ციური ასპანიძე-მესხიშვილი – წლის პატრიოტული ლექსი

2966

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ციური ასპანიძე-მესხიშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის პატრიოტული ლექსი“

მცხეთობას
ქარი ღრუბლებს ჩეჩავდა და მიქსოვდა მზე წინდებს,
ღრუბლის თეთრი ტილოთი, ცას ცრემლები შევწმინდე…
წაქცეული სანთელი, თეთრი ტაძრის პარმაღთან,
მზემ სხივებით აანთო და სვეტივით ამაღლდა!
შევარდენი აფრინდა, დაედევნა მეწყვილე…
ტაძრის ახლოს, ბუჩქებში, სიყვარულით შეწყვილდნენ!..
დახტის ბოლოქანქარა ახალშობილ კრავივით,
მოუსხია მანტია რუხი კარდინალივით…
მოჭიკჭიკე ჩიტები, ძველ ფსალმუნებს გალობენ
და მივყავარ გალობით, უფლის ,,სასაფლაომდე“…
წაქცეული სანთელი, თეთრი ტაძრის პარმაღთან,
მზემ სხივებით აანთო და სვეტივით ამაღლდა!..

სამაჩაბლოს მერცხლები
უკარო და უფანჯრებო სახლი,
უსიცოცხლოდ ქვითინებს,სულს ღაფავს!..
პაპაჩემი, კედლებს თავს რომ ახლის,
ბარბაცებს და ძლივს უნათებს ლამპარს…
უკანასკნელ მოჰიკანის მსგავსად,
დარაჯია გადამწვარი ბაღის,
მოკუნტრუშე ბოჩოლების ნაცვლად,
დაბომბილი თეთრი სახლი ბღავის!..
ლოცულობს და ჩუმად ტირის ბებო,
დამჭკნარ მუჭში, ცხარე ცრემლებს მალავს!..
თუჯის ქვაბში, დარდით, დნება  ერბო, –
პაპა, ჰყვება შინდისელთა ამბავს:…
დრომ, რამდენი გმირი გადაყლაპა?! –
დიდედა რომ დღეს უმზადებს წანდილს,
ცივ ბუხართან ჩამომჯდარი პაპა,
ფიჭვის ხეზე ზოლებს ავლებს წალდით.
ბებო, ხორბალს, ითვლის თითო-თითოდ,
მათ სახელზე, ჩუმად აჭმევს მერცხლებს!..
ჰგონია, რომ მათ მიუვა ვითომ…
(საქართველოს მოღალატეს შერცხვეს!)…
მალე,უკვე, შემოდგომა მოვა
და მერცხლები დატოვებენ ბუდეს!
(გმირები, ვერ შეაშინა ომმა! –
მოფრინდნენ და ჩვენთან დაიბუდეს!..)
კვლავ, როდესაც გაზაფხული მოვა
სამშობლოს გზა მოაბრუნებს უკან!..
მაკრატელზე დაკიდული ფრთებით,
დაკერავენ საქართველოს რუკას!..

ფერეიდნელი ქალის სევდა
ხავსიან კორომს ეძინა მშვიდად,
როგორც პაპაჩემს ძველ ახალუხში,
გაწოლილიყო ხარის რქა მშვილდად,
ახლად გავლებულ ბელტიან ხნულში…
მოულოდნელად გაბაცდა ზეცა! –
საქართველოში ჩაჭკნა ღიღილო,
ფერეიდანში ავღმოვჩნდი მეც და
აბა! – ექედან რით გაგიღიმოთ?!..
ცივი უდაბნოს ეკალ-ბარდები,
ქართული სისხლის გადასხმას ითხოვს,
ახლაც ტირიან შირაზს ვარდები, –
ქეთევან დედას უხმობენ,თითქოს…
ყოველი დილა თენდება გიშრის,
მზე, აღარ მღერის დილის ვარდიდან,
ჩონ ბაღში ვარდი-მზეს აღარ იშლის!..
თორეც, აკვნიდან გადმოვარდნილა…
თა,რო თა არის, არ მოდის თოვლი!..
თე,ისე გადის,არ კნავის ციცაც!..
ჩახუტებია პეპერაჩემი,
საქართველოდან მოფრენილ ციცარს!..
ეფერება და თან ცრემლებს ყლაპავს…
(გული არ მისდის საბრალოს იმ წამს!),
თან ეკითხება სამშობლოს ამბავს,
ფეხიდან აცლის თანაც თბილ მიწას!..
ისიც უყვება მარტყოფის ველზე,
როგორ აყვავდა წითლად ბრეწველი,
ჩუღურეთიდან როგორ გაყიდეს,
სამშობლოსავით, ძროხა მეწველი…
უცებ, მოხუცმა სიკვდილი იგრძნო,
ფიმფლად ჩამოსწყდა როცა ცას თოვლი,
ციცარმა, ფრთიდან, ბუმბული იძრო,
თავქვეშ დაუდო როგორც სასთოვლი…
და, რაც ინატრა, ალბათ, აუხდა…
ამისი მეტი, არც რა უნდა რა!..
ფეხიდან შეხსნა ობობას ქსელი,
გადაიფარა გულზე სუდარად!..
გაზაფხული რომ შიშპრობას* იწყებს,
მაინც მოვიყვანთ სახლში ახანძალს,
კაბას ჩავაცმევთ სამშობლოს ცისფერს,
თქვენ რომ ეძახით ქართლში პატარძალს!..
დაიბადება ისევ მოსკვლავი,
მარტყოფის ველზე არ მოვკლავთ იმედს
და ხელმეორედ, უფლის მოსვლამდე! –
წვიმით ვუმღერით ჩვენ ციცისკიბეს!..
ციცისკიბე-ცისარტყელა; თორე-მთვარე;
მოსკვლავი-ვარსკვლავი; შიშპრობა-ცეკვა.

სამშობლო არ დამეკარგოს!
გახსოვს? ერთხელ, დავნიძლავდით, ლურჯთვალება ღიღილოზე,
შენ წააგე და მაკოცე უცებ, – ყურის ბიბილოზე…
ბიბლიაზე დაიფიცე: მე მეგონე ნიბლიაო,
ვთქვი: საბრალო, ოქროღილას,როგორ მოუხიბლიაო?!..
ნეტა, მართლა ჩამახუტა ლურჯწამწამა ღიღილოებს,
მაკოცნინა ყაყაჩოებს, მამლის წითელ ბიბილოებს…
იმ ზეცის ქვეს გამახუნა, მზე რომ წნავდა უფლის სკვნილებს
და იმ სოფლის ტაძრის გზაზე, ცოლად გავყვე მეწისქვილეს…
სადაც, პაპაჩემის სული, არ კვდება და ისევ ნისლობს,
ცხრათვალა მზის ოქროს სხივი, მტრისათვის რომ ისევ ისრობს…
იმ მთის თავზე დამანახა,ღამით მთვარე როგორ მისნობს,
ხან რომ მცხეთას დაადგება, წაბრძანდება ხანაც იმ სნოს,
სადაც, თეთრი მყინვარწვერი, ღვთისმშობელის წინდებს მიქსოვს
და გერგეთის სამებაზე, სანთლებს ანთებს თითის სიმსხოს!..
დედა, სკვნილზე რომ ლოცულობს: (მამას დაეკარგა სტვირი!)
სამშობლო არ დამეკარგოს! – სტვირს კი არა, ამას ვსტირი!..