიკვდილის მოლოდინში ატარებდა.- აი, ახლა მოვა, აი, ახლა მოვაო,-  ფიქრობდა, მაგრამ ეს მისგან საპატივცემულო სტუმარი არა და არ მოდიოდა. თვითონ დღის შუქს და მზეს უჭვრიტინებდა, ლიბრგადაკრული თვალებით დღეს ეფოფინებოდა, იმზევებდა, ეჯავრებოდა სიბნელე, ამიტომ, სანამ დღის შუქი იყო და მზე ანათებდა, აივანზე იჯდა, ხანდახან ეზოშიც ჩავიდოდა, მაგრამ იშვიათად, სიკვდილმა იქ არ მომისწროს, თორემ მერე ზევით მკვდარს როგორ ამიტანენო, ეცოდებოდა შვილიშვილი. შვილისგან ეს ბიჭი დარჩენოდა, თავად გიორგი აფხაზეთის ომში დაიღუპა, დადუმდა ოჯახი, მაგრამ დაქვრივებული რძალი დედამთილ-მამამთილთან გადმოვიდა საცხოვრებლად, ამ სახლის კედლებსაც გიორგის სუნი სდითო, წელში გასწორდნენ მოხუცები, ბიჭს ფეხზე დაყენება სჭირდებოდა, მამის საფლავუნახავს ვერავის დააჩაგვრინებდნენ, კლდედ იქცა კაცი, სახლიც გამართა, უმაღლესიც დაამთავრებინა შვილიშვილს, მაგრამ ბიჭი ქალაქში არ დარჩა. მამაპაპისეული კერიისაკენ მიუწევდა გული, მეურნეობა შეაკოწიწა, სულს ითქვამდა მის ხელში ვაშლი და ატამი, ისე უვლიდა ხეხილს, ოქროს ხელები ჰქონდა, საჯიშე ნერგები გამოჰყავდა, ამით ოჯახის სარჩენ ფულს შოულობდა, დაქორწინდა ოქროსკულულება ხატიაზე, მეზობლის გოგოზე, მოხუცს ბავშვობიდან ახსოვდა კაფანდარა მეზობელი, თხილს რომ არ უყენებდა ეზოში, ახლა, ბიჭიც გაუჩნდათ ახალშეუღლებულებს, დღეს უნდა გამოწერონ დედა-შვილი საავადმყოფოდან, ბავშვს გიორგი დაარქვეს, მისი ვაჟის სახელი, შვილი გაახსენდა, მისი პატარაობა, – ნეტავ თუ ჰგავს ბაბუამისს, – გაიფიქრა, მერე ომში მიმავალი წარმოიდგინა, გაღიმებული, სამშობლოს დასაცავად წასული, უკანარდაბრუნებული, უსაფლავო და გული შეეკუმშა, ისევ სიკვდილი გაახსენდა, მაღლა შეხვდებოდა შვილს, მაგრამ შვილთაშვილის ნახვაც რომ უნდოდა… კი ვერ დაინახავს, მაგრამ ხელში ხომ მაინც დააჭერინებენ, შვილის სუნი ექნება, გიორგისი…

– პაპა, პაპა! მოვედით, პაპა! – ეზოში მხიარული შეძახილები ისმოდა, ჭიშკარში ხატია იდგა ატლასის ნაჭრებში გახვეული ყრმით ხელში, ბედნიერი, ცოტა დაღლილი… – სულხან, ხმა ამოიღე, კაცო! – დაიძახა მართამ. პასუხი არ იყო, ახალგაზრდა კაცმა კიბეებზე აირბინა, მოხუცი თავის სამფეხა სკამზე იჯდა, მოთენთილი და მოშვებული, კედელს მიყუდებოდა, თავი გვერდზე დაეხარა, იღიმებოდა, ეტყობა კმაყოფილი იყო, – როგორც იქნა, სწვეოდა დიდი ხნის სანატრელი სტუმარი.

ლურჯი ბუშტი

მაია ზის და ჩაბნელებულ კედლებს შესცქერის, სიბნელეში რუხი კედლები კიდევ უფრო შავი ჩანს, ფანჯრისკენ გააპარა თვალი, მთვარეს ეძებს, რატომღაც ისიც არ არის, – იგვიანებს, – ეტყობა ღრუბლები არ უშვებენ, – გაიფიქრა მაიამ, არადა როგორ ელის მის გამოჩენას ცაზე… უნდა, ოთახში სიბნელე ცოტა მაინც გაიფანტოს. დედა წასვლის წინ შუქს უქრობს, ყურადღება არ მიიქციოს ფანჯრებში სინათლემო, რატომ?  გოგონამ თვითონაც არ იცის…  ჩააწვენს საწოლში, თვითონ სამუშაოზე მიდის. ისინი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ, დიდ ქალაქში. დედა სულ მუშაობს, დღისით და ღამით, ხანდახან შემოირბენს ხოლმე სახლში, მაიას საჭმელს დაუტოვებს, რამდენიმე საათი წაიძინებს და გარბის. იცის, ჭკვიანი გოგოა და არაფერს დააშავებს. გოგონას ძალიან ენატრება ბებია, დიდი სახლი, ჭრელი ხალიჩებით მორთულ-მოფენილი, ტახტზე ბებიას შეკერილი მუთაქებით.  ოჰ, როგორ უყვარდა იმ მუთაქებით თამაში! დიდი სახლი აქვთ საქართველოში, მაგრამ ბებიას გარდაცვალების შემდეგ დედამ აქ წამოიყვანა, აბა, იქ ვისთან დაეტოვებინა?! თედო პაპასთან კი დარჩებოდა, მაგრამ დედამ არაო, მამა თვითონ ძლივს უვლის თავს და შენ როგორ მოგხედავსო. ნეტავ, ვისთან შეეძლო კიდევ დარჩენილიყო? სულ ეს კითხვა აწუხებს, ფიქრობს, ფიქრობს,  ყველა ნათესავს გაიხსენებს ხოლმე, მაგრამ სოფელში ყველას ძალიან უჭირს, თავისთვის არა აქვთ საჭმელი, სხვისი მოვლის თავი ვიღას აქვს, ყველა გეგმას აწყობს, ფული სადმე ისესხოს და რომელიმე ქვეყანაში წავიდეს სამუშაოდ. ამბობენ, ამერიკაში წასვლა ყველაზე სარფიანიაო, მაგრამ ამაში რას გულისხმობენ, პატარა გოგონა ვერ ხვდება. დედამისს კი თბილისში ბინის ყიდვა უნდა, ამიტომ არიან აქ. ამბობს, იმ ბინას გავაქირავებ და სოფელში ცხოვრება აღარ გაგვიჭირდებაო. აქ მაია სკოლაში ვერ დადის, ბაღში მაინც მიეყვანა დედას?! – საბუთები არა გაქვსო წესრიგში, – ეუბნება, – ცოტა ხანი მადროვე, შენთვისაც მოვიცლიო, – მაგრამ ეს ხანი  ვერა და ვერ დადგა. სწყინს მაიას, – თავის თანატოლებსაც ვერ ნახულობს.  მეგობრები ახსენდება: თიკუნა, გოგლა, ნიკა… მდინარეზე საბანაოდ წასულებს ბებოც მიჰყვებოდა, ეს ჩაბარებული ბავშვი ემანდ ხლაფორთში არ გაებასო. ქუჩაშიც იშვიათად გაჰყავს დედას, არ სცალია. გერმანული სიტყვები ცოტა-ცოტა ისწავლა. დედამ სურათები გამოუჭრა მუყაოსგან: ყვავილების, მსხლის, მანქანის, ვაშლის. ყველა სურათს ქვემოთ ჯერ ქართულად აწერია თავისი სახელი, მერე გერმანულად. დედა თვითონ ასწავლის ქართულ წერა-კითხვას და გერმანულსაც. თვითონ გერმანული ენის სპეციალისტია, მაგრამ სოფელში სამუშაო ვერ იშოვა, ერთი გერმანულის მასწავლებელი უკვე ჰყავდათ დაცლილ სოფელში და მეტი რაღაში სჭირდებოდათ? ეშინია მაიას სიბნელის, მაგრამ დედას ვერ ეუბნება, არ ეწყინოს, არ შევაწუხოო. ლოგინში ჩაწოლილს ჩრდილები წამოესევიან ხოლმე, ზოგს დათვის ფორმა აქვს, ზოგს დევის, ზოგსაც – ჭინკების, – პატარა რქებიანი არსებების. დევების განსაკუთრებით ეშინია, ბებია ზღაპრებს უყვებოდა მათ შესახებ. მართალია, ისინი ყოველთვის მარცხდებოდნენ ადამიანებთან ბრძოლაში, მაგრამ, რა იცი? თავზე საბანს წაიხურავს ხოლმე მაია, თავის ბუნაგში შემძვრალს აღარაფრის ეშინია. ერთ ღამესაც უცნაური არსება წაადგა თავზე, არ უნდა სახეზე შეხედოს, იცის, კიდევ უფრო შეეშინდება… მხოლოდ ფეხებზე უყურებს, კაბა აცვია, – ქალიაო, – გაკვირვებული ფიქრობს, ფერია ხომ არ არის, საქართველოში დამაბრუნოსო, იქნებ ბებიას სული გამომეცხადაო, მკერდზე ჯვარს ეძებს, მღვდელმა რომ დაჰკიდა ნათლობისას, მას მერე არასოდეს მოუხსნია, ბებია ეუბნებოდა , ეს არის შენი მფარველიო, ახლაც ცდილობს ხელი შეახოს, ხელებს იფათურებს მკერდზე, დაბნეულობისგან ვერ პოულობს, არც ბებიას ნასწავლი “მამაო, ჩვენო” ახსენდება, – სახლში ვინმე თუ არის შენ გარდაო, – ეკითხება უცნაური არსება, – არაო, – უნდა თქმა და ვერ ამბობს, ენას ვერ ატრიალებს, ბოლოს – ღმერთო, მოშველეო!- წამოიძახა, გამოსახულება მის თვალწინ ნელ-ნელა ქრება, ძილ-ბურანშია, ვეღარ იგებს, სინამდვილეშია ეს ყველაფერი თუ მხოლოდ ეჩვენება. როცა გაიღვიძა, დედა სახლში დახვდა. ყველაფერი მოუყვა, – ბინის პატრონი ხომ არ იყოო, – თავისთვის ლაპარაკობს დედა, – მაგრამ რატომ შემოვიდოდა უკითხავადო, ხომ არ მოგელანდაო? – გოგონას ეკითხება, დაკვირვებით აცქერდება თვალებში.  ბოლოს  მაიას მამას ურეკავს, ისიც ამ ქალაქში ცხოვრობს, ოღონდ სხვაგან. დედა ამბობს, გერმანელი ცოლი მოიყვანაო. თვითონ მამა არაფერს ეუბნება, მაიაც არ ეკითხება არაფერს, ასე ურჩევნია. ამ ამბის მერე მაიას იშვიათად ტოვებენ მარტო, ხან მამა არის მასთან, ხან დედა, ხანაც დედას დაქალი – დეიდა მაკა, ისიც მათი სოფლელია. დედაც მან წამოიყვანა აქ სამუშაოდ. თვეში ერთხელ მაია ფოსტაში მიჰყავს დედას, პაპა თედოს ამანათი უნდა გაუგზავნოს და ფული, ეშინია, მოხუცებულს არაფერი გაუჭირდეს. რამდენიმე ქუჩას გადაივლიან სახლიდან ფოსტამდე. უკვირს გოგონას, რა დაწკრიალებული ქუჩებია, ყველგან სისუფთავეა, სხვანაირი სახლები დგას, ასეთები სხვაგან არ უნახავს,  თუმცა არც არსად ყოფილა თავისი სოფლის გარდა. თბილისის აეროპორტშიც რომ წაიყვანეს, გზაში ჩაეძინა, მგზავრობისას გული ერევა და ცუდად ხდება. მამას მაღაზიებში მიჰყავს ხოლმე, კამფეტებს და სათამაშოებს ყიდულობს, დეიდა მაკა ბავშვების სათამაშო მოედანზე ჩაიყვანს, იქვე, სახლთან ახლოს. გოგონა შორიდან უყურებს  პატარებს, ჯერ გერმანული არ იცის, რა ენაზე ელაპარაკოს?!

