პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან
ლამზირა შეყილაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2018 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“
ლამზირა შეყილაძე
ის რა ლექსია?!
“მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს…”
ტ. ტაბიძე
ლექსი მომსკდარი ქარიშხალია,
გადალეწილი ფიქრია ლექსი…
როცა აღიხვნი გრძნობას შარიანს,
როცა გულს სულის ტკივილი ესმის…
როცა სიმუხთლე დაგიგებს ფაცერს,
როს ვარდთა ნაცვლად ტალახს გესვრიან…
ლექსი ის არის, სისხლით რომ დაგწერს,
შენ თუ დაწერე ის რა ლექსია?!
იესო
რაც თავი მახსოვს, მას აქეთ გეძებ,
დღისით თუ ღამით, სიზმარში, ცხადში…
ყველას გულის ხმას სიფრთხილით ვზვერავ,
რომ არ დავიწვე იუდას ალში.
შენგან ნაბოძებ იმედით ვცოცხლობ,
მართალი სიტყვა თავისკენ მძალავს.
ვკვესავ სიბნელეს, ვესწრაფვი ნათელს,
ვერ ვიტან ღალატს, ვერცხლის ხმა მზარავს.
ველაციცები ზეციურ სიღრმეს
და ვეურჩები უსამართლობას,
ყოველი მამლის ყივილი მაკრთობს,
ყოველ წამს ველი მკვდრეთით აღდგომას.
მხოლოდ შენ იცი ასომთავრული,
კოდური სიტყვის სიგანე, სიგრძე.
წმინდა გიორგი გველაშაპს გაჰკვეთს
და გამჟღავნდება ლაზარეს სიბრძნე.
იესო! შენი დიდი წყალობით,
სიყვარული და სიკეთე მმოსავს.
კრძალვით შევხარი ზეცის კარიბჭეს,
რომ შევეგებო მეორედ მოსვლას.
ამომაშენე ტაძრის კედელში
მარტყოფის ველზე გავიშლი კარავს,
ერის სიყვარულს შევსვამ თასებით.
გზა-კვალარეულს ვატარებ მტარვალს,
მტერს შევებმები გაალმასებით.
იქ… წიწამურთან ვიდგები ფხიზლად,
სამშობლოს გულში არ მოხვდეს ტყვია.
წარსულის სიბრძნის ნაღვაწით ვსუნთქავ,
ჩემს გულისცემას სამშობლო ჰქვია.
თუნდაც მტრის ჯარმა ჩამიგდოს ხელში,
თავს არ ვაკადრებ წუწუნს და ჩივილს.
მომკვეთონ მკერდი, დამდაგონ ცეცხლში,
ქეთევანივით დავითმენ ტკივილს.
იქ მივალ, სადაც ჩემს თანამოძმეს,
შიშვლად თაფლწასმულს ეხვევა მწერი.
ტყვიების წვიმას შევუშვერ გულ-მკერდს,
მარწუხებისგან რომ ვიხსნა ერი.
ღმერთო! მუხლმოყრით შემოგღაღადებ,
ქართველთ იხარონ მზიურ ედემში.
მამულო ჩემო, როცა დაგჭირდე,
ამომაშენე ტაძრის კედელში
მზეს აუწიეთ
ზამთრის ყინვაა, მეფობს სიცივე,
გაბრუებულან არყით ლოთები.
გათოშილი ვარ, მზეს ველოდები,
მზეს აუწიეთ, თორემ მოვკვდები!
მთვარეს ვნებდები
წუხელ სიზმარი ვნახე ამგვარი,
მეწამულ მთვარეს მკლავზე ვეწვინე.
არ ვიცი შენ ხარ ჩემი რჩეული,
თუ მთვარე არის ჩემი მეწყვილე.
ვფიქრობდი, შენზე აღარ მეფიქრა,
კვლავ ჩემს სიზმარში რატომ თენდები?
შენი წყურვილი ბაგეს მეფინა,
მე, შენ კი არა, მთვარეს ვნებდები.
რომ არ გაგცლოდი
ჟინით გაფხრიწა მზერამ საკინძე
და ბროლის მკერდში დაგრჩა თვალები.
