წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“
პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან
მაგული ტერმაკოზაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლექსი“
თანდილა
დგას განშორება ნასეტყვი თალხით,
მონატრებას რომ აუგოს წესი…
ცივ საბუდარში ლექსები ჩავსხი,
წეროებს უნდა ვმწყემსავდე წესით.
ვიწრო ბილიკზე მოვკარი თვალი,
გზას კიდე ჰქონდა შემოსაქსოვი,
მიღიღინებდა თანდილა მთვრალი,
ცერად გავხედე, ისევ ვახსოვდი…
რა ვქნა, თანდილა, ჩრდილები მომდევს,
ჩვენს შორის გზაა გადაღობილი
და უსხეულო წამიერ ბოდვებს
სხეულს უფარავს ხაკის ქობინი.
შორს ცა ლურჯია და მლაშე წყლებზე
ხავსის ბილიკი როკავს დამრეცი,
რუხი ღრუბლები ამაოდ ვმწყემსე,
ბევრი გეძახე, ხმა არ გამეცი.
რა სულელია ჯანყი ნაჯაფი,
ჩამომიმძივა ძოწეულები,
ამიმარჯანა თმებზე სადაფი,
როგორც ხასხასა ბროწეულები.
ააღიღინა ჩემი ვარდნარი,
თვალებსა ვკოცნი, ბროლისცვრიანებს,
და შინდის კვირტი, თვეში ჩამდგარი,
გამთენიისას იმშობიარებს.
ამიტირდება ღამე შიშველი,
მშობიარე და ჯანგამოცლილი,
მითვლის თანდილა, მე ვერ გიშველი,
რა უგულოა, ეს დალოცვილი!..
და სახლში ჩუმად შემოსულ ლილეს
აედევნება ფიქრში ნალოცი
სხივი, მაგრამ მე რა დამამშვიდებს,
ალიონს, როგორც შარბათს, გამოვცლი.
ნელა თენდება და მანეულით
ქარი ბებერი პენტავს იარებს
და თებერვალი გადარეული
წუხს, გაზაფხული რად იგვიანებს?!
ნუ ეჭვიანობ, ნასეტყვი თალხი
არ მომახურო, წამერთვა გონი,
ყოჩივარდების მაყრიონს ვახლდი,
გარიჟრაჟები მომპარეს მგონი.
ვაგლახად შენზე სალექსს და სამღერს
გაიტაცებენ შორს ქედანები,
მოვწველი ნისლებს და აჭრილ ნაღებს
კვეთი დასცინებს ამ შედარებით.
თეთრი პერანგი ჩაუცვამთ თრთიმლებს,
შემოქარგული ფერთა გამებით,
ეს ალუბლებიც მე შემოვთვრთვილე
ალერსით, მაგრამ შიგ მე გავები.
და გრძელ აღმართზე მივაბი წყვილად
შეჭარხლებული ვნების უღელი,
აქ ვერხვი იდგა დიდი ხნის წინათ,
მელოდებოდა ალბათ წუხელი.
ახლა კი რძისფერ ენძელას მაწვდის,
მღერის და ჰანგი მეპნევა წლებად,
ჩაშლილ ბოგირთან შიშველი ანწლი
როგორც წაწალთან, ყამართან წვება.
თუ განშორება გაიხდის თალხებს,
თუ მონატრება ჩაიცვამს მირკანს,
დედიშობილა მზე თვალებს ახელს
და დამსკდარ კვირტებს ღილებად მიკრავს.
ყოჩივარდებით აივსო სახლი,
დანაღვლიანდა შუადღე ბერწი,
მზის გულზე ნალეწ იმედებს დავხლი,
თორემ ზედ გულზე ცისკარი მეწვის.
ქარი მუხლებზე ამიწევს კაბას,
მოფეთქარ მკერდზე მაკოცებს ურცხვად,
მერე თებერვალს ცხვარივით დაკლავს,
მარტს დახეული წიგნივით ფურცლავს.
რა ვქნა, თანდილა, არ იცის არვინ,
დღე რატომ არ ღვრის ხელების ნაბანს,
ან თითებს შუა წყალივით ჩავლილ
ცალწვეთა ნაღველს აქ რატომ აბამს.
თუ ისევ ისე ჩაიღიღინებ,
ფეხათრეული წაგყვება ღამე,
ჩემი ლექსები ბუდის სიგრილეს
გაუხედნავი რითმებით რთავენ
და შავ სტრიქონებს, მონადმიგვრილებს,
მელნის მორევში კისრამდე ფლავენ,
მეც გავიარე გზები იგივე,
შენ მოძახილი მითხარი ბარემ.
დგას განშორება – მშიერი ბარტყი,
ნაბიჯებს უნდა ვითვლიდე, წესით,
მაგრამ თანდილა, ვერაფრით გავტყდი,
ცისარტყელაზე ვკიდივარ ბეწვით,
თეთრი ღრუბელი, ერკემლის მატყლი,
გადაიქანცა ნისლების წეწვით,
მე ვარ დარაჯი ცარიელ საყდრის,
სახურავი რომ შემოტყდა სეტყვით,
ზურგით მოტანილ ხმელ თივას დავყრი
სტრიქონებს შუა, არაფერს მეტყვი?!
ცარიელ გულთან, ვით ღია კართან
ფეხათრეული მოვა სიმშვიდე,
ნეტავი მარტი ჩემს გულზე დამკვდარ
ამ ლექსის წერას არ დამიშლიდეს.
ბროწეულივით შუაზე გამსკდარ
ალიონს ჩემ წინ გაუსკდა ტუჩი,
ცალ მუხლზე ვდგავარ, თანდილა, და კვლავ
ვაზის კლერტოებს გულდაგულ ვფურჩნი…