ერთ დღესაც სიზმარი ნახა: ცაში პატარა  ლურჯი ბუშტი მიფრინავდა, სწორედ ის,  მაიამ რომ გაუშვა ბებიასთან, მასთან მივა და გაეხარდებაო. წითელი და ყვითელი თავისთან დაიტოვა, დედასთვის უნდა მიეტანა (დედასაც ძალიან უყვარს ბუშტები, ერთად ითამაშებენ). ყველა ბუშტი მამამ უყიდა ერთ მაღაზიაში, რომელსაც “სურვილების კიდობანი” ჰქვია. იქ მოხუცი კაცია გამყიდველი, რომელიც მაიას ძალიან, ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის იღიმება და კამფეტებს ჩუქნის, თანაც ჩვეულებრივს კი არა,  თეთრს წითელი ზოლებით.  ბებიას რომ ჰქონდა მისთვის შენახული, სწორედ ისეთებს. სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულ მამას დაემშვიდობა და სახლისაკენ მოკურცხლა. უცებ გზაზე ჩრდილი შენიშნა, ვიღაცის ჩრდილი, უზარმაზარი, მის პატრონს კი ვერ ხედავდა, ჩრდილი ძალიან გრძელი იყო, დასასრული არ უჩანდა, გოგონა ცდილობდა გზა განეგრძო, მაგრამ სიშავე ავისმომასწავებლად გაწოლილიყო მის წინ, თითქოს ემუქრებოდა. შეშინებულმა უკან მიიხედა, ავდარი მოჰყვებოდა, ღრუბლების ჩრდილიაო, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა. – ჩქარა წადი სახლში! – ეძახოდნენ ხის ტოტებზე ჩამომსხდარი ჩიტუნები, – ჩქარა წადიო! – ეძახოდნენ ბაჭიები და ციყვები, თვითონაც რომ თავშესაფარს ეძებდნენ. გაიქცა გოგონაც, მაგრამ დაეწია ქარბორბალა, დაატრიალა თავის ბუშტებიანად და შორს, შორს წაიყვანა. როცა გონს მოვიდა, ცა დაინახა, ლურჯი ცა, მიწაზე იწვა, მიიხედ-მოიხედა, სულ მარტო იყო, მომჩვარული გახეთქილი ბუშტებიც მის ხელთან ეყარა. გული დაწყდა, დედას ვეღარ გავახარებო, მაგრამ მალე ახალი სადარდებელი გაუჩნდა, სახლში როგორ დაბრუნებულიყო, არ იცოდა. ქარიშხალს გადაევლო, მზე ათასფერად ანათებდა ნაწვიმარ ველს. სველი  და ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეხამუშა, დედას ეწყინება, ასე რომ დამინახავსო. გონს მოგება ვერ მოასწრო, რომ ლურჯი ბუშტი დაინახა, ბებიასთან რომ გაგზავნა ცაში. გამოეკიდა, იქნებ დავიჭიროო, ბუშტი ხან ქვევით ეშვებოდა, – აი, ახლა მოვეჭიდებიო, –  ფიქრობდა მაია, ის იყო ხელი უნდა ეტაცა, რომ ბუშტი ისევ ზევით მიიწევდა. მისდევდა გოგონა ბუშტს, მისდევდა, ოფლში გაიწურა, მოულოდნელად თავისი სახლის წინ აღმოჩნდა. გახარებულს ბუშტი სულ გადაავიწყდა. კარებზე დააკაკუნა, დედა გამოეგება, გეძებდი, სად დაიკარგეო, გულში ჩაიხუტა გოგონა. დედის ხელებში მოქცეულმა ცალი თვალი  ბუშტისკენ გააპარა, ის უკვე ზევით ასულიყო. მოეჩვენა, რომ თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა. მალე თვალსაც მიეფარა, – ალბათ ბებიასთან ეჩქარება, – გაიფიქრა გოგონამ.

მეორე დილას მაია ბედნიერი ადგა ლოგინიდან. სამზარეულოში მოფუსფუსე დედას მკლავზე ჩამოეკიდა და უთხრა, – როცა გავიზრდები, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ლურჯი ბუშტი დამაბრუნებს. – დედამ თავზე ხელი გადაუსვა მაიას, თვალებიდან სიხარულის ცრემლები სდიოდა.