ტანთ გაუხდელად რომ გამაშიშვლე
და დამითვალე მკრთალი ხალები.
ცეცხლმოდებული იდექი ცივად,
ასე გეგონა თითქოს მოვედი,
რომ არ გავცლოდი იქაურობას,
ფიქრით ხომ მაინც დამიმონებდი.
ზღვა და ქალი
ზღვის ნაპირზე, მზის ნათებით,
იწვა თეთრი სხეული.
ბროლისმკერდა, შავთვალება,
ზღვის ალერსს მიჩვეული.
ზღვას მოსწყურდა ქალის ბაგე,
დაასველა შხეფებით
და ინატრა ჩემი გახდეს,
დავტკბე მისი შეხებით.
ქალი ზღვაში შენარნარდა,
ზღვის ხმაური ხიბლავდა.
ზღვამ შეიგრძნო ქალის სითბო,
ქალში გაუჩინარდა.
დიდ მხატვარს და დიდ მამულიშვილს
გულს რა დაემალება?!
წუხელ სიზმრად ვინც მეწვია,
ის არ იყო საბედო…
კარს ვკეტავდი, ვერ დავკეტე,
კარი უგასაღებო.
ახლაც თვალწინ ჩამიარა,
მონუსხულმა თვალებმა…
ის არ იყო ჩემი თორემ,
გულს რა დაემალება?
Mother
ნუ სწუხარ დედა!… რომ ვერ მოვედი,
თუ ამერია დროებით კვალი.
ჩემთან ხარ მარად, ჩემში თენდები,
ჩემში ანთიხარ სულმნათი კვარი…
შენ სიყვარულის მგზავრი ხარ ქვეყნად,
სიყვარულით გაქვს გული ავსილი.
ლოცვით საუბრობ შენ დიად ღმერთთან,
ზეცისკენა გაქვს მზერა აწვდილი.
შენ ხარ ნათელი, ბნელის მკვესავი,
მოგძალებია მამულის ჯავრი…
უერთგულესი თბილი მზესავით,
სამშობლოს უმზერ, ვით უფლის ჯვარი.
ნუ სწუხარ, დედა!… რომ ვერ მოვედი,
შენსკენ გამორბის გონების თვალი.
მოვალ და ისე მოგეფერები,
გულში არ დაგრჩეს ტკივილის კვალი.
ნოემბრის სევდა
სარკმელს მოაწყდა ნოემბრის სევდა,
ჯიქურად ლამობს შემოჭრას გულში.
ოცნებას მიმსხვრევს შეშლილი ელდა
და ვულკანივით აფეთქდა სულში.
მივაყურადე გულს სევდით დაღლილს,
დაჭრილ ჩიტივით ფართხალებს მკერდში.
ეს სევდის გუბე სისხლიდან დამცლის,
ჩავიფერფლები ცხოვრების ცეცხლში.
გულს ენატრება კვლავ გაზაფხული,
ყვავილები და შრიალი ფოთლის.
რატომ გგონია ბევრს ითხოვს გული,
გულს შენი გულის სითბოც კი ყოფნის.
იწვის აგონია
ახლა, შუაღამის მკენწლავს ჩუმი დარდი,
მთვარემ გადმომხედა რაღაც გაფითრებით.
ასე უსაშველოდ რატომ შემიყვარდი,
რატომ მენატრები ასე გაგიჟებით.
შენი სიყვარულით ღამე გადავღალე,
ცხადი თუ სიზმარი მგონი ამერია,
ცათა ბილიკები ფიქრით მოვიარე,
შენი მონატრების ჟინმა გადამრია.
გულში შენანთები ცეცხლით ვიფერფლები,
მაკრთობს შემოდგომის ჩუმი ფოთოლცვენა.
ზღვის შმაგ ტალღებივით ფიქრებს ვეხეთქები,
შენ ერთს შეგიძლია ჩემი გადარჩენა.
ახლა შუაღამის იწვის აგონია,
გული იფერფლება გრძნობაშენანთები.
შენაოცნებები სიზმრებს გაჰყოლია,
ურჩი სიყვარულის ცეცხლში ვიფერფლები.