ავტორი: მარი თაბაგარი
რედაქციისგან: წინამდებარე ინტერვიუ გამოქვეყნდა „განსაკუთრებულ ჟურნალში“, ხოლო საიტზე ქვეყნდება პირველად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო…
შენს ქვეყანაში გამართულ კონკურსზე გამოხვიდე და საკუთარი თავი წარმოაჩინო, ამას უდიდესი ნიჭი და გამბედაობა სჭირდება. როცა შესაძლებლობებთან ერთად საკუთარ სამშობლოს მის ფარგლებს გარეთ წარმოადგენ, მაშინ უკვე ,,ერის დესპანი ხარ“ და ყველაფერთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება… ამ პასუხისმგებლობითა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი გაემგზავრნენ ათ აპრილს უკრაინის ქალაქ ვინიცაში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების პირველ საერთაშორისო ფესტილზე საქართველოს „ივერია - ბრილიანტის“ ფინალისტები: გრანპრის მფლობელი ლუკა მარგველაშვილი, პირველ ადგილზე გასული შაბან მამედოვი და „ივერია - ბრილიანტის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი. პროექტი
„ივერია – ბრილიანტი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და ამიტომ, გასული წლის „ივერია - ბრილიანტის“ გამარჯვებულები ყველანი ერთად პატრიარქს ესტუმრნენ. მისგან დალოცვილები საერთაშორისო ფესტივალისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ. როგორც ბატონი ნუგზარი ამბობს, დანაპირები, რომ 2018 წლის ნოემბერში საქართველოში გამართულ პირველ საერთაშორისო ფესტივალზე -
„ივერია – ბრილიანტის“ გამარჯვებულები უკრაინაში წასასვლელ საგზურს მიიღებდნენ და მათ დაფინანსებასაც თავადვე უზრუნველყოფდა, ზედმიწევნით შეასრულა. თან წაღებული მადლი კი სიხარულად ექცათ. შაბანმა პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა. ლუკა მარგველაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, მაყურებლის სიმპატია და პირველი ლედის, მარინა პოროშენკოს სპეციალური პრიზიც მიიღო. იმ ემოციაზე კი, რაც მათ ნამღერ ქართულ სიმღერას მოჰყვა უკრაინაში, „ივერია – ბრილიანტის“ მართლაც ბრილიანტი პრიზიორები და უკვე კარგი მეგობრები 11 წლის ლუკა და მრავალ კონკურსში გამარჯვებული, 18 წლის შაბანი თვითონ გვიამბობენ…
– ბიჭებო, როგორ აღმოჩნდით ,,ივერია – ბრილიანტის“ კონკურსზე?
შაბან მამედოვი: 2018 წლის სექტემბერში ბატონმა ნუგზარმა შეგვატყობინა, რომ ოქტომბერში იმართებოდა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. მე გახლავართ უსინათლო და შემომთავაზა მიმეღო მონაწილეობა. გამიხარდა. მაშინ პირველი ადგილი ავიღე.
ლუკა მარგველაშვილი: მე და დედამ საპატრიარქოს არხზე მოვისმინეთ. ძალიან დიდი სურვილი გამოვთქვი და დედამაც ხელი შემიწყო. ჩემი მშობლები იცნობდნენ კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს და მასთან მიმიყვანეს ვოკალში სამეცადინოდ. ქეთი მასწავლებელს სიურპრიზი გავუკეთე, როცა მისი სიმღერა ვუმღერე. ჩემს პედაგოგთან ხანგრძლივი მეცადინეობის შედეგია საქართველოში, რომ გრანპრი ავიღე, უკრაინაში კი მესამე ადგილი, მაყურებლის სიმპატია და პირველი ლედის სპეციალური პრიზი. მთელი დარბაზი ფეხზე მდგარი ტაშს მიკრავდა. ქალაქ ვინიცას ოლქის მიტროპოლიტიც კი ფეხზე იდგა. ეს იმხელა სიხარული იყო, მიჭირს სიტყვებით გადმოცემა.
