პარაოლიმპიელები იდენტურ ფულად პრემიებს მიიღებენ

230

„თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს, ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და შეუძლებელი შეძელით სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეებს, რომელთა გაცილების ცერემონია დღეს გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ მათთვისაც იდენტური პრემიები დაწესდება, რაც ოლიმპიელებისთვის – თითოეული ოქროს მედალოსანი მილიონ ლარს მიიღებს; ვერცხლის მედლის მფლობელი – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 250 000 ლარს.

„2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი გვყავდა. თანდათანობით ვითარდება პარაოლიმპიური სახეობები და დღეისათვის პარაოლიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის თამაშებზე − 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მინდა, გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები. ჩვენი მზერა თავიდან ბოლომდე თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგვიბრუნდებით თბილისში,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წერს საქართველოს მთავრობა თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.