ქალების სამფლობელო

გზაზე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ, მე და ჩემი ბიძაშვილები. ერთს ზეინაბი ჰქვია, მეორეს – მაყვალა. დიდი ხნის ჩხუბის მერე გადაწყვიტეს, ორივემ ჩამკიდოს ხელი, ისე მატარონ,  ასე გამინაწილეს. ხანდახან გზისპირზე გადაბარდნილ მაყვლის ბუჩქებს გადასწვდებიან, თან ცდილობენ ხელი არ გამიშვან, იქით-აქეთ მექაჩებიან, მაგრამ რომელიღაცამ აუცილებლად უნდა დამთმოს, ისე ხილს ვერ მოკრეფენ, გულდაწყვეტით მომაშორებენ ხოლმე ხელს ხან ერთი, ხან – მეორე, მუჭებს აივსებენ და ისევ ჩემთან მორბიან, მაყვალს პირში მატენიან, – ხომ გემრიელიაო, – მეკითხებიან და თან თვალებში მიყურებენ, უნდათ კმაყოფილი დავრჩე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მეტ მაყვალს მაჭმევს, თვითონ ერთსაც არ გასინჯავენ. მეც შოშიასავით ვაღებ პირს და ვატკბარუნებ გემრიელ ნაყოფს. ისიც მომწონს, რომ ჩემი გულისთვის ასეთი დაკა-დაკა აქვთ, კმაყოფილი მივდივარ გზაზე, იქაური მზეც მომწონს, თავზე კი მახურებს, მაგრამ არ ვიმჩნევ, გოგონებს ჩემთვის ქუდის დახურება დაავიწყდათ, დედამ კი დაავალა, აუცილებლად შენიშვნას მიიღებენ! შუადღის მზე თავს მატკივებს ხოლმე, ცხვირიდან სისხლს მადენს, ერთხელ მახსოვს, სისხლისდენას ვერაფრით მიჩერებდნენ, ბევრი სისხლი ვღვარე, ლამისაა ვარცლი გაივსო. ამიტომ უქუდოდ არასოდეს გავყავარ სახლიდან. ნელა-ნელა მივუყვებით სოფლის შარას, გზა თანდათან ვიწროვდება, კლდის ბილიკებს დავადექით, ზევით-ზევით მივდივართ. აქა-იქ ფერდობებზე შეფენილი საქონელი მოჩანს. ზოგს შავი ზურგი აქვს, ზოგსაც – თეთრი, ზოგს – მოწითალო, ადამიანის თმის ფერივითაა. გაღმა ფერდობზე თხები დაკუნკულებენ, კარგად ჩანან, რადგან ფერდობი შიშველია, მხოლოდ მწვანე ბალახითა და ყვავილებით არის დაფარული. ჩვენი თხაც იქაა, თავისი ციკნებით. იმათ ვცნობ, იმიტომ რომ შუბლზე უზარმაზარი შავი ნიშანი აქვთ სუყველას, სამკუთხედის ფორმის. მართალია დიდი ხნის ნაცნობები არა ვართ, სულ ერთი კვირის ჩამოსულები ვართ მე და დედა თბილისიდან, მაგრამ მათი ქცევებიც მალე შევისწავლე და გარეგნობაც, ძალიან მიყვარს ციკნებთან თამაში. რომ არაფერი დამიშავოს დედა თხამ, ხან პური მიმაქვს იმისთვის, ხან ხაჭაპურის ნაჭერსაც წავუღებ ხოლმე, როცა ვეღარ ვჭამ, – ბევრს გადმომიღებს ბიცოლაჩემი ვენერა თეფშზე, გამხდარი ხარ, უნდა გაგასუქოო. ბილიკებს ახლა ქვევით ჩავუყევით, ისეთი ვიწროა, თითო-თითო მივდივართ, წინ ზეინაბი მიდის, მერე მე, უკან მაყვალა მომყვება, ეტყობა ჩემს დაზღვევას ცდილობს, ფეხი თუ დამიცდა, წამომეშველება. ზეინაბი, როგორც უფროსი გზას მიკვალავს, გაფაციცებულია, წინ რამე არ შემოგვეფეთოს და არ შემაშინოს. მალე მდინარის პირას აღმოვჩნდით, ბიცოლამ შორიდან დაგვინახა, დროზე წამოდითო, ხელით გვანიშნა. სარეცხის რეცხვას ქალები უკვე მორჩენილიყვნენ, უზარმაზარ ქვებზე გადაეფინათ ლოგინის თეთრეული გასაშრობად, აქა-იქ ტანსაცმელიც მოჩანს, ფერადი ღილებივით ჩამწკრივებულან ზეინაბის და მაყვალას კაბები, მარტო ჩემი ზეინაბის და მაყვალასი კი არა, სხვა მათი მოსახელე გოგოებისაც, იმიტომ რომ იმერეთის ამ მთიან სოფელში კიდევ ბევრს აქვს ასეთივე სახელი. მდინარისპირას ბუჩქებზე შარვლები გადაუფენიათ, ქმრების და ვაჟების, მათ შორის ბიძაჩემი ბონდოსი და ჩემი ბიძაშვილი ფრიდონისაც. ახლოს მივედით, დედა ქალებს შუაში ჩაუჯენიათ და გაფაციცებით უსმენენ მის დამტვრეულ ქართულს. ყვება თავის უკრაინულ სოფელზე. ახალმისულებს შეძახილებით შეგვხვდნენ, – რუსის გოგო მოვიდაო, – მომაძახეს აქეთ-იქიდან და მზერა ისევ დედასკენ გადაიტანეს. გოგოებმა დედაჩემისგან ჩურჩულით აიღეს ჩემი ბანაობის ნებართვა. გამხადეს, დაგუბებულ წყალში ჩამაყენეს, ცივი წყალია, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ვაცლი ჩემზე ზრუნვას, გამსაპნეს, ხან ჯამით, ხან პეშვებით წყალს მასხავენ, უხარიათ,  ჩემს გაზრდაში წვლილი რომ შეაქვთ, – გაიზარდე, გასუქდიო, – იძახის ზეინაბი და სიყვარულით მისმევს თავზე ხელებს, – იხვის ჭუჭულს არა ჰგავსო,- ბუტბუტებს მაყვალა და ისიც გამალებით მასხავს ზურგზე წყალს. თან იქვე წყალში მოცურავე ლიფსიტებზე მითითებს, – შეხედე, რა ლამაზებიაო! – მეც ვუყურებ მზეზე ოქროსფრად მოლივლივეებს, ჩვენი რაზე არ ეშინიათ-მეთქი, ჩემს თავს ვეკითხები. თან სხვა ქალებს ვუყურებ, მათ თეთრ ქუნქულა ტანებს, მზეუნახავებს, აქ საბანაოდ ჩამოსულებს, მიკვირს, სახლში რატომ არ ბანაობენ-მეთქი. ისინიც წყლის ჭავლის ქვეშ მოლივლივე თევზებს ჰგვანან, მათაც არავისი ეშინიათ, იციან მამაკაცები აქ არ მოვლენ, ეს ქალების სამფლობელოა. გოგოებმა პირსახოცშემოსხმული დიდ სიპ ქვაზე დამაჯინეს, გამაფრთხილეს, – არ ადგე, ფეხი არ დაგიცდესო, – მეც დავმორჩილდი. ახლა თვითონ ბანაობენ.  ცალ მხარეს კლდე დაგვცქერის, იქიდანაც წყალი მოედინება, მდინარეში მოჟონავს, – რა წყალია-მეთქი, – ვკითხულობ, – წყაროსიაო, – მპასუხობენ, მერე გოგოები ზევით ადიან, თიხის დოქებს ავსებენ, სახლში გავიყოლოთ, ასეთი წყალი ჩვენთან არ არის, ჭის წყალი ამას რას შეედრებაო. დამალევინეს, გულ-მუცელი ჩამეყინა, მესიამოვნა, მზის ქვეშ მჯდარს. დედაჩემსაც უმასპინძლდებიან, – რა ცივია,  მადლობაო, – ამბობს დედა დამტვრეული ქართულით, – ჩემს საშობლოში ასეთ ცივ წყალს ვერ დალევ, დაილოცოს საქართველოო, – ღიმილიანი დგება ფეხზე, ჩემი გოგო წყალმა არ დაცადოს, არ გამიცივდესო, მაცმევს ტანსაცმელს და გზას მიუყვება უკვე გამშრალი თეთრეულით სავსე კალათით, სხვა ქალებიც წამოიშალნენ და უკან მიჰყვებიან, სტუმარს წინ ხომ არ გადაუსწრებენ ისევ ატყდა ჩხუბი ზეინაბს და მაყვალას შორის, არა მე მოვკიდებ ხელს მაიას, არა – მეო,  – მე კი მათ აღარ ვუსმენ, იქვე ახლოს ბუჩქებს შორის შველი შევნიშნე, დაკვირვებით გვიყურებს, ჰაერს იყნოსავს, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი არსება, ცოტა ხანი იყუჩა,  მერე გაიქცა. ჩვენ სამივე ხელიხელჩაკიდებული დავადექით სახლის გზას, ალბათ, მანამდე, სანამ სათითაოდ არ მოგვიწევს კლდოვან ბილიკებზე სიარული.

