ნანა უბილავა – პატრიოტული ლირიკა

1060

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნანა უბილავა – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2022 წლის ლაურეატი ნომინაციაში „პატრიოტული ლირიკა“

ჟან ვალჟანს!

ჟან! შენ ყველაფერი გაიღე: პურიც, მოწყალებაც,
დამრეც კაიუტას მეზღვაურის სიცოცხლეც აახლე,
ფიქრის ნარჩენებით ახლა მარტოობას იოკებ,
ითმენ და უცებ, მოპარული ის სასანთლეც ჩააქრე.

დგანან ქუჩისთავზე ჟავერის უსულგულო ლაქიები,
ნებართვით გაცვეთილი უჩანთ შიშის მღვრიე მიმიკები,
ვხედავ დანაშაულს ბევრჯერ დაიბრალებ ჟან-ვალჟანის,
მერე თავს დაუკრავ იმ ვიღაც ლოთს ხელში – ფინიკებით.

არადა ვერ ეჩვევი შუშის ქვეცნობიერ აქსიომებს,
ქვრივი ნაერთები ახლა ფსკერის ჭურჭელს თხუპნის,
როგორც უხერხემლო შემოდგომას შეცვლის რეტრო,
ისე ეტოლები მძაფრი მაჯამების სურვილს.

აქეთ ბენვენიუ კედელს შემოსწირავს ავტოპორტრეტს,
არის წყალგამყოფი შენი ხასიათი დანარჩენთან,
უცებ წაგაქეზებს მეტი ინტერესით მარიუსი,
ნიშნის მოგებაა თუმცა მარტო დარჩე განაჩენთან.

ისევ იტეხება ლუკმა სახვალიოდ ამოჩრილი,
აკავებ მოთმინებას, როგორც სიურტე – კორტეჟს,
გალანტურია ჟან შენი პარიზული განწყობები,
სიყვარული ჩაუსაფრდა სულის ქაოსივით -კოზეტს.

ოსპისფერი საქართველო
ოსპისფერი ნოემბერი მზის წნულს თიბავს,
მოვდივარ და გზებზე მითებს ვკონავ,
ნაქალაქარ სამაროვნებს რძე გაუშრათ,
სძინავს ყველას – საჭურისს თუ მონას.

რა გაუძლებს ყინწვისის და თმოგვის სევდას,
ჯერ სიზმრიდან გამოსული ვერ ვარ,
გულმკერდს მინგრევს ყველა მჯიღი მოქნეული,
თერგ დაულევ თუ დალეულ მტერთა.

ვერ დავჩრდილეთ ლაშარი და წიწამური,
ქვა ცვენილებს – არტახივით იკრავს,
ავაზაკი კვლავ კორიდას უწყობს ქრისტეს,
სამშობლოსაც ვიღაც ჯვარზე მიკრავს.

წვიმის ხეზე ოქროს კვერთხი მოხატულა,
აბასებმაც სისხლით გვივსეს ვარცლი,
ახლოს მესმის ზარის რეკვა თხოთის მთიდან,
სულს მიხელებს დედო მიწა – ქართლი.

სისხლმოკივლე,უსახელო ყმა ბიჭების,
ნავალ გზებზე ახლაც მითებს ვკონავ,
ნაქალაქარ სამაროვნებს მტვერი ხურავს,
სძინავს ყველას – საჭურისს თუ მონას.

ილია მართალს

 „ხმა ღვთისა და ერისა“ – ჩაწყდა ერთი გასროლით,
რა მოხდაო?კითხულობს ოლღა – მგოსნის აშუღი,
ეტლი თქარუნს ანელებს, პროცესია ხმაურობს,
წიწამურს რომ გასცდება ამ კითხვაზე პასუხი.

მალე თოვლიც აურევს ნაფეხურებს მზაკვრების,
სასომიხდილ განაჩენს ეს დღეც გაეურჩება:
დღეს ილია ჩაივლის ზედ არაგვის ნაპირებს,
და ივერთა მეწამულ მიწას ჩაებღუჭება.

ტყვიის ბუტკოს ნეკნები სუროსავით ჩაიხვევს,
ღრმად შეღებილ ჭაღარას ადგას ეკლის ქამბარი,
ირონია ბედისა – ისევ ქართველს ერგუნა:
საქართველოს მოუკლეს დღეს ილია მართალი.

გაბედე, ამოდი
გაბედე, ამოდი კვირაძალს ჩემამდე,
ბგერების სინაზე უთქმელად გაწიო,
ატმისფერ საკინძეს გაერღვეს ნაქსოვი,
და ვნების დუღილი შხეფებად გაფრქვიო.

ნუ მეტყვი ვერ მოვალ, – გამჭოლი სიცივით,
მომისწარ, სითბო რომ არ ვთხოვო აპრილებს,
ბჟუტავს და არეს ცვლის საეჭვოდ ლაჟვარდი,
არ ენდო ამინდებს,კვლავ წვიმას აპირებს.

გაფიცებ, ამოდი კვირაძალს ჩემამდე,
იფიქრონ ეს ქალი ასე რამ გაბადრა:
ბროწეულს ვეთხოვე წითელი კაბები,
მინდა რომ გაზაფხულს დავასწრო გაპრანჭვა.

შორი მირაჟი
მოჩითულია ნამის კვირტით შორი მირაჟი,
და თმებს უღებავს ფერწასული ღამე ალიონს,
დავანამცეცე ჟამის ტოტზე ხვიარა ფიქრი
და სასთუმალზე წამოვგორდი, ვხრჩოლავ ყალიონს.

ცამ გაისწორა გაჩეჩილი ლურჯი მაქმანი,
მიწის ცხელ ძარღვში ახმაურდა აზიზად ბინდი,
შემოუღეღა ვნებამ კედარს გულზე საკინძე
და მერე თავშლით შეუმოსა სიმორცხვის შიში.

იფნის მოაჯირს სადედოფლოდ მირთავს ზეკარი,
ბაფთად აყრიათ ღიმილები ნაკემს მზეპირებს,
შენგან მორთმეულ ძოწეულებს ვირგებ თითებზე,
მინდა მოხვიდე ჩემი ხელი სთხოვო ზეფირებს.

ტატოს
როცა სული მარტო იწვის,
შევძლებ, დავსვა კითხვა-რატომ?
ვის საყურე ,,შეურხია’’,
ან სად სცოდა ცეცხლით ტატომ.

სად დარდს კლავდა ბზის ჩეროში,
წინანდალთან სადღაც ახლოს,
ტატო! ისე მეფიქრები,
შანდლის ჩრდილმა რომ არ გშთანთქოს.

ბონაპარტეს ნაქონ ნიღაბს,
ვით წყვდიადი, ისე ირგებ,
დღეს ჯვარს იწერს დედოფალი,
მაგრამ ამას გვიან იგებ.

ჩამოწვება სასახლეში
თავადურად ისევ ჯანყი,
ობოლია ახლა ტატო,
ვით  ბუდეში თოთო ბარტყი.