ბექა სულაძე: ასეთ იუმორსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არ ვინტერესდები…

3153

ავტორი: მაია ანთიძე

იუმორი ხასიათი, ზნე, სითხე – ძველი მოძღვრებით ადამიანის ორგანიზმში ოთხი სასიცოცხლო სითხის ურთიერ მიმართულებით განისაზღბრებოდა. ეს გახლავთ ოთხნაირი ხასიათი თუ ტემპერამენტი – ერთ-ერთი კომიკური სახე. იუმორი სიცილის საშუალებით ცდილობს ობიექტის სრულყოფას, განწმენდას ნაკლოვანებისგან და სრულქმნილი სახით მის განმტკიცებას. დღეს ბატონი ბექა სულაძე, კომედი არხის მსახიობი და სცენარისტი „განსაკუთრებული ჟურნალის“ სტუმარია.

წინამდებარე ინტერვიუ ცოტა ძველია, მაგრამ, კარგია…

– ბატონო ბექა, რა არის თქვენთვის იუმორი?

– იუმორი ჩემთვის ისეთი რამაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ცხოვრება. მე ვერ დავიჭერ კავშირს ისეთ ადამიანთან, რომელიც იუმორთან არ მეგობრობს. ზოგს თეთრი იუმორი აქვს, ზოგს – შავი, გააჩნია ვინ სად პოულობს საკუთარ თავს. ჩემი პირველი ნათლობა, როგორც იუმორისტის, მოხდა გადაცემაში – „გააცინე და მოიგე“. პირველი გამოსვლა საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა – ათასი ლარი მოვიგე, ამას მოჰყვა მეორე გამოსვლა იმავე გადაცემაში და კვლავ წარმატებულად… ფულის მოგება კი კარგია, მაგრამ უფრო კარგი ისაა, რომ ამ წარმატებულმა გამოსვლებმა და მაყურებლის დადებითმა რეაქციამ თავდაჯერებულობა შემძინა და რწმენა გამიჩინა, მე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა…

– თქვენ რომელი იუმორი გხიბლავთ, შავი თუ თეთრი?

– როგორც ასეთი, მე თეთრი იუმორიც მომწონს და შავიც, იუმორის ორივე ფორმა იძლევა თვითგამოხატვის საშუალებას, თუმცა ყველაფერი მაინც ზომიერების ფარგლებში მომწონს. შენი იუმორით მსმენელი არ უნდა გააღიზიანო, იუმორისტობა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, ერთი არსწორი ნაბიჯი, ემოციის უადგილოდ გადამეტება და ყველაფერი ფუჭდება…

– ბიჭებთან როგორ მოხვდი – რომან ქერქაძესთან, დათო ბეკოშვილთან, დევი დევიძესთან?

– ყველაფერი დაიწყო გადაცემით „გააცინე და მოიგე“ ,მერე იყო მანსანკანის შიდა საუნივერსიტეტო და რესპუბლიკური მასშტაბის გამოსვლები, რის საფუძველზეც უკრაინაში წავედით ფესტივალზე – „სიცილის ლიგა“, შემდეგ იყო „ნიჭიერში“ მონაწილეობა, „იუმორინას“ საახალწლო გადაცემაში გამოსვლა, რასაც მოჰყვა ჯემალ ბაღაშვილის საავტორო გადაცემაში – „სტუმრად იუმორინასთან“ სტუმრობა… ამ ყველაფრის შემდეგ ხალხმაც რაღაც დონეზე გამიცნო და ერთხელ, როდესაც გადაცემის ჩაწერაზე ვიმყოფებოდი „რუსთავი 2“-ში, მაშინ შევხდი უნიჭიერეს რეჟისორს დევი დევიძეს, რომელმაც მითხრა – პროექტს ვაკეთებთ, შენც მოდი, ვსინჯოთ გადაღება, იქნებ საინტერესო აღმოჩნდე ჩვენთვისო და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა… თუ სარეიტინგო მონაცემებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა პროექტი – „ანეკდოტების რვეული“, რაზედაც მეტყველებს „იუთუბზე“ ატვირთული გადაცემების ნახვა და მოწონება, ნახევარი მილიონი და ზოგ შემთხვევაში მილიონი ნახვა ურიგო არაა.

– როგორი იუმორისტი ხართ თქვენ?

– მე ვფიქრობ, რომ ვარ პროფესიონალი, მაგრამ მაინც დამწყებს ვუწოდებ ჩემს თავს და მინდა, რომ  დიდი შრომის ფასად მეტს მივაღწიო… მთელი სერიოზულობით და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, როგორც სცენაზე, ან კამერის წინ დგომას, ასევე სცენარების წერას…

– რა თემებზე გიყვართ იუმორის აგება?

– პოლიტიკური იუმორი არ მიყვარს და ეს თემა არასდროს გამომიყენებია. ბუნებრივია, ასეთ იუმორსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არ ვინტერესდები. მე ძირითადად, გარშემო მყოფი ადამიანების სხვადასხვა თვისებებზე ვხუმრობ.

– როგორია დევი დევიძესთან,  დათო ბეკოშვილთან და რომან ქერქაძესთან მუშაობა?

– პირდაპირ გეტყვით, რომ ერთი დიდი მეგობრული ოჯახია, ძლიერი კოლექტივია. ბევრგან მიმუშავია მაგრამ იქ სულ სხვა სამყაროა – სასიამოვნო და კომფორტული…

– „კომედი შოუ“ მოგწონთ?

– ძალიან მომწონს. ამ გადაცემას პროფესიონალები აკეთებენ. მათ შორის ბევრი მეგობარი მყავს… „კომედი შოუ“ ქართულ იუმორისტულ სივრცეში ერთ-ერთი მაღალრეიტინგული გადაცემაა…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, იუმორინა წარმატებული პროექტია?

– რა თქმა უნდა. ბევრი საინტერესო ადამიანი იღებს მონაწილეობას, თუმცა ამ პროექტის მთავარი შემოქმედი ბატონი ჯემალ ბაღაშვილია, რომლის ნიჭიერებას უდიდეს პატივს ვცემ!

– თუ შეიძლება, ანეკდოტების შესახებ რაიმე გვითხრათ…

– ანეკდოტი შეიძლება იყოს თეთრ, ან შავ იუმორზე მორგებული… ყველა ანეკდოტი მომწონს, მთავარია  აზროვნების ლოგიკურობა და სისხარტე იგრძნობოდეს…

– რომელი კუთხის იუმორი მოსწონს მაყურებელს?

– ვფიქრობ უფრო იმერული, მეგრული და გურული, რადგან ამ კუთხის ხალხში დიდი დოზითაა ბუნებრვი არტისტიზმი და ენამოსწრებულობა, თუმცა საქართველოს ყველა კუთხის იუმორს თავისი ხიბლი გააჩნია…