ბუნების ნამდვილი შვილები

ტყეში მივდივართ სოკოების საკრეფად. მადონა სულ კოცნის იას, ჩემს დას, ჩემზე წლით და  3 თვით უმცროსს, ხუჭუჭა თმებიანს, უზომოდ საყვარელს. პატარა ია ყველას ძალიან მოსწონს. აი, ახლაც მეზობლის გოგონამ, მადონა რომ ჰქვია, კალათაში  ჩაისვა და ისე მოჰყავს, ვითომ დიდი სოკოაო, ნეტავ, არ უჭირს ამ სიმძიმის ტარება?! იაც კმაყოფილი ზის კალათაში, ამაყად შემომცქერის, ნახე, რა ბედი მეწიაო. იცინიან გოგოები, ჩემი ბიძაშვილები, ზეინაბი და მაყვალა. მე ჩემს ბიძაშვილებს ჩამაბარეს, როგორც ყოველთვის, სამივე ხელიხელჩაკიდებული მივდივართ. მადონა ჩვენს შორის ყველაზე დიდია, ამიტომ ჩვენი წინამძღოლიც ისაა. სოფლის შარაგზიდან ტყის ბილიკებზე გადავინაცვლეთ და ტყეს შევერიეთ. ზეინაბი და მაყვალა გაფაციცებით მადევნებენ თვალს, სადმე არ დაგვეკარგოო, მეც მათ შევცქერი, არსად შემოვრჩე-მეთქი, თორემ აქედან რა გააღწევს? მიკვირს, რა კარგად იციან ეს ადგილები გოგოებმა, ალბათ, ბიცოლა არ უშლის ამ გზებზე სიარულს. ჩვენ, მე და ჩემი და-ძმები, თბილისში ეზოშიც ვერ ჩავსულვართ დედას მეთვალყურეობის გარეშე, თუმცა ჩემი ძმა მიშა გაპარვას მაინც ახერხებს ხოლმე, დანარჩენებს ძალიან გვშურს, ამისთვის კარგადაც ხვდება კიდეც დედ-მამისგან, მაგრამ მეორე დღეს მაინც იგივეს აკეთებს. ქალაქი მარცხიანიაო, ამბობს მამა, აბა, სოფელში ამდენი უბედური შემთხვევა სად გაგიგონიათო. ერთ დღეს რვა წლის ბიჭი დაიხრჩო მტკვარში, მორევმა ჩაითრია, იმ ადგილებში, სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ ხოლმე, თუმცა ნაპირს არასოდეს ვუახლოვდებით, გვეშინია, ტალახისფერია მტკვარი, მუდამ მღვრიე და ჭუჭყიანი, აქაურ მდინარეს კი არ ჰგავს..  მთის ფერდობს შევეფინეთ, ზევით რომ ავძვრე, ხის ფესვებს ვებღაუჭები, ფრჩხილები მიწით მევსება, არად დაგიდევთ, ისევ ზევით მივიწევ, კაბის კალთებზე ეკლიანი ტოტები მებღაუჭება, მეკრობა, არ მიშვებს, ვიცილებ და გზას განვაგრძობ. აქეთ-იქით ვიხედები, ჩემიანებს ვუყურებ, არ ჩამოვრჩე, მაგათი დასაცინი არ გავხდე-მეთქი. მაყვალა და ზეინაბი ოდნავ ჩემზე ზევით ასულან, ხელებს მიქნევენ, მეძახიან, დაგელოდებითო. მადონა ისევ კალათით ხელში მიიწევს წინ, იას მრგვალი ხუჭუჭა თავი მოუჩანს იქიდან, გოგონა მთლად ოფლში გახვითქულა, მაგრამ ჩემს დას არ ეუბნება, კალათიდან გადმოდიო. ალბათ, დედაჩემს უნდა უპატაკოს, ია ისე ვატარე, ძირს არ ჩამომისვამსო, მეზობლის სტუმარს უნდა პატივი სცეს! ცოტა არ იყოს დავიღალე, ფეხები ამტკივდა კლდეებზე სიარულმიუჩვეველს, თუმცა ჩვენთანაც, მტკვარზე სანამ ჩახვალ, პატარა ციცაბო კლდე უნდა ჩაიარო, მაგრამ ის ამასთან რას მოვა?! მგონია, მალე მთის მწვერვალზე ავალთ და მზეს მივწვდებით. კიდევ კარგი, გოგოები მაჩერებენ, დავაკებულ ადგილზე გავდივართ, ფოთლოვანი ტყე დაგვცქერის თავზე, ჩრდილს ვეხიზნებით და დასასვენებლად ვსხდებით. ია, როგორც იქნა, კალათიდან ამოძვრა, მადონას ტვირთი შეუმსუბუქა, იქვე გოგონებთან ერთად  ჩამოჯდა ასწლოვანი მუხის ქვეშ. ბალახს სიცხის გამო ორთქლი ასდის, კალიები მალაყებს გადადიან, ხარაბუზები, ფუტკრები თავზე დასტრიალებენ ყვავილებს, პეპლების კორიანტელია გარშემო, ღმერთო, ნამდვილად სამოთხეში ვარ, ვფიქრობ. საოცარი სურნელი მოდის,  ტყის, მიწის, ხმელი ფოთლების. ზეინაბმა და მაყვალამ პური და ყველის ნატეხები ჩამოგვირიგეს, მადიანად ვილუკმებით ყველანი. ყურს აღარ ვუგდებ გოგოების ტიტინს და კლდის პირას ვინაცვლებ, ხედი მაინტერესებს, რა ვქნა, ცნობისმოყვარე ვარ, ფრთხილადო, მეძახიან გოგოები. მთელი სოფელი ხელისგულივით იშლება ჩემ წინ, სახლებსაც ბოლი ასდით სიცხისგან, კრამიტის წითელი თავსახურები კოხტაობენ მზის შუქზე, ვისუნთქავ ტყის და მთის მაცოცხლებელ ჰაერს, კვიცივით მებერება ნესტოები, რომელიღაცა ჩიტმა “ტია, ტია” დაიძახა, თვალები მოვწყვტე სოფელს და მთის წვეროსკენ ვიყურები. დიდხანს ვეძებ იმ ჩიტს, ვერ ვპოულობ, ალბათ, რომელიღაცა ხეზე ზის, ფოთლებში გაყუჩული, –  გავიფიქრე და გოგოებისკენ გავეშურე. გავავსეთ კალათები სოკოებით, შხამიანი არ შეგყვესო, მკაცრად მაკონტროლებენ ბიძაშვილები, რა ყველაფერი იციან-მეთქი, მშურს კიდეც მათი. საღამოს დაღლილ-დაქანცულები მივუყვებით სოფლის შარას, ია აღარ ზის კალათაში, ნამდვილი სოკოები იწონებენ თავს იქიდან, ზოგი წითელქუდიანია, ზოგიც – თეთრ,  იამ ხელი ჩამკიდა და ისე მოცუნცულებს ჩემ გვერდით, “ტია-ტია”, ისევ დაიძახა ჩიტმა, მოლაღურიაო, – ამიხსნეს გოგოებმა, ისევ გამიკვირდა, რამდენი რამე იციან-მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რომ ისინი ბუნების ნამდვილი შვილები იყვნენ, ჩემგან, ქალაქელი გოგოსგან განსხვავებით.

თომას საჩუქარი

თომას სკოლაში ეჩქარებოდა, მეგობრისთვის უნდა გაეარა, იმასთან ჰქონდა დატოვებული საჩუქარი – პატარა ხის ყუთი, ქართული ჩუქურთმებით, ნინოსთვის რომ შეაფუთინა, სკოლაში ჩუმად უნდა მისცეს, მაგრამ ეგრეც რომ არ გამოვა?! იმხელა ქაღალდში შეახვიეს, ზედ ბაფთაც გაუკეთეს! კიდევ კარგი, ქაღალდის პარკი მაინც შეარჩია სადა. “მაგათ რა ვუთხარი”, – ფიქრობდა ბიჭი, ეს ზედმეტი საზეიმო განწყობა რაღა საჭიროაო, მაგრამ თვითონაც სიხარულით დაფრინავდა. თხუთმეტი წლის გახდა ნინო, მის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდიოდა, ნეტავ, ასეთი რამე სხვასაც სჭირს, რა თქმა უნდა, შეყვარებულებს გულისხმობდა, თუ მარტო მეო,-  გაოგნებული ფიქრობდა ბიჭი. – ალექსიო – შესძახა მეგობარს და ჭიშკართან გაჩერდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. გამოვიდა ალექსი, ერთ ხელში ქაღალდის პარკითა და ზურგზე ჩანთით. პარკი ხელში შეაჩეჩა მეგობარს, თანაც ისე გაუღიმა, ცალი ყბით, თითქოს რაღაცა დიდ საიდუმლოს ინახავდა. გვერდი გაჰკრა თომამ, – შენებს ხომ არაფერი უთხარიო, – არა, სახლში ისე შევიტანე, ვერავინ შეამჩნიაო, – იყო პასუხი. – ჩემთან ხომ იცი, ბებიაჩემი ყველაფერს აკონტროლებს, ისე ვერ შევიტანდიო, – თითქოს მოუბოდიშა თომამ, – არაფერიაო, – მხარზე ხელი მოუთათუნა ალექსიმ, მეგობრებმა რაღაცა დიდის მოლოდინში გზა განაგრძეს. – გაკვეთილიდან შენ გამოიყვანეო, – სთხოვა თომამ მეგობარს, იმან უხმოდ დაუქნია თავი. სკოლაში მისულებს კლასელები შემოეხვივნენ, ყველამ იცოდა თომას რომ პარალელულკლასელი ნინო უყვარდა. აინტერესებდათ, რა იყო პარკში, განსაკუთრებით, გოგოები არ აცილებდნენ თვალს საჩუქარს. ზოგიერთს შურიც აღძვროდა ნინოს მიმართ, თომა ხომ სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გინდა სწავლითა და გინდა შესახედაობით, გინდა ზრდილობითა და გინდა ვაჟკაცობით, მაგრამ ახლა რატომღაც დაემორცხვებინა და გოგოებისთვის თვალებში შეხედვისა რცხვენოდა. სკოლის ზარი დაირეკა და გაკვეთილებიც დაიწყო. პირველი მათემატიკა ჰქონდათ. –  ჯიგარი ქალია, მაგას ვთხოვოთ, გაკვეთილიდან გაგვიშვას, ნინო გამოვიყვანოთო, – უთხრა თომამ გვერდზე მჯდარ ალექსის. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა. ოთახიდან გასულები პარალელური კლასის ოთახს მიადგნენ. კედლები თითქოს ირყეოდა, გადი-გამოდიოდა, თომას ჩურჩული ესმოდა, – თომას ნინო უყვარსო, – ეს ხმა სულ უფრო ცხადი ხდებოდა, საიდან ისმისო, ფიქრობდა თომა, იქნებ, ნინოს საკლასო ოთახიდან, იქნებ, სამასწავლებლოდან, იქნებ, დირექტორის ოთახიდან, მგონი იცინიან კიდეც, ეგ რა ნინოს შესაფერისია, ღარიბია, ცალ-ცალი კალოშით დადის, ანდა, რა საჩუქარი უნდა მოუტანოს, რომ გააკვირვოს, მთელი ოჯახი რომ გაყიდოს, ისეთს ვერაფერს შეიძენსო. ჭოჭმანებს ბიჭი, ღირს კი ნინოს გამოყვანა?! მართლა არაფერია ქვეყანაზე ნინოს შესაფერისი, ის რომ გაახაროს, ის რომ გააკვირვოს. – ფიქრობს ბიჭი. ალექსი ატყობს მეგობარს, რომ აღარ უნდა საქმის გაგრძელება, – რას შვრები ბიჭო, გაგიჟდი? მთელმა სკოლამ რომ გაიგო ამ საჩუქრის ამბავი, ახლა იხევ უკან?  – ეუბნება და ჯიქურ აღებს საკლასო კარებს. გაკვეთილიდან გამოჰყავს ნინო. გოგონა ნათელი თვალებით შეჰყურებს ბიჭებს, ელოდება, რას ეტყვიან. პარკსაც ხედავს, თომას რომ მორიდებით უჭირავს ხელში. რომ არ გამოართვას უზრდელობა იქნება, უხმოდ ჩამოართვა და გაკვეთილზე ბრუნდება. შვებით ამოისუნთქა სკოლამ, კედლებიც აღარ ქანაობენ, უბრალოდ ერთმანეთს ეჩურჩულებიან: აიღო საჩუქარი, ესეც კარგიაო. გაკვეთილების შემდეგ მთელი სკოლა გაიკრიფა, მხოლოდ ორნი დარჩნენ ადგილზე, თავთავიანთ მერხებზე, თომა და ნინო. ნინომ, როგორც იქნა, გახსნა საჩუქარი, შიგნით წერილებია, მამამისის, დიდი ხნის წინ დაღუპულის, თომას დედისთვის მინაწერი, მაშინ ისინიც თხუთმეტი წლისები იქნებოდნენ, ჩუმად ატირდა გოგონა, წერილები ცრემლის წვეთებით დაიფარა, არ გავაფუჭოო, ხელი გადაუსვა ქაღალდებს, გულდასმით დააწყო ერთიერთმანეთზე.  კედლები აღელდნენ, გაიწ-გამოიწიეს, გოგონას დაწყნარება უნდოდათ, იმ სიყვარულის მოწმე ესენიც იყვნენ, მდიდარ ბიჭს ღარიბი გოგონა ცოლად არ მოაყვანინეს, ეგ რა ჩვენი ოჯახის შესაფერისიაო. ნინო ადგა, ფრთხილად გაიარა დერეფანი და თომას კლასში შევიდა, იცოდა, იქ იქნებოდა. – დიდი მადლობაო, – ნაზად მოჰხვია ხელი მხრებზე და შუბლზე აკოცა. ხელიხელჩაკიდებული გამოვიდნენ  სკოლიდან ბიჭი და გოგო. ახლა აივნებმა და ფანჯრებმა მორთეს ზრიალი, თითქოს ტაშს უკრავდნენ, ცნობისმოყვარედ იცქირებოდნენ, ტუჩ-კბილიც წინ წამოწიეს, საკოცნელად ემზადებოდნენ, ყველაზე ძალიან კი ის აინტერესებდათ,  ნეტავ, როგორ დამთავრდება ამათი სიყვარულის ისტორიაო?!

მასწავლებელი

მას მერე, რაც ქართველებსა და ოსებს შორის დაპირიპირება დაიწყო, პაპა ვანო ერთ საზღვრისპირა სოფელში გადასახლდა, გორის რაიონში. ადრე ცხინვალში ცხოვრობდა, იქ დაიბადა და გაიზარდა. უყვარდა იქაურობა. მამა ქართველი ჰყავდა, დედა- ოსი, გვარად კოდალაევი. ერთი დის ქმარი ქართველი ჰყავდა, მეორე- ოსი. თვითონ ოჯახი ვერ შექმნა და სხვის შვილებს იყო გადაყოლილი. ამბობდნენ, რუსეთში ერთი-ორი წყება ცოლ-შვილი ჰყავსო, მაგრამ ტყუილსა და მართალს ვინ გაარკვევდა?! სტუმართმოყვარე ოჯახში მუდამ სუფრა იყო გაშლილი, რომელზეც თავს იწონებდა  ქართული ხაჭაპურიცა და ოსური ხაბიზგინაც, ქართული ღვინოცა და ოსური ლუდიც. ნათესავიც ბევრი ჰყავდათ, ქართველიცა და ოსიც, სტუმრის ნაკლებობას არ უჩიოდნენ. მამამისი სკოლის დირექტორი გახლდათ, დამსახურებული პედაგოგი, იტორიკოსი, დედა ქართულის მასწავლებელი იყო, მათი ოჯახი საბჭოთა დროს დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ინტერნაციონალურ ქალაქში სითბო და სიყვარული ტრიალებდა, ოსიც ცხოვრობდა, ებრაელიც, რუსიც, უკრაინელიცა და ქართველიც. ახალგაზრდა ვანოც მშობლების კვალს გაჰყვა და   თბილისის ალ.პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. უყვარდა თავისი პროფესია. არეულობა რომ დაიწყო, ქართველობას ვერ უღალატა, იძულებული გახდა დას გაჰყოლოდა თბილისში, შვილებითა და შვილიშვილებითურთ გაქცეულს, თვითონ დიდ ქალაქში ვერ გაჩერდა, მშობლიური ადგილებისაკენ მიუწევდა გული, საზღვრისპირა სოფელში ჩასახლდა. თავისი კავშირების წყალობით მეორე მხარეს ადვილად გადადიოდა,  სახლ-კარს ნახულობდა და უვლიდა, სხვა ქართველებსაც ეხმარებოდა, მოსავალსაც გამოატანინებდა ხოლმე. ოსები ეუბნებოდნენ,- შე, კაცო, არავინ გერჩის, აქ იცხოვრეო,- მაგრამ სამუშაოს ვერ თმობდა, სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა, სხვა მასწავლებელი არც ჰყავდათ, არც არავინ მოდიოდა საშიშ ზონაში სამუშაოდ. ვანო პაპა ხშირად იტყოდა ხოლმე,- კიდევ კარგი, ჩემი მშობლები არ მოესწრნენ ამ ამბავსო,- თვითონაც ძალიან განიცდიდა ქართველებისა და ოსების დაპირისპირებას, ვისთან ეომა?! ოსებიც მისიანები იყვნენ და ქართველებიც. ქართულ სოფელში საერთო საცხოვრებელში გაამწესეს, ერთი ოთახი მისცეს, მაინც კმაყოფილი იყო, სამუშაოც ჰქონდა და თავშესაფარიც, თუმცა სოფელში ბოლომდე არ ენდობოდნენ, ოსების ჯაშუშიაო, ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, პირში კი  არავინ არაფერს ეუბნებოდა.

ერთ დღესაც ვანო პაპა ოსურ მხარეს გადასულიყო ნათესავების მოსანახულებლად, ცოტა დაელია კიდეც და უკანა გზაზე შეზარხოშებული ბრუნდებოდა. შორიდან ბავშვის ყვირილის ხმა მოესმა, მიაყურადა, ქართული სიტყვები გაიგონა, იქით დაიძრა. დაინახა ორ კაცს 11-12 წლის ბიჭი დაეჭირა და უმოწყალოდ ცემდნენ. ახლოს მივიდა, ყმაწვილი ეცნო, მისი მოსწავლე აღმოჩნდა. ბიჭს სახეზე აეფარებინა ხელები და პატიებას ითხოვდა. მოხუცმა აათვალიერა ბიჭი, დახეული შარვლის ჯიბეები დაბერვოდა, ჩანდა კაკლები მოეპარა. -რას ერჩით ბიჭს? – წყნარი ხმით იკითხა მოხუცმა ოსურ ენაზე, თუმცა იცოდა, რაშიც იყო საქმე,  მაგრამ გამოსავალს ეძებდა, როგორ დახმარებოდა ბავშვს. კაცებმა ახედ-დახედეს, თითქოსდა შენ ვიღასი ტიკიტომარა ხარო და თავისი საქმე განაგრძეს, -დაინდეთ, – კვლავ განაგრძო მოხუცმა, – შეცდა, შეეშალა, მეორეჯერ აღარ იქურდებს, ..ოსის ბიჭია, მამა არ ჰყავს, ქართველებთან იზრდება, ოსურიც იმიტომ არ იცის,- მათ შეჩერებას ცდილობდა კაცი, მაგრამ კაციჭამიებს ჰგავდნენ დამსჯელები. იცნო, ვინც იყვნენ. ორი ძმანი, მათ შესახებ ბევრი რამ სმენოდა კიდეც, მაგრამ მათმა საქციელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იცოდა რა დაუნდობლები და კაცისმკვლელები იყვნენ, ასეთები ყველა ერში გამოერევა ხოლმე და სამარცხვინო ლაქასავით დაედება, რომლის ჩამორეცხვაც მერე ადილი არ არის.- მე დავავალე კაკლების მოტანა სკოლაში,- აგრძელებდა მოხუცი, -მათემატიკის მასწავლებელი ვარ, რა ვიცოდი, აქეთ მხარეს თუ გადმოვიდოდა, – სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, – არაფერი ჭრიდა, ერთმა სახეში მოარტყა მუშტი ბიჭს და ცხვირი გაუტეხა, სისხლი დაედინა ბავშვს მკრთალ გამხდარ სახეზე, რამდენიმე წუთში ისედაც უსუფთაო ტანსაცმელი სისხლში ამოესვარა, ამას კი ვეღარ გაუძლო მოხუცმა და ბრაზმორეული ყავარჯნით ხელში მაცემარებისკენ გაექანა. მოუტრიალდნენ გამხეცებულები, მასაც მოხვდა ერთი-ორი, თუმცა მოხუცი ხმას არ იღებდა, ისე უდრტვინველად იტანდა ყველაფერს, იმედი ჰქონდა,  ცემის ჟინი გადაუვლიდათ და ბიჭს თავს დაანებებდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. ბავშვს ხელებზე თოკი მოაბეს და ძაღლივით წაათრიეს იქვე ახლოს მდგომი სახლისაკენ. ძირს დაგდებულ მოხუცს თავი დაანებეს. ვანო პაპა ადგა,  გამოუდგა წასულებს, ეხვეწებოდა, ბავშვი გაუშვით, დედამისი ინერვიულებს, მაგის მეტი არავინ ჰყავსო. არავინ უსმენდა, თავჩაქინდრულ ბიჭსაც ხმა ჩაწყვეტოდა ყვირილისგან. პატარა დამნაშავემ ახლაღა იცნო თავისი დამცველი, დასიებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა. გაუკვირდა, არ ეგონა,  თუ მათემატიკის მასწავლებელი დაიცავდა ქურდსა და აბეზარს და მისი გულისთვის საშიშროებაში ჩაიგდებდა თავს, გაკვეთილებზეც არ უსმენდა, ხშირად აცდენდა, ერთხელ არ გასულა დაფასთან. მოხუცი უკან მიჰყვებოდა წინ მიმავლებს. ძმები უკან იხედებოდნენ, დაცინვით უყურებდნენ მოხუცს, რომელიც ბიჭის გათავისუფლებას ითხოვდა, რომ ვერაფერს გახდა, სთხოვა ნება დაერთოთ ბიჭს თან ხლებოდა, დათანხმდნენ. ეზოში შესულებს მეზობლები შემოეხვივნენ, მათაც გაეგოთ ყვირილის და ჩხუბის ხმა და მოსულიყვნენ, ზოგი სეირის საყურებლად, ზოგიც- საგულშემატკივროდ, ზოგიც –  ღმერთმა იცის, რისთვის. არავინ მოუწონა ძმებს საქციელი, მაგრამ უკან ვერ დაახევინეს, თურმე აპირებდნენ ქურდისთვის საბოლოოდ ესწავლებინათ ჭკუა, მაგრამ რა გზით, ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი. ვანო პაპამ მოსულებში ერთი-ორი  ნაცნობი აღმოაჩინა, დახმარება სთხოვა, დაჰპირდნენ, ძმებს დავათრობთ და მერე ბიჭს გამოვაპარებთ და წაიყვანეო, ასევე ბიჭის დედასაც შეატყობინებდნენ, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და საღ-სალამათი, ოსურ სოფელში დარჩა ვანო მასწავლებელთან ერთად და მეორე დღეს სახლში დაბრუნდებაო. მოხუცი ცოტა დაწყნარდა, ნაცნობთან შეაფარა თავი. საწოლზე წამოწვა, ის იყო მიეძინა, გააღვიძეს, ბავშვი თავისუფალია და წაიყვანეო, სიხარულის ელდა ეცა, გული ეტკინა,  მარცხენა მხარეს ხელი მოიჭირა, მაგრამ ხვდებოდა რომ ამის დრო არ იყო, ბავშვს ხელი მოჰკიდა და სიბნელეში გაუჩინარდა. მოხუცმა ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა, ამიტომ იოლად მიიკვლევდა გზას. ხანდახან გული შეახსენებდა ხოლმე თავს და ჩერდებოდა, ტკივილი მატულობდა, მოხუცი ჩქარობდა, თენდებოდა, არავინ დაგვეწიოსო, მერე უფრო გართულდებოდა ბავშვის გამოხსნა. მიმავალთაგან არცერთი არ იღებდა ხმას, ისე უსიტყვოდ მიუყვებოდნენ გზას მოსწავლე და მასწავლებელი. ბიჭი ახლა ძალიან ნანობდა, რომ კარგად არ სწავლობდა მათემატიკას, აბრაზებდა დედას, მერე ღმერთს პირობას აძლევდა, რომ თუ სამშვიდობოს გავიდოდნენ, კარგი მოსწავლე გახდებოდა, დედას გაახარებდა, ვანო მასწავლებელსაც… საზღვარს მიუახლოვდნენ, ქართული სოფელიც გამოჩნდა, – გაიქეცი, მე აქ დავრჩები, – თქვა მოხუცმა და მიწაზე დაჯდა, ტკივილისგან ბალახები მობღოჯა, მეორე ხელი გულზე მიიდო, სახე მოეღრიცა,- წადი, წადი, – ეძახდა ბიჭს, რომელიც ჩასჭიდებოდა მოხუცს და მის წამოყენებს ცდილობდა, – გაიქეცი, თუ დაგიჭირეს, მოგკლავენ,- ეუბნებოდა კაცი,- მათ დანდობა არ იციან, ისინი ადამიანები არ არიან, ხომ ნახე, – ძლივსღა ლუღლუღებდა, – წადი და პირობა მომეცი, რომ დიდი ადამიანი გახდები, – დაამთავრა მოხუცმა, ბიჭმა თავი დაუქნია, მიხვდა, რომ ავადმყოფის დახმარებას მარტო ვერ შეძლებდა, ხელი გაუშვა და ქართული სოფლისკენ გაიქცა. მოხუცი ხვდებოდა, რომ ბიჭი აუცილებლად მოიხედავდა უკან, არ უნდოდა წაქცეული დაენახა, სამუდამოდ დაამახსოვრდებაო, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა… როცა ბიჭმა მოიხედა, გაუნძრევლად იჯდა, თავი გვერდზე დაეხარა და მას შესცქეროდა, თითქოს მის ყველა მოძრაობის იმახსოვრებდა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს მასწავლებელმა და მოსწავლემ, თითქოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

მეორე დღეს მთელ სოფელს მოედო ეს ამბავი, ცოტა ხანი ეძებეს მოხუცი. რომ ვერაფერი გაიგეს,  მიივიწყეს, ალბათ ოსებთან დარჩაო… იმიტომ, რომ იმედი არ გაჰქრობოდათ, ცოცხალიაო.  სკოლაში ახალი მათემატიკის მასწავლებელი მოვიდა. ბიჭს კი არასოდეს დავიწყებია თავისი მასწავლებელი, ის დღეს მართლაც დიდი კაცია, სამშობლოს ემსახურება.