– რამდენი ხანია, რაც მღერით და თითოეულისთვის მერამდენე კონკურსია „ივერია - ბრილიანტი“?
შაბანი: ეს ჩემთვის მეათე საერთაშორისო ფესტივალი იყო. ექვსი წლიდან, გართობის მიზნით დავიწყე სიმღერაც და კლავიშებიან ინსტრუმენტზე დაკვრაც. ჩემთვის ხომ სამყარო სმენით აღიქმება და უსინათლოებს ყური მეტად განვითარებული გვაქვს. მამას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი კარიერის განვითარებაში. ის დამპირდა, რომ თუ მოვინდომებდი და კარგად ვისწავლიდი, ინსტრუმენტსაც მიყიდდა. პირობა ორივემ შევასრულეთ. 2009 წელს მარნეულის კულტურის ცენტრში გამართულ კონცერტზე გამოვედი. 2013 წელს ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე
„ოქროს ნიჟარა“ გრან პრი ავიღე. შემდეგ მიწვევა მქონდა სხვადასხვა ქვეყნებიდან და გავემგზავრე ლიტვაში გამართულ ფესტივალზე, სადაც სამი პრიზით დამაჯილდოვეს: მესამე ადგილი, პირველი ადგილი ლიტვური სიმღერისათვის და გრან პრი საავტორო სიმღერისათვის. 2014 წელს მოსკოვში გამართულ ფესტივალზე დათო ხუჯაძის სიმღერა შევასრულე და მან თავისი თურქული სიმღერა მაჩუქა. 2014 წელს საავტორო სიმღერა ჩავწერე ნინი ბადურაშვილთან. გამოვიდა ალბომი შშმ პირების დუეტები ცნობილ მომღერლებთან. 2015 წელს აღსანიშნავია თურქეთში გამართული კონკურსი, სადაც პირველად გავიდა საპრიზო ადგილას საქართველო და ეს მესამე ადგილი მე მერგო. 2016 წელს რამდენიმე კონკურსზე ავიღე პირველი ადგილი. 2017 წელს ბატონ კოტე მალანიას ხელმძღვანელობით რუსთავში ჩატარდა „მზე ხელისგულზე“ და მაყურებლის სიმპატია დავიმსახურე. 2018 წელს, როგორც უკვე ვთქვი, თბილისში
„ივერია – ბრილიანზე“ პირველი ადგილი დავიკავე. სულ ექვსი მედალი მაქვს, როგორც სოლო მომღერალს. მარნეულში ჩამოყალიბებული გვაქვს ბენდი, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი. ამ ბენდსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის რამდენიმე გრან პრიც. რაც შეეხება დიპლომებს, მისი ჩამოთვლა სიმრავლის გამო შეუძლებელია.
ლუკა: ვუკრავ ფანდურსა და გიტარაზე, რაც თავი მახსოვს ვმღერი. დედა იხსენებს-ხოლმე, ლაპარაკი რომ დაიწყე, იმ დღიდან მაჩუმებდი, სიმღერას მიკრძალავდიო. სულ მინდოდა, მხოლოდ მე მემღერა. თურმე ემოციებისგან „იავნანაზეც“ ვტიროდი და უკვირდათ.
– ლუკა, ასეთ ემოციურს როგორ ან რატომ გაგიჩნდა კონკურსზე მონაწილეობისა და სცენაზე გამოსვლის სურვილი?
ლუკა: არ მინერვიულია. მინდოდა ჩემი შესაძლებლობები მომესინჯა. დედა ღელავდა, თანაც იმდენად, რომ გვიან გამიმხილა, თურმე კონკურსზე გამოსვლამდე ჩემთვის ჩუმად პრიზი გაუმზადებია. რომ ვერ გამემარჯვა, იმ შემთხვევაში თვითონ გადმომცემდა საჩუქარს და გულის დაწყვეტას ამარიდებდა. მაგრამ არ დასჭირდა, ჩემით მივაღწიე წარმატებას.
– რა უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, მხოლოდ მონაწილეობის მიღება თუ გამარჯვება?
შაბანი: არასოდეს გამარჯვებაზე ორიენტირებული არ ვყოფილვარ, რადგან კონკურსი არის ძალიან კარგი გამოცდილების მიღების საშუალება. შევიძინე უამრავი მეგობარი. ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინეთ სხვა ქვეყანებთან ერთად. ჩემი და ლუკას გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის კონკურსი კარგი საშუალებაა. ლუკა: მთავარი მონაწილეობის მიღება იყო. მეგობრები შევიძინე და მათი გამარჯვებაც მიხარია. ერთ-ერთ პოლონელ კონკურსანტს დავუახლოვდი და ვგულშემატკივრობდი. მან გრანპრი აიღო, ძალიან გამეხარდა.
შაბანი: კონკურსის ბოლოს ჩვენ უნდა ამოგვერჩია თითო ფავორიტი კონკურსანტი. მეც და ლუკამაც ორი უნიჭიერესი პოლონელი გოგონა დავასახელეთ. ოქტომბერში საქართველოში რომ
„ივერია – ბრილიანტი“ გაიმართება, გვესტუმრებიან.
– რომელი სიმღერები იმღერეთ კონკურსზე?
ლუკა: თბილისში გამართულ კონკურსზე „ჰერიო ბიჭებო“ შევასრულე. უკრაინაში კი სიმღერას
სამშობლო“ ყველა ფეხზე წამოუდგა. აბლოდისმენტები არ წყდებოდა. უბედნიერესი ვიყავი.
შაბანი: უკრაინული სიმღერა და ქართული პაწაწინა სამოთხე~ ვიმღერე, მაგრამ გალა კონცერტზე მთხოვეს,
„ჩემო თბილის ქალაქოც“ მემღერა. ეს იყო უდიდესი პატივისცემის გამოხატვა ჩვენი სამშობლოს მიმართ.
– შაბან, თქვენი და თქვენი ბენდის რეპერტუარში როგორი ჟანრის სიმღერებია?
შაბანი: მე, როგორც ეროვნებით აზერბაიჯანელი, უფრო თურქულ პოპს მივდევ, თუმცა ქართულ-თურქული სინთეზიც მაქვს გაკეთებული. ბენდში კი ინგლისურ-ქართული.
– ლუკამ გაგვაცნო ვოკალის პედაგოგი ქეთი გაბისიანი, თქვენ ვინ გამეცადინებთ?
შაბანი: ვოკალის კურსები აქამდეც გავლილი მქონდა, მაგრამ ამჟამად კონსერვატორიის საწყის ეტაპს გავდივარ. მყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი _ ანზორ აგლაძე.
– თქვენი საყვარელი მომღერალი ვინ არის?
შაბანი: ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება ანრი ჯოხაძე. თავისი ტექნიკით თუ ხმის დიაპაზონით ჩემთვის სამაგალითო და მისაბაძია.
ლუკა: მომღერალი არა, მე ძალიან მიყვარს ნიკოლოზ რაჭველი. მახსოვს, ერთხელ დედამ ნინო ქათამაძის კონცერტზე წამიყვანა და იქ უკრავდა ბატონი ნიკოლოზი. ჯერ დედას ვთხოვე მასთან შემახვედრე, მერე ორივემ დაცვას ვთხოვეთ და ნიკოლოზ რაჭველი ჩემთან მოვიდა, გულში ჩამიკრა. დიდსულოვანი ადამიანია.
– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და რა პროფესია გაქვთ არჩეული?
შაბანი: კარგად ვსწავლობ ინგლისურს. თავისუფლად ვსაუბრობ ამ ენაზე და ვარ სისტემური ადმინისტრატორი, ასევე დამწყები პროგრამისტი. ეს ყველაფერი ლიტერატურით თავად შევისწავლე და 2017 წელს სისტემური ადმინისტრატორის სტატუსის მიღება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გიორგი მარგველაშვილმა მომილოცა. სამომავლოდ ამ პროფესიაზეც ვფიქრობ და მუსიკის გზასაც გავაგრძელებ. ახლა უკრაინაში მე და ლუკას ქართულ ენაზე ნათარგმნი სიმღერა გვაჩუქეს, რომელიც იქვე ჩავწერეთ, კლიპსაც იღებენ და მალე გაგვიკეთებენ სიურპრიზს. ესეც სიახლეა.