პიანისტი (ეძღვნება ცნობილი პიანისტის, რუდოლფ კერერის ხსოვნას)

ერთ ქალაქში ბიჭი ცხოვრობდა, სახელად რუდოლფი. მას ძალიან, ძალიან უყვარდა მუსიკა, ფორტეპიანოზე დაკვრას იმ ქალაქში ცნობილ მუსიკოსებთან სწავლობდა. მისი მამა-პაპანიც მუსიკაში დახელოვნებული ადამიანები გახლდნენ, პიანინოების ამწყობები. მისმა პაპამ – პიანინოების საწარმოც კი გახსნა ამ ქალაქში. ეროვნებით გერმანელები იყვნენ, გერმანელები კი, მოგეხსენებათ, პედანტობით და წესრიგის სიყვარულით გამოირჩევიან. ჩვენი ბიჭუნაც დიდი მეცადინე ვინმე იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით ფიზიკა-მათემატიკას, მუსიკაშიც წარმატებებს აღწევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, თამაშსაც ასწრებდა და სწავლასაც, მეგობრებიც ბევრი ჰყავდა. ქალაქი, რომელშიც ის დაიბადა და იზრდებოდა, თბილისი იყო. მაშინ თბილისურ სახლებში მრავალი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოშიც ბევრი ბავშვი თუ დიდი გამოეფინებოდა სათამაშოდ თუ სასაუბროდ, მეზობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ. რუდოლფის საუკეთესო მეგობარი იყო ქართველი გოგონა, იდა, რატომღაც სახელი უცხოური ჰქონდა. გერმანელებს იმ ეზოში პატარა ბაღი ჰქონდათ გაშენებული, დასხდებოდნენ იდა და რუდოლში ერთი დიდი ალუბლის ხის ძირას და ოცნებობდნენ. ოცნება კი ძალიან უყვარდათ ორივეს. ბიჭუნა ოცნებობდა კონცერტებით გამოსულიყო მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, გოგონას კი დიდი სურვილი ჰქონდა ბიოლოგი გამხდარიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან უყვარდა მწერები, განსაკუთრებით, პეპლები. დედამისს ძალიან უყვარდა კერვა და ისიც პეპელასავით ნაირნაირ ჩასაცმელში გამოწყობილი ყველას ყურადღებას იქცევდა. დრო გადიოდა, ოცნებებში გართულებს ერთ დღესაც შავი ფრინველივით საშინელმა ამბავმა ჩამოუფრინათ, ომი დაიწყოო. შეწუხდნენ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ, გერმანელების ოჯახი შორს გადაასახლეს. იდა და რუდოლფი ერთმანეთს შეჰპირდნენ, წერილები ხშირად გაეგზავნათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ამის საშუალებაც აღარ მიეცათ. იდამ რუდოლის ამბავი მხოლოდ მრავალი წლის მერე შეიტყო.

გადასახლებაში მყოფ ოჯახს პიანინო არ ჰქონდა, რომ რუდოლფს მეცადინეობა განეგრძო. ის კი არა და, ზოგჯერ პურიც ენატრებოდათ. ბიჭმა პიანინოს კლავიშები მაგიდაზე დახატა და ასე განაგრძო პიანინოზე დაკვრა, რომელიც ჩუმი და უხმაურო იყო. სკოლა რომ დაამთავრა, იმ სკოლაშივე ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, იმიტომ რომ ოდესღაც, თბილისში ძალიან კარგად სწავლობდა ამ საგნებს, ცოდნა კი არასოდეს იკარგება. თავის ოცნებაზე უარს მაინც არ ამბობდა და კლავიშებდახატულ მაგიდაზე თითებს აცეკვებდა. ხანდახან მინდორში გასული, როცა პეპელას დაინახავდა, იდა ახსენდებოდა, თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ სად არისო, გაიფიქრებდა და პეპლებს სთხოვდა მისთვის მოკითხვა გადაეცათ, პეპლები ხომ მხოლოდ სამი დღე ცხოვრობენ, ამიტომ ერთი პეპელა მეორეს გადასცემდა მოკითხვას, მეორე – მესამეს და ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე.

იდაც გაიზარდა, ბიოლოგი გახდა, აი, ის, მწერების ცხოვრებას რომ შეისწავლის. მასაც ხშირად ახსენდებოდა თავისი ბავშვობის მეგობარი, ნეტავ, სად არისო, გაიფიქრებდა და მინდორში გასული პეპელას სთხოვდა, მოკითხვა მიუტანე ჩემგანო, ის პეპელაც გადასცემდა მოკითხვას მეორე, მეორე – მესამეს, ასე მიდიოდა ეს მოკითხვა ადრესატამდე.

ერთ დღეს რუდოლფი სხვა ქალაქში გაემგზავრა სკოლის საქმეებზე, გზად უცნობი სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა, მონუსხულივით იქით წავიდა, კულტურის სახლი აღმოჩნდა, დაინახა, ვიღაც ახალგაზრდა უკრავდა პიანინოზე. შორიახლო მორიდებით დადგა, ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. როცა პიანისტმა დაკვრა დაამთავრა, სთხოვა, ინსტრუმენტთან დავჯდებიო, ხელები უკანკალებდა, მაგრამ აი, პირველი აკორდი აიღო, ამას მეორე მოჰყვა, მესამე… გარშემომყოფნი გაოცებულნი უყურებდნენ ვირტუოზ შემსრულებელს,  ბიჭს, რომელმაც, პიანინოზე დაკვრა რომ არ დავიწყებოდა, მაგიდაზე დახატა კლავიშები და ასე უკრავდა. მას მერე რუდოლფი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი გახდა, ერთ დღეს თბილისსაც ეწვია კონცერტით, ამაღელვებელი იყო იდას და მისი შეხვედრა კონცერტის შემდეგ, მათ ხომ ერთად ნაოცნებარი უსრულდებოდათ, ორივე თავის საყვარელ საქმეს ეწია, მათ ცხოვრების გზას კი ულამაზესი პეპლები და თბილისური ბავშვობა უნათებდათ.

წვიმა (ჩანახატი)