ლუკა: მომავალში მინდა კიდევ სხვა კონკურსებზეც ვცადო ბედი. მინდა ,,ნიჭიერში“ გამოსვლაც.
– მრავალ კონკურს გამოვლილი შაბანი რას ურჩევდა ამ მხრივ ახლად შეძენილ მეგობარს?
შაბანი: მე სატელევიზიო კონკურსები არ მხიბლავს. იქ უნდათ შოუ. ხოლო შშმ პირების მიმართ სათანადო ყურადღებას ვერ იჩენენ.
– როგორც მახსოვს, ,,ნიჭიერში“ შშმ პირმა გაიმარჯვა კიდეც.
შაბანი: ესეც შოუს ნაწილი იყო, სატელეფონო ზარებით გაიმარჯვა და შეცოდების ფაქტორი ამუშავდა. ასე არ უნდა ხდებოდეს. მე გამოცდილებაც მაქვს და შესაბამისად არ მომწონს მსგავსი პროექტები, თუმცა, ლუკას სურვილი აქვს და უნდა მიიღოს კიდეც მონაწილეობა.
ლუკა: აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. პროფესია ახსენეთ, მე სამი წლიდან გადაწყვეტილი მაქვს, რომ სასულიერო პირი გავხდე. ჯერ არ შემიცვლია გადაწყვეტილება. ჩემი მოძღვარი მამა გიორგი კობაიძეა. ხშირად ვესაუბრები და ზიარებასაც ვიღებ.
– პატრიარქთან სტუმრობის შესახებაც გვიამბეთ.
შაბანი: მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ ეროვნებით აზერბაიჯანელი, ისლამის რელიგიის მიმდევარი. ჩემთვის იყო უდიდესი პატივი, რომ საქართველოს პატრიარქმა მიმიღო, მედალი მაჩუქა და დამლოცა.
ლუკა: ძალიან ემოციური დღე იყო. პატრიარქი მხოლოდ ტელევიზიით მყავდა ნანახი. იქ მისულმა კი ლექსი ,,მამული“ წავუკითხე. თავზე ხელი დამადო და ღმერთმა დაგლოცოსო, მითხრა, ამიტომაც, მივაღწიეთ ასეთ წარმატებას…
– დიახ… ჰო, მართლა, ლუკამ და შაბანმა შემდეგი გამარჯვებებიც იზეიმეს, ამის შესახებ, „განსაკუთრებული ჟურნალის“ შემდეგ ნომერში წაიკითხავთ!
პ.ს. ამ საუბრის შემდეგ კარგი იქნებოდა პატარა შემაჯამებელი მინაწერი გამეკეთებინა. ყველასთვის მეთქვა, რა სიკეთე და სითბო მოდიოდა თვალებში მზეჩამდგარი პატარა ლუკასგან და მისი ასაკისთვის გასაოცრად დიდი ინტელექტის მქონე შაბანისგან, თუმცა ნებისმიერი ემოციის გადმოცემა დედას ყველაზე კარგად შეუძლია, ამიტომ, ქალბატონი მაკას (ლუკას დედის) სიტყვებით დავასრულებ: იმ ემოციას და სითბოს, რაც კონკურსის დღეებში მე ამ ბავშვებმა მომანიჭეს, დამიჯერეთ, ვერაფერი შეედრება
„ივერია – ბრილიანტი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, მან მომავლის სხვა გზები დამანახა და უპირველესად კი მართლა დამარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მეც, როგორც მშობელმა, სხვა კუთხიდან დავინახე ყველაფერი და სხვანაირად, მეტად იმედიანი გავუყვებით ცხოვრების გზას!