-ისევ წვიმს? – კითხულობს პირველი სტუმარი. – წვიმს, წვიმს, რა კოკისპირული წვიმა იცის ამ ოხერში, დაიწყება და აღარ მთავრდება. ქვეყნის დაქცევაა, მგონი. ხვალ ამ ტალახებში როგორ წახვალთ? გაგიჭირდება პატარებთან ერთად გაჩერებამდე მისვლა, მერე კიდევ სხვა ავტობუსით თბილისში გამგზავრება, მეხუმრები?! მანქანა აქ არ მოვა ან ვის ეტყვი წამიყვანეო, ყველას თავისი დარდი აქვს. ბენზინის ფულიც აღარ აქვს ხალხს, პატივი რომ გცენ! ხომ არ გეტყვიან, ფული არ მაქვს, ბენზინი ჩამისხიო?! ურჩევნიათ რამე სხვა მიზეზი მოიფიქრონ: არ მცალია, ავად ვარ და ა. შ. არადა რა პატივისცემა იცოდნენ?! ერთხელ რუსეთიდან სტუმარი ჩამომივიდა, ენტომოლოგი, პროფესორი. კი დასცინოდნენ, ამხელა კაცი მინდორში პეპლებს დასდევსო, მაგრამ თან გადაჰყვნენ, მანქანით ხან იქით მიაგრიალებდნენ და ხან აქეთ, თავი არ მოგვეჭრას, გურულებზე რამე ცუდი არა თქვასო! უჰ, უჰ, რას ჭექავს, სულ ასეა აქ! გეგონება, ომი დაიწყოო… მოგეცადათ ერთი-ორი დღე კიდევ, მიწა გაშრება, ადვილად იმგზავრებთ! – გაუჩერებლივ ლაპარაკობდა მეორე სტუმარი, ხანშიშესული ქალბატონი. – მე რომ ვერ მოვდივარ, ეს მადარდებს. აქ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. მეშინია თქვენი მარტო გაშვება, ბოლოს და ბოლოს პატარა ბავშვებით მიდიხარ… – ნერვიული შემართებით აგრძელებდა საუბარს. – კარგი, კარგი, იქნება გადაიღოს კიდევაც დილამდე. ავტობუსი პირველი საათისთვის გადის, მანამდე როგორმე მიაღწევენ სადგურამდე. – საუბარში ჩაერია ოჯახის დიასახლისი, რომელიც დადარდიანებული დარბოდა და ჭურჭელს უდგამდა სახურავიდან ოთახში ჩამომავალ წყალს, ჯობია მომეხმარო, ვეღარ ავუდივარ საქმეს, იატაკია მოსაწმენდი. – შენ რა, არ გინდა რომ დარჩნენ?! – გაპილპილდა მეორე სტუმარი, – ქვეყანა იქცევა და გარეთ ყრი ამ უბედურებაში? – აგრძელებდა ლაპარაკს, რომ ამ დროს ბავშვის ყვირილი მოისმა, – დედა, აქაც წვეთავს, სახეზე მეცემა, ნიკოსაც დაეცა წვეთი, ახლა ატირდება. – პირველი სტუმარი ბავშვებისკენ გაექანა, მას მიჰყვა მეორე სტუმარიც და ოჯახის დიასახლისიც. საწოლი, რომელზეც ბავშვები იწვნენ, გადააჩოჩეს.  – საცაა გათენდება და ჩვენ თვალი  ვერ მოვხუჭეთ, – დარდით წარმოთქვა მეორე სტუმარმა, – ღმერთო, რა ცხოვრება დაგვიდგა?! ნანუკა, შვილო, ცოტა წაუძინე, მგზავრობა გაგიჭირდება  ბავშვებით! – მიმართა პირველ სტუმარს. – რა გააწყალე გული, შე, ქალო, – გაცხარდა ოჯახის დიასახლისი, – ბავშვები ვის არ ჰყოლია, უარესი ცხოვრება გამოგვივლია და ასე არავინ გვიფრთხილდებოდა, ჩაიში ვიყავი მთელი დღე და უპატრონოდ მყავდა დაყრილი ბავშვები, ერთხელ მახსოვს, ღორმა ლამის შემიჭამა ბაღანა. ჩვენს ღორს გოჭი გაქცევია, ამას დაუჭერია და დედასთან მიჰყავდა, სხვა ღორს თავისი ჰგონებია, გამოკიდებია, შიშისგან ბავშვს გოჭისთვის ხელი გაუშვია, იმ დედა ღორსაც დაუნებებია თავი, თორემ რა იქნებოდა, კაცმა არ იცის, ძლივს მივუსწარი. – უჰ, უჰ, – თავი გადაიქნია მეორე სტუმარმა, რომელსაც თვალებში ბრაზის ნაპერწკალი აუკიაფდა. – წვიმაში და ღვარცოფში მაინც არავის გაუშვიხარ ავტობუსით სამგზავროდ, ბავშვებს რომ რამე მოუვიდეთ, რას შვრები მერე? – წარმოთქვა გაბრაზებულმა. – ღვთის შეწევნით არაფერი მოუვათ, დაწყნარდი! – მკაცრად დაიძახა ოჯახის დიასახლისმა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც ხმას არ იღებდა, ოჯახის დიასახლისის ვაჟი იყი, ბრმა, ჩამომჯდარიყო საწოლის კუთხეში, თვალები გაშტერებოდა. წვიმის წვეთების წკაპუნი სულს ულევდა, რცხვენოდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რომ სახლის სახურავი ვერ შეაკეთა, რომ ბავშვებს ვერ წაიყვანს და ოჯახს ვერ ჩააბარებს, რომ საკამათოა, ბავშვების დარჩენა-წასვლის ამბავი, მისი ნება რომ იყოს, აქ დაიტოვებდა, პატარა ბიჭები ხომ სიცოცხლეს უხალისებენ, წავლენ და მერე რა უნდა აკეთოს? წვიმა კი არ ცხრებოდა, უხვად იძლეოდა წყალს, რომელმაც ერთი სოფლის ერთსაუკუნოვან სახლში ასეთი ვნებათაღელა გამოიწვია.

ოდა თბილისს

ხან ჯანმრთელო, ჯანმაგარო და ფერხორციანო, ხანაც ფერმკრთალო და გამომშრალო, ყვითელი ღრუბლების ბუღში გახვეულო, ხან უჩვეულოდ მხიარულო და მოღიღინევ, ხანაც ნაღველისა და დარდის ბუდევ, ღამურასავით ხის ტოტზე მოქანავევ, ღალატისა და ორგულობის მნახველო და მაინც დაუმარცხებელო, მამაცო, გულადო. ზოგჯერ მინდა, როგორც ჩემს მოხუც დედას, შუბლზე ხელი მოგისვა, მოგეფერო, ცრემლიანი თვალები მოგწმინდო, იმიტომ რომ ვიცი, ხანდახან შენც გიჭირს, შეირყევა შენი გულის კარები, დაფლეთს ძარღვებს ჭირი და გინდა ამოისუნთქო, მაგრამ ფილტვები თითქოს რაღაცა სისხლიან ბურთს დაუგმანია, ვეღარ სუნთქავ, ოფლად იღვრები, წვეთები გისველებს დაღარულ შუბლს, რომელზეც ათასობით წელს გადაუვლია  და დაუჭმუჭნია, ამავე დროს, დაუხვეწია და გაუსპეტაკებია. ჩემო მშობელო დედავ, ამაყო და პირუთვნელო, მტრის მტრულად დამხვედრო და მოყვრის-მოყვრულად.შენთვის დაღუპული შვილების საფლავებზე აცრემლებულო და მაინც გამარჯვების დროშის ხელში მჭერო, ქრისტეს ჯვრის მპყრობელო და  დამცველო ყველა რელიგიური აღმსარებლობისა,. დედათა დედავ, მეორე იერუსალიმო, ჩემო თბილისო!

ყურძნის მტევანო, საქართველოს მზის ქვეშ დამკრახულო, გავსებულო სურნელოვანი ნექტარით, რომელიც ათასობით ფუტკარს იზიდავს, რომ მერე თავისი შრომის ნაყოფით გააბედნიეროს დედამიწა, ღიმილი მოჰგვაროს მშრომელ კაცს, ბარაქა მისცეს ყველა ოჯახს! შენ დაულეველო შარბათო, სავსევ სიტკბოებითა და ნეტარებით.

განა შენს ღონიერ მხარმკლავზე არ წამოწოლილა ის მთები, ერთი შეხედვით უსახური, რომ გვიცავს, ჯაჭვის პერანგში გამოწყობილი?! განა აქ არ მოედინება მდინარე, თითქოსდა ჭუჭყიანი და მღვრიე, მაგრამ ჩვენი მოჭირნახულე, მოიმედე, დამხმარე?! განა

შენ არ წაუღიხარ რკინა-ბეტონის ჩონჩხებსა და კასკადებს, მაგრამ შენ გულში ძველი ქალაქი ცოცხლობს განუმეორებელი,ქუჩებითა და აივნებით, ხალიჩებითა და ფარდაგებით, საიათნოვათი და ფიროსმანით! დაულეველო წყაროვ შთაგონებისა და ფიქრისა, მეცნიერებისა და მუშაკობისა. დალოცვილი ყოფილიყავი აწ და მარადის, შენი მზითა და მთვარით, შენი სილამაზითა და სიყვარულით, რომელიც ანდამატივით იზიდავს ყველას,.ასაზრდოებს, ძალას აძლევს  სიცოცხლისა და სიკეთისათვის!

დღეს მე შენს ფეხქვეშ გაწოლილი სურო ვარ ბაღებიდან, სკვერებიდან, შენობების აივნებიდან მომზირალი, ათასი ბედუკუღმართობის მნახველი. გულშემატკივარი მობურთალი ბავშვების, ჭადრაკის მოთამაშე მოხუცების, შეყვარებული ქალ-ვაჟის. დღეს მე შენი ფანტაზია ვარ, რომელიც აგებს ცათამბჯენებს, აშენებს, ქმნის და არა ანადგურებს. დღეს მე სევდა ვარ, დედის უბეში დამალული, რომელსაც შვილები წაართვეს, დაანარცხეს ძირს უდროოდ მოგლეჯილი ყვავილებივით, გაატანეს წყალს, ეს გლოვა ხომ შენი არის, დედა თბილისო!  დღეს მე სული ვარ, მაღლა ცაში აჭრილი, არწივად გარდასახული, რომელიც მახვილი მზერით ათვალიერებს მტერს და არ მისცემს შენი იავარქმნის საშუალებას, ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, დედა თბილისო!

1 კომენტარი

  1. ძალიან მომწონს,ყოველთვის გამორჩეული ნაწარმოები გაქვთ,ულევ წარმატებას და წინსვლას გისურვებთ ქალბატონ მაიას. ❤